როგორ მოვიზიდოთ საწინააღმდეგო სქესი
„ოფლის სუნი, რომელიც ხშირად უხერხულ მდგომარეობაში აგდებს მის „მფლობელს“, იზიდავს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელს“, – ასეთი დასკვნა გააკეთეს ბრიტანელმა სწავლულებმა. წმიდა ვალენტინის დღესასწაულის წინ ინგლისში გამოვიდა გაბრიელ ფრობესის წიგნი – „სიყვარული და ავხორცობა – მეტი, ვიდრე უბრალოდ ქიმია“. წიგნი გამოსცა სამეფო ქიმიურმა საზოგადოებამ, რომელშიც ახსნილია ფერმენტების როლი.
წიგნის ავტორი ყვება, რომ ახალგაზრდობაში მას ჰქონდა ჩვევა, ფეხბურთის მაისურები გაეცვალა თანაგუნდელებისთვის. ზუსტად ასე იქცევა ახლა მისი 19 წლის შვილი. ორივე სქესის ახალგაზრდა ადამიანებს სიამოვნებთ პარტნიორის ოფლის სუნი.
თავისი თეორიის დასამტკიცებლად ავტორმა ცნობილი ისტორიული ფაქტი მოიყვანა, რომლის თანახმადაც, ნაპოლეონ ბონაპარტე თავის მეუღლეს, ჟოზეფინას, სთხოვდა, მისი ჩამოსვლის წინ რამდენიმე დღე არ ებანავა.
ფრობესს მიაჩნია, რომ მამაკაცებს აქვთ უნარი, სუნით გამოარკვიონ ქალის ოვულაციის დრო. ამ პერიოდში წყვილი ერთმანეთისთვის უფრო მიმზიდველი ხდება.
როგორც ავტორი აღნიშნავს, ადამიანის ბუნებრივი სუნი ირევა სუნამოსა და დეზოდორანტების არომატთან, რითაც აიხსნება ის ფაქტი, რომ ერთი და იგივე პარფიუმი სხვადასხვა ადამიანის მიერ სხვადასხვანაირად შეიგრძნობა.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის ორგანიზმიდან გამოყოფილი ყველა სეკრეტი არ იზიდავს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელს; მაგალითად, ქალის ცრემლები, პირიქით, აქვეითებს მამაკაცის სექსუალურ სწრაფვას.