როგორ „გულაობდა“ სტალინის უმცროსი ვაჟიშვილი მამის ყოფილ სამთავრობო აგარაკზე
ომი, რაც უფრო დასასრულისკენ მიდიოდა, სტალინის გუნება-განწყობა მით უფრო უმჯობესდებოდა. თეირანის კონფერენციიდან დიდი ბელადი განახლებული ენერგიით დაბრუნდა, მიუხედავად იმისა, რომ ფაშისტები მისი და დანარჩენი ორი სახელმწიფოს მეთაურის ლიკვიდაციას აპირებდნენ, რაც ჩაეშალათ. თუმცა, ამ ფაქტს სტალინის ხასიათზე გავლენა არ მოუხდენია. პირიქით, მან საბჭოთა დაზვერვისა და კონტრდაზვერვის მთელი რიგი თანამშრომლები სხვადასხვა ორდენით დააჯილდოვა უმაღლესი პროფესიონალიზმისთვის, ტერაქტის გაშიფვრა-განეიტრალების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ჰიტლერის დამარცხება, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო, ფაშისტური დაზვერვა წამითაც არ გაჩერებულა და ყოველგვარ ზომებს მიმართავდა, ჩვენი გამარჯვებისთვის შეეშალა ხელი. დიდი ბელადის უმცროსი ვაჟიშვილი – ვასილი, პროფესიით მფრინავი, საკმაოდ მამაცი და თავისებური ადამიანი გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ მას რამდენიმე „ჩეკისტი“ მუდამ თან დაჰყვებოდა, უმცროსი სტალინი ყოველთვის უგულებელყოფდა მათ და როგორც კი შეამჩნევდა, იმწუთსვე თავიდან იცილებდა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ვასილი საბრძოლო თვითმფრინავით ფრონტის წინა ხაზზე, ფაშისტ „ასებს“ ებრძოდა და მასზე ამგვარი ზრუნვა „საკუთარ ტერიტორიაზე“ დამამცირებელი იყო. ბარემ ჰაერში, ფაშისტებთან ბრძოლის დროსაც დაცვა დამინიშნეთო, – იტყოდა ხოლმე ვასილი და აბეზარ ჩეკისტებს თავიდან იცილებდა. ვასილი ახალგაზრდა, სიმპათიური, ტემპერამენტიანი მამაკაცი იყო და რა დასამალია, ლამაზი ქალებისადმი ჰქონდა ლტოლვა და მათთან დროსტარება უყვარდა. მით უმეტეს, რომ არც ქალები იყვნენ მის მიმართ გულგრილნი და ბუზებივით ეხვეოდნენ. ერთი სიტყვით, ვასილი ბრძოლისგან თვისუფალ დროს მეგობრებთან და ლამაზმანებთან ერთად ზუბალოვოში, მამის ყოფილ აგარაკზე, მიემგზავრებოდა ხოლმე. ფაშისტური დაზვერვა ძალიან აქტიურობდა და მათ მოსკოვშიც კი შეაღწიეს. საკმაოდ სერიოზულ აქციებს გეგმავდნენ და ერთხელ, თითქმის წარმატებასაც კი მიაღწიეს. მორიგი, მძიმე ბრძოლიდან დაბრუნებულმა ვასილმა, სადაც მან ორი „მესერშმიტი“ გაანადგურა, მამასთან მცირეხნიანი ვიზიტის შემდეგ, კრემლი დატოვა. მეგობრებს შეუარა და ქალებთან ერთად ზუბალოვოსკენ გაუტია. ამ დროს ტრასაზე „ჩეკისტების“ ორი „ზილი“ შენიშნა. თავისი „ზილი“ გააჩერა, „ჩეკისტებიც“ „დაატორმუზა“ და ყველაზე მკაცრი, უხეში ფორმით მიუთითა, მასზე „ზრუნვა“ შეეწყვიტათ. ვასილის ამგვარი განრისხებისგან დამფრთხალი „ჩეკისტები“ იძულებულები შეიქნენ, დიდი ბელადის ვაჟიშვილის ნებას დამორჩილებოდნენ და მოსკოვში დაბრუნდნენ. ვასილმა და კომპანიამ კი ზუბალოვოსკენ გააგრძელა გზა. ფაშისტური დაზვერვის გეგმაში კი მოსკოვში რამდენიმე სერიოზული ტერაქტის მოწყობაც შედიოდა და დიდი ბელადისა და სხვა საბჭოთა ხელმძღვანელების ლიკვიდაციასაც აპირებდნენ. საამისოდ, მოსკოვში, ფაშისტური დაზვერვის 5 ოთხ-ოთხ კაციანი ჯგუფი იყო შემოგზავნილი. ისინი საუკეთესოდ იყვნენ გაწვრთნილ-აღჭურვილნი, მაგრამ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებდნენ და ერთმანეთის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდათ. ამ ჯგუფების კოორდინაციას მოსკოვში გერმანული დაზვერვის რეზიდენტი, ჰანს ემერლიჰი ახორციელებდა, რომელიც პეტრე ვორობიოვის სახელს იყო ამოფარებული და საბჭოთა საჰაერო ძალების შტაბში უფროსი მეკავშირის თანამდებობა ეკავა. ბედის ირონიით, ემერლიჰ-ვორობიოვი ვასილი სტალინთან დაახლოებული პირი იყო და მის ეგრეთ წოდებულ სამეგობროშიც შედიოდა. ხშირად გერმანელი ჯაშუში ვასილის კომპანიონიც იყო მამაცურ დროსტარებებში. იმ დღეს, 1943 წლის 17 დეკემბერს, ემერლიჰ-ვორობიოვი ვასილს ახლდა და „ჩეკისტების“ გასტუმრების შემდეგ, ისიც ვასილთან და ქალებთან ერთად, ზუბალოვოში „ჩაგრიალდა“. სამდღიანი დროსტარების შემდეგ, დიდი ბელადის დაბადების დღის წინა დღეს, ვასილ სტალინი მოულოდნელად გაქრა. როდესაც მოიკითხეს, არსად არ აღმოჩნდა და საქმე ისე გართულდა, რომ პირადად სტალინის ყურამდეც კი მივიდა ეს ამბავი. ბერია გიჟს ჰგავდა, ცოფებს ყრიდა. ვასილის დაცვის ყველა „ჩეკისტი“ საპყრობილეში ჩააგდო სამსახურებრივი გულგრილობისთვის, ხოლო მეგობრები მათ შორის ემერლიჰ-ვორობიოვიც დაკითხვაზე დაიბარა „ჩეკაში“. პარალელურად ვასილის ძებნა გაძლიერებული ძალებით ხორციელდებოდა, თუმცა უშედეგოდ. 20 დეკემბრის 22 საათისთვის არავითარი კვალისთვის არ მიუკვლევიათ. ვასილის მეგობართა დაკითხვები, როგორც ეტყობა, სპეციალური ღონისძიებების გამოყენებით (მათ აწამებდნენ – მ. თ.) მიმდინარეობდა და შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ემერლიჰ-ვორობიოვმა განაცხადა, რომ ვასილი სტალინი მოსკოვში, ერთ-ერთ ბინაში იმყოფებოდა, სადაც ის ფაშისტური დაზვერვის ჯგუფმა გამოამწყვდია, რომ შემდგომში გერმანიაში გადაიყვანონ. ეს ინფორმაცია იმდენად მოულოდნელი იყო „ჩეკისტებისთვის“, რომ რიუმინმა (გამომძიებელი, რომელიც დაკითხვებისას განსაკუთრებული სისასტიკით იყო ცნობილი, – მ. თ.) იფიქრა, ვორობიოვი შეიშალა და ბოდავსო. ერთი სიტყვით, ვასილი სტალინის გათავისუფლებისა და გერმანული დაზვერვის ხუთივე ჯგუფის დაკავების ოპერაციას, პირადად ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა.
21 დეკემბრის ღამის 2 საათისთვის (სწორედ ამ დროზე დაიბარა სტალინმა თავის ხელქვეითთა მცირერიცხოვანი ჯგუფი კუნცევოში, 64 წლის იუბილესთან დაკავშირებულ სუფრაზე), ბერიას მიერ გამოჩენილი ოპერატიულობისა და, თუ გნებავთ, სისასტიკის წყალობით, ფაშისტური დაზვერვის ძალიან სერიოზული ჯგუფი იქნა განეიტრალებული თავისი რეზიდენტითურთ. ზუსტად ღამის 2 საათზე, ლავრენტი ბერია, მოლოტოვი, მიქოიანი, ჟდანოვი, კაგანოვიჩი, კალინინი და ვოროშილოვი კუნცევოს აგარაკზე გამოცხადდნენ და მათ პირადად მე შევუძეხი სასადილო ოთახში, სადაც სადღესასწაულო სუფრა იყო გაშლილი. ცოტა ხანში დიდი ბელადიც გამოჩნდა. მან სტუმრები სუფრასთან მიიპატიჟა. ბერია სუფრის თავში სათამადოდ დასვა, თავად გვერდით მიუჯდა და დღეობაც დაიწყო. პირველად ბერიამ, ტრადიციულად, სტალინის სადღეგრძელო შესვა და სხვებიც აჰყვნენ. თანდათან სუფრასთან უშუალო, დაუძაბავი სიტუაცია შეიქმნა. ჩართეს მუსიკა, თან მღეროდნენ კიდეც. ერთი სიტყვით, სუფრა ნამდვილ მეგობრულ ქეიფს დაემსგავსა და როდესაც ფეხზე წამომდგარი ბერია სტალინის მორიგი სადღეგრძელოს თქმას აპირებდა, დიდმა ბელადმა შეაჩერა და მოულოდნელად ჰკითხა: „როგორაა ვასიას საქმე, ახალი ხომ არაფერია?“ უეცრად სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, ყველა გაირინდა და ბერიას მიაჩერდა, რომელმაც დიდ ბელადს დაწვრილებით უამბო ვასილთან დაკავშირებული ბატალიების ყველა ნიუანსი. თხრობა დაახლოებით ორმოც წუთს გრძელდებოდა და ამ ხნის განმავლობაში ბერიას არ შეუსვენია. სტალინმა ჩიბუხი გამოტენა, გააბოლა და სასადილო ოთახში გაიარ-გამოიარა, შემდეგ სუფრასთან შედგა, წითელი ღვინით ბოკალი აივსო და ჭიქის ხელში აუღებლად წარმოთქვა, უფრო სწორად კი ბერიას უბრძანა: „ვასიას დაცვის ბიჭები ახლავე გაათავისუფლეთ ციხიდან და ყველანი დააწინაურეთ. ჯაშუშები ბოლომდე გამოწურეთ და დასაჯეთ, ხოლო, ეგ ძაღლიშვილი ვასია, კარცერში ჩააყუდეთ“.
სტალინის სიტყვებმა სუფრის წევრები დაშოკა. ხმას ვერავინ იღებდა. სტალინმა კი წითელი ღვინით სავსე ბოკალი ასწია, ბერიას მიუჭახუნა და თქვა: „ლავრენტი პავლოვიჩის თამადობით, საბჭოთა „ჩეკისტებს“ გაუმარჯოს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უხილავ ფრონტს საიმედოდ ამაგრებენ“. თანდათან სიტუაცია კვლავ განიმუხტა და სუფრის წევრები გამხიარულდნენ. ისინი დილის 8 საათზე საკმაოდ შექეიფიანებულები აიშალნენ. ბერიამ სტალინს ერთი-ერთზე საუბარი სთხოვა. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, მან თურმე ვასილი სტალინის შესახებ ჰკითხა დიდ ბელადს: ამხანაგო სტალინ, იქნებ ვასია ასე მკაცრად არ დავსაჯოთ და მას მხოლოდ საყვედური ვაკმაროთო? განრისხებულ სტალინს კი მიუხლია: „მსგავსი დანაშაულისთვის სხვებს ვხვრეტთ, მას კი მხოლოდ საყვედური გამოვუტანო? არა, ჩააყუდეთ, ჩააყუდეთ ეგ ძაღლიშვილი და გააგებინეთ, რამხელა დანაშაული ჩაიდინა!“
ბერიას მეტი კითხვა აღარ დაუსვამს, დიდ ბელადს გამოემშვიდობა და მოსკოვში გაემგზავრა. იმავე დღეს ვასილი სტალინი „ლუბიანკაზე“ კარცერში მოათავსეს, სადაც 25 დღე დაჰყო და მხოლოდ სტალინის ბრძანების შემდეგ გამოუშვეს. იმავე დღეებში ზუბალოვოს აგარაკი, სადაც ვასილი და კომპანია დროს ატარებდა, სტალინისვე ბრძანებით დახურეს. საგულისხმო ფაქტია, რომ ციხიდან გამოსული, შერცხვენილი ვასილი იმავე დღეს ფრონტის წინა ხაზზე გაემგზავრა და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლებში ჩაება. მიუხედავად იმისა, რომ ვასილიმ რამდენიმეჯერ სცადა მამასთან დალაპარაკება, ბოდიშის მოხდის მიზნით, სტალინმა ის არ მიიღო და მამა-შვილი მხოლოდ ომის დამთავრების შემდეგ შეხვდა ერთმანეთს.
სტალინის პირადი დაცვის უფროსის მოადგილის მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით მოამზადა