როგორ დაკარგა ერთმანეთი მამა-შვილმა და ვის ეძებს 26 წლის გოგონა რუსეთიდან საქართველოში
26 წლის ალიონა ლავრენტის ასული გუნჩინა (მამინაცვლის გვარი) ეძებს დაახლოებით 53-55 წლის ვალერი კანდელაკს.
ისტორია: ვეძებ ჩემს ბიოლოგიურ მამას, დაახლოებით 53-55 წლის ვალერი კანდელაკს. მამის ვინაობის შესახებ სულ ახლახან გავიგე, მანამდე არც კი ვიცოდი, რომ მამაჩემი ქართველია. სამწუხაროდ, მის შესახებ თითქმის არაფერი ვიცი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ძალიან მინდა მისი პოვნა. პირადად მე უკვე ჩემი ოჯახი მაქვს. არაა გამორიცხული, რომ მამაჩემსაც ჰყავდეს შვილები და, შესაძლოა, შვილიშვილებიც. მე ყველას მოძებნა და გაცნობა მსურს. მამის სურათი არ გამაჩნია, მე ის არასდროს მინახავს, მაგრამ გადმოცემით ვიცი, რომ ის არის მაღალი, საშუალო აღნაგობის, თეთრი პირისახე და თაფლისფერი თვალები აქვს. იმედია, მამაჩემი წაიკითხავს ამ სტატიას, მიხვდება, რომ საუბარი სწორედ მასზეა და გამომეხმაურება.
– ალიონა, როგორ მოხდა, რომ მამა არასდროს გინახავს და რა მიზეზით დაშორდნენ შენი მშობლები ერთმანეთს?
– დედაჩემი, ვალენტინა იგორის ასული ვალენკოვა, დაიბადა და გაიზარდა სანკტ-პეტერბურგში. ის სწავლობდა სამედიცინო ინსტიტუტში და სტუდენტობის დროს მან შემთხვევით გაიცნო მამაჩემი. მათ ხანმოკლე რომანი ჰქონიათ. შემდეგ მამა თავის სამშობლოში დაბრუნებულა. დედა კი ჩემზე ორსულად დარჩა. მოხდა ისე, რომ მამაჩემმა ჩემი არსებობის შესახებ არაფერი იცის, რადგან დედაჩემმა გადაწყვიტა, მისთვის ეს ამბავი დაემალა. 3 წლის რომ ვიყავი, დედა ცოლად გაჰყვა ჩემს აღმზრდელ მამას, ლავრენტი გუნჩინს. ეჭვიც არასდროს გამჩენია, რომ მე ჩემი აღმზრდელის ღვიძლი შვილი არ ვარ, რადგან ის ყოველთვის ძალიან თბილად მექცეოდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ფიზიკურადაც თითქოს ვგავართ ერთმანეთს... ჩემს ნამდვილ ისტორიას და მამაჩემის ვინაობასაც, ალბათ, ვერასდროს გავიგებდი, შემთხვევით ბებიას (დედის დედას) რომ არ ეთქვა ჩემთვის.
– რამდენი წლის იყავი, როდესაც მამაშენის ვინაობის შესახებ პირველად გაიგე და რა რეაქცია გქონდა?
– 25 წლის ვიყავი, ანუ, ერთი წლის წინ გავიგე სიმართლე, ისიც, სრულიად შემთხვევით: როდესაც გავთხოვდი და ბებიასთან სტუმრად მივედი, ჩემს პატარა შვილთან, ანასტასიასთან ერთად, გაკვირვებულმა ბებიამ თავი ვეღარ შეიკავა და თქვა, სად გამოაჩნდა ამ პატარას ქართული გენებიო. გავოცდი, რადგან ქართველი ჩვენ არავინ გვყოლია, ასევე, ჩემი მეუღლის მხრიდანაც არავინ ყოფილა ქართველი. ბებიას ჩავეძიე. არაფრით არ უნდოდა თქმა, მაგრამ, ბოლოს მაინც მითხრა სიმართლე. მახსოვს, ძალიან ავღელდი, ათასი ფიქრი მომივიდა თავში და ათასმა კითხვამ შემაწუხა. ბუნებრივია, იმავე დღეს მოვუწყვე დედაჩემს დაკითხვა. როგორც იქნა, ის მიხვდა, რომ ტყუილს აზრი აღარ ჰქონდა და ყველაფერი მიამბო. სამწუხაროდ, დედამაც ბევრი არაფერი იცის მამის შესახებ, მისი სურათიც კი არ აქვს. იცის მხოლოდ ის, რომ ის საქართველოდან, სავარაუდოდ, თბილისიდან იყო და რუსეთში შორეულ ნათესავთან იყო ჩამოსული. ვიცი, რომ ასეთი ინფორმაციით მისი მოძებნა თითქმის შეუძლებელიც იქნება, მაგრამ, ძალიან მინდა, მამა ვიპოვო; მაინტერესებს, როგორი პიროვნებაა, როგორ აიწყო თავისი ცხოვრება, ჰყავს თუ არა შვილები. ხომ შეიძლება, რომ მე მყავდეს ნახევარდები ან ძმები? ეს ფიქრი არ მასვენებს.
– როგორ ფიქრობ, იმ შემთხვევაში, თუ შენმა ბიოლოგიურმა მამამ ეს სტატია წაიკითხა, მოინდომებს თუ არა ის შენთან დაკავშირებას?
– წარმომიდგენია, როგორი შოკი იქნება ჩემი ბიოლოგიური მამისთვის ამ ამბის გაგონება – მან ხომ ჩემი არსებობის შესახებ არაფერი იცის! მაგრამ, დიდი იმედი მაქვს, რომ ის ჩემს გაცნობას და გამოხმაურებას მაინც მოინდომებს. იმედია, მისი ოჯახი, რომელიც მას, ბუნებრივია, ეყოლება, ამ ამბავს ლოიალურად მიიღებს და ჩემზე ცუდს არაფერს იფიქრებს. დედაჩემი, მაგალითად, სასტიკი წინააღმდეგია იმისა, რომ მე მამა მოვძებნო. მას არ სურს, რომ მამაჩემს ცხოვრება აერიოს. მე კი სხვაგვარად ვფიქრობ. ჩემი აზრით, ის ვალდებულია, იცოდეს სიმართლე. მერე რა, რომ მე უკანონო შვილი ვარ? ის ჩემი ბიოლოგიური მამაა და მე მისგან არაფერს ვითხოვ გაცნობის გარდა.
– როდის გადაწყვიტე ბიოლოგიური მამის აქტიურად მოძებნა?
– მას შემდეგ, რაც ჩემი ამბავი გავიგე, ანუ, დაახლოებით ერთი წლის წინ, როგორც კი ბებიამ სიმართლე მითხრა, მაშინვე მომინდა მამის მოძებნა. აქამდე ვფიქრობდი, რომ, შეიძლება, მამის შესახებ მეტი ინფორმაცია მოვიძიო-მეთქი, მაგრამ, ეს ვერ მოვახერხე. არ არის გამორიცხული, რომ დედაჩემმა მეტი რაღაც იცის მის შესახებ, მაგრამ, არ მეუბნება. თუკი ბედი გამიღიმებს, მე მამაჩემს მაინც ვიპოვი. ძალიან მინდა, ის ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვნახო.
– რა იყო მამაშენთან დაშორების მიზეზი, დედას ეს თუ უთქვამს შენთვის?
– ნამდვილად არ ვიცი, ასე რატომ დასრულდა მათი რომანი, რა იყო ამის მიზეზი. დედას ამაზე საუბარი არ სურს, თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ მაშინ მას მამაჩემი უყვარდა. მას შემდეგ უკვე წლებია გასული, მაგრამ, მაინც ვერაფრით ავიყოლიე და მეტი ვერაფერი ვათქმევინე. ვიცი მხოლოდ ის, რომ მამა ქართველია, რომ ის, სავარაუდოდ, თბილისში ცხოვრობს და რომ სანკტ-პეტერბურგში ის 1985-1986 წლებში იყო ჩამოსული.