რაში გვეხმარება ღამით ნანახი სიზმრის სწორად ახსნა და რომელ დღეებში ხედავს ადამიანი სიზმრებს მომავალზე
დილით ადამიანი ისეთ განწყობაზეა, როგორც გამოიძინებს და რა შინაარსის სიზმარსაც ნახავს. როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, ძილის დროს, ადამიანის ტვინი მუშაობას არ წყვეტს, სწორედ ამ დროს „ამოტივტივდება” მასში ჩალექილი ძველი ამბები, თავს გადახდენილი ისტორიები. მათი თქმით, ჩვენ, ადამიანები, სიზმრით ვიღებთ ისეთ საინტერესო ინფორმაციას, რომელსაც ამოუცნობი სამყარო ქვეცნობიერის დახმარებით გვაწვდის. ასე რომ, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება, რას ხედავთ ღამით – ზმანებაა ეს თუ უბრალოდ, გამაფრთხილებელი სიზმარი, რომელიც მომავლის ინფორმაციას გვაწვდის. ამ თემასთან დაკავშირებით, უამრავი მასალა დაიბეჭდა, ბევრს საუბრობენ, მაგრამ სინამდვილეში, ის დეტალები მაინც ტაბუდადებულია. თუ რას უნდა მივაქციოთ ღამით ყურადღება, როგორ მივიღოთ ინფორმაცია მომავალზე ძილში და რა უნდა გავითვალისწინოთ ამ მხრივ, ინტერვიუ ვთხოვეთ პროფესიონალ პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოს, ბატონ გიორგის, რომელმაც მეტად საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მოგვაწოდა.
გიორგი: ადამიანები სიზმარს, არასერიოზულად აღიქვამენ. არადა, შესაძლებელია, ის მომავალზე ინფორმაციას გვაწვდიდეს. ასევე, დიდი განსხვავებაა ღამით ზმანება გევლინებათ თუ უბრალოდ, სიზმარს ხედავთ. ამის გარჩევა აუცილებელია.
– ზმანება და უბრალო სიზმარი ერთმანეთისგან როგორ განვასხვავოთ?
– თუ ძილში ხედავთ ფერად სიზმარს მკვეთრი ფერებით და უკვე გარდაცვლილი ადამიანები გევლინებიან, რომელთა სახესა და სხეულს მკაფიოდ ხედავთ, ესე იგი, სიზმარს კი არა ზმანებას ხედავთ. ხოლო, თუ ძილში შავ-თეთრ ფერებში ხედავთ მოვლენებს, ადამიანებიც მკაფიოდ არ აღიქმებიან, ანუ ისეთი სიზმარია, დილით გაღვიძებულს მისი გახსენება რომ გიჭირთ, ესე იგი, თქვენ ზმანება კი არა, უბრალოდ, სიზმარი ნახეთ. თუმცა, აქვე, იმასაც გეტყვით, რომ ზმანებას თუ სიზმარს, ორივეს ერთნაირი ყურადღება უნდა მიაქციოთ. საერთოდ, ის ადამიანები, ვინც შემოქმედებითი ნიჭითაა დაჯილდოებული, ხშირად ხედავენ სიზმარს, რომელიც შემოქმედებით მუშაობაში ეხმარებათ. არაერთი მეცნიერი აღიარებდა, რომ მათი ყველაზე დიდი გამოგონება, სწორედ ძილში მოვიდა და შემდეგ ის რეალურ ცხოვრებაში გადმოიტანეს. ასეთი მინიშნება ღამით ყველა ადამიანს მიეწოდება და ამიტომ ვამბობ, ღამით უმნიშვნელო დეტალსაც კი ყურადღება უნდა მიაქციოთ-მეთქი.
– ბატონო გიორგი, ამბობენ, როდესაც გარდაცვლილი ადამიანი გესიზმრება და რაღაცას გარიგებს, ეს ერთგვარი გაფრთხილებაა. ამიტომ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინო დილით რომ გაიღვიძებ, რათა შესაძლო საფრთხეები აიცილო თავიდანო. ეს მართლაც ასეა?
– გააჩნია, როგორ გაქვთ დაცდილი გარდაცვლილი ადამიანის დასიზმრება და რამდენად მკაფიოდ ხედავთ გარდაცვლილს ან გასაგებად თუ გესმით მისი საუბარი. მაგალითად, თუ გარდაცვლილი მშობელი, დედმამიშვილი ან შვილი დაგესიზმრათ, მათ რჩევას ყური უნდა დაუგდოთ. ისინი აუცილებლად გაგაფრთხილებენ იმის თაობაზე, რაც უახლოეს მომავალში გელით. მაგრამ, თუ ისინი თქვენ კი არა, სხვის სახელს ახსენებენ სიზმარში, მისთვის ხორცის კერძს ამზადებენ, სუფრას შლიან და მის ბინაში არიან, იმ ადამიანისთვის ეს ძალიან ცუდია. თქვენ კი მისი ცუდი მომავალი, წინასწარ მოგაწოდათ გარდაცვლილმა ახლობელმა სიზმრად. ზოგადად, სიზმარი გაფრთხილებაა როგორც მომავალზე ისე, აწმყოზე. შესაძლოა სიზმარი გაღვიძებისთანავე აგიხდეთ, ან ერთი კვირის, ერთი თვის, ერთი წლის შემდეგაც კი.
– იქნებ განგვიმარტოთ, რისი ნახვაა ცუდის მომასწავებელი სიზმრად?
– მაგალითად, თუ მღვრიე წყალში დგახართ, ეს ძალიან ცუდია და გაფრთხილებთ თქვენი ავადმყოფობის გამო. თუ სიზმარში ხორცს ჭამთ, ესეც ძალიან ცუდია. მაგრამ, თუ თოვლში დგახართ, ან კამკამა მდინარეში ბანაობთ, ეს ძალიან კარგია თქვენი მომავლისთვის. თოვლი სიზმრად ახალი, სასიამოვნო ამბის მომასწავებელია. კამკამა წყალი კი სიახლეა პირად ცხოვრებაში. ხშირად, ადამიანები თავის მომავალ საბედოსაც ხედავენ სიზმრად და გარკვეული პერიოდის შემდეგ, მას რეალურ ცხოვრებაში მართლაც ხვდებიან, მაგრამ ამ მხრივ გარკვეული დღეებია, როცა მსგავს სიზმარს უნდა მიაქციოთ ყურადღება.
– ასეთი საყურადღებო დღეები რომელია?
– ასეთი დღეებია, თებერვლის ბოლო კვირა, მაისის მეორე ნახევარი, დეკემბრის შუა რიცხვები და იანვრის მთელი თვე. აი, სწორედ ეს დღეებია სიზმრის თვალსაზრისით გასათვალისწინებელი, რადგან მართლაც დიდი შანსია, ნახოთ მომავალი მეუღლე თუ სექსუალური პარტნიორი. ასევე, თუ სიზმარში საკუთარ თავს შიშველს ნახავთ, ესეც ცუდის მაუწყებელია. ფრთხილად უნდა იყოთ, არ არის გამორიცხული, ღალატის მსხვერპლი გახდეთ ან სასიყვარულო პარტნიორს სკანდალით დაშორდეთ. ასევე, ცუდია, როცა გარდაცვლილ ადამიანს ხედავთ და ის ძალიან კარგად გამოიყურება. ამ შემთხვევაში ამბობენ, ის იმქვეყნად, ამქვეყნიდან ელოდება ახლობელსო. ხოლო, თუ გარდაცვლილი ცუდად გამოიყურება სიზმრად, ამ შემთხვევაში, სანერვიულო არაფერია. უბრალოდ, ყური უგდეთ, რას გეუბნებათ ის და რაზე მიგანიშნებთ. შესაძლოა, სიზმრად მოსულმა პირდაპირ არ მიგანიშნოთ რაიმეზე, მაგრამ, იმის უნარი უნდა გქონდეთ, რომ გაღვიძებულმა, თავად გააანალიზოთ, რა იგულისხმებოდა მისი სიტყვების მიღმა. სხვათა შორის, ძველად, თითქმის ყველამ იცოდა სიზმრის ახსნა და ყოველთვის ითვალისწინებდნენ დღისით იმას, რასაც ღამით ნახავდნენ. ასევე, ბევრი, ასაკში შესული ადამიანისგან მსმენია ზმანების შესახებ, რომელმაც მათი სიცოცხლე იხსნა.
– ამბობენ, სიკვდილის შემდეგ, ადამიანის ენერგეტიკული ველი გარკვეული დროით დედამიწაზე განაგრძობს ცხოვრებასო. ეს სიმართლეა?
– ყველა ჩვენი აზრი სამყაროში ხარისხდება ცუდ და კარგ კატეგორიად და იწერება ჩვენი ცხოვრების ფურცელზე. სხეულის სიკვდილის შემდეგ, ენერგეტიკული ველი ორმოცი დღის განმავლობაში რჩება დედამიწაზე, აგროვებს გარშემო მყოფი ახლობლების ინფორმაციას და ამის შემდეგ ტოვებს დედამიწას. ამიტომ ამბობენ ეზოთერიკოსები, რომ სულის მეორედ მოსვლის შემდეგ ბედისწერა წარსული ცხოვრების შედეგის მიხედვით იწერებაო. ანუ, ეს ნიშნავს, როგორც წინა ცხოვრებაში იქცეოდა, იმის სამაგიეროს მიიღებს მეორედ მოსვლის დროს. თუ ადამიანი თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს, ის დედამიწაზე მეორედ მოვლენისას ფიზიკური დეფექტით იბადება და ამ სატანჯველს იღებს სამყაროსგან. სიკვდილის დროს ხდება ენერგეტიკული კოდის გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში. ყველა ჩევნგანის კოდი სამყაროსთანაა კავშირში, ანუ სამყაროში ამ კოდით გვცნობენ. ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, მისი კოდი არსებობას განაგრძობს, მაგრამ ჩვეულებრივ მდგომარეობაში მას ვერ ვამჩნევთ. ენერგეტიკული კოდი გარდასახვას იმქვეყნად გაცილებით ადრე იწყებს, ვიდრე ადამიანის გარდაცვალება ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, უახლოვდება წინა პერიოდში გარდაცვლილი ადამიანების ენერგეტიკულ მდგომარეობას და ერთმანეთთან დაკავშირების საშუალება ეძლევათ. სწორედ ეს იწვევს გარდაცვლილი ადამიანის ხილვას სიზმარში. ასე რომ, აუცილებლად უნდა დააკვირდეთ, როგორი ტიპის სიზმარს ნახავთ, ვინ გესიზმრებათ და რაზე მიგანიშნებთ. ეს ერთგვარი მომავლის ხილვაა ძილში და ამის იგნორირება, საკუთარი მომავლის უარყოფას ნიშნავს.