დალაშქრული
გასული კვირა, იმას გარდა, რომ შარშანდელი შემზარავი აგვისტოს გახსენებასა და ჩვენი დაღუპული თანამემამულეების სულების მოხსენიებას მივუძღვენით, ხელისუფლებამ ეს პერიოდი საკუთარი პასუხისმგებლობის მეასე პლანზე გადაწევასა და აგვისტოს ომის საკუთარი ვერსიის ჩვენს ტვინებში ჩაბეჭდვასაც მოახმარა (შესაძლოა, იმ იმედითაც, რომ ჭირისუფალს, ანუ სრულიად საქართველოს, დეტალების გაანალიზების გული არ ექნებოდა). შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა „იმედს“ ინტერვიუც მისცა (ან კი როგორ არ მისცემდა, როდესაც ბ-ნი არველაძე, მას შემდეგ, რაც ქართული ეკონომიკა ააყვავა, ქართული ელმედიის აყვავების გზაზე შედგა?!), მომენტითაც ისარგებლა და ერთი-ორ, აგვისტოს შემდეგ ჰაერში გამოკიდებულ, საკითხს თითქოს ნათელიც მოჰფინა. კერძოდ, აგვიხსნა, თუ რატომ ვერ მოახერხეს ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა დიდი და პატარა ლიახვისა თუ კოდორის ხეობების მოსახლეობის დაცვა. სახელდობრ, მთავარსარდალმა ბრძანა, რომ ჩვენ შეგვეძლო, გვეწარმოებინა რამდენიმეკვირიანი ბრძოლები ხეობების დასაცავად, მაგრამ, სამაგიეროდ, აღარც ჯარი გვეყოლებოდა (გაგვინადგურებდნენო), ვეღარც თბილისს დავიცავდით (თუმცა, რაკი, ღვთის შეწევნით, ოკუპანტს თბილისზე არ გამოულაშქრია, ისიც საკითხავია, როგორ დავიცავდით თბილისს ) და მთავრობაც ჩამოიშლებოდაო (ხოლო, თუკი მთავრობა არ ჩამოიშალა, ჯანდაბას ხეობები). მეორე მხრივ, მთავარსარდალს არც ის დაუმალავს, რომ 120 000-მა ოკუპანტმა შემოგვიტია, ხოლო, რაკი ჩვენ სულ 12 000-ნი ვყოფილვართ, ბუნებრივია, ჯეროვან წინააღმდეგობას ვერ გავწევდით (და მერე რა, რომ ბ-ნი თარგამაძე გვარწმუნებდა, რუსებს ჟანგიანი ტანკები აქვთო). ამის პარალელურად, კიდევ ერთხელ გაიხსენა, რომ 58-ე არმია უკუიქცა (ესე იგი, კიდეც მოგვერივნენ და კიდეც უკუიქცნენ!). ხოლო, თუკი თავდაცვის სისტემის მთავარი ფუნქცია არა ქვეყნისა და მოსახლეობისთვის თავის გაწირვა, არამედ ჯარის შენარჩუნება ყოფილა, მაშინ, რა საჭიროა სამხედრო წვრთნებსა და შეიარაღებაზე ამდენი დროისა და ფულის ხარჯვა, პირდაპირ მარათონულ სირბილში ხომ არ გვევარჯიშა?!