კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კრიმინალური შეცდომა

 

დეტექტივმა მარტო ის იცოდა, რომ კაცი, რომელსაც ეძებდა, თურქულ უბანში ცხოვრობდა. ინფორმატორმა მხოლოდ ქუჩაზე მიანიშნა, სახლის ნომერი არ უთქვამს. ჰოდა, ერთადერთი გამოსავალი იყო კარდაკარ ჩამოვლა და სახლების სათითაოდ შემოწმება. სპეციალური ვერსიაც მოიგონა, – ვითომ სადაზღვევო კომპანიიდან იყო და კლიენტს ეძებდა... სამუშაო დამღლელი და შრომატევადი აღმოჩნდა: ერთი სახლი, მეორე, მესამე... ისევ ერთი... მეორე... მესამე... მეოთხე... მეხუთე, მაგრამ, არანაირი შედეგი... დეტექტივმა ამოიოხრა და მორიგ კარზე დარეკა. ზღურბლზე სანდომიანი სახის, სამოც წელს გადაცილებული, პატარა, ჭაღარა ქალბატონი აღიმართა, გახამებულსაყელოიანი, ვიქტორიანული დროის კაბაში. დეტექტივმა გაუღიმა და მომზადებული ტექსტი დაიწყო.
– შემობრძანდით, – თქვა უცებ ქალმა, – შემობრძანდით.
დეტექტივმა უარის ნიშნად თავი გააქნია.
– მე მხოლოდ ერთ ახალგაზრდა კაცს ვეძებ, სადღაც აქ უნდა ცხოვრობდეს.
– შემობრძანდით. ჩაი გამიცივდება, სახლში ვისაუბროთ.
დეტექტივი იძულებული გახდა, შესულიყო.
– ტომას, – თქვა ქალმა და ოთახის სიღრმეში მდგარი სავარძლისკენ გაიხედა. ეს მისტერ...
– ტომასი, – წარმოთქვა დეტექტივმა, – მოგესალმებით.
ჯენტლმენი, რომელსაც ტომასი უწოდეს, ზუსტად შეეფერებოდა თავის ცოლს: მასავით ჭაღარა იყო, ინტელექტუალური გამომეტყველებით. დეტექტივს, სანამ მოსვლის მიზეზს გააცნობდა, მოუწია ფინჯანი ჩაი დაელია, თანაც, დარიჩინით. მოხუცებმა ყურადღებით მოისმინეს იმ ახალგაზრდა კაცის აღწერილობა, რომელსაც „სადაზღვევო აგენტი“ ეძებდა.
– ტომას, ეს ის ხომ არ არის, კოლონებიან სახლში რომ ცხოვრობს? – ნიკაპზე საჩვენებელი თითი მიიდო მოხუცმა ქალმა.
– ძვირფასო, იმას ხომ თმა მუქი აქვს, – მშვიდად შენიშნა ქმარმა. ქალმა გაუღიმა და აღფრთოვანებით დაეთანხმა.
– როგორი დაკვირვებული ხარ, ძვირფასო...
უცებ დეტექტივს რაღაც ცივი შეეხო  ყელზე. ჯერ იფიქრა, მომეჩვენაო, მაგრამ, ვიღაცის ხრინწიანმა ხმამ მაშინვე მიახვედრა, რომ საქმე სერიოზულად იყო. მექანიკურად ადგა...
– გაჩხრიკეთ! – გაისმა ბრძანება და მოხუცმა ცოლ-ქმარმა დიდი გულმოდგინებით გაუსინჯა ჯიბეები. მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს შემობრუნების საშუალება და დეტექტივმა ძალიან გამხდარი, დაახლოებით 35 წლის მამაკაცი დაინახა უსიამოვნო სიფათითა და ბოროტი მზერით.
– შენ მე მეძებდი...
– არა! – თქვა დეტექტივმა.
– ტყუი, მაგრამ, არა უშავს, ახლავე მოგიყვან ჭკუაზე. ბოლოს მოგიღებ.
– ჰუკ! – გაისმა ქალის მბრძანებლური და წკრიალა ხმა, – მოდი აქ!
უცებ მოხუცმა გახამებული პერანგის თუ სერთუკის ჯიბიდან უზარმაზარი რევოლვერი ამოიღო და დეტექტივს მიუშვირა.
დეტექტივს გარკვევით ესმოდა ახალგაზრდა ქალის, ჰუკისა და კიდევ ვიღაც მესამის ბუზღუნა ბარიტონი. ჰუკი თავგამოდებით უმტკიცებდა:
– ჩვენზე გამოვიდნენ. ეს ტიპი ფანჯრიდან დავინახე. კონტინენტური დეტექტიური სააგენტოდან არის, ხუთი-ექვსი წლის წინ მისი ფოტო მაჩვენეს და დავიმახსოვრე. ალბათ, უკვე იცის, რომ აქციები ჩვენ გვაქვს. უნდა მოვიშოროთ.
ბარიტონმა მაშინვე გააპროტესტა:
– ჰუკ! შენ არავინ გეკითხება! სიმშვიდე შეინარჩუნე და სისულელე არ გააკეთო. აქ მე ვწყვეტ.
დეტექტივს მადლიერების გრძნობა გაუჩნდა უცნობი ბარიტონის მიმართ, რომელმაც მისი სიცოცხლე იხსნა. თუმცა, იმავ წუთს, იმავე ბარიტონმა შემაშფოთებელი რაღაც თქვა:
– მართალი ხარ, ჰუკ, ის ნამდვილად დეტექტივია. მისი ჯიბიდან ამოღებულ საბუთებში ლიცენზია ვიპოვე, – თუმცა, შენ მაინც ვირი ხარ და, თანაც, უიმედოდ სულელი. მისი მოკვლა არაფერში გვარგია, იმიტომ რომ, მარტო არ იქნება.
– მერე რა, მაინც უნდა გავაქროთ, – გაჯიუტდა ჰუკი, – თანაც, მალევე!
უცნაური სიჩუმე ჩამოვარდა. მოხუცი, რომელიც დეტექტივს სდარაჯობდა, დაინტერესდა, რა ხდებოდა ფარდის მიღმა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, თან დეტექტივს არ აშორებდა თვალს.
– ჯერ მოხუცები უნდა მოვიშოროთ. ხომ არ გინდა, მათაც წილი მისცე? წადი, დეტექტივი გაკოჭე. მე მოხუცებს მივხედავ და აქციებს წამოვიღებ.
დეტექტივი მიხვდა, რომ ახლა მისი დრო იყო. აქციები სადღაც იქ, იმ ოთახში იყო. მოხუცს მისთვის აღარ ეცალა. შესანიშნავად გაიგონა, რა თქვა ბარიტონმა მისი მისამართით და რევოლვერმომარჯვებული შევიდა ფარდაში. დეტექტივმა ამით ისარგებლა და ოთახი დაკვირვებით დაათვალიერა. ჟურნალების მაგიდის ქვედა მინაზე რაღაც შეფუთული იდო, საჩუქარივით. ალღომ არ უმტყუნა. სწრაფად აიღო, გამოღებულ ფანჯარასთან მიირბინა და ოსტატურად ისროლა მოპირდაპირე სახლის სახურავზე. მერე ისევ სწრაფად დაბრუნდა სავარძელთან და გასროლის ხმაც გაიგონა. რომელსაც ქალის შეკივლება მოჰყვა... დეტექტივმა გაურკვევლობის მოლოდინში სამალავს დაუწყო ძებნა. ოთახში სათითაოდ შემოვიდნენ ჰუკი, „ბარიტონი“ – დაბალი, განსაკუთრებული გემოვნებით ჩაცმული იაპონელი და ოცდახუთ წლამდე ქალიშვილი ქერათმიანი, ლურჯთვალება.
– ეს რატომ არ შეკარით? – ჰკითხა იაპონელმა ჰუკს და დეტექტივზე მიუთითა, – ჯერ გაკოჭეთ და ერთმანეთში ურთიერთობა მერე გავარკვიოთ. აქაურობა უნდა დავტოვოთ. მოხუცებს დიდხანს არავინ მოძებნის. აი, დეტექტივს კი მალევე აღმოაჩენენ გვამებთან ერთად...
ჰუკი ადგილიდან არ დაძრულა. იაპონელმა მბრძანებლურად ასწია წარბი:
– ვერ გაიგონე, რა გითხარი?
– ნუ მიყვირი! აქციები, სულაც, მე მოვიპარე. ახლა ეგ იარაღი მე მომეცი და უკან დაიხიე. მე და ელვირამ გადავწყვიტეთ, თამაშიდან გაგიშვათ. ჰო, მოგვწონს ერთმანეთი და ღირსეული ცხოვრების დასაწყებად სამასი ათასი დოლარი გვჭირდება. აქციების გაყოფას არავისთან ვაპირებ, მით უმეტეს – შენთან...
დეტექტივი განაბული უცდიდა, რა მოხდებოდა. მან ზუსტად იცოდა, რომ თუ იაპონელი  ხელში იარაღს აიღებს, მაშინ რამდენიმეს ერთად აიღებს. როგორც ჩანს, ჰუკი მასავით არ იცნობდა იაპონელებს, ამიტომაც, რამდენიმე წამში შუბლგახვრეტილი დაენარცხა იატაკზე. იაპონელი ქალიშვილს მიუბრუნდა. ორივე ხელში რევოლვერი ეჭირა. ის რევოლვერი კი, რომელიც ჰუკმა წაართვა, ჰუკისავე გვამთან ეგდო...
– ტაი, მე არც მიფიქრია ჰუკთან ერთად გაქცევა, – შიშით თქვა ქალიშვილმა, – ეს მისი ილუზიები იყო.
– აქციები სად არის? – პირქუშად ჰკითხა იაპონელმა.
– სადაც იყო... აი, იქ... – ელვირა პატარა მაგიდასთან მივიდა და უცებ შეჰკივლა: – აღარ არის, გაქრა!
– შე ძუკნა, აქციები გადამალე? ჩემს მოტყუებას ცდილობდი?
– არა, ტაი, არა... არც მიფიქრია... ეს, ალბათ, ჰუკმა... ჰო, იმან... ეტყობა, ყველას „გადაგდება“ უნდოდა... ჩემიც კი...
იატაკზე, უყურადღებოდ დაგდებული რევოლვერი ისე აღმოჩნდა დეტექტივის ხელში, ტაიმ და ელვირამ ვერც შენიშნეს, როგორ შეიცვალა სიტუაცია მათთვის საზიანოდ. იაპონელი მით უფრო წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდა, რადგან, ელვირა კისერზე ჰყავდა ჩამოკიდებული და მოძრაობას უშლიდა. დეტექტივს არ გასჭირვებია მისი იატაკზე დაგდება და გაკოჭვა. ქალიშვილს მისთვის ხელი არ შეუშლია. უფრო მეტიც, ისე გაქრა, ვერც დეტექტივმა და ვერც იაპონელმა თვალი  ვერ შეასწრეს.
ამ ამბავში ყველაზე უცნაური ის იყო, რომ დეტექტივს წარმოდგენა არ ჰქონდა აქციების საქმეზე, ის ერთი მილიონერის ჭირვეულ, სახლიდან გაქცეულ ვაჟს ეძებდა...
სახლი თურქულ უბანში ის ადგილი აღმოჩნდა, სადაც დიდი ხნის განმავლობაში აფარებდა თავს თაღლითთა ბანდა. მოხუცი ცოლ-ქმრის რეპუტაცია უბანში არავითარ ეჭვს არ იწვევდა: იაპონელი მათი საქმეთა მმართველი ეგონათ მეზობლებს, გოგონა კი – შვილიშვილი... იაპონელი და ელვირა პოულობდნენ ბანკში ან ბირჟაზე მომუშავე ყმაწვილკაცებს, მერე ელვირა მათ „შეაბამდა“, თავს შეაყვარებდა და ფულის ან აქციების მოპარვისკენ უბიძგებდა. როცა „ბედნიერი წყვილი“ გასაქცევად მზად იყო, იქვე გამოჩნდებოდა იაპონელი ეჭვიანი ქმრის როლში. ელვირა თავზე თმის გლეჯით გამოვარდებოდა, ევედრებოდა, არ მოეკლა მისი საყვარელი და ნაქურდალს სთავაზობდა. როცა მოტყუებული „რომეო“ გონს მოეგებოდა, აღარც ფული იყო, აღარც „ჯულიეტა“ და პოლიციაც მას იჭერდა. ორმა ასეთმა „რომეომ“ სიცოცხლე თვითმკვლელობითაც კი დაასრულა. მხოლოდ ჰუკი აღმოჩნდა „კერკეტი კაკალი“ და ჩასწვდა თაღლითურ სქემას, თუმცა, ამით ვერაფერი მოიგო...
იაპონელი სახრჩობელაზე გაუშვეს, დეტექტივმა მადლობა და სოლიდური პრემია მიიღო, ელვირა კი უკვალოდ გაუჩინარდა.
თარგმნა
ნინო  წულუკიძემ

скачать dle 11.3