რისი დაჭერა სიამოვნებს ოთო ნემსაძეს გოგონებში და რის მიმართ გამოუმუშავდა მას იმუნიტეტი
ერთი წელი გავიდა, რაც ნიჭიერი მომღერალი ოთო ნემსაძე „ჯეოსტარის” გამარჯვებული გახდა. ოთო დღემდე აქტიურად განაგრძობს მუშაობას, მან ოთარ რამიშვილთან დუეტიც ჩაწერა, რომელიც ყელასთვის საყვარელი მომღერლისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა. ოთოს ყველაზე მეტად საკუთარ ალბომზე სურს მუშაობა, რომლის ჩაწერასაც გამარჯვების შემდეგ შეპირდნენ და ამ ალბომს, როგორც მე, ასევე მისი ბევრი გულშემატკივარი სულმოუთქმელად ელოდება. ინტერვიუში, რომელიც რუსთაველის გამზირის ¹34-ში, წიგნების მაღაზია „პროსპეროს წიგნებში” შედგა, ოთო თავისი ცხოვრებისა და შემოქმედებითი გეგმების შესახებ გვესაუბრა.
ოთო ნემსაძე: ძნელია სულ ეკრანზე იყო, გქონდეს კონცერტები, მაგრამ, ეს არ მიმაჩნია პრობლემად, რადგან არც შემართება დამიკარგავს, არც მონდომება და არც ხალისი. სულ ახალზე ვფიქრობ, ჩემთვის არც ერთი დღე არ არის დაკარგული; რაღაცას ვაკეთებ, ვსწავლობ, რადგან, მიმაჩნია, რომ ჯერ ისევ დამწყები ვარ და ბევრი რაღაცის სწავლა მჭირდება. ძალიან მომენატრა ქართული სიმღერები და მალე გამოვა ჩემი ახალი სიმღერა, რომლის ტექსტის ავტორი არის ჩემი მეგობარი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე. მუსიკა ეკუთვნის ნატო თუთიბაძეს, რომელიც ასევე ჩემი მეგობარი და ნიჭიერი კომპოზიტორია. სიმღერაში ყურადღება უფრო მეტად ხარისხიან არანჟირებაზეა გამახვილებული, საყვირის თემაა. იქნება გემოვნებიანი მუსიკა გემოვნებიანი შესრულებით.
– ალბომთან დაკავშირებით არ არის სიახლეები?
– ახლა ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს, ეს ჩემი ალბომია. ისე დაემთხვა, რომ რაღაც პერიოდი ხან მე არ მეცალა, ხან ვიღაცას, ახლა კი დიდი იმედი მაქვს, რომ მალე დავიწყებ მუშაობას. ალბომისთვის ექვსი არანჟირება უკვე მზად არის; ასევე, გაკეთდა ქართული სიმღერები გემოვნებიანი არანჟირებით. იმედი მაქვს და მიხარია, რომ ზვიად ბოლქვაძის ბენდთან ერთად ვიმუშავებ „ბრავო რეკორდში”. ასეთ ადამიანებთან და სტუდიასთან მუშაობა ნომერ პირველი ბედნიერებაა მომღერლისთვის და ამ ბედნიერებას ჯერ ველოდები. ოდნავ გაიწელა, მაგრამ არ არის პრობლემა, რადგან ყველაზე საინტერესო მუშაობის პროცესია. მაგრამ, მე სულ ვფიქრობ და ფიქრიც მუშაობაა.
– როგორია ოთო ნემსაძე ფიქრისა და მუშაობის პროცესში?
– ფიქრის პროცესში სრულიად არაადეკვატური ვარ – შეიძლება, ამ დროს ვიღაცამ რაღაც მკითხოს და მე ნახევარი საათის შემდეგ გავცე პასუხი. რა მკითხა, ის არ დამავიწყდება, უბრალოდ, დროის შეგრძნება მაქვს დაკარგული. შეიძლება, ისე დამათენდეს და დამაღამდეს, ვერ გავიგო. მუშაობის პროცესში ვარ ისეთი, როგორიც საქმეს სჭირდება. ხან, შეიძლება, რაღაც ეტაპზე გავჩერდე, ვეღარ წავიდე წინ, მაგრამ, ამ დროს ჩემს ბენდთან ერთად ისეთი რამ ვიმღერო, რომ ყველა გავახალისო. როცა ვმღერი და სცენაზე ვდგავარ, უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობ იმაზე, რომ მარტო ვარ, ვფიქრობ სიმღერის ტექსტზე, ჩემს ცხოვრებისეულ რაღაც პერიოდზე, გამოცდილებაზე, რომელი უფრო მეტად მოუხდება ამ სიმღერას. ოღონდ, ამას ძალით კი არ ვაკეთებ, თვითონ ხდება ასე. შეიძლება, ეს არც გესიამოვნოს, პირიქით, გეტკინოს და, ხშირად ისეც ხდება, რომ უფრო გტკივა; მაგრამ, ეს ემოცია ჯერ შენთან მოდის სუფთად და შემდეგ მას ისევე სუფთად გადასცემ მსმენელს.
– ხშირად გაყენებენ ტკივილს?
– ადამიანი, რომელიც მღერის, წერს, სხვა ადამიანებთან შედარებით უფრო მეტად მგრძნობიარეა – სხვებზე მეტად უხარია, სხვებზე მეტად სწყინს, სტკივა. მე ვარ ადამიანი, რომელსაც ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს, ამიტომ, უფრო ხშირად მტკივა. რატომღაც, ყველას ჰგონია, რომ, არ შეიძლება ოთო ნემსაძე იყოს ზოგჯერ ბავშვური, მოწყენილი, მაგრამ, მე ხან ისეთი ვარ, ხან ასეთი, გააჩნია გარემოსა და სიტუაციას. როცა მტკივა, ვცდილობ, ჩემს მეგობრებთან, მშობლებთან, ძმასთან ერთად ვიყო. თუმცა არის ისეთი რაღაცეები, რასაც დედას და მამას ვეუბნები და არის ისეთი რაღაცეები, რაზეც მხოლოდ მეგობრებს ვესაუბრები. ეს ბოლო დროს ვისწავლე, რადგან, ადრე მქონდა პერიოდი, როცა მხოლოდ საკუთარ თავში ვიყავი ჩაკეტილი. თუმცა ამას ვერ დავარქმევ დეპრესიას, ასეთი რაღაცეები არ მჩვევია და გარემოც არ მაძლევს ამის საშუალებას – ვინ ჩამსვამს ახლა მე მარტოს სახლში?! თუმცა იყო დრო, როცა არსად არავისთან არ მინდოდა ყოფნა, მაგრამ, მერე მივხვდი, რომ ეს ძალიან ცუდია.
– ერთი წელი გავიდა, რაც „ჯეოსტარში” გაიმარჯვე. ამ ხნის განმავლობაში რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში? ალბათ, ბევრი რამის გადაფასებაც მოგიწია.
– აბსოლუტურად სხვა ცხოვრება დაიწყო, თუნდაც ის, რომ აქამდე მუსიკა ჩემი პროფესია არ ყოფილა, დღეს კი მომღერალი ვარ და აქედან ვერსად გავიქცევი, თუმცა, არ გამოვრიცხავ სხვა სფეროში ძალების მოსინჯვას, რადგან, ზოგადად, მჩვევია ერთი სფეროდან მეორეში მარტივად გადასვლა. მაგრამ, მუსიკა არის ის, რის გარეშეც ცხოვრება არ შემიძლია, თუმცა, ამის პარალელურად იქნება სხვა რაღაცეებიც. ასევე, მინდა ჩემი პროფესიით სწავლის გაგრძელება და ვნახოთ, რა იქნება, მომავალი წლიდან, ალბათ, გავაგრძელებ სწავლას, მაგრამ, აქტიური მომღერალი ისევ ვიქნები... ამ ერთ წელიწადში ძალიან ბევრი კარგი და ცუდი ადამიანი ვნახე, არც მანამდე მაკლდა ასეთი ხალხი, ახლა კი ეს ყველაფერი უფრო დიდი რაოდენობით იყო. ადამიანების მიმართ ჩემი მსოფლმხედველობა დაიხვეწა, თუმცა, ძირეულად არაფერი შეცვლილა. უბრალოდ, გავხდი გაცილებით მშვიდი, ადვილად ვიღებ გადაწყვეტილებას. თუ ადრე პატარა რამეზე ვნერვიულობდი, მიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, დღეს შემიძლია, ვთქვა: ეს არ მინდა და მორჩა. გაცილებით ნაკლებად ვაძლევ საკუთარ თავს იმის უფლებას რომ მეტკინოს ან ვინმემ მატკინოს. მოკლედ, კერკეტი კაკალივით ვარ, იმუნიტეტი გამომიმუშავდა.
– ოთარ რამიშვილის გარდაცვალებამდე მასთან დუეტში ჩაწერე სიმღერა „თოვლი”, რომელიც ძალიან სასიამოვნო და ემოციური გამოვიდა.
– ძალიან მომწონდა მისი შესრულებით ეს სიმღერა. როდესაც გავიცანი, თვითონ მომცა ალბომი და მითხრა: აირჩიე, რომელი გინდა და ჩაწერეო. მე ავირჩიე „თოვლი” და ვთხოვე დუეტის ჩაწერა. ერთი კვირის შემდეგ დამთანხმდა, რადგან, შეუძლოდ იყო და ჩაწერაზე ნერვიულობდა. ეს სიმღერა ერთდუბლიანია, მეორე დუბლი ამ სიმღერას არ დასჭირვებია. თვითონ ოთარ რამიშვილიც ერთდუბლიანი მომღერალი იყო – პირველად როგორც წერდა, ისე ტოვებდა.
– შენც ერთდუბლიანი ხარ?
– ამბობენ, მაგრამ, ზოგჯერ რაღაც არ მომწონს, ამიტომ, რამდენიმე ვერსია კეთდება და რომელიც უკეთესია, ის რჩება. სტუდიაში დიდხანს მუშაობა არ მჭირდება და ამაში ძალიან კარგი მუსიკოსები მიწყობენ ხელს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ახლო მეგობარს, გიორგი ძამუკაშვილს, მისია ამ „თოვლის” არანჟირება და, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩაწერის დროს ნოტები ჩემში დაძვრებოდა. გპირდებით, რომ ოთარ რამიშვილის „თოვლი” ჩემს ალბომში შევა. თვითონ ძალიან მოეწონა ნამღერი, ორ დღეში ერთხელ მირეკავდა და რაღაცეებს მახსენებდა. ძალიან უხაროდა, რომ კარგი გამოვიდა. არავის ეგონა, რომ გარდაიცვლებოდა. ვინც ჩვენი დუეტი მოისმინა ყველამ აღნიშნა, რომ ეს მართლაც მისი ბოლო ნამღერი იყო.
– არ აპირებ შენს ლექსებზე სიმღერის გაკეთებას?
– ერთ ლექსზე ჩავწერ მალე სიმღერას, ოღონდ არ არის ქართული, რატომღაც, მიჭირს ქართული ტექსტებით სიმღერის წერა. მუსიკაც ჩემი იქნება, ტექსტიც და ჯაზურად გავაკეთე ჩემს ბენდთან ერთად, ძალიან მოუხდა.
– „ფეისბუქზე” მაქვს შენი ლექსები წაკითხული, საკმაოდ საინტერესო და განსხვავებული სტილი გაქვს, თან, არა მგონია, ყველამ გაიგოს ის, რაზეც წერ.
– მთავარია, იმან გაიგოს ვისზეც ვწერ. იგებენ ხოლმე, მაგრამ, ხან ცუდი რეაქციები აქვთ, ხან – კარგი, გააჩნია მე როგორ ხასიათზე ვარ. ზოგჯერ ისინიც ვერ იგებენ, არასწორად აღიქვამენ და ამიტომაც აქვთ უარყოფითი ემოციები. რაც „ფეისბუქზე” წაგიკითხავს, ის ერთ გოგონაზე იყო, თორემ, სხვა დროს სხვა ადამიანზე ყოფილა დაწერილი. ყველა გოგონაში არის სხვადასხვა რაღაც და, ამას რომ დაიჭერ და გესიამოვნება, მერე იმ რაღაცაზე ააგებ თემას.
– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– ზოგადად სულ შეყვარებული ვარ, მაგრამ, ამ ეტაპზე კონკრეტულად არავინ მიყვარს. ეს, ალბათ, კარგია, რადგან, ბევრი რაღაცის გადახარშვასა და გაანალიზებას ვახდენ. თუმცა, არ ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც ან უსიყვარულოდ ვერ გაძლებს დიდხანს, ან სიყვარულით, ამ საკითხში არ ვარ სტაბილური. შეიძლება, ერთ დღესაც დამარტყას თავში, დავუბრუნდე ძველს, ან, პირიქით, სიახლე მქონდეს. როცა ადამიანი მიყვარს, რაღაც პერიოდი მჭირდება იმისთვის, რომ გავაანალიზო, რისი დამთმობი ვარ და რას ვერ დავთმობ. არაფრის დაგეგმვა არ მიყვარს, ყოველთვის სპონტანურად ვიღებ გადაწყვეტილებას – ისე, როგორც იმ მომენტში სიტუაციას სჭირდება.