როდის კანკალებს და რა ანიჭებს სიამოვნებას თათია დოლიძეს
ლალი ტოტიკაშვილის მოდელი, 17 წლის თათია დოლიძე, საკმაოდ წარმატებული, აქტიური და მიზანმიმართული ადამიანია. სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, მისი ძირითადი პროფესია არის საერთაშორისო ურთიერთობები, ხოლო მეორადი – ფსიქოლოგია. თათიამ ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა, მოიპოვა 100-პროცენტიანი გრანტი და ამჟამად, უნივერსიტეტში აკადემიური მოსწრების მიხედვით, პრეზიდენტის სტიპენდიანტია. ის ასევე არის ახალგაზრდული სტუდენტური ორგანიზაცია „პირველების“ აქტიური წევრი, ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის დელეგატი. თათია სტატიებს წერს ინგლისურენოვან ჟურნალ „ჯორჯიან ჯენერალში“ და გაცვლით პროგრამაშიც აპირებს მონაწილეობის მიღებას. ის ასევე, მონაწილებოდა ორ სამოდელო კონკურსში და ორივეში წარმატებებს მიაღწია.
თათია: პირველად „მეტეხში“ „შვარცკოპფის“ ჩვენებაში მივიღე მონაწილეობა. როდესაც სიტყვით გამოვდივარ და ტრიბუნაზე ვდგავარ, ყოველთვის ძალიან ვნერვიულობ, სულ ვკანკალებ, მაგრამ პოდიუმზე მივხვდი, რომ საერთოდ არ ვნერვიულობ და ძალიან მომეწონა ეს საქმიანობა.
– ანუ, მოგწონს მოდელობა. თუ განიჭებს სიამოვნებას ეს პროფესია?
– ძალიან სასიამოვნოა, თუნდაც ის, რომ ქასთინგებზე გირჩევენ, მაგრამ ძალიან დამღლელიც არის, თუმცა, სასიამოვნოდ დამღლელია – სახლში რომ მიდიხარ, ხვდები, რომ ძალიან ცუდად ხარ და მერე ორი დღის განმავლობაში გამოძინება გჭირდება.
– საკმაოდ აქტიური, მიზანმიმართული ადამიანი ხარ. კიდევ როგორ დაახასიათებ საკუთარ თავს?
– ვარ მხიარული, კომუნიკაბელური, გონებაგახსნილი, ცოტა ჯიუტიც, თუმცა ოჯახის წევრების აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ. მე და დედაჩემი საუკეთესო მეგობრები ვართ. ყველაფერში მეხმარება, ხელს მიწყობს.
– ბრაზიანიც ხარ?
– არა, ემოციური ვარ, შეიძლება, რაღაც უფრო მეტად განვიცადო, ვიდრე საჭიროა, ან, უფრო მეტად გამიხარდეს. ემოციებს ყოველთვის გამოვხატავ.
– სითბოს გამოხატვა შეგიძლია?
– შემიძლია და ზედმეტადაც კი, მაგალითად, ჩემი მეგობრების მიმართ, რომლებიც ძალიან მიყვარს. ასევე ვითხოვ საპასუხოდაც.
– ყურადღებიანიც ხარ?
– ყურადღებიანი ვარ, მაგრამ ხშირად მავიწყდება რაღაცეები, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი – არა. ამაზე სულ მსაყვედურობს დედა.
– როგორი კატეგორიის თაყვანისმცემელი გყავს?
– ბიჭებმა ძირითადად იციან, როგორი ხარ, ამიტომ არის ვარიანტი, როდესაც რაღაცას გიბედავენ, ან ვერ გიბედავენ. სიყვარულს ნამდვილად არ ვეძებ და არ მცალია ამისთვის. როდესაც გათხოვების დრო მოვა, ალბათ, შევხვდები იდეალურ ადამიანს. როდესაც ადამიანთან არ მსიამოვნებს ურთიერთობა, მას მეგობრობაზე მეტს ვერაფერს შევთავაზებ. ზოგჯერ ვღიზიანდები, როდესაც ჩემ მიმართ ყურადღებას გამოხატავენ, მაგრამ ამას უზრდელურად არ ვაგრძნობინებ და ყველა ყველაფერს ხვდება.
– ანუ, როდესაც ბიჭი არ მოგწონს, შეგიძლია მას ეს პირდაპირ უთხრა?
– თუ ბიჭი არ მოგწონს, არ აპირებს მასთან ერთად ყოფნას და აწვალებ, – ასეთი რაღაცეები მეზიზღება. თავიდანვე უნდა გააგებინო, რომ მასთან არ გინდა ურთიერთობა, მაგრამ, თუ მას მაინც სიამოვნებს შენთან ყოფნა, ეს უკვე მისი საქმეა. მქონია ისეთი შემთხვევა, რომ ბიჭი შემცოდებია, მაგრამ არ შემიძლია, გრძნობით ვუპასუხო, იმის გამო, რომ ადამიანი მეცოდება, ვერ შევიყვარებ. ბიჭის წვალება, ჩემი აზრით, სისასტიკე და დაბალი დონის მაჩვენებელია.
– მომთხოვნი ხარ ბიჭების მიმართ?
– საერთოდ ძალიან მომთხოვნი ადამიანი ვარ, რასაც მე გავცემ, მინდა, რომ საპასუხოდაც ის მოდიოდეს. ცალმხრივი არაფერი მიყვარს, არც სიყვარული, არც ნდობა, არც დახმარება. ყველაფერი ორმხრივი უნდა იყოს. რადგან მეგობრის მიმართ ასეთი მომთხოვნი ვარ, შესაბამისად, უფრო მომთხოვნი ვიქნები იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ჩემს გულს დაიპყრობს.
– როგორი ბიჭები მოგწონს?
– ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ შინაგან სამყაროს ვაქცევ ყურადღებას, პირველ ეტაპზე მაინც, ბიჭის გარეგნობაა მთავარი. სამწუხაროდ, ვინც ღმერთმა კარგი გარეგნობით დააჯილდოვა, ის მერე სხვა რაღაცეებში ნაკლებად კარგი აღმოჩნდება ხოლმე. თუ ბიჭი გარეგნობით მომეწონება, ეს ის ბიჭია, რომელიც ყველას მოსწონს. ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც ბიჭი გარეგნობით ძალიან მომწონებია, მაგრამ მერე მასში რაღაც „ისეთი“ მიპოვია. ყველას რაღაცას ვუპოვი ხოლმე, ძალიან პრეტენზიული და მომთხოვნი ვარ. ჩემთვის აუცილებელია, რომ ბიჭი იყოს ჭკვიანი, სულელი ბიჭები არ მიყვარს. იუმორის გრძნობასაც ვაქცევ ყურადღებას, მოკლედ, იდეალური ადამიანი უნდა იყოს.
– ასაკს აქცევ ყურადღებას?
– 16 წლის ბიჭი ჩემთვის ბავშვია, მაგრამ ერთი წლით უფროსი, შეიძლება, აღვიქვა ბიჭად. ზოგი 40 წლის კაცზე რომ ამბობს სიმპათიურიაო, მეც კი ვიტყვი, მაგრამ მამაჩემის ასაკის კაცს მამაკაცად ვერ აღვიქვამ. ისე რატომ შეიძლება, რომ კაცი იყოს ქალზე უფროსი და ქალი – არა? ფემინისტი ვარ და მეგობრები „ფემინისტკას“ მეძახიან.
– რა უნდა გააკეთოს ბიჭმა, რომ შენი გული დაიპყროს?
– თუ ადამიანი ყველანაირად კარგია, სულ არ მჭირდება მისი საჩუქრები, მთავარია, ვუყვარდე და ჩემი გულის მოგებას აღარაფერი დასჭირდება.
– როგორ ფიქრობ, ქალისთვის არ არის მამაკაცის მხრიდან სითბო და ყურადღება მთავარი?
– სისულელედ მიმაჩნია, როდესაც გოგონები ამბობენ, მიყვარს, როდესაც ბიჭი არ მიყურებსო, იდუმალი უნდა დარჩეო. თუ გრძნობა არსებობს, მაშინ არ არის აუცილებელი, იდუმალი დარჩე, არც იმის შიში უნდა გქონდეს, რომ, თუ ბოლომდე გაიხსნები, მას აღარ დააინტერესებ. თუ ადამიანს უყვარხარ, ეს იგი, მისთვის საინტერესო ხარ და ინტრიგები აღარ არის საჭირო.
– როგორი რეაქცია გექნება აკრძალვებზე?
– ისეთს არაფერს ვაკეთებ, რომ ვინმემ ამიკრძალოს, ჩემი ოჯახის წევრებიც არაფერს მიკრძალავენ. ვიცი, რის გაკეთება შეიძლება და რისი არა. თუ ადამიანს მიზეზი აქვს, მაშინ აგიკრძალავს. იგივე შემიძლია, ვთქვა ეჭვიანობაზეც. რა არის მოდელობაში ცუდი? ასეთი მსოფლმხედველობის და აზიატი ბიჭი მაინც არ მომეწონება. ცივილიზებული, ოცდამეერთე საუკუნის, ქართულ ტრიდიციებთან შერწყმული ევროპული აზროვნების ადამიანები მომწონს.
– როგორ ფიქრობ, ბიჭმა გოგონას გულის დასაპყრობად ბოლომდე არ უნდა იბრძოლოს?
– ეს ბიჭზე და გოგონაზე არის დამოკიდებული. თუ თავიდანვე მოუჭრი გზას, მერე აღარაფერს გააკეთებს. თან, მამაკაცებსაც ხომ აქვთ თავმოყვარეობა! მე რომ ბიჭი ვიყო, ნამდვილად არ დავიმცირებდი თავს და გოგონას დიდხანს არ დავუწყებდი ხვეწნას, თუ ვეხვეწები, ესე იგი, მასზე ნაკლები ვარ. კარგი გარეგნობის ბიჭები ძირითადად არ იმცირებენ თავს, თავისას ცდილობენ.
– შეგიძლია, მამაკაცს აგრძნობინო, რომ მოგწონს?
– არა. მიმაჩნია, რომ ბიჭისგან უნდა მოდიოდეს პირველად ყურადღება, მაგრამ, ისეც არ შეიძლება, რომ საპასუხო არაფერი მისცე. შეიძლება, ის იდეალური ადამიანი რომ ვნახო, ვისზეც გადავირევეი, მას საერთოდ არ დასჭირდეს ჩემი გულის დასაპყრობად თვეები. ჯერ ხომ უნდა გაიცნო ადამიანი და თუ მასში რამე არ მოგეწონება, მაშინ უნდა დაამთავრო ურთიერთობა. თუმცა, ბევრი გოგონა, ერთი დღეს იმასთან არის, ვინც ეტყვის, მიყვარხარო, მეორე დღეს – სხვასთან, ერთობიან. მე არ მიზიდავს ასეთი რაღაცეები.
– რომანტიკული ადამიანი ხარ?
– დიახ, ძალიან რომანტიკული ადამიანი ვარ, ზღაპრებში გადავარდნილი. მჯერა, რომ ზღაპრის გმირი შემხვდება და მეც ზღაპრის გმირი გავხდები, პრინცის არსებობისაც მჯერა. თუმცა, ჯერ ის პერიოდი არ არის, როდესაც ჩემი პრინცი უნდა გამოჩნდეს.
– რომ გამოჩნდეს, რას იზამ?
– ძალიან ცუდია, იდეალური მამაკაცი ამ ეტაპზე თუ გამოჩნდება, მაგრამ, შეიძლება, მერე ასეთი აღარ გამოჩნდეს და... მოკლედ, რაღაცას მოვიფიქრებ.