ექიმის რჩევები
კითხვა: ვარ 19 წლის, მინდა გავიკეთო ყურების პლასტიკა. უსაფრთხოა თუ არა ეს ოპერაცია და რამდენ ხანს გრძელდება რეაბილიტაციის პერიოდი?
პასუხი: ყურის ნიჟარების კორექცია შეიძლება 6 წლის ასაკიდან. ოპერაცია ტარდება ადგილობრივი გაუტკივარებით (მცირეწლოვნებში – საერთო ნარკოზით). ოპერაციის ხანგრძლივობა 1-1,5 საათია. 2 საათში შეგეძლებათ სტაციონარის დატოვება. გადახვევა – 24 საათში ერთხელ. ნაკერების მოხსნა არ არის საჭირო, ძაფები იწოვება. შეხვეული უნდა გქონდეთ 8 დღის განმავლობაში. 2 თვე არ შეიძლება მძიმე ფიზიკური დატვირთვა, 10 დღე – აბაზანის მიღება.
კითხვა: ვარ 46 წლის, დიაგნოზი – რეინოს სინდრომი. ამბობენ, რომ არ იკურნება. როგორ მოვიქცე?
პასუხი: მთავარია, დადგინდეს რეინოს სინდრომის მიზეზი: თუ ეს კისრის მალების ოსტეოქონდროზია, მისი მკურნალობა უნდა დაიწყოთ; თუ ამინდის ცვლილება და სიცივე – კიდურები სითბოში უნდა გქონდეთ და მიიღოთ სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი პრეპარატები.
კითხვა: მშობიარობის შემდეგ ფეხებზე სისხლძარღვოვანი „ვარსკვლავები“ გამიჩნდა. როგორ შეიძლება მათი მოშორება იმ პირობით, რომ ბავშვს ძუძუთი ვკვებავ?
პასუხი: სკლეროთერაპია ადგილობრივი პროცედურაა და თქვენთვის დასაშვებია, უნდა გაკეთდეს ზამთარში ან შემოდგომაზე, მაგრამ რეციდივებისგან ეს არ დაგიცავთ. თავიდან უმჯობესია პროფილაქტიკური საშუალებები (კომპრესული ტრიკოტაჟი, ვარჯიში, გელების გამოყენება).
კითხვა: ექოსკოპიურად დამიდგინეს მარცხენა სარძევე ჯირკვლის ფიბროადენომა. შეიძლება თუ არა ლაზერული ქირურგიის საშუალებით მისი ამოკვეთა?
პასუხი: ექოსკოპიის დასკვნა არ ნიშნავს დიაგნოზს. ქირურგიული ჩარევის გადაწყვეტილებას იღებს ექიმი-მამოლოგი ორგანოს დათვალიერების, პალპაციის, ექოსკოპიისა და წარმონაქმნის პუნქციის საფუძველზე. მაგრამ, ყველა შემთხვევაში, სარძევე ჯირკვლის წარმონაქმნების სამკურნალოდ ლაზერული ქირურგია არ გამოიყენება.
კითხვა: მაქვს ზედმეტი წონა, გახდომას ვერ ვახერხებ. მითხრეს, რომ წურბელების გამოყენებით შეიძლება წონაში დაკლება. მართალია თუ არა ეს?
პასუხი: ზედმეტი წონის პრობლემა (ჰორმონული დარღვევების შემთხვევების გარდა) დაკავშირებულია არასწორ კვებასთან, კერძოდ, ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ბალანსის დარღვევასთან, კალორიების მიღება-ხარჯვასთან. ამიტომ, ნებისმიერი მეთოდი (წურბელების ჩათვლით) კვების რეჟიმის გარდა, არაეფექტურია.
კითხვა: დედა 53 წლისაა. აქვს ტკივილები მკერდში. რომელ დღეს უნდა გაიკეთოს სარძევე ჯირკვლების ექოსკოპია, თუ მენსტრუაცია აღარ აქვს?
პასუხი: სარძევე ჯირკვლების ულტრაბგერითი გამოკვლევა მენოპაუზის პერიოდში ნებისმიერ დროს შეიძლება.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი