„თავანის” ჩაუბარებლობის შიშით ძმებმა ერთ დღეში სამი დანაშაული ჩაიდინეს
„თავანის” ჩაბარების მოტივით, ტყუპმა ძმებმა ერთ დღეში სამი დანაშაული ჩაიდინეს. ქურდობისა და ყაჩაღობისთვის დაკავებულ 19 წლის ახალგაზრდებს მინიმუმ ხუთ-ხუთი წლით პატიმრობა ელოდათ, მაგრამ, მათ შანსი მისცეს და სამ-სამწლიანი გამოსაცდელი ვადით ისინი სახლში გაუშვეს. როგორც მეგობრებმა, ასევე მეზობლებმა, ბიჭები დადებითად დაახასიათეს. სასამართლომ ანგარიში გაუწია მათ გამზრდელ ბებიასაც, მაგრამ, კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯა მათი წამქეზებელი, რომელსაც 11 წელი მიესაჯა.
„თავანის” ჩაუბარებლობის შიშით, განსასჯელებმა დანაშაულები თითქმის ერთი საათის ინტერვალით ჩაიდინეს, თუმცა, ისინი იმავე დღეს, უკანასკნელი დანაშაულის შემდეგ, პოლიციამ იმ მომენტში დააკავა, როდესაც ბიჭებს ნაქურდალი უნდა გაეყიდათ. ცხადია, ყველა ნივთი პატრონებს დაუბრუნდათ, მაგრამ, ერთ-ერთი დაზარალებული მაინც დაჟინებით ითხოვდა, ბიჭებისთვის მატერიალური ზარალი დაეკისრებინათ, თუმცა, ეს თხოვნა არ დაკმაყოფილდა.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ გიორგი და კოკა კ-შვილებს მშობლები ერთმანეთის მიყოლებით გარდაეცვალათ და ბიჭებს ბებია ზრდიდა, ანუ, ოჯახის შემოსავალი მხოლოდ პენსია იყო. თუმცა, სკოლის დამთავრებისთანავე, ბავშვები არანაირ საქმეს არ თაკილობდნენ, მაგრამ, ბებიის მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, უყურადღებოდ დარჩენილი ძმები ცუდ წრეში მოხვდნენ. როგორც ჩანს, სწორედ ამ წრიდან უბიძგეს მათ დანაშაულისკენ. ეს განსასჯელებმა თავად განაცხადეს, მაგრამ, არც ის დაუმალავთ, რომ მათ ფული ბებიას წამლისთვისაც სჭირდებოდათ...
რაც შეეხება მათ წამქეზებელს, საქმიდან ირკვევა, რომ ის იყო წარსულში ოთხჯერ ნასამართლევი, 37 წლის ირაკლი ს, რომელიც სასჯელს სხვადასხვა დროს ნარკოტიკების, ძარცვის, ყაჩაღობისა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის იხდიდა.
როგორც მის უკანასკნელ საბრალდებო დასკვნაში ვკითხულობთ, საპატიმროს დატოვების შემდეგ ირაკლი ს. არსად არ მუშაობდა, მხოლოდ ბირჟაზე იდგა და უბნის ბიჭებს „ადევნებდა თვალყურს”.
როგორც საქმეშია ნათქვამი, სწორედ მან წააქეზა უბნის მოზარდები, რომ კარტი, დომინო თუ ნარდი ფულზე ეთამაშათ, რის გამოც მოგებულები და წაგებულები ერთმანეთს ხშირად უპირისპირდებოდნენ. ერთ-ერთი მოწმის ჩვენებაშია ნათქვამი, რომ „მაყურებელი” მოთამაშეებს შორის „ჩორტებს” აგდებდა და ახლო მეგობრებს ერთმანეთს უპირისპირებდა. სწორედ ირაკლი ს-ს მსხვერპლი გახდნენ ტყუპი ძმებიც. მათგან ერთ-ერთს, გიორგის, ირაკლი ს-მ ურჩია, ჭკვიანი მოთამაშე ხარ და, ჯობია, ფული საკუთარი ჭკუით იშოვო, მით უმეტეს, ფული გამზრდელი ბებიისთვის გჭირდება, რომლისთვისაც წნევის წამალსაც კი ვერ ყიდულობო. წამქეზებლის ანკესს ორივე ძმა წამოეგო, მაგრამ, ყველაფერი ციხით დასრულდა – მათ 2 000 ლარი წააგეს, თანხის გასასტუმრებლად კი ქურდობის გარდა არჩევანი აღარ დარჩათ...
მობილური ტელეფონის ქურდობა
საბრალდებო დასკვნის თანახმად, 4 ნოემბერს განსასჯელებმა თბილისში, კერძოდ, ავჭალაში, ვანო ჟ-ძის სახლიდან 120-ლარიანი მობილურ ტელეფონი „სამსუნგი” მოიპარეს...
როგორც გაირკვა, სახლის პატრონმა ისინი კანალიზაციის გასათხრელად მუშებად დაიქირავა, თუმცა, მათ ისარგებლეს იმით, რომ ოჯახის უფროსს ეძინა, მისი ქალიშვილი ნინო კი სახლიდან გავიდა და ბინიდან სწორედ ნინოს მობილური მოიპარეს...
დაზარალებულმა ოჯახმა მომხდარის შესახებ იმავე დღეს შეიტყო და პოლიციას მიმართა.
საინტერესო დეტალი: სახლის პატრონი „მუშებს“ დღეში 15 ლარად მოურიგდა და მთლიანობაში ძმებს 150 ლარი უნდა აეღოთ, მაგრამ, ვინაიდან თანხა სამუშაოს დამთავრების შემდეგ, დაახლოებით ხუთ დღეში უნდა მიეღოთ, ქურდობა გადაწყვიტეს...
60 ლარის ქურდობა
ვანო ჟ-ძის ბინიდან გამოსული ძმები ტელეფონის „დასახურდავებლად” ვაგზლის მიმართულებით წამოვიდნენ, მაგრამ, აპარატი იმდენად ძველი და შელახული იყო, ვერ გაასაღეს... ამიტომ, მეორე დღეს გადაწყვიტეს, ტელეფონი პატრონის სახლში დაებრუნებინათ, მაგრამ, მანამდე, ვაგზლის ტერიტორიაზე, მორიგი დანაშაული ჩაიდინეს: სასტუმრო „კოლხეთის” მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ნავაჭრი – 60 ლარი წაართვეს...
ქურდობა სვანეთის უბანში
ვაგზლის მოედნიდან ძმები თამარ მეფის გამზირისკენ გაიქცნენ, სვანეთის უბანში გადავიდნენ და იქ ვინმე ნათია ი-ს ბინა გაქურდეს, საიდანაც 2 300 ლარის ოქროსა და ვერცხლის ნივთები გაიტანეს, თუმცა, იმავე დღეს ისინი ნაქურდალით ხელში, ანუ, ფაქტზე დააკავეს.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, მოზარდებს ბრალად დაედოთ ქურდობა „სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია”. მხოლოდ ამ დანაშაულისთვის მათ ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრებოდათ, რასაც ემატებოდა ტელეფონის ქურდობა და 60 ლარის წართმევა, მაგრამ, ისინი მძიმე სასჯელს ასცდნენ.
საქმის მასალებით, დაახლოებით 17:20 საათზე, განსასჯელებმა სვანეთის უბანში „ვინმეს” ბინის გაქურდვა გადაწყვიტეს, ანუ, როგორც თავად განაცხადეს, ვინაიდან თანხა არ ჰქონდათ, ქურდობა ექსპრომტად დაგეგმეს.
განსასჯელმა კოკა კ-მ, რომელმაც წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, განმარტა, რომ ბინის გაქურდვის გადაწყვეტილება მოულოდნელად მიიღეს, სახლი კი „თვითონ გამოჩნდა“. მოზარდის თქმით, ისინი ერთ-ერთ კორპუსს მიუახლოვდნენ და კორპუსის სარდაფში ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ჩავიდნენ, იქ კი გამოტეხილი კედელი შენიშნეს, საიდანაც კიბეები რომელიც პირველი სართულის მობინადრის ბინამდე ადიოდა.
კოკა კ-ს ჩვენებით, მათ სარდაფიდან სახლში შესვლა გადაწყვიტეს, მაგრამ, თავდაპირველად, იქიდან გამოვიდნენ, კორპუსს შემოუარეს, სადარბაზოში შევიდნენ და ბინის კარზე დარეკეს. ვინაიდან კარი არავინ გააღო, კვლავ სარდაფში ჩავიდნენ და გამოტეხილი კედლიდან კიბეზე ავიდნენ. კიბის თავზე მათ სახურავი დახვდათ. ამიტომ, ისევ სადარბაზოში დაბრუნდნენ, რომ კლიტე გაეტეხათ და ბინაში ისე შესულიყვნენ, მაგრამ კარი ვერ გააღეს. საბოლოოდ, ბინაში შეღწევა ისევ სარდაფიდან ამჯობინეს და ისევ ქვემოთ ჩავიდნენ. აღმოჩნდა, რომ კიბის თავზე ტახტი იდგა, რომლის გადაბრუნების შემდეგ ბინაში მოხვდნენ, სადაც სხვადასხვა დასახელების ოქროსა და ვერცხლის ნივთები დახვდათ. განსასჯელებს არ დაუმალავთ, რომ ყველაფერი წამოიღეს – ოქროს ნივთები, ვერცხლის შანდლები... ნაქურდალით ისინი უბანში დაბრუნდნენ და, სწორედ იმ მომენტში, როდესაც ნივთებს ბიჭებს აჩვენებდნენ, პოლიციამ ორივე დააკავა...
იმის გათვალისწინებით, რომ სამივე დანაშაული ერთმანეთს დროში დაემთხვა, ამასთან, მოწმეები და დაზარალებულები ორ ახალგაზრდას დეტალურად აღწერდნენ, ამოცნობა იმავე დღეს ჩატარდა და ყველა საქმე გაიხსნა.
ტელეფონის ქურდობის ნაწილში მათ თავი მთლიანად ცნეს დამნაშავედ. მათი თქმით, იმ დილით, როდესაც ვანო ჟ-ძესთან სამუშაოდ ოჯახში მივიდნენ, იქ სახლის პატრონის ნათესავი დახვდათ და სუფრაზე ისინიც მოიპატიჟეს. ნათესავის წასვლის შემდეგ მასპინძელს მალე ჩაეძინა. სახლში მხოლოდ მისი ქალიშვილი დარჩა, მაგრამ, მასაც მეზობელმა დაუძახა. სწორედ ამ დროს კი იხელთეს ძმებმა დრო და ტელეფონი მოიპარეს...
რაც შეეხება ქარელიდან ჩამოსულ გარემოვაჭრეს, ემზარ ო-ს, იმ დღეს მატარებლით იყო ჩამოსული, თბილისში ლობიოს გასაყიდად. გაყიდვის შემდეგ მეგობრები იქვე, სასადილოში შევიდნენ. გამოსვლისას, იგი უცნობებმა გააჩერეს და ფული სთხოვეს. დაზარალებულის განმარტებით, წინ მდგომმა მას გაარტყა, ხოლო მეორემ უკნიდან ჩაუყო ჯიბეში ხელი და ფული ამოაცალა. ემზარ ო-ს ჩვენებით, ის მძარცველებს გამოეკიდა, მაგრამ, ვერ დაეწია.
რაც შეეხება მესამე დაზარალებულს, მას უკლებლივ ყველა ნივთი დაუბრუნდა, თუმცა ის ქურდების დასჯასა და მორალური ზარალის ანაზღაურებასაც ითხოვდა. მისი თქმით, იმ დღეს სახლში დაახლოებით 18:00 საათისთვის დაბრუნდა, მაგრამ, კარი ვერ გააღო. ამიტომ სახლში ხელოსნის დახმარებით, სარკმლიდან შევიდა და შეშინდა, რადგან სახლი მთლიანად არეული იყო. ვინაიდან ტახტი გადაბრუნებული დახვდა, მიხვდა, რომ ქურდები ბინაში სარდაფის მხრიდან იყვნენ შესულები და, ოქროსა და ვერცხლის ნივთების გარდა, ბინიდან სხვადასხვა დასახელების წვრილმანი, მათ შორის, ძველი ტელეფონის აპარატიც იყო წაღებული.
განსასჯელებმა სამივე დანაშაული გულწრფელად აღიარეს, მოინანიეს და სასჯელის შემსუბუქება ითხოვეს. ორივემ ღიად განაცხადა, რომ ირაკლი ს. მათ ფულის შოვნას აჩქარებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებოდა, რომ საქმე ცუდად წაუვიდოდათ, რადგან მოგებულები მის მიერ მოყვანილი ბიჭები იყვნენ და ფული სასწრაფოდ სჭირდებოდათ...
ირაკლი ს-ს საქმე სასამართლომ ცალკე წარმოებად განიხილა და მას არა მხოლოდ გიორგი და კოკა კ-შვილები, არამედ ყველა მეზობელი დაუპირისპირდა.
რაც შეეხება ტყუპ ძმებს, მათ 3-3 წელი პირობითი სასჯელი ერგოთ. მათი ეკონომიკური მდგომარეობის გარდა, ჰუმანურ განაჩენს ხელი შეუწყო იმ გარემოებამაც, რომ ძმებმა დანაშაული დაკავებისთანავე აღიარეს და დაზარალებულებს პატიება სთხოვეს...