მწვანე კუთხე
კითხვა: არის თუ არა მნიშვნელოვანი მცენარისთვის ადგილი?
პასუხი: მცენარის სიჯანსაღისა და ზრდისთვის ისეთი ადგილი უნდა შეარჩიოთ, რომელიც მის მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს. შეიძლება მცენარე თქვენ მიერ შერჩეულ ადგილას ძალიან ლამაზი ჩანდეს, მაგრამ, თუ სინათლე, ტენიანობა და ტემპერატურა შეუსაბამოა, მალე დაუშნოვდება და, შეიძლება, დაიღუპოს კიდეც.
კითხვა: როგორ მოვაშორო მცენარეს ობის სოკო?
პასუხი: ობის სოკო იმის მანიშნებელია, რომ მცენარეს ბუგრი, ცრუფარიანები ან ფრთათეთრა შეესია. ყველა ეს პარაზიტი გამოყოფს წებოვან ტკბილ წვენს, რომელზეც ობი ჩნდება. გააქრეთ მწერები და ობის სოკოც გაქრება. ამ მწერების მოშორება კი შესაძლებელია სპეციალური ხსნარების საშუალებით.
კითხვა: რა სიხშირით მოვრწყა კტენანტა?
პასუხი: კტენანტა ზაფხულში უხვად მორწყეთ, რათა მიწა მუდამ ტენიანი ჰქონდეს; ხოლო ზამთარში მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ. რაც უფრო დაბალია ტემპერატურა, კტენანტას მით ნაკლები წყალი სჭირდება. ზრდის პერიოდში მისი ნიადაგი ორ კვირაში ერთხელ სასუქით გაანოყიერეთ. კტენანტას უყვარს მაღალი ტენიანობა, ამიტომ, ხშირად დანამეთ ან სველკენჭებიან ლანგარზე დადგით, სიცხეში ფოთლები რომ არ დაეწვას. ზამთარში დამატებითი კვება არ სჭირდება.
კითხვა: როგორ პირობებში გავახარო სანსევიერა?
პასუხი: ამ მცენარეს უყვარს კაშკაშა სინათლე და მწველი მზე, ოღონდ, ტენი არ უნდა მოაკლდეს. ზამთარშიც ნათელ ადგილას დადგით. თბილ სეზონზე თავს კარგად გრძნობს 18-24 გრადუს ტემპერატურაზე, ხოლო ზამთარში 11-12 გრადუსიც ჰყოფნის. აქტიური ზრდის პერიოდში მიწა ტენიანი უნდა ჰქონდეს, ზამთარში კი პირიქით – მიწას შეშრობა აცადეთ და იშვიათად მორწყეთ. მცენარის გულში წყალს ნუ ჩაასხამთ. სიცივისა და ბევრი წყლისგან სანსევიერას შეიძლება ძირში ფოთლები დაულპეს. მას არ მოსწონს ბევრი წყალი. იზრდება ნელა, განსაკუთრებით – ჩრდილში. ფოთლები სველი ნაჭრით გაუწმინდეთ ხოლმე. მისი გადარგვა შესაძლებელია რამდენიმე წელიწადში ერთხელ, გაზაფხულზე.
კითხვა: როგორ მოვუარო პტერისს?
პასუხი: ამ მცენარეს გაბნეული შუქი უყვარს, მზის გულს მოარიდეთ. ზამთრობით 2-3 გრადუსსაც გაუძლებს. ცხელ ზაფხულში კი მაღალი ტენიანობა სჭირდება და ამიტომ ხშირად მორწყეთ. დაბალ ტემპერატურაზე მორწყვა შეამცირეთ. მისი მიწა ორ კვირაში ერთხელ გაანოყიერეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით და სითბოში ქოთანი სველკენჭებიან ლანგარზე დადგით.