როდის ვითარდება ცხოველებში სისხლჩაქცევები ყურის ნიჟარის კანქვეშ და რა ზომებს უნდა მივმართოთ ამ შემთხვევაში
ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ყური ერთ-ერთი მთავარი ორგანოა როგორც ადამიანის, ასევე ცხოველებისთვის. თქვენს ძაღლს, სმენის ორგანოს პრობლემები რომ არ შეექმნას, აუცილებელია, იცოდეთ თუ როგორ მოუაროთ მას. ამ თემასთან დაკავშირებით კი ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, ზაქრო ბაჯიაშვილი მოგითხრობთ.
ზაქრო ბაჯიაშვილი: გარე სამყაროს ერთ-ერთი აღქმის საშუალება არის სმენა, რომელიც ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს კარგად აქვთ განვითარებული. სმენის ორგანოს, ანუ ყურს, სპეციფიკური მოვლა-ჰიგიენა სჭირდება, რადგან, ცუდი მოვლის პირობებში ხშირად ვითარდება ანთებითი პროცესები, რომელთა მკურნალობაც საკმაოდ რთული, ხანგრძლივი და შრომატევადია. სმენის აპარატი, ანუ ყური, იყოფა სამ ნაწილად: გარეთა, შუა და შიგნითა ნაწილებად. ცხოველებში ხშირად გვხვდება შუაყურის ანთებითი პროცესები, რომელთა გამომწვევი მიზეზი შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. ესენია: მექანიკური ანუ ტრავმული, პარაზიტული, ინფექციური და სხვა.
– უფრო კონკრეტულად რას გვეტყვით ამ მიზეზების შესახებ?
– შუა ყურის ანთებითი პროცესების გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაგვარია, ხშირად ის ყურში დიდი რაოდენობით გოგირდის დაგროვებისას ვითარდება, ასევე, ბანაობის დროს წყლის ჩასვლისას; ორპირ ქარში, ცივ ამინდში მოხვედრის დროს, ან, პარაზიტებით, ოტოდექტოზით, დაინვაზირების შემთხვევაში.
– რა გამოვლინება აქვს ამ ყველაფერს?
– ამ დროს შეინიშნება ყურიდან ჩირქოვანი გამონადენი არასასიამოვნო სუნით. ცხოველს თავი გადაწეული აქვს დაავადებული ყურის მხარეს, ხოლო ყურზე ხელის შეხება მტკივნეულია. ხშირ შემთხვევაში, ძაღლი დაავადებულ ყურს თათით იფხანს. ხშირია, ასევე, ყურის ნიჟარის ანთებითი პროცესები, დერმატიტები და ეგზემები, რაც ძირითადად გამოწვეულია პარაზიტებით (ოტოდექტოზი), მიკროსკოპული ტკიპებით, რომლებიც პარაზიტობენ ყურის ნიჟარაზე და სასმენ მილში; აზიანებენ კანს და კანქვეშა ქსოვილს; იწვევენ თმის საფარველის გაცვენას და ძლიერ ქავილს. ამ დროს ვითარდება ჩირქოვანი ინფექციური პროცესები.
ყურის ნიჟარის დაავადებებიდან პრაქტიკაში საკმაოდ ხშირად გვხვდება ყურის ნიჟარის ჰემატომები ანუ სისხლჩაქცევები ყურის ნიჟარის კანის ქვეშ. ამ დროს ყურის ნიჟარაზე შეიმჩნევა მომრგვალო, თბილი შესიება, რომლის შიგთავსი ფლუქტუაციას იძლევა. ამის გამომწვევი მიზეზი არის ტრავმები. დაავადების საკმაოდ ხშირი შემთხვევები დამოკიდებულია, ასევე, ძაღლის ყურის ნიჟარის აგებულების ანატომიურ თავისებურებაზე. ყურის ნიჟარის ჰემატომის დროს შეინიშნება ძლიერი ქავილი და ტკივილი. ჰემატომის ადგილას ხშირად ვითარდება ჩირქოვანი პროცესები; ასევე, ხდება შემაერთებელი ქსოვილის ზრდა და დანაწიბურება, რაც, თავის მხრივ, ფორმას აკარგვინებს ყურის ნიჟარას.
– რა უნდა მოვიმოქმედოთ ამ სიმპტომების გამოვლინების დროს?
– აღნიშნული სიმპტომების გამოვლინების დროს საჭიროა, დროულად მივმართოთ ვეტერინარს, რომელიც სწორად დასვამს დიაგნოზს და დანიშნავს შესაბამის მკურნალობას.
– სახლის პირობებში თვითმკურნალობა თუ არის მიზანშეწონილი?
– თვითმკურნალობის ჩატარება დაუშვებელია, რადგან ეს უფრო გაართულებს პროცესს, რამაც, შეიძლება, სავალალო შედეგი გამოიღოს.
– პროფილაქტიკისთვის რას გვირჩევთ?
– ანთებითი პროცესებისა და სხვა დაავადებების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა, დავიცვათ ყურის მოვლისა და ჰიგიენის წესები: ბანაობის დროს აუცილებლად უნდა ჩავუდოთ ცხოველს ყურებში ბამბა, რომელიც დასველებული იქნება ზეთში – ეს მას დაიცავს ყურში წყლის მოხვედრისგან; ასევე, ძაღლს რეგულარულად უნდა გამოვუწმინდოთ ყურები და ვახმაროთ ანტიპარაზიტული საშუალებები, რათა თავიდან ავიცილოთ ოტოდექტოზით დაინვაზირება. პერიოდულად უნდა მივიყვანოთ ცხოველი ვეტერინართან და შევამოწმებინოთ ყურებისა და სასმენი მილის მდგომარეობა. საჭიროების შემთხვევაში, ვეტერინარი თვითონ გაუწმენდს ცხოველს ყურებს.