ვეტერინარის რჩევები
კითხვა: მაინტერესებს, რომელი ძაღლები არიან გაციებისკენ უფრო მიდრეკილნი?
პასუხი: გაციებისკენ მიდრეკილნი განსაკუთრებით დიდი ჯიშის ძაღლის ლეკვები და ახალგაზრდა ძაღლები არიან, რადგან მათ სუსტი სახსრები აქვთ. ხშირი გაციება შემდგომ ისეთი ქრონიკული დაავადების განვითარებას იწვევს, როგორიც არის ართრიტი. ასეთ შემთხვევაში ცხოველის მკურნალობა რთულდება. ამიტომ, არ უნდა გავასეირნოთ ძაღლი გარეთ ძალიან დაბალი ტემპერატურის პირობებში, ისევე, როგორც წვიმისა და სველი თოვლის დროს. პატარა ჯიშის ძაღლებიც რისკის ქვეშ არიან, რადგან ადვილად ცივდებიან და გათბობისთვის უფრო დიდი ენერგია სჭირდებათ. პატარა ჯიშის ძაღლებში გაციებამ, შეიძლება პნევმონია, ანუ ფილტვების ანთებაც გამოიწვიოს, რაც ძაღლებში რთულად იკურნება.
კითხვა: თუ შეიძლება, მითხარით, რა უნდა გავაკეთო დერმატომიკოზების პროფილაქტიკისთვის?
პასუხი: დერმატომიკოზების პროფილაქტიკისთვის სასურველია, ცხოველს ყოველწლიურად ჩაუტაროთ დერმატომიკოზების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია. ცხოველი უზრუნველყოთ სრულფასოვანი, დაბალანსებული საკვებით, რომელიც მდიდარი იქნება ვიტამინებით. ასევე, მკაცრად დაიცვათ სანიტარული და ზოოჰიგიენური წესები მოვლა-შენახვისას და მოვარიდოთ ცხოველები ქუჩის მაწანწალა ძაღლებთან და კატებთან კონტაქტს.
კითხვა: მყავს 7 თვის კოკერსპანიელი, რომელსაც ბოლო დროს კვებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. არ ვიცი, რისი ბრალია, საკვების თუ სხვა რამის. იქნებ მითხრათ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: უმჯობესი იქნება, თუ ამ საკითხთან დაკავშირებით ვეტერინარს მიუყვანთ ძაღლს და საგულდაგულოდ გაასინჯებთ. ლეკვის კვებასთან დაკავშირებით შემიძლია, გითხრათ, რომ უნდა შეარჩიოთ ადვილად მოსანელებელი, მაღალი შეთვისებისა და მაღალი ხარისხის ნედლეულისგან დამზადებული საკვები, რომელიც დაყოფილია და დამუშავებულია სპეციალური რაციონით ცალკ-ცალკე. ისეთი ჯიშების ლეკვებისთვის, როგორიცაა პატარა, საშუალო, დიდი და გიგანტი ჯიშები, მკაცრად უნდა დაიცვათ საკვების დოზირების რეჟიმი. გახსოვდეთ, ლეკვის შეძენის შემდეგ, მისი სახლში მოყვანისას, არ არის რეკომენდებული საკვების სწრაფი შეცვლა. ანუ, ლეკვი ახალ საკვებზე თანდათანობით უნდა გადავიყვანოთ, რათა თავიდან ავირიდოთ კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციის აშლილობა. ეს, შეიძლება, საკვების სწრაფმა შეცვლამ გამოიწვიოს.