კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი ადამიანების გამო არ შეიძლება ღმერთის შეწუხება და მიცვალებულების რომელი კატეგორია არ შეიძლება ჩავწეროთ ჩვენს მოსახსენიებლებში

ტრადიციულად, წირვის დაწყების წინ, ქრისტიანები ყიდულობენ სეფისკვერს და გზავნიან საკურთხეველში მოსახსენიებელთან ერთად. სეფისკვერი ორნაწილიანი კვერია. სეფისკვერის ორნაწილიანობა სიმბოლურად შეესაბამება მაცხოვრის ორ ბუნებას – ღვთაებრივსა და კაცობრივს. სეფისკვერის ზედა ნაწილზე გამოისახება ჯვარი, წარწერით: „იესო ქრისტე ძლევაი“. წირვის ჩასატარებლად აუცილებლად მზადდება ხუთი დიდი ზომის სეფისკვერი და ყველას თავისი მნიშვნელობა აქვს. წირვის პირველ ნაწილში, იმ დროს, როდესაც იკითხება მესამე და მეექვსე ჟამის  ლოცვები, საკურთხეველში მღვდელი აღასრულებს კვეთას, ანუ, ხუთივე სეფისკვერიდან ამოიღებს ნაწილებს. პირველი სეფისკვერიდან, რომელიც სიმბოლურად განასახიერებს მაცხოვარს – ჩვენთვის დაკლულ ღვთის ტარიგს, ამოიღება ნაწილები, რომლითაც, ევქარისტიული  კანონის შესრულების შემდეგ, ხდება მორწმუნეების ზიარება. კვეთის დროს მღვდელი კითხულობს ლოცვებს, რომლებშიც მოიხსენიება მაცხოვრის შობა, ვნება, ასევე, წინასწარმეტყველებანი და სწავლანი მაცხოვრის შესახებ. მეორე სეფისკვერიდან ამოიღება ნაწილები ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე; მესამე სეფისკვერიდან – ნაწილები წინასწარმეტყველთა, მოციქულთა, მოწამეთა, აღმსარებელთა და ყოველთა წმიდათა სახელზე, მეოთხე სეფისკვერიდან – ცოცხალთათვის;  მეხუთედან კი – მიცვალებულთათვის. ასევე ხდება მორწმუნეთა მიერ შეგზავნილი მცირე ზომის სეფისკვერების კვეთა და მოსახსენიებელში ჩამოწერილ მონათლულ ქრისტიანთა სახელების მოხსენიება.
„კვეთაზე ხდება განსახიერება ტარიგის გარშემო შეკრებილი მთელი ზეციური და მიწიერი ეკლესიისა; ტარიგისა, რომელმაც ამსოფლის ცოდვები იტვირთა“... – წერს წმიდა იოანე კრონშტადტელი იმ ნაწილების შესახებ, რომლებიც სეფისკვერებიდან არის ამოკვეთილი და ფეშხუმზეა დასვენებული. სეფისკვერის შეწირვის ტრადიცია უძველესია. პირველ ქრისტიანებს, ჩვეულებისამებრ, წმიდა ლიტურგიაზე მიჰქონდათ პური და ღვინო, რაც განკუთვნილი იყო ღვთისმსახურებისთვის. წმიდა საიდუმლოთა შესრულებისთვის საკმარისი იყო ერთი პური და, რადგანაც, ყველას სურდა, რომ მათ მიერ შეწირული პური ყოფილიყო არჩეული ტარიგად, ამიტომ, ეკლესიამ დაადგინა: წმიდა შესაწირავისთვის ამოერჩიათ ერთი საუკეთესო პური, ხოლო დანარჩენი პურებისგან ამოეღოთ ნაწილები მათ შემომწირველთა სახელების მოხსენიებით. ლიტურგიის დამთავრების შემდეგ ნაკვეთ პურებს ღვინოსთან ერთად არიგებდნენ საერთო ტრაპეზზე, რომელიც იმართებოდა გლახაკთათვის. ამდენად, პურის შეწირვა ამავე დროს იყო გამოხატულება ქრისტესმიერი სიყვარულისა და კეთილმოღვაწეობისა. თუ ვისი სახელები უნდა ჩავწეროთ მოსახსენიებელში, საღვთო ლიტურგიის რომელ ნაწილში აღესრულება საკურთხეველში მოხსენიება, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს მოეხსენება, რომ საღვთო ლიტურგია, იგივე წირვა, შედგება სამი ნაწილისგან: პირველი ნაწილი არის „პროსკომიდია“, ანუ ძღვენის მოტანა, მობრძანება; მეორე – „კათაკმეველთა ლიტურგია“, ანუ, ამ დროს ხდება იმ ადამიანთა ზიარება, რომლებმაც „ნათელ იღეს“ და მოძღვარმა მათ მისცა ზიარების უფლება. „პროსკომიდიაზე“, ანუ ლიტურგიის პირველ ნაწილში, აღესრულება საკურთხეველში მოხსენიება. ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა უნდა იცოდეს, რა ევალება.
– რას გულისხმობთ?
– ადამიანებს ხშირად უნდათ საკუთარი ახლობლების მოხსენიება, მათთვის პანაშვიდის, პარაკლისის გადახდა, შეკვეთილი წირვის აღსრულება. მათ უნდა იცოდნენ, რომ, თუ არ აქვთ იმის საშუალება, ყოველივე ეს გააკეთონ, სასურველია, მოსახსენიებელში დაწერონ გარდაცვლილის სახელი და რამდენიმე სეფისკვერთან ერთად შეგზავნონ საკურთხეველში. თუმცა, ბევრმა არ იცის, ვისი მოხსენიება შეიძლება და ვისი – არა. ჩვენ ქართველები ვართ და საკუთარ თავს ხშირად ბევრის უფლებას ვაძლევთ. გვინდა, რომ მთელი საგვარეულო, ნათესავები, მეზობლები მოვიხსენიოთ. სურვილი კარგია, მაგრამ, მთავარი ის არის, გვაქვს თუ არა ამის უფლება და ამით უხერხულ მდგომარეობაში ვაყენებთ საკუთარ თავს. რა თქმა უნდა, ყველას მოხსენიება არ შეიძლება. უპირველეს ყოვლისა, შეიძლება მოიხსენიება იმ ადამიანებისა, ვინც ნათელ იღეს წმიდა სამების სახელით და ღმერთის გარკვეული სასოება გააჩნდათ, იყვნენ აღმსარებლები, მაზიარებელნი და სასოებდნენ ღმერთს. ჩვენი წინაპრები, შეიძლება, მონათლულები იყვნენ, მაგრამ, ისინი არ ამბობდნენ აღსარებას, ზიარებას არ იღებდნენ, რადგან მაშინ ამის საშუალება არ იყო. ასეთ შემთხვევაში,  შეგვიძლია, მივცეთ თავს უფლება, რომ მოვიხსენიოთ ის ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც გვახსოვს; ვიცით, რომ ისინი იყვნენ კეთილი ადამიანები, არ იყვნენ ღვთისმგმობელები, არ ანგრევდნენ ტაძრებს, ხატებს არ წვავდნენ – მათი მოხსენიება შეიძლება.
– მიცვალებულებიდან ვისი მოხსენიება არ შეიძლება?
– უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს მიცვალებულთა სამი კატეგორია: პირველი – ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც წმიდანებს ვუწოდებთ და, ჩვენ კი არ ვიხსენიებთ მათ, არამედ პირიქით, ისინი გვიხსენიებენ და ჩვენი მეოხნი არიან ღვთის წინაშე; მეორე კატეგორია მიცვალებულებისა ისინი არიან, რომლებზეც წმიდა წერილი, კერძოდ კი, იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: მათზე ნუ ილოცებთ. ესენი არიან ღვთისმგმობი ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ მონათლულები ან შეგნებულად ებრძოდნენ ეკლესიას. ბუნებრივია, მათ გამო ღმერთს ვერ შევაწუხებთ და არც გვაქვს ამის უფლება. ადამიანი, რომელიც ღვთისმგმობელობაში გარდაიცვალა, სექტანტი იყო, მწვალებელი ან ეკლესიის მტერი, მათ მოხსენიებას აზრი არ აქვს; რაც შეეხება მესამე კატეგორიას, ესენი არიან ჩვენი უახლოესი წინაპრები, რომელთა ცხოვრებაც გვახსოვს, ვიცით, რომ ისინი იყვნენ მონათლულები, კეთილები და არა ღვთისმგმობელები. ასეთ ადამიანებზე შეიძლება ილოცოს ეკლესიამ „პროსკომიდიაში“, კვეთაში მოიხსენიოს. კარგი იქნება, ამ შემთხვევაში თუ მოძღვარს დაველაპარაკებით.
– რატომ არ შეიძლება მოუნათლავი ადამიანების მოხსენიება?
– ხაზგასმით მინდა აღვნიშნო რომ, თუ ადამიანი  არ იყო მონათლული, რაც არ უნდა შესწიროს მისმა ახლობელმა, მისი მოხსენიება მაინც არ შეიძლება. ის ეკლესიის წევრი არ იყო და, შესაბამისად, მას ეკლესია ვერ აღმოუჩენს დახმარებას. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, გვაქვს თუ არა ამა თუ იმ ადამიანის მოხსენიების უფლება. ხომ შეიძლება, იმ ადამიანს საერთოდ არ უნდოდეს, შენ რომ იხსენიებ?! მის სახელზე მოკვეთილი წმიდა ნაწილები წირვის დასასრულს ჩაბრძანდება წმიდა ბარძიმში და, შეიძლება, მას საერთოდ არ უნდოდეს სიწმიდეში ყოფნა, ეკლესიასთან ურთიერთობა და თქვენ მათ ძალით აყენებთ ამ მდგომარეობაში. არა მხოლოდ მიცვალებულების, არამედ ცოცხლების, ანუ შვილების, მეუღლეების მოხსენიების შემთხვევაშიც, ალბათ, გარკვეული სიფრთხილის გამოჩენა გვჭირდება. დედებს და მამებს უყვართ შვილების მოხსენიება. თუ შვილი ამორალურ ცხოვრებას ეწევა და ამ დროს დედა მას კვეთაში იხსენიებს, ეს არ შეიძლება. უკეთესია, მან შვილი მოიხსენიოს პირადად, დილა-საღამოს ლოცვებში, ან, პარაკლისი გადაახდევინოს მოძღვარს. ვთქვათ, შვილი გეურჩებათ, არ იქცევა კარგად, მას მაინცდამაინც კვეთაში ნუ მოიხსენებთ, პირიქით, მისთვის ილოცეთ, პარაკლისი გადაუხადეთ. მომავალში, პარაკლისებიდან და დედ-მამის პირადი ლოცვებიდან გამომდინარე, თუ შვილს გაუჩნდება სურვილი, ეკლესიაში იაროს, ახალი მოსულია ტაძარში, მაშინ შეიძლება მისი მოხსენიება კვეთაში.

скачать dle 11.3