ვარდისფერი შარვალი, იისფერი ბლუზა – ფილიპ ლიმის გაზაფხულის კოლექცია
კამბოჯელმა დიზაინერმა ამერიკული საზოგადოება ძალიან ახალგაზრდამ მოხიბლა. ჩვენებებზე მეგავარსკვლავები დადიან და პოდიუმიდან მოწოდებულ მის რჩევებს ყოველთვის ითვალისწინებენ. 3.1. ფილიპ ლიმის კოლექციის ჩვენების წინ სრული მობილიზებაა. მოდის მიმდევრებმა კარგად იციან, რომ მის ჩვენებაზე აუცილებლად იგრძნობენ სეზონის მთავარ აქცენტებს და დირექტივებს, რომლის მიხედვითაც იმ სეზონზე კარგად ჩაცმულთა სიაში მოხვდებიან. გასული წლის სექტემბერში კი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე ფილიპ ლიმმა ისეთი კოლექცია წარმოადგინა, მისგან რომ არ მოელოდნენ – აქ არ იყო პრინტები, ნახატები, ბევრი და უცნაური ფერი, რითაც კამბოჯელი დიზაინერი ყოველთვის ყველასგან გამოირჩეოდა.
2012 წლის გაზაფხულის კოლექცია სიცოცხლეს აფრქვევდა. „ფრეშ” – ერთი სიტყვით ასე შეიძლება შეფასდეს პოდიუმზე მონარნარე მოდელების ჩაცმულობა – თხელი და ღია ფერის ქსოვილებით შემოსილი ულამაზესი ქალბატონები. ფილიპ ლიმის კოლექცია ყოველთვის საინტერესოა ერთი მიმართულებითაც – ის ყოველთვის პრაქტიკულ სამოსს ქმნის, რომლის ჩაცმაც ყველა სიტუაციაში შეიძლება, იქნებით სამსახურში, შვებულებაში დასვენებისას, საღამოს რესტორანში თუ ღამის კლუბში წვეულებაზე.
ლიმის გაზაფხული ცოცხალია, სავსეა სუფთა ჰაერითა და მინიმალისტურია, არ ღლის თვალს. ფერადი ზოლები „დასენდვიჩებული” იყო ნეილონის ქსოვილში, რომელიც ძალიან უხდებოდა თხელ, გამჭვირვალე შარვალს.
ჩვენებამდე ლიმმა ბევრი ისაუბრა კამბოჯასა და ჩინეთში გატარებულ ბავშვობაზე, სადაც ყოველთვის იყო ბევრი ფერი, მზე და მზის ანარეკლი ნატურალურ ფერებზე. თუმცა, ამ კოლექციაში იგრძნობოდა ოთხმოცდაათიანი წლების – ჰელმუტ ლანგისა და ჯილ სანდერის გავლენა. თუმცა, ეს თავად დიზაინერსაც არ უარუყვია. „მე ოთხმოცდაათიანების შვილი ვარ. შენი სამყარო ისაა, რითაც გაიზრდები.” ჯილ სანდერისა და ჰელმუტ ლანგის გავლენით შექმნილი ყოველდღიური, კლასიკური ტიპის ტანსაცმლის გარდა, ფილიპ ლიმის კოლექციაში იყო სპორტული, რბილი სამოსი. მართალია, ეს სპორტული სტილი სარბენ ბილიკსა თუ დედაქალაქის პარკებში არ გამოგადგებათ, მაგრამ კარგად იგრძნობთ მასში თავს, თუ საქმიანად და თან, კომფორტულად ჩაცმა მოგინდებათ. საინტერესო გახლდათ განიერი ბლუზები, რომელიც კალათბურთის ტიპის შორტზე იყო მორგებული. შორტი, რა თქმა უნდა, არა სპორტული არამედ ბუნებრივი, ულამაზესი რბილი ქსოვილისგან იყო შეკერილი.
მნიშვნელობა არ აქვს, რა ტიპის სამოსის კოლექციას წარმოადგენს ლიმი, მისთვის მისაღები მხოლოდ და მხოლოდ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელია. თხელ ლამაზ შარვლებსა და შორტებზე, სადა, ულამაზეს მოკლე კაბებზე ლიმს ასევე, ულამაზესი ფეხსაცმელები ჰქონდა მორგებული.
ჩვენების ბოლოს ლიმმა მისი ხაზის მთავარ მიმართულებაზე ისაუბრა. „მე ვქმნი მოდას გამოცდილი, ჭკვიანი ახალგაზრდებისთვის”. იმის საილუსტრაციოდ კი, თუ რას გულისხმობდა დიზაინერი, კულისებში მოდელი დემპსი სტიუარტი წარმოადგინა, რომელსაც ჯერ კიდევ საკუთარი სამოსი ეცვა. ეს იყო სამხედრო საზღვაო ტიპის პულოვერი და ჯერსის ტიპის ჟაკეტი. სწორედ ეს ჩაცმულობა, მოიყვანა დიზაინერმა მაგალითად.