ხშირად დააკვირდით ფრჩხილების ფერს
ადამიანის ფრჩხილის ფერი, ფორმა და სისქე ორგანიზმში მიმდინარე ამა თუ იმ პათოლოგიურ პროცესზეა დამოკიდებული:
ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ნეიროდერმიტი, ფრჩხილის ზრდა ნელდება.
ფრჩხილის გაყოფა, აქერცვლა და ზედაპირზე ოვალური რელიეფური ხაზების გაჩენა ანთებითი და ინფექციური დაავადების შესაძლო არსებობაზე მიუთითებს. ასევე, სავარაუდოდ, დარღვეულია შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქცია. ასეთივე ნიშნებია დამახასიათებელი კანის ისეთი დაავადების დროს, როგორიცაა ფსორიაზი, რომლის დროსაც ფრჩხილებზე წერტილოვანი ჩაღრმავებები აღინიშნება.
ფრჩხილის ფერი, შესაძლოა, შეიცვალოს შაქრიანი დიაბეტის, სისხლძარღვებში მინერალების შემცველობის ცვლილების, გულისა და ღვიძლის დაავადებების დროს.
გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სისხლის დაავადებებისას ფრჩხილები მოლურჯო, ხოლო ღვიძლის დაავადების შემთხვევაში – მოყვითალო ფერს იძენს.
ეგზემით დაავადებულ ადამიანს თანდათან ეცვლება ფრჩხილის ფერი. ის კარგავს ბზინვარებას და სქელდება. ასეთივე სიმპტომები შეინიშნება სოკოვანი დაავადებების დროსაც. თავიდან ფრჩხილის კუთხეებში ჩნდება მოყვითალო ხაზები, შემდეგ მთელი ფრჩხილი ნელ-ნელა სქელდება და ჩნდება ღრმულები. ამ დროს ფრჩხილი იწყებს დეფორმირებას და ხდება ხორკლიანი და არა გლუვი.
როდის ეწყება მამაკაცს კლიმაქტერიული ნევროზი
კლიმაქსი ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, რაც ნეიროენდოკრინული რეგულაციის მოშლითა და სასქესო ჯირკვლების დაქვეითებით არის განპირობებული. ძლიერი სქესის წარმომადგენლებს კლიმაქსი დაახლოებით 50-60 წლის ასაკში უვითარდებათ. ის ნელა ვითარდება და მხოლოდ სქესობრივი პოტენციის დაქვეითებით ხასიათდება. ხშირად ის ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს, იშვიათად ზოგს ამ დროს უჩნდება კლიმაქტერიული ნევროზი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ალები, ოფლიანობა, კიდურების დაბუჟება, დისკომფორტის შეგრძნება და ასე შემდეგ.
ამ დროს მამაკაცს გახშირებული აქვს გულისცემა, აწუხებს გული, უმატებს არტერიული წნევა, უძნელდება შარდვა. ასევე, ხშირია შარდის ბუშტის ტკივილი. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კლიმაქტერიული ნევროზის დროს შარდის ბუშტი სუსტდება, მცირდება მისი ტონუსი და წინამდებარე ჯირკვალში იწყება ცვლილებები.
კლიმაქსის პერიოდში მამაკაცი გაღიზიანებულია, უქვეითდება მეხსიერება, ეწყება სხვადასხვა სახის შიში, შფოთვა. ბევრი ამ დროს საკუთარ თავში იკეტება და უჩნდება განმარტოვების სურვილი. ეს დეპრესიის, სხვადასხვა სახის ნევროზისა და ფსიქოზის პირველი ნიშანია.
კლიმაქტერიული ნევროზის პროფილაქტიკისთვის საჭიროა ორგანიზმის ასაკის შესაბამისად დატვირთვა, დასვენება, კვების რეჟიმის სათანადოდ დაცვა. მიზანშეწონილია რაციონალური კვება, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, ვიტამინების მიღება, გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება და სტრესული სიტუაციისგან თავის დაცვა.
სვით კაკაო და დაიზღვიეთ თავი კიბოსგან
კაკაო ლიდერია ანტიოქსიდანტების შემცველობით. ის ადამიანს იცავს კიბოს და სხვა ბევრი დაავადებისგან, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია. ასევე, ხელს უწყობს ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებას.
კაკაოში არსებული ანტიოქსიდანტების რაოდენობა თითქმის ორჯერ აღემატება წითელ ღვინოში არსებულს. მიუხედავად იმისა, რომ კაკაოს ბევრი პროდუქტი შეიცავს, მაგალითად, შოკოლადი, უმჯობესია, თუ ამ ნუგბარის ნაცვლად ერთ ფინჯან კაკაოს მიირთმევთ. შოკოლადში დიდი რაოდენობითაა ნაჯერი ცხიმი, კერძოდ, 40 გრამ შოკოლადის ფილაში ცხიმები 8 გრამია, ფინჯან კაკაოში კი – 0,3 გრამი.
თუ ყოველდღიურად სვამთ კაკაოს ფხვნილისგან დამზადებულ სასმელს, ამით მნიშვნელოვნად შეამცირებთ ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს და სისხლში ანტიოქსიდანტების შემცველობაც მოიმატებს.
ფაქტია, კაკაოს მოყვარულები, ანუ ის ადამიანები, ჩაიზე ხშირად კაკაოს რომ სვამენ, ნაკლებად ავადდებიან კიბოთი. ეს უკანასკნელი კვლევის შედეგებმა აჩვენა.
სოია კლიმაქსის დროს აუცილებელი პროდუქტია
კლიმაქსის მოახლოებასთან ერთად, თანდათან მცირდება ეგრეთ წოდებული ქალური ჰორმონების – ესტროგენების რაოდენობა, რის შედეგადაც ბევრ ქალს უჩნდება კლიმაქსისთვის დამახასიათებელი ჩივილები, მაგალითად, მომატებული ოფლიანობა, ალები, აგზნებადობა, ჭირვეულობა, კიდურებისა და ძვლების ტკივილი. საქმე ის არის, რომ ესტროგენები ძვლებში კალციუმის შემცველობას განსაზღვრავს. ამიტომ, როცა მათი სეკრეცია მცირდება, ძვლებიც უფრო სუსტი და იოლად მსხვრევადი ხდება, რასაც ოსტეოპოროზს უწოდებენ. ეს, ძირითადად, გამხდარ ქალებს ემუქრებათ, რადგან, მენოპაუზის დროს ცხიმოვანი ქსოვილი საკვერცხეების დანიშნულებას იძენს და ესტროგენების წყარო ხდება.
იმ ქალებს, რომლებიც ინტენსიურად მიირთმევენ სოიას, კლიმაქსის სტადიაში, ოსტეოპოროზის საფრთხე ნაკლებად ემუქრებათ. კლიმაქსის პერიოდში სოიით მომზადებული საკვების მიღება წელის არეში ტკივილსა და კიდურების ეგრეთ წოდებულ „ტეხვას“ აგარიდებთ თავიდან.
საუზმეზე ჭამეთ ბრინჯი და გაიუმჯობესეთ განწყობა
დიდი მნიშვნელობა აქვს, რას ჭამთ საუზმეზე. კარგია, თუ დილით ბრინჯის ფაფას მიირთმევთ, რადგან, ის მდიდარია სახამებლით, რომელიც ორგანიზმს ეხმარება საკვების უკეთ გადამუშავებაში. ასევე, მას აქვს თვისება, გამოიმუშაოს სეროტონინი, რომელიც აუმჯობესებს განწყობას, სეროტონინის გამომუშავების შემდეგ გამოიყოფა ძილის ჰორმონი, რასაც, ასევე, ხელს უწყობს შემდეგი პროდუქტები: ბანანი, პური, მაკარონი, ხახვი, ნიორი, თბილი რძე და ასე შემდეგ. თუ ამ პროდუქტებს ერთ ფინჯან ყავასაც მიაყოლებთ, თავს უფრო მხნედ იგრძნობთ.
ფიზიკური აქტივობა და სპორტი ენერგიის გამოცლასა და დაღლას იწვევს, მაგრამ ძილს მაინც არ მოგგვრით. დაძინებამდე სამი საათით ადრე უარი თქვით ყველანაირ ვარჯიშზე. ასევე, ეცადეთ, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დაწვეთ დასაძინებლად და ძილის წინ არ იფიქროთ საქმეებზე.
საღამოს საათებში ნუ შეჭამთ შემწვარ ხორცს, სოსისსა და შებოლილ პროდუქტებს, რადგან ეს საკვები კუჭ-ნაწლავის გადატვირთვას იწვევს და ღამით მშვიდი და ნორმალური ძილის საშუალებას არ მოგცემთ. ძილის წინ ნურც შოკოლადს, ყავას, ჩაისა და ტკბილ, გაზიან სასმელს მიირთმევთ, რადგან ეს პროდუქტები კოფეინს შეიცავს, რაც ორგანიზმის აგზნებას იწვევს.
გაციების დროს ნივრით შეკაზმული ჭარხალი უებარი სამკურნალო საშუალებაა
ჭარხალი მდიდარია აქტიური ნივთიერებებით. მასში ბევრია ორგანული მჟავები და უჯრედისები, ამიტომ, ყაბზობის დროს მისგან დამზადებული სალათები თავისუფლად ცვლის კუჭში გამხსნელ მედიკამენტებს. ჭარხალი შეიცავს B, C და P ვიტამინებს; მიკროელემენტებს, კერძოდ, კალციუმს, კალიუმსა და მაგნიუმს, რაც მეტად საჭიროა ყველა ორგანოსა და უჯრედის ნორმალური მუშაობისთვის.
ჭარხალი, ასევე, უხვად შეიცავს რკინასა და კობალტს, რაც ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას. ის განსაკუთრებით სასარგებლოა ქალებისთვის კრიტიკულ დღეებში, გაციების დროს კი, უებარია ნივრით შეზავებული ჭარხალი.
ჭარხლის შემადგენლობაში არსებული საღებავი ნივთიერებები სისხლძარღვების კედლებს ელასტიკურობას სძენს. ჭარხალში არსებული ბეტაინი აჩერებს სისხლძარღვთა სკლეროზის განვითარებას, ასტიმულირებს ღვიძლის მოქმედებას, ხოლო უჯრედისი აძლიერებს კუჭის სეკრეციასა და ნაწლავთა პერისტალტიკას.
ანემიის დროს კარგია ჭარხლის, ბოლოკისა და სტაფილოს წვენების თანაბარი რაოდენობით მიღება. ორი თვის განმავლობაში დღეში ორჯერ დალიეთ თითო ჩაის კოვზი დასახელებული ბოსტნეულის წვენების ნარევი.
გაციების დროს, ასევე, ეფექტურია ჭარხლის წვენისა და თაფლის ნარევი.
წითელი ჭარხალი სასარგებლოა ნებისმიერი სახით, ყველა ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც ფარისებრი ჯირკვალი აწუხებს, რადგან ის მდიდარია იოდით. გარდა ამისა, მას შარდმდენი ეფექტი აქვს და ხელს უწყობს ორგანიზმიდან მარილების გამოდევნას.
ჭარხლის წვენი კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა ჰიპერტონიული დაავადების დროს. შეურიეთ მისი წვენი სტაფილოს ან ახალგამოწურულ ვაშლის წვენს და სვით ყოველდღე.
შოკოლადი ეროტიკულ გრძნობებს აღძრავს და ორგანიზმს სტრესისგან იცავს
შოკოლადის შემცველობაში შემავალი მაგნიუმი ებრძვის დეპრესიას, აუმჯობესებს მეხსიერებას, ორგანიზმს სტრესის მიმართ უფრო გამძლეს ხდის და იმუნიტეტზეც დადებითად აისახება. ამიტომ, ძალიან კარგია, თუ მას პროფილაქტიკისთვის სისტემატურად მიირთმევთ, ოღონდ, განსაზღვრული რაოდენობით. ვინც ყოველდღიურად დაახლოებით 25-30 გრამ სუფთა შოკოლადს ჭამს, ის არც კიბოთი და არც წყლულოვანი დაავადებით არ ავადდება – ეს ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო.
შოკოლადი ინფარქტისა და ინსულტისგანაც გვიცავს, რადგან მისი რეგულარული მოხმარება სისხლის ფირფიტების ანუ თრომბოციტების ფუნქციის ნორმალიზებას ახდენს. მასში შემავალი ფლავონოიდების ჯგუფის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები თრომბოციტებს ერთმანეთთან შეწებების საშუალებას არ აძლევს, ხელს უშლის გულისა და ტვინის სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნას. ამ მხრივ შოკოლადი ასპირინს ჰგავს, თუმცა მისგან სასიამოვნო გემოთი და უკუჩვენებების არქონით განსხვავდება. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავადმყოფებს, რომლებსაც სისხლის გამათხელებელი პრეპარატები დაუნიშნა ექიმმა, შეუძლიათ ისინი შოკოლადით ჩაანაცვლონ. მაგრამ, ვინც ჯანმრთელია და სურს, მომავალში არ იავადმყოფოს, მისთვის შოკოლადი კარგი დამხმარეა.
შოკოლადი სისხლძარღვებს ათეროსკლეროზისგანაც იცავს. ამ მოქმედებას მეცნიერები კაკაოს მარცვლებში განსაკუთრებული ნივთიერების, კერძოდ, პროციანიდების არსებობით ხსნიან, რომლებიც ანტიმჟანგავების ჯგუფს მიეკუთვნება და ორგანიზმს არასასურველი ზემოქმედებისგან იცავს.
დღეში დაახლოებით 30-40 გრამი შოკოლადის ჭამა ისეთივე სასარგებლოა, როგორც ერთი ჭიქა წითელი ღვინო. ის ამაგრებს სისხლძარღვებს, აიძულებს გულს, იმუშაოს თანაბარი რიტმით, არეგულირებს არტერიულ წნევას. შავი შოკოლადი უფრო მდიდარია A და B ვიტამინებით, კალიუმით, ფოსფორითა და რკინით, ვიდრე ვაშლი, იოგურტი და ყველი. მწარე შოკოლადი წვავს ცხიმებს, შეიცავს კოფეინს და ცოტა ცხიმს. ის თრგუნავს მადას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას და ზღუდავს თავისუფალი რადიკალების მოქმედებას.
თუ გსურთ, ჯანმრთელი კბილები შეინარჩუნოთ, მიირთვით მწარე შოკოლადი. მასში შემავალი კაკაო კბილებს თხელ დამცავ ფენად ედება და კბილზე ქვების წარმოქმნას უშლის ხელს.
შოკოლადი ეროტიკულ გრძნობებსაც აღძრავს. ამიტომ, მისი ჭამა აუცილებელია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სქესობრივი ცხოვრების მხრივ აქვთ პრობლემები.