რატომ არ აქვს თეა დანელიას ურთიერთობა ყოფილ ქმართან და რატომ გაჰკიოდა ის არიებს ღამის 11 საათზე
„ღამის შოუს“ ბენდის ხელმძღვანელს, თეა დანელიას „რადისონში“ შევხვდი. გარდა იმისა, რომ ძალიან საინტერესო მუსიკოსია, კონტაქტური და კარგი მოსაუბრეც აღმოჩნდა. თუმცა, ამბობს, რომ პირდაპირი მეგრელია, იკბინება და თავს ვარსკვლავად არ მიიჩნევს.
– თეა, წავიკითხე, რომ „მანსანკანზე“ გამოდიოდი და ტატიშვილებსაც იმ დროიდან იცნობ. ეს ჩემთვის საინტერესო აღმოჩენა იყო. როგორ მოხვდი იქ?
– უჰ, როდინდელ ამბავს მეკითხები (იცინის). მაშინ 14 თუ 15 წლის ვიყავი, „კავეენზე“ არც იყო ლაპარაკი, სტუდენტური დღეები ტარდებოდა და ჩემი უფროსი და სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე. მთხოვა, მოგვეხმარეო. რაღაც სიმღერა ვიმღერე, არც მახსოვს... მერე იყო ფაკულტეტის გუნდი „კუკარაჩა“. იქ გამოვდიოდი, უმაღლეს ლიგაში... შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი იყო „თბილისელი ჟანდარმები“, მერე ნაკრებმა „დინამოს“ სახელით მოსკოვში ვითამაშეთ საქართველოდან – 9 აპრილს, სიმბოლური იყო. სამწუხაროდ, ძალიან ცუდად გამოვედით... ეგ იყო და ეგ.
– ცხოვრებაში კარგი იუმორი გაქვს, როგორც ჩანს...
– იცი რა, კარგი მუსიკა, კარგი იუმორი, ცუდი მუსიკა... ეს ყველაფერი პირობითია მაინც. გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ ზოგი მეუბნება, რომ საერთოდ არ მაქვს იუმორის გრძნობა. ალბათ, იმიტომ რომ მათ უკბილო ხუმრობებზე არ მეცინება – ძალით რომ ხუმრობენ, არ მიყვარს. საშინლად პირდაპირი მეგრელი ვარ (იცინის). რთულ სიტუაციებში იუმორი ყოველთვის მეხმარება. იუმორი კი არა, ხშირად ცინიკოსიც ვარ, სარკასტულიც – სადაც საჭიროა, ძალიან მაგრად ვიკბინები ხოლმე.
– ლადოს და ოთარს იმ დროიდან იცნობ?
– კი, ფანტასტიკური ადამიანები არიან. იქიდან მოყოლებული მოვდივართ ერთად, პატარა დასავით ვიყავი მათთვის.
– რუსულს ხშირად ურევ საუბარში. განათლება რუსული გაქვს?
– არა, ქართული, მაგრამ დედა მყავს რუსული ენის ფილოლოგი, რუსულ ბაღში დავდიოდი. ძალიან მიყვარს რუსული, მდიდარი ენაა. განა იმას ვამბობ, რომ ქართული არ არის მდიდარი, მაგრამ ხანდახან რუსულად უფრო ზუსტად გამოვხატავ აზრს, უფრო კონკრეტულად.
– შოუმ, ალბათ, პოპულარობა შეგმატა.
– კი, რა თქმა უნდა. ზოგი პირდაპირ მოდის, მეკითხება, თქვენ ის არ ხართ?! მცნობენ ქუჩაში. ამ ზაფხულს ქობულეთში ერთი სასაცილო ამბავი შემემთხვა. ჩემი მეგობარი უკრავდა ბუნგალოში და იქ მივდიოდი. ორი ქალი მოდის შემხვედრი მიმართულებით. დამინახეს და ერთი ეუბნება მეორეს: გოგო, ეს ის არ არის, „ღამის შოუში“ რომ უკრავსო? მეორემ თავიდან ფეხებამდე ამათვალიერ-ჩამათვალიერა და უპასუხა: არა, გოგო, ის უფრო მაღალი და გამხდარიაო (იცინის), დიდი მადლობა! არადა, ეკრანი ასუქებს, პირიქით... არა, ტანკენარი არც ისე ვარ, ცხოვრებაში, მაგრამ ეკრანი სხვაა. სხვათა შორის, სატელევიზიო გამოცდილება საერთოდ არ მქონია, მაგრამ საერთოდ არ გამჭირვებია. თავიდან კი მქონდა კამერის მომენტი, მაგრამ ის პავილიონი იმდენად ჩემი გახდა, საერთოდ აღარ მაღელვებს, რა რაკურსით მიღებს ოპერატორი. ოთარის იუმორზე ვგიჟდები, გადასარევი იუმორი აქვს! ხშირად „ვეღადავებით“ ხოლმე ერთმანეთს!
– ყველაზე „სასაცილო“ სიმღერა თუ გახსოვთ, რაც ეთერში გიმღერიათ.
– კი, როგორ არა, „ჩურჩულები“. იყო ბევრი, მაგრამ „ჩურჩულებმა“ გამორჩეულად „დახურა“. კონცერტებზე ვიხევით შუაზე, გემოვნებიან მუსიკას ვასრულებთ და არ არსებობს, პუბლიკამ ბოლოს „ჩურჩულების“ შესრულება არ მოგვთხოვოს. ჩვენ ისტერიკა გვემართება. ვერ ვხვდები, რატომ იკარგება იმის აღქმა, რომ ეს იუმორისტული გადაცემაა და რასაც ბენდი იქ მღერის, სერიოზულ კონტექსტში არ უნდა განიხილონ. ყველა ჟურნალისტს ვსაყვედურობ და შენც გისაყვედურებ – არც ერთი ჟურნალისტი არ დასწრებია ჩვენს კონცერტებს და ისე აკეთებენ შეფასებებს. მთელი ცხოვრება იმიტომ არ მისწავლია, რომ „კაკლის მურაბა“ ვიმღერო. ასეთ რაღაცეებს სერიოზულად არ ვეკიდები. თუმცა, ეს გადაცემა ჩვენთვის დიდი ტრამპლინია ფინანსურად.
– ჰო, მაგრამ თქვენი მუსიკა მასობრივი მსმენელისთვის არ არის განკუთვნილი.
– რა გითხრა... თბილისობაზე მოედანზე რომ ვიყავით, კარგად ავიყოლიეთ მსმენელი. ყველა ჩვენთან ერთად ცეკვავდა და მღეროდა. მესტიაში რომ გვქონდა კონცერტი, ჩემთვის აბსოლუტური შოკი იყო, ანეკდოტებით რომ იცნობ სვანებს – „ბანანებს ვინ ღუნავსო“ და რაღაც ეგეთები... მშვენიერი მსმენელი ყოფილა. მძიმეები კი არა, როგორ დახტოდნენ და ცეკვავდნენ, უნდა გენახა. უთბილესი ხალხია.
– ბენდის წევრებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
– გადასარევი. ერთი ოჯახი ვართ – როგორც დებთან, ძმებთან ისე ვართ ერთმანეთთან. „დედის“ მეძახიან. (იცინის) და მარტო ბენდი კი არა, სცენარისტები და ყველა. რაღაც ისე დაემთხვა, ერთნაირები აღმოვჩნდით და კარგად შევეწყვეთ. სულ ერთად ვართ, დღე და ღამე. არადა, აბსოლუტურად განსხვავებული ტიპები ვართ. ხშირად ვჩხუბობთ და ვდავობთ, ოღონდ მარტო მუსიკაზე – „სახეს ვახევთ“ ერთმანეთს, ვხოცავთ, მაგრამ ერთმანეთზე წინ არავის ვაყენებთ.
– არ განებივრებენ ბიჭები? ერთადერთი ქალი ხარ ბენდში...
– არა, განებივრებით არა, მე თანასწორობის მომხრე ვარ (იცინის). ისე, სულ „მეღადავებიან“: დედა, რა არის ახლა, მოგვბეზრდა უმამოდ სიარული – მიდი რა, ვინმე კაცი იშოვე, რამე ჰქენიო. გუფი ეუბნება მაჩვს: მაჩვი, ვინმე ისეთი კაცი არ გეგულება, ამ ქალისთვის რომ გემეტებოდესო? რა თქმა უნდა, არა! კარგი, მაშინ იაროს მარტოო (იცინის).
– შენი პირადი ცხოვრებით ინტერესდება პრესა?
– კი, მაგრამ, ჩემი პირადი, ჩემი პირადია. არც პაპარაცული ფოტო გადაუღიათ. ვცხოვრობ, ასე, დასამალი არაფერი მაქვს. საქართველოში ვერც იპაპარაცებ, ყველა ყველას იცნობს და ყველა ყველას ახლობელია. თუ სადმე მინდა წასვლა, დალევა და ცეკვა, მივდივარ, ვსვამ და ვცეკვავ. ჩუმად არ ვეწევი ტუალეტში (იცინის).
– მამაკაცის მიმართ, ალბათ, ძალიან მკაცრი მოთხოვნები გაქვს?
– კი, ნამდვილად, მაქვს ჩემი კრიტერიუმები. ცისფერთვალება და მაღალი უნდა იყოს აუცილებლად-მეთქი – ასე არ ვფიქრობ. ადამიანის მიმართ სიმპათია შეიძლება ერთმა კონკრეტულმა ჟესტმა გამოიწვიოს, თუნდაც რაიმეს გამოხატვამ... რაც მთავარია, მამაკაცი უნდა იყოს ძლიერი. თუ ვიგრძენი, რომ მამაკაცი ჩემზე სუსტია, გვერდით არ გავიკარებ. კი, დამიპატიჟებია მამაკაცი და მეც გადამიხდია, მაგრამ ეს ჩემი სურვილი უნდა იყოს და არა თვითონ მთხოვოს. ვიზუალობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ზოგადად, ყველას უნდა გვერდით კარგი გარეგნობის ადამიანი ჰყავდეს, მაგრამ თავს მის გვერდით კომფორტულად უნდა ვგრძნობდე, ეს არის მთავარი. ხშირ შემთხვევაში, მამაკაცების მხარეს ვარ ხოლმე. არ მესმის, როცა ქმარი დღე და ღამე „პახაობს“ ლუკმაპურის საშოვნელად, რატომ უნდა გჭირდეს ისტერიკა იმაზე, რომ 80-ლარიანი კოლგოტი არ გაცვია! ვიღაცისთვის კომფორტი წავის ქურქია, ჩემთვის კი სხვა რამ.
– მამაკაცი ფინანსურად ძლიერი უნდა იყოს, ალბათ.
– შეიძლება ოლიგარქი არ იყოს, მაგრამ „მარშრუტკისა“ და სიგარეტის ფული, მე არ უნდა მთხოვოს. ფულს თვლა უყვარს. მე პრაგმატული ადამიანი ვარ, რეალისტი. თეთრი თეთრია, შავი – შავი. ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას.
– მამაკაცისთვის შეგიძლია იბრძოლო?
– თუ ვიცი, რომ მას ჩემი დახმარება სჭირდება, კი, მაგრამ მოსაპოვებლად, ნამდვილად არ ავტეხ ომს. შენი ჭირიმე, მე შემომხედე, რა საყვარელი ვარ, იმას ნუ უყურებ-მეთქი, ეგ ჩემში არ ზის. არ ვარ პრანჭია და აქტიური ტიპი მაგ მხრივ... საერთოდაც, რთული ხასიათი მაქვს და ჩემ გვერდით ცხოვრება არ არის ადვილი. არ ვარ დამთმობი მარტო იმიტომ, რომ ქალი ვარ და აქ წარმატება არაფერ შუაშია. საქართველოში ვარსკვლავი ვერ იქნები, მე ისევე დავდივარ ბაზარში და ვმგზავრობ „მარშრუტკით“, როგორც შენ. „ლიმუზინი“ არ მემსახურება, არც ვარსკვლავური ავადმყოფობა მჭირს.
– შვილზე რას გვეტყვი?
– მყავს 8 წლის ზუკა, მეც მგავს და მამასაც. ძალიან თბილი და კონტაქტური ბავშვია. ჩხირკედელაობა უყვარს, მუსიკა, დადის ჩემს კონცერტებზე, რჩევებს და შენიშვნებს მაძლევს. თუმცა, ვერ ვატყობ მუსიკის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს, არც მის არჩევანში ვაპირებ ჩარევას. გარეგნობასთან დაკავშირებითაც ხშირად მაძლევს რჩევებს: „დედა, ამ კაბას ეს საყურე არ უხდება“. სახლიდან სანამ გავალ, თავიდან ფეხებამდე მათვალიერებს. ხომ იცი, ქმარი რომ გიყურებს – ქალო, მოკლე კაბა ნუ გაცვიაო, – აი, ეგრე (იცინის). სულ პატარა რომ იყო, 8 თვის „იავნანათი“ კი არ ვაძინებდი, სანამ „ჯადოსნური ფლეიტიდან“ არიას არ ვუმღერებდი, არ იძინებდა. ღამის 11 საათზე მეზობლების გასაგონად არიას გავკიოდი ბოლო ხმაზე.
– ყოფილ ქმართან როგორი ურთიერთობა გაქვს?
– არანაირი. იქიდან გამომდინარე, რომ არ არის ქალაქში. ტელეფონით გვეკონტაქტება. ცივილიზებულად, ყოველგვარი ცემა-ტყეპის გარეშე დავშორდით.