კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხაფანგში

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6-8(582)

ქეთი ცდილობდა, მთელი ყურადღება საქმეზე გადაეტანა და არ გაეგონა ის რეპლიკები, მისი მისამართით მოურიდებლად რომ ისმოდა, თანაც, აშკარად დაუნანებლად. თუმცა, პირდაპირი თავდასხმის მცდელობა არ ყოფილა და ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებდა. ქეთი ვერ იტყოდა იმას, რომ აჟიოტაჟი არაფრის გამო ატყდა. ნელ-ნელა აანალიზებდა მომხდარს და ხვდებოდა, რა იყო ამისი მიზეზი... იმ კონკრეტულ მომენტში ნაკლებად ფიქრობდა სენსაციაზე ან თავად ფაქტის უჩვეულობაზე. მის ფეხებთან გაჩერებული მანქანა, როცა აბეზარი და აუტანელი „ძმისგან“ თავის დაღწევას ცდილობდა, ნამდვილად ბედის საჩუქრად უნდა მიეჩნია. დიმიტრი ასათიანს კი არა, თვით ეშმაკს ჩაუჯდებოდა მანქანაში. მხოლოდ მოგვიანებით აღმოაჩინა „რეალობა“ და უხერხულად მოიბუზა. დიმიტრი ასათიანმა მხოლოდ ჰკითხა, სამსახურში მოდიხართ თუ არაო და მერე მთელი გზა ხმა აღარ ამოუღია. მხოლოდ რამდენჯერმე გაუღიმა, ისიც, ალბათ, ზრდილობის გამო, ეს იყო და ეს... ქეთიმ თვალები მოისრისა. იმ მხარეს გახედვა არ უნდოდა, სადაც მისი თანამშრომლები იყვნენ შეჯგუფებული და გამალებული განიხილავდნენ მომხდარს...
მარიკომ ხელები გაასავსავა:
– არა, ამას უკვე ვეღარ გავუძლებ, მეტისმეტია! ერთად მოვიდნენ, გესმით? მანქანით მოიყვანა!
– მოიცა, აჭარბებ, – თავი გადააქნია ნინიმ, – იქნებ, ქვემოთ, კართან შეხვდნენ ერთმანეთს?
– გუშინ დაიბადე? – გაბრაზდა მარიკო, – გეუბნები, მანქანით მოიყვანა-მეთქი! რა, არ ეტყობოდათ?
– მოიცა, რაზე უნდა შესტყობოდათ? – მხრები აიჩეჩა მაგდამ, – მართლა ვერ ვხვდები...
– შენ საერთოდ გაჩუმდი! – ეცა მარიკო, – აქ ტყუილად ზიხარ. აზრზე არა ხარ, რა ხდება. როგორ ამტკიცებდი – შეფი ევროპაში გაემგზავრაო? ეს არის ევროპა?! – მარიკომ გაპარჭყული ხელი ოთახისკენ და ქეთისკენ გაიშვირა, – ერთ ნაბიჯზეც ვერ გენდობა ადამიანი.
– რა ვიცი, აბა, ეგ მეც მიკვირს, მაგრამ, ნათიამ მითხრა, რამდენიმე დღე არ იქნებაო... რაღაც ფინანსური საქმეები აქვს მოსაგვარებელიო.
– ჰო, რა თქმა უნდა, ფინანსური საქმეები... როგორ არა... ეტყობა, ესეც თან მიჰყავს „საქორწინო მოგზაურობაში“, – დასცინა მარიკომ და ამოიოხრა, – სიმართლე რომ არ გავიგო, მოვკვდები. რამე ქენით, რა! ნინი, შენ მიდი...
– მე? სად უნდა მივიდე? – გაიოცა ნინიმ, – არ მითხრა, რომ პირდაპირ ასათიანთან მგზავნი, შენთვის სასურველი ინფორმაციის მოსაპოვებლად.
– ასათიანი რა შუაშია, ეგეთი სულელიც არ ვარ. ამას ჰკითხე-მეთქი.
– ქეთის? რანაირად? მივიდე და ვუთხრა, მარიკო აღშფოთებულია, შეფთან ერთად რომ მოხვედი, მაგრამ, თუ შემთხვევით ერთმანეთს ქვემოთ შეხვდით და მანქანით არ მოუყვანიხარ, გაპატიებს-მეთქი?!
– ნერვებს ნუ მიშლი, შენც არანაკლებ გაინტერესებს სიმართლე!
– ჰო, მაინტერესებს, მაგრამ, დავიცდი, სანამ თავისით არ გაირკვევა რამე.
– მეც ასე ვფიქრობ, – მხარი აუბა მაგდამ ნინის.
– ჯიბრით იქცევით, არა, ასე?! არ ვიცოდე მაინც, ორივე ინტერესით რომ კვდებით, მაგრამ ჩემს გასაღიზიანებლად პოზა გიჭირავთ, აქაოდა, არაფერიც არ ხდებაო. გრცხვენოდეთ! – დატუქსა მარიკომ გოგოები, – გრცხვენოდეთ!
ნინიმ მხარზე მოჰკიდა ხელი და დამნაშავესავით გაუღიმა:
– ნუ იბუტები. გეფიცები, მეც არანაკლებ გაოცებული ვარ, მაგრამ, მაინც ვფიქრობ, ისე არ უნდა იყოს საქმე, როგორც ჩვენ წარმოვიდგინეთ. უბრალოდ რომ ვთქვათ, არ მჯერა. რა ვქნა, არაფრით არ მჯერა, რომ დიმიტრი ასათიანი, რომელზე ფიქრიც მარტო მისი ოფისის კი არა, თბილისელი ქალბატონების უმრავლესობას ათენებინებს ოხვრით ღამეებს, ამ პატარა თაგუნიასთან დაიწყებდა ფლირტს.
– მე სულაც არ ვათენებ ღამეებს ოხვრაში, – გააპროტესტა მაგდამ, – და, როგორც ვიცი, არც შენ...
– აჰა, ესე იგი, მე ვათენებ ღამეებს? – მარიკომ საბოლოოდ დაკარგა მოთმინება, – თქვენ რა, პირი შეკარით? რა ჯანდაბაა! ისედაც ნერვები მაქვს მოშლილი!..
– ქეთის გამო ნერვებს ნუ მოიშლი. არ ღირს, – ანუგეშა ნინიმ, – შეხედე ერთი, რა ეტყობა მაგას, რომ თვით ასათიანმა მიაბრძანა მანქანით? ასე რომ, დილის თათბირი დამთავრებულია. ეიფორიამ გაიარა. ვიმუშაოთ, თორემ, ნათიამ, მგონი, მოიცალა და დაგვაცხრება საყვედურებით.
ნათია უკვე მიემართებოდა მათკენ.
– დაიწყებს ახლა ჩხუბს, გააწყალა რა, გული... რამდენს უნდა მიხდიდნენ, რომ ასეთ მექანიკურ რობოტად ვიქცე და საქმის გარდა აღარაფერი მაინტერესებდეს, – აბუზღუნდა მარიკო.
– მაგას პროფესიონალიზმი ჰქვია, ჩემო კარგო, –  „აუხსნა“ მაგდამ, – გადახდა და ხელფასი არაფერ შუაშია.
– არ მჭირდება ახსნა-განმარტებები, – მხრები აიჩეჩა მარიკომ, – ყველა ჩემზე ჭკვიანი როგორ აღმოჩნდა!
– რა ხდება აქ. რა დებატები გაგიმართავთ? საქმე არ გაქვთ, დილიდან რომ ჩამომსხდარხართ და ქაქანებთ? საინტერესოა, რას არკვევთ? დაინტერესებული ვარ, რა მორიგი ჭორის აგორებას აპირებთ.
ნინიმ მრავალმნიშვნელოვნად გახედა მარიკოს, აქაოდა, ხომ გითხარიო.
– მოკლედ, სანამ გადამჭრელი ზომები მიმიღია და ბატონი დიმიტრისთვის მომიხსენებია ყველაფერი, დაიწყეთ მუშაობა და უსაქმოდ გაჩერებული აღარ დაგინახოთ.
– სუნთქვა შეიძლება? – წარბი ასწია მარიკომ.
– რა? – ნათიამ ქორივით შეხედა თანამშრომელს, – ვერაფერი შვილი ხუმრობაა. სხვათა შორის, ყველაზე უმართვი შენ ბრძანდები და სწორედ შენგან დავიწყებ. ამ ჩემს თანაშემწეს მაინც მიბაძეთ. მაგდა, ბატონ დიმიტრისთან დამაკავშირე, უთხარი, რომ რაც მთხოვა, ის საბუთები მოვუმზადე.
მაგდამ შვებით ამოისუნთქა, ნათიას ასე იოლად რომ გადაურჩა და ტელეფონს ეცა.
ნინიმ დაბღვერილ მარიკოს თვალი ჩაუკრა – ახლა ნახეო...
– სულ ტყუილად გვიბრაზდებით, ქალბატონო ნათია. ჩვენ ვიცოდით, რომ ბატონი დიმიტრი ევროპაში უნდა წასულიყო და რომ დავინახეთ, გაგვიკვირდა. სულ ეს არის?
ნათიამ საქაღალდე იღლიაში ამოიჩარა და თავი გააქნია.
– თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, ბატონი დიმიტრი ოფისში იქნება თუ არა? თქვენი საქმე რომ უნდა აკეთოთ, ამისთვის ასათიანის ფიზიკურად აქ ყოფნა საერთოდ არ არის საჭირო, გასაგებია?
– გასაგებია, – ამოიოხრა ნინიმ და მორჩილად დააფახულა დაგრძელებული წამწამები.
– ჰოდა, ასე, – ნათია ლიფტში შევიდა.
– ზოგჯერ კაცი მგონია, რა... – ხელები უკმაყოფილოდ აიქნია მარიკომ, – რა, არა?!
– წავიდეთ, საქმეს მივხედოთ, თორემ, შეგვისრულებს, რასაც დაგვპირდა, მაგისი ამბავი რომ ვიცი, – თქვა ნინიმ.
– თქმა ადვილია. როგორ უნდა ვიმუშაო, როცა ინტერესით ვკვდები? –  მარიკომ ფეხი აითრია და ისე გაემართა თავისი მაგიდისკენ. გზად არ დაიზარა და ქეთი მრისხანე მზერით „დაასაჩუქრა“.
***
... სალიმ ჩანთა სავარძელზე მიაგდო, თვითონ მეორე სავარძელზე მოკალათდა და კაცს თავხედურად მიაშტერდა:
– გამიკვირდა, რომ დამირეკე. ოღონდ, არ მითხრა, რომ მოგენატრე. განსაკუთრებული სითბოთი არასდროს გამოირჩეოდი. სულ მეგონა, რომ გშურდა ჩემი.
მიხომ სიგარეტს მოუკიდა და ირონიულად ჩაიღიმა:
– შეუკვეთე რამე, დღეს კეთილი კაცი ვარ. აქ კარგ პიცას აკეთებენ. არ ინანებ.
– ნაშები აქ მოგყავს ხოლმე? – წაგესლა სალომემ, – საცოდავი შენი ცოლი!
– ზედგამოჭრილი დედაშენი ხარ – გესლიანი შენიშვნების უშრეტი მარაგი გაქვს და არავისთვის გენანება. მაგრამ, დღეს, როგორც გითხარი, კეთილი ვარ და შენთან ჩხუბს არ ვაპირებ. ხომ ხედავ, პიცის საჭმელად დაგპატიჟე.
– რა გენაღვლება, მამაჩემის ფულით...
– დედაჩვენის, საყვარელო, დედაჩვენის... შენი ძმა ვარ, რატომ გავიწყდება?
– გიოც შენი ძმაა... ქეთი კი – შენი და...
– გეყოფა, მორჩი რა, ნუ იგესლები! ძალიან კარგად იცი, რა როგორ არის. ჩვენს დიდ და ტკბილ ოჯახში. თუ სიმართლე გინდა, პრეტენზიები მე უნდა მქონდეს – დედაჩემისა და მამაჩემის ოჯახის დანგრევა სწორედ შენი დამსახურებაა. არ მომაყოლო ყველაფერი!
– მერე, მოყევი, რას მაშინებ? დრო გვაქვს და შენეული ვერსიაც ძალიან მაინტერესებს.
– დედაშენს რატომ არ აყოლებ? ვერსიები იმას აქვს, თუ აქვს.
– დედაჩვენს, – შეუსწორა სალომემ, – დედაჩვენს და, ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, თუ უყვარდა.
– ჰმ, რა იცი შენ სიყვარულის, რა გამოცდილება გაქვს, რომ ამაზე ილაპარაკო? მამაჩემიც უყვარდა, რომ გეკითხა.
სალომე დაიჭყანა.
– აუ, მგონი, დროა, პიცა შეუკვეთო. სიყვარულზე შენი სუბიექტური აზრები ნაკლებად მაინტერესებს, მით უმეტეს, ვერ ავიტან, მორალი წამიკითხო და დედაჩვენის ზნეობა განიხილო. საკუთარ ოჯახს მიხედე, მით უმეტეს, თუკი ხვდები, რომ არც ისეთი ჯანმრთელი გენეტიკა გაქვს.
– კარგი. პირდაპირ გეტყვი, რატომაც დაგირეკე. ახალი ამბავი უნდა გითხრა.
– საინტერესო ამბავია? – სალომემ მიმტანს გადაშლილ მენიუზე რამდენიმე ადგილას დაუდო თითი და ძმას ეშმაკურად ახედა – ნამცხვარი და წვენიც შევუკვეთე, თუ კეთილი ხარ, ბოლომდე გაშალე ხელი.
– მიდი, შეუკვეთე, არ არის პრობლემა, მაგრამ, მერე შენც სიკეთით უნდა გადამიხადო.
– ასეც ვიცოდი. რაღაც უბედურებაში გინდა გამხვიო? არ გამოგივა. შენს უზნეობას მე ხელს ვერ დავაფარებ. არც ფულს ვთხოვ დედას. საკმარისი მიიღე უკვე.
– დამშვიდდი, ნუ გაწიწმატდები ხოლმე ქვრივი ქალივით. განსაკუთრებულს არაფერს მოგთხოვ. პირიქით, შენც მიიღებ საიმოვნებას.
– მეეჭვება, მაგრამ, მიდი, დაიწყე... მოგისმენ მაინც.
– დღეს ქეთო ვიღაც ტიპმა ცხვირწინ ამაცალა...
სალომეს ჯერ გაეღიმა. მერე, როცა მიხოს სიტყვების შინაარსს ჩასწვდა, ტუჩები გაბუსხა.
– სისულელე...
– გეუბნები. დილით შემხვდა, სამსახურში მიდიოდა. ველაპარაკებოდი... ერთბაშად ფეხებთან მანქანამ დაგვიმუხრუჭა, ის შენი დაიკოც ჩასკუპდა შიგ და გაქრა...
– არ მჯერა. ვინ ტიპი, რა მანქანა... ხომ არ ბოდავ, ცუდი სიზმარი ხომ არ ნახე? ქეთი ლოგინშიც რომ გამოვიჭირო ვინმესთან, მაინც ვერ დავიჯერებ, რომ არ მელანდება.
– სხვათა შორის, სულაც არ ვხუმრობ და, ცნობისთვის, მანქანა „სუპერი“ იყო, აღარაფერს ვამბობ იმ ტიპზე.
– ჰა, ჰა... მიხო, სერიოზულად ვშიშობ შენს ჯანმრთელობაზე.
– კარგი, ნუ დამიჯერებ, – გაღიზიანდა მიხო და წარბები შეკრა, – მე კი მინდოდა, ერთად გაგვერკვია, რა ხდება მის თავს, ვინმე ხომ არ გამოუჩნდა. მით უმეტეს, მუშაობაც დაუწყია...
– ჰო, სადღაც ოფისში. ლელი მეუბნებოდა და ყურადღება არ მივაქციე... –  სალომე შეფიქრიანდა.
***
დიმიტრი ასათიანმა აბსოლუტურად გაუცნობიერებლად, მექანიკურად გააკეთა ის, რაც გააკეთა. ანუ ქეთის მანქანა იმიტომ კი არ გაუჩერა, რომ ეს წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილი, ან ქეთის გულის მოგება უნდოდა... ამიტომ კაბინეტში შესულს საერთოდ გადაავიწყდა ეს შემთხვევა. ნათიას მოტანილი დოკუმენტები ქეისში ჩაალაგა და ქალს მადლობა გადაუხადა.
– ძალიან იყოჩაღეთ. არ მეგონა, თუ მოასწრებდით.
– რადგან გჭირდებოდათ, უნდა მომესწრო კიდეც.
– გმადლობ, ახლა მშვიდად წავალ. შეიძლება ვახოს დავიწყებოდა და ძალიან ვნერვიულობდი. ამიტომაც მომიხდა შენი შეწუხება.
– რას ბრძანებთ, ბატონო დიმიტრი, – ნათიას აშკარად ესიამოვნა შეფის ასეთი ყურადღება, –  ნებისმიერ დროს, ყოველთვის მზად ვარ, მოგემსახუროთ.
– მაშინ, ახლა წავალ, სახლშიც უნდა გავიარო. არ მინდა, დავაგვიანო. ისედაც, ბილეთი ერთხელ უკვე გავცვალე.
– ბატონი ვახტანგი ხვალ მოვა?
– სავარაუდოდ, კი. ჯერ არ დაურეკავს. შეიძლება, ყოველდღე არც იყოს აქ. მაგრამ, შენ მისი ტელეფონი გაქვს და მაშინვე დაურეკავ, თუკი რამე მნიშვნელოვანი მოხდება.
ნათიამ თავი დაუქნია:
– კეთილ მგზავრობას გისურვებთ!
– გმადლობ. სამ-ოთხ დღეში დავბრუნდები, თუ თხილამურებმა არ შემითრია...
ნათიამ მხოლოდ გაუღიმა და გამომშვიდობების შემდეგ კაბინეტიდან გავიდა. ქვემოთ ჩასულმა გოგოებს გადახედა: ისხდნენ და საქმით იყვნენ გართულნი. ნათიას აღარ შეუმოწმებია, კომპიუტერის ეკრანს მიშტერებულები სოციალურ ქსელებში „მოგზაურობდნენ“ თუ მის დავალებას ასრულებდნენ. ასათიანის შექებით ისე იყო აღფრთოვანებული, რომ ერთბაშად ლმობიერი გახდა. მხოლოდ მაგიდასთან მივიდა და გააფრთხილა.
– ბატონი ვახტანგი თუ დარეკავს ან მოვა, მაშინვე დამაკავშირე. ყურადღებით იყავი!
– ვახო? – იკითხა მაგდამ.
– ვახო, კი არა, ბატონი ვახტანგი. ბატონი დიმიტრი მიემგზავრება და ოფისს მისი არყოფნა არ უნდა დაეტყოს.
– ანუ, ეს დღეები შეფი თქვენ ხართ?
– მაგდა, ზედმეტი ლაპარაკი საჭირო არ არის. რაც მეტს ილაპარაკებ, მეტ სისულელეს იტყვი. ამიტომ, მხოლოდ მომისმინე.
ნათიამ თავის ოთახში შესვლა ძლივს მოასწრო, რომ მაგდასთან ნინი მიფრთხიალდა:
– რაო, რა ბრძანა? დავინახე, მითითებებს რომ გაძლევდა.
– ჰო. ასათიანი მიდის და ვახოსი და ნათიას ანაბარა ვრჩებით, – მაგდამ ყასიდად ამოიოხრა.
– ვახო საინტერესო არ არის. ალბათ, სატელეფონო ჩართვების იქით არ წავა, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. აი, ნათიას მბრძანებლობა კი სასიამოვნო ნამდვილად არ იქნება. ანუ, ასათიანი ნამდვილად მიემგზავრება?
– ჰო.
მარიკომ საყვედურით შეხედა მაგდას.
– რა ვიცი. დილითაც მაგარი ინფორმაციით დაგვაბოლე. ალპებში, თხილამურებზე შემდგარი რომ გვეგონა, – ქეთი-თაგუნიასთან ერთად გაგვეჩითა. კიდევ რამე სიურპრიზის მოწმენი არ გაგვხადო.
– ისე მსაყვედურობ, თითქოს ასათიანის გრაფიკს მე ვადგენ. რასაც ვიგებ, იმას გეუბნებით. მე თქვენი ინფორმატორი კი არ ვარ, – განაწყენდა მაგდა.
– კარგი, კარგი, ნუ იბუსხები. საწყენად არ მითქვამს. უბრალოდ, შოკიდან კიდევ ვერ გამოვედი.
– იმუშავე და გამოხვალ.
– ჭკუას ნუ მარიგებ, პატარავ... – მარიკო მაგიდისკენ გადაიხარა და წასჩურჩულა: – გინდა, ნინის ვუთხრა, რომ უშო მოგწონს?
მაგდა ჭარხალივით გაწითლდა:
– გაგიჟდი? საიდან მოიგონე? მარიკო, არაფერი უთხრა ნინის, თორემ, მოგკლავ. მართლა ძალიან მეწყინება.
– რა, ტყუილია? შენ რა უნდა გამომაპარო, ეგრევე იშიფრები.
– ეს უკვე პროვოკაციაა! – აღშფოთდა მაგდა, – საიდან გააკეთე ასეთი დასკვნა? ერთხელ კაფეში ვიყავით, ისიც, თქვენთან ერთად და შენ უკვე კუდი გამოაბი. ნერვებს ნუ მომიშლი, რა...
– რაც შევნიშნე, ის ვთქვი და სულ ტყუილად ბრაზობ. მე ხომ არ ვმალავ, ასათიანი რომ მომწონს?
– შენ ასათიანი კი არ მოგწონს, გაწყობს, – ვალში არ დარჩა მაგდა და, რადგან საშუალება მიეცა, საპასუხო დარტყმა მიაყენა. მაგრამ მარიკო ამას არ გაუბრაზებია.
– ჰო, მაწყობს კიდეც. მერე, ამაში ცუდი რა არის? მე ისეთი ცხოვრება გავიარე, კაცი უნდა მაწყობდეს კიდეც, თორემ, მარტო მოწონებით ვეღარ მოვიხიბლები. ხომ ხედავ, არაფერს ვმალავ. გულახდილი ვარ და თქვენსავით პოზა არ მიჭირავს.
– მეც არანაირი პოზა არ მიჭირავს. თუ უშოს მიმართ სიმპათია გამიჩნდება, ვიტყვი კიდეც. კარგი ბიჭია, ნამდვილად... შესვენება რომ არ დაწყებულა და აქ დგახარ, გინდა, ნათია გადარიო? მეც მომხვდება შენთან ერთად. მერე ვილაპარაკოთ, რა!
– ველოდები, – მოუჭრა მარიკომ.
– რას?
– რას კი არა, ვის. ასათიანს. თუ მიემგზავრება, აქ ხომ უნდა გამოიაროს? დავემშვიდობები მაინც.
– აუ, კარგი რა... ასათიანი, შეიძლება, უკანა გასასვლელიდან ისე გავიდეს, თვალიც ვერ მოჰკრა – ხშირად სწორედ ასე იქცევა. შენ კი ნათიასგან მართლა სერიოზულ საყვედურს აიკიდებ.
მარიკომ შეღებილი ფრჩხილი მოიკვნიტა:
– არაფერში ბედი არ მაქვს. ფულის ნაკლებობას რომ არ ვუჩიოდე, ავიღებდი ბილეთს და ალპებში „შემთხვევით“ შევხვდებოდი. აი, ეს იქნებოდა სიურპრიზი და ასათიანი ნამდვილად ვერ დარჩებოდა გულგრილი ჩემნაირი ექსტრემალის მიმართ, – ოცნებებში წავიდა მარიკო.
– თხილამურებზე დგომა იცი? რაღაც არ მახსოვს გეთქვას, რომ სრიალი გიყვარს!
– გოგო, თუ იმდენი ფული მექნება, რომ ასათიანს ალპებში გავეჩითო, თხილამურებზე დადგომას ვეღარ მოვახერხებ?
– ჰოდა, ფეხსაც მოიტეხ... – ნიშნისმოგებით ჩაიცინა მაგდამ. მარიკომ ტუჩი გაბუსხა და მხრები აიჩეჩა.
– დიდი ამბავი! ეგ ყველაზე წარმატებული და რომანტიკული მოტეხილობა იქნება, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო...
– ყოჩაღ! – შეაქო მაგდამ, – იმედია, ასათიანი მართლა ღირს ამ მსხვერპლად...
***
ხანმოკლე შეხვედრა ასათიანის ძვირფასი მანქანის სალონში ქეთისთვის იმ კონკრეტულ მომენტში ხსნა იყო. მიხოს საზიზღარი, ნერვების მომშლელი „რევერანსებისგან“ თავის დაღწევის მოულოდნელი, უალტერნატივო საშუალება აღმოჩნდა და გოგოც იმიტომ „ჩაუხტა“ შეფს მანქანაში თამამად. თუმცა, ეს სითამამე ოფისის მძიმე, რკინის კარამდეც არ მიჰყოლია – როგორც კი თავი უსაფრთხოდ იგრძნო, მაშინვე მიხვდა, რა შარში გაეხვია. გააცნობიერა, რა მოჰყვებოდა ასათიანთან ერთად მის გამოჩენას ოფისში და ზუსტად ნახევარ წუთში როგორ გადააქცევდა მტრებად ისედაც არაკეთილმოსურნე თანამშრომლებს. მაგრამ ასათიანს ამას ვერ ეტყოდა. ვერც იმას შეძლებდა, წელგამართულს გაევლო ჰოლში, რომლის კარიც თავაზიანად გაუღო ბატონმა დიმიტრიმ. ბუნებრივია, არც სიხარულისა და არც აღფრთოვანების განცდა არ ჰქონია და ვერც ექნებოდა. არც ისეთი გულუბრყვილო იყო, ასათიანის მოულოდნელი ჟესტისთვის ისეთი ინტერპრეტაცია მიეცა, როგორსაც ნებისმიერი სხვა ქალი მისცემდა მის ადგილას. ამიტომ, იმ დროის განმავლობაში, რაც სამუშაო მაგიდასთან იჯდა, ნატრობდა, რაღაც ისეთი მომხდარიყო ოფისში, რაც თანამშრომლების ყურადღებას დილანდელი შემთხვევიდან ახალ ამბავზე გადაიტანდა. გოგოებთან დამეგობრება-დადაქალების სურვილი, უფრო კი ილუზია, ამ სამსახურში მოსვლის დღიდანვე არ ჰქონია, მაგრამ, მათთან აშკარა ბრძოლაში ჩაბმის, სხვა თუ არაფერი, შიშიც ჰქონდა. იფიქრა და გადაწყვიტა, თვითონ მოქცეულიყო ისე, თითქოს არაფერი მომხდარა და ამ გადაწყვეტილებას ხავსივით მოებღაუჭა. ძალიან უნდოდა, სამსახური მაინც ყოფილიყო ის ადგილი, სადაც ადამიანებისგან სიყვარულს თუ არა, აგრესიას მაინც არ იგრძნობდა.
– ყველაფერი კარგად არის?
ქეთიმ თავი ასწია. მის წინ ნათია იდგა და როგორც მას მოეჩვენა, მეგობრულად უღიმოდა.
– დიახ, რა თქმა უნდა. თითქმის მოვრჩი საქმეს. ათი წუთიღა მჭირდება და ყველაფერი მზად მექნება.
– არა, არა, შეგიძლია, მშვიდად იმუშაო. იმის სათქმელად მოვედი, რომ საჩქარო არ არის. შესვენებაზე რატომ არ გადიხარ? ჩვენ კარგი კაფე გვაქვს, ქვემოთ, პირველ სართულზე... იქვეა, ბუღალტერიასთან.
– გმადლობ, მაგრამ, აქ ყოფნა მირჩევნია. არ მშია და ვიმუშავებ, თუ პრობლემა არ არის.
– შენი გადასაწყვეტია... – ნათია შეყოყმანდა, ქეთის მოეჩვენა, რომ ქალი დილანდელ შემთხვევაზე აპირებდა რაღაცის თქმას, ამიტომ, დაასწრო:
– ქალბატონო ნათია, გეფიცებით, შემთხვევით მოხდა, ჩემთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო. ძალიან დავიბენი და უარის თქმაც ვერ მოვახერხე.
ნათიას სახეზე გაოცება გამოესახა და ქეთი მიხვდა, რომ სერიოზული შეცდომა დაუშვა, მაგრამ, რადგან უკვე „შეტოპა“, ბოლომდე უნდა მიჰყოლოდა კიდეც და ნათიას კითხვით სავსე მზერაზე პასუხი გაეცა.
– მეგონა, თქვენ იცოდით... – ჩაილაპარაკა დაბნეულმა.
– რა?
– ბატონ დიმიტრისთან ერთად რომ მოვედი...
ნათიას თვალები გაუფართოვდა და ლამის საკუთარ ყურებს არ დაუჯერა.
– თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ, – განაგრძო ქეთიმ, – მაგრამ, ვიფიქრე, რომ უარესი იქნებოდა, თუ მანქანაში  ჩაჯდომაზე უარს ვეტყოდი...
– იმის თქმა გინდა, რომ... ბატონმა დიმიტრიმ თავისი მანქანით მოგიყვანა სამსახურში? – ნათიამ ვეღარ გაუძლო და იქვე ჩამოჯდა.
– აჰა, ესე იგი, ისინი წეღან ამ ამბავს არჩევდნენ? იმათ იცოდნენ?
ქეთი გაწითლდა:
– უბრალოდ, ერთად რომ შემოვედით, დაგვინახეს. ქალბატონო ნათია, გეფიცებით, ძალიან უხერხულად ვარ... არ მინდოდა... ისე დავიბენი... მართლა ვიფიქრე, რომ ბატონ დიმიტრის ეწყინებოდა და... სამსახურის დაკარგვა არ მინდა... ამისთვის ხომ არ გამიშვებთ?
– არა, არა, რა თქმა უნდა, არა... მაგრამ, გულახდილად გეტყვი, ძალიან გამაოცე. ბატონმა დიმიტრიმ მანქანა გაგიჩერა, ჩაგსვა და სამსახურში მოგიყვანა?
– ჰო, ასე გამოვიდა... მე არც შემინიშნავს, თვითონ დამინახა და...
– ჰმ, მეგონა, არაფერი გამაკვირვებდა... ყოჩაღ! შეიძლება, ჯეროვნად ვერ შევაფასე შენი შესაძლებლობები.
– რას ბრძანებთ, ქალბატონო ნათია, არც მიფიქრია... ძალიან ვნერვიულობ.
– მესმის შენი, თუ, რა თქმა უნდა, არ თამაშობ... – ნათიამ ნიკაპი მოისრისა და უცებ თვალები მხიარულად აუციმციმდა, – ანუ, შენ და ბატონი დიმიტრი ერთად შემოხვედით და იმათ, – თავი მაგდასა და მარიკოს მაგიდებისკენ გადააქნია, – ეს დაინახეს?
– დიახ... სარკესთან იდგნენ... მაგდაც იქ იყო. დაემთხვა... არაფერი დამიგეგმავს. ნამდვილად... ძმას გეფიცებით... – ქეთის თვალები ცრემლებით აევსო.
– მჯერა, მჯერა, ტირილი საჭირო არ არის. შენ მხოლოდ შეეცადე, ამის მერე ფრთხილად იყო, ძალიან ფრთხილად. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ, ბატონ დიმიტრის თანამშრომლებთან, ანუ თავის ხელქვეითებთან უშუალო ურთიერთობები არ უყვარს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგი უფროსია, ყოველთვის გვაგრძნობინებს, რომ დისტანცია უნდა დავიცვათ. მიხვდი, ხომ, რასაც ვგულისხმობ? ამიტომ, ისევ შენთვის იქნება კარგი, თუ ამ შემთხვევას დაივიწყებ.
– დიახ, ვიცი... მე თითქმის დავივიწყე, მაგრამ ისინი... ანუ, გოგოები...
– ეგენი მე მომანდე... – ნათიამ ხელები მოიფშვნიტა და განზრახულის მოსალოდნელი შედეგით მიღებული სიამოვნების მოლოდინში თვალები მინაბა.
– ქალბატონო ნათია, ახლა რა ვქნა?
– შენ? ხომ გითხარი, თუ გინდა, შეისვენე, თუ მუშაობა გინდა, იმუშავე და როგორც დაგარიგე, ფრთხილად იყავი, მაქსიმალურად...
ქეთი შეეცადა გაეღიმა.
– დიახ. ფრთხილად ვიქნები, მაქსიმალურად ფრთხილად...
***
სალომემ ძმას შეუბღვირა:
– მოკლედ, არ მახსოვს, რამით გაგეხარებინო. ყორანივით სულ დამჩხავი და დამყრანტალებ. ერთხელ პიცაზე დამპატიჟე და ისიც კი ჩამაშხამე.
– მე რა შუაში ვარ? ის გითხარი, რაც ვნახე. არ უნდა მეთქვა?
სალომემ ამოიოხრა:
– რა ვიცი. ალბათ, უნდა გეთქვა. აუ, მაგრად მოვიშალე, რა!.. თან, მაგარი მანქანა იყო, ჰო?
მიხომ თავი დაუქნია:
– მე რომ მანქანა გამიკვირდება...
– ჯანდაბა! ერთი შეხედე... ჩუმჩუმელა. განაბული, ფეხაკრეფით დადის, აქაოდა, შემომხედეთ, როგორი უწყინარი ფისო ვარო, სინამდვილეში კი კაცებს აბამს.
– ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოვიტანთ, – მიხომ გამაფრთხილებლად შემართა თითი, – ჯერ დავაკვირდეთ, მოვლენებს არ უნდა გავუსწროთ. შენ უნდა გამიგო, სად მუშაობს. თუ იყოჩაღებ და მობილურში გზავნილებსაც შეუმოწმებ, კარგი იქნება.
– რა გზავნილები, რას ამბობ, მობილური საერთოდ არა აქვს.
– მართლა? – გაუკვირდა მიხოს, – რატომ არა აქვს? პატარაა და ხმარება არ იცის?
– ნუ ჩერჩეტობ, არ გიხდება. არ სჭირდება და არა აქვს. რად უნდა ქეთის მობილური? მაგასაც თაყვანისმცემლები არ აბეზრებდნენ თავს.
– მე რაღაც საპირისპირო ფაქტს წავაწყდი...
 – ნიშნს ნუ მიგებ. ჯერ ვერ მეტყვი, რომ ის ტიპი ქეთის თაყვანისმცემელი იყო.
– ეგ რომ ვთქვა, ძალიან ინერვიულებ და საამისოდ ნამდვილად ვერ გაგიმეტებ. მოკლედ, მე ამდენი დრო არ მაქვს. მიგიყვან სახლში და შენ იცი, თუმცა, მირჩევნია, ტაქსის ფული მოგცე. ლელი არ შემხვდეს შემთხვევით, მაგისი ნერვები არ მაქვს.
– მაგას ლელის ვეტყვი, – დაემუქრა სალომე.
– უჰ, შემეშინდა... ისე, შენც ნუ ეტყვი, რომ მნახე, რად გინდა ზედმეტი შეკითხვები? დედაშენის ამბავი ხომ იცი, სულს ამოგხდის.
– დედაჩვენის, მიხო... დედაჩვენის... – სალომემ ჩანთა აიღო, – ისე, შენ რატომ ხარ დაინტერესებული, ქეთის ეყოლება თაყვანისმცემელი თუ არა?
მიხომ მხრები აიჩეჩა:
– ისე...
– ისე?! მეეჭვება. შენ „ისე“ არაფრით ინტერესდები. მე მაინც ვერ მომატყუებ. რამე ბოროტება გაქვს ჩაფიქრებული?
– არანაირი. შემთხვევით რომ არ დამენახა, საერთოდ არ დავინტერესდებოდი. ახლა კი აზარტის ამბავია.
– რომელი აზარტის? – აღარ მოეშვა სალომე.
– გოგო, მე კი ნუ მიწყობ დაკითხვას, შეკითხვები შენს დაიკოს დაუსვი. მაგრად დავინტერესდი, რა...
– მეც... კარგი, დღესვე ავამუშავებ დაზვერვას.
– ზედმეტი არ მოგივიდეს და საერთოდ არ დააფრთხო. ხომ იცი, როგორი კურდღელია.
– კურდღელი... ჰმ, ბოლოს ისე არ გამოვიდეს, ეს კურდღელი კურდღლის ბეწვში შეფუთული მელა აღმოჩნდეს...
***
ნათია სიამოვნების მისაღებად ემზადებოდა. ზუსტად იცოდა, სად უნდა მოეძებნა თავისი ქარაფშუტა თანამშრომლები და, სანამ კაფემდე მივიდოდა, გეგმებს აწყობდა, ისე როგორ მიეწოდებინა მარიკოსთვის შემთხვევით მოპოვებული ინფორმაცია, რომ მაქსიმალური ეფექტისთვის მიეღწია.
მარიკო ყავას სვამდა. ნინი და მაგდა სალათას მიირთმევდნენ და საფერფლეს სიგარეტებს უმარჯვებდნენ, თან გამალებულები ლაქლაქებდნენ. ნათია ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა.
– ჰოდა, იმას გეუბნებოდით, – „მოძღვრავდა“ მარიკო მეგობრებს დამრიგებლური ტონით, – ჩაცმას გადამწყვეტი როლი ენიჭება ქალის გარეგნობაში. სილამაზე ვერაფერს გიშველის, თუ ტანზე ძონძები გაცვია.
– რა ვიცი, აბა... – მხრები აიჩეჩა მაგდამ, – მგონი, არც ის არის აუცილებელი, ბრენდების „ვეშოლკად“ იქცე. ის კი არა, მეეჭვება, მამაკაცი საერთოდ ამჩნევდეს, ბუტიკში ნაყიდი ჩექმა გაცვია თუ ბაზრობაზე შეძენილი.
– კაცს გააჩნია, ჩემო კარგო, – მრავალმნიშვნელოვნად წარმოთქვა მარიკომ და გაინაზა, – ნუ, თუ პომიდვრის გამყიდველზე საუბრობ, შეგიძლია, საშინაო ხალათზე წინსაფარიც დაუმატო, მეტი ეფექტის მოსახდენად.
– მგონი, კარგად და ცუდად ჩაცმულ ქალს პომიდვრის გამყიდველიც არჩევს და ბანკირიც, – ჩაერთო პოლემიკაში ნინი და სწორედ ამ დროს თავზე წამომდგარი ნათია დაინახა, – ასე არ არის, ქალბატონო ნათია?!
– რა ვიცი, რა ვიცი... მაგ საქმის ექსპერტები თქვენ ხართ. მაგრამ, მე მარტო იმის მჯერა, რასაც საკუთარი თვალით ვხედავ. მაგალითად, მარიკო, შენი კაბა აშკარად ძალიან ძვირად ღირებული უნდა იყოს, თუმცა, ბატონმა დიმიტრიმ ბაზრობაზე ნაყიდ ქვედაბოლოში გამოწყობილი ქეთი უფრო შეამჩნია და სამსახურამდეც მანქანით მოიყვანა.
მაგდას ანთებული სიგარეტი გაუვარდა ხელიდან.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3