კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: ძალიან გამიფუჭდა თმა. მაინტერესებს, როგორი შემცველობის სამკურნალო საშუალებები უნდა შევიძინო, რომ თმის სტრუქტურა აღმიდგეს?
პასუხი: თმის სტრუქტურის აღსადგენად, გარდა იმისა, რომ უნდა იბანოთ მცენარეული ნახარშებით, აუცილებელია, შეიძინოთ რძის მჟავის შემცველი კოსმეტიკური საშუალება. ეს ნივთიერება ბოლომდე აღწევს თმის ღერში და დაზიანებულ იონურ შენაერთებს იონების მკვრივ ბადედ აქცევს. შედეგად, თმა ჯანსაღდება, ძლიერდება და ბზინვარებას იძენს. მაგრამ, ამისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ რძის მჟავის შემცველი შამპუნი, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ თმის ბალზამი და ნიღაბი.
კითხვა: მაქვს სასურველზე უფრო მოკლე თითები და ჩემი ფრჩხილების ფორმაც არცთუ იდეალურია. რა ფერის ლაკი მომიხდება?
პასუხი: ფრჩხილები წამოიზარდეთ და მიეცით ოვალური ფორმა – ეს ვიზუალურად დაგიგრძელებთ ფრჩხილებსაც და თითებსაც. წაისვით ბაცი ტონალობის, პასტელის ფერის ლაკი.
კითხვა: მაქვს მეჩხერი წამწამები. მინდა, მისაწებებელი წამწამები ვიყიდო, მაგრამ, მეშინია, ხომ არ მომძვრება ყველაზე შეუფერებელ დროს?
პასუხი: იმისთვის, რომ ხელოვნური წამწამები დიდხანს არ მოგძვრეთ, უნდა მიიწებოთ თქვენს ბუნებრივ წამწამებზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც მაკიაჟს გაიკეთებთ. ცხადია, იგულისხმება, რომ ხარისხიანი წამწამები უნდა შეიძინოთ, რომლის გამოყენებაც 30-35-ჯერ შეგეძლებათ. არ დაგავიწყდეთ, რომ ხელოვნურ წამწამებზე წებოს წასმის შემდეგ 30 წამი უნდა მოიცადოთ და მერე დაიწებოთ. წამწამების მოშორება ფრთხილად დაიწყეთ თვალის გარეთა კუთხიდან. მოხსნისთანავე მოაშორეთ წებო და შეინახეთ თავის კოლოფში, რომ შემდეგი გამოყენებისთვის გზად გქონდეთ.
კითხვა: სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე მაქვს ფერისმჭამელები, რაც საშინელ დისკომფორტს მიქმნის. არანაირი ნაყენი და მალამო არ მშველის. ოცნებად მაქვს ქცეული სარაფნით სიარული და მინდა, ზაფხულამდე მოვაგვარო ეს პრობლემა. დიეტოლოგმა მითხრა, რომ გასტრიტი მაქვს. მაინტერესებს, არის თუ არა ეს ჩემი პრობლემის მიზეზი და, საერთოდ, რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე?
პასუხი: ნაყენები და მალამოები იმიტომ არ გშველით, რომ თქვენი პრობლემა აშკარად კუჭ-ნაწლავის პრობლემიდან მომდინარეობს. დიეტოლოგმა ისეთი დიეტა უნდა დაგინიშნოთ, რომელიც გასტრიტისთვის არის რეკომენდებული და არ მოახდენს ფერისმჭამელების გავრცელების პროვოცირებას. კოსმეტოლოგმა კი უნდა გამოგიწეროთ კანის სამკურნალო პრეპარატები, ოღონდ, ეს მკურნალობა (შინაგანი და გარეგანი) ერთდროულად უნდა მოხდეს.
კითხვა: ვარ 40 წლის. აქამდე დიდად არ ვუვლიდი სახის კანს, მაგრამ, ახლა გადავწყვიტე, სერიოზულად მოვკიდო ხელი ამ საქმეს. მაინტერესებს, რა სახის კოსმეტიკური საშუალებები უნდა შევიძინო?
პასუხი: თქვენი კანის მოსავლელად აუცილებელია: გაწმენდა, დატენიანება, კვება და ლიფტინგი. ამის მიხედვით, უნდა შეარჩიოთ ის საშუალებები, რომლებშიც შედის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები და კანის სიღრმეში აღწევს (მცენარეული ნაყენები, ზღვის მცენარეების ექსტრაქტები, ვიტამინები, რეტინოლი და ასე შემდეგ). მაგრამ, უმჯობესია, მიმართოთ გამოცდილ კოსმეტოლოგს და მისი დანიშნულებით იმოქმედოთ, რადგან ჩვენი რჩევა ასეთ შემთხვევაში ძალზე ზედაპირულია.