როდის არის სიჩქარეთა კოლოფის ზეთი გამოსაცვლელი
ავტომობილისთვის დიაგნოზის დასმა ყველაზე რთულია. სწორედ ამას ეძღვნება ჩვენი რუბრიკა და ამ თემას ვეხებით ყველაზე ხშირად. არის უამრავი გამოვლინება, „ჩივილი”, რომლითაც ავტომობილი პატრონის ყურადღების მიქცევას ცდილობს. მევლუდ მელაძის რჩევები მანქანის შეძენისასაც გამოგადგებათ.
მევლუდ მელაძე: ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები რომელიც მანქანას არ უნდა დაუზიანდეს არის: ძრავა, სავალი ნაწილი, სიჩქარეთა კოლოფი და გარეგნული დაზიანება, რომელიც მართალია სიარულში არ გვიშლის ხელს, მაგრამ მისი შეკეთება, ალბათ, ყველაზე ძვირი ჯდება. რამდენიმე მარტივ ხერხს გასწავლით, თუ როგორ უნდა შემოწმდეს ავტომობილის გამართულობა. მთავარია, ეს არ მოხდეს ქალაქის გადატვირთულ მოძრაობაში, რადგან იქ სხვა რაღაცეები იქცევს თქვენს ყურადღებას. აირჩიეთ ცოტა დიდი და მშვიდი ტერიტორია და იქ მიდით მანქანით. დავიწყოთ ძრავათი. კაპოტს ახდი, ავტომობილს დააქოქავ და ძრავას ხმას მოუსმენ. ზედმეტი არაფერი უნდა ისმოდეს. თუ ძრავას ხმას ოდნავ წიკწიკიც დაჰყვება – საათივით წიკწიკს არ ვგულისხმობ, უფრო ხმამაღლა, ეს ნიშნავს, რომ ძრავის სარქველები გაღუნულია და უნდა გასწორდეს. მართალია, ყველა ძრავას განსაკუთრებული, თავისებური ხმა აქვს, მაგრამ ის აუცილებლად მონოტონურად, ერთ რეჟიმში უნდა მუშაობდეს. ანუ, იქ ხმის ზედმეტი აღმა და დაღმა სვლები, უკვე პრობლემაა. თუ დაქოქე და კაკუნი ისმის, ეს უკვე „სტუკია”. მაგრამ, ასეთ ძრავას იმედია არავინ „შემოგატენით”, თუმცა ამ ხმისთვის ყურადღების მიქცევა, მერეც საჭიროა. თუ ძრავას „კოლიცოები” დამჯდარი აქვს, ამის შემოწმებაც მარტივია. დაქოქილ ძრავას ხუფი ოდნავ ახადეთ, ისე, რომ ერთ-ორ სანტიმეტრზე ზევით არ ასწიოთ, თორემ შეიძლება, ზეთმა ამოასხას. თუ „კოლიცოები“ კარგია და ძრავა კარგად მუშაობს, სახურავს თავისკენ იწოვს როგორც მტვერსასრუტი. ანუ, აირები ამოდის და სახურავს თავისკენ ქაჩავს. თუ „კოლიცოები” დამჯდარია, მაშინ ამ ხუფიდან ისე უნდა ამოვიდეს ბოლი, როგორც „გლუშიტელიდან”, ანუ ნამწვავი ბოლი გამოდის. ეს ნიშნავს მას „კომპრესი” აღარ აქვს, „კოლიცოები” დამჯდარია. რაც შეეხება სავალ ნაწილს, კარგ გზაზე, ასფალტზე გატარებით, ვერ შეამოწმებთ იმას, კარგად მუშაობს თუ არა ყუმბარები და სხვა. უსწორმასწორო გზაზე გადადით და ნახეთ, რამე ხომ არ კაკუნობს, ავტომობილი ძალიან უხეშად ხომ არ გადადის. ეს ნიშნავს, რომ სავალი ნაწილი ნორმალურია. თხრილზე გადასვლისას ის ძალიან რბილად უნდა გადადიოდეს. თუ ამორტიზატორებს პრობლემა აქვს, მაშინ თხრილზე გადასვლისას, სალონში ძალიან დიდი რყევა იქნება. ზოგადად, სალონში რყევა არ უნდა იგრძნობოდეს. ანუ, შეიძლება, ხმაური არ იყოს, მაგრამ სერიოზული დისკომფორტი იგრძნო და ამას ყურადღება უნდა მიექცეს.
– როგორ შევამოწმოთ მექანიკური კოლოფი?!
– ასფალტზე, სწორ გზაზე წახვალთ და შეამოწმებთ ყველა სიჩქარეს, როგორ გადადის. თუ გადართვის მომენტში ხმა აქვს, ან ჩაგდება გაუჭირდება, ესე იგი, ის გამართულად ვერ მუშაობს. მაგრამ ეს წყნარად და ნაზად სიარულის დროს არ გამოჩნდება. ძრავა მაღალ ბრუნებზე უნდა ამუშაოთ. ანუ თუ ტახომეტრი ხუთ-ექვს ათასზე ავა, მხოლოდ მაშინ გადართეთ ერთი სიჩქარიდან მეორეში. ასე რომ, მაღალ ბრუნებზე გადართვისას, გამოჩნდება მექანიკური კოლოფის ყველა პრობლემა.
– რაც შეეხება ავტომატურ კოლოფს.
– ვთქვათ, აგდებ R-ში ან D-ში – ეს ძალიან რბილად უნდა ხდებოდეს, D-ში განსაკუთრებული ხმაური არ უნდა იყოს. თუ გადართვისას უხეშად ურტყამს მანქანა, ესე იგი, უკვე დაზიანებაა, – დაზიანებულია ტრანსმისია. სწორზე სიარულისას დააკვირდით, მალე თუ რთავს სიჩქარეებს, ანუ დაახლოებით სამი ათასზე უკვე უნდა შეცვალოს. თუ აგვიანებს და მაღალ ბრუნებზე ამუშავა, ეს ნიშნავს, რომ კოლოფის ზეთია გამოსაცვლელი და ყურადღება უნდა მიაქციოთ. ასევე, შეამოწმეთ აღმართზე კარგად დგას თუ არა. ჩააგდეთ D-ში, გაჩერდით აღმართზე და მუხრუჭს ფეხი აუშვით. ის არ უნდა დაგორდეს. იგივე გაიმეორეთ დაღმართზე. ჩააგდეთ ბერკეტი უკუსვლის მდგომარეობაში, ანუ R-ში და აუშვით ფეხი მუხრუჭს. ავტომობილი, მიუხედავად დაღმართისა, წინ არ უნდა წავიდეს.
რაც შეეხება მუხრუჭს – ავტომობილით განავითარეთ სიჩქარე მაქსიმუმ 40 კლომეტრი საათში და მკვეთრად დაამუხრუჭეთ. თუ ის სწორად გაჩერდა, ესე იგი მუხრუჭები გამართულად მუშაობს. თუ ავტომობილის უკანა, ან რომელიმე მხარე გვერდით წაიღო, ეს ნიშნავს, რომ უკანა და წინა მუხრუჭებს შორის ბალანსი დარღვეულია და ცუდად მუშაობს. ამ დროს საჭესაც თუ გაუშვებთ ხელს, უფრო კარგად მიხვდებით შედეგს.