ლიდერი კაბაში
ვინ თქვა, რომ მამაკაცებს წარმატებული, ძლიერი ქალები არ მოსწონთ. ეს არის მითი, რომელიც ხელმოცარულმა, ქალებზე დაბოღმილმა კაცმა შეთითხნა. სინამდვილეში, მამაკაცების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქალი-ლიდერი, ეს არის წარმატებული პიროვნება, რომელსაც შეუძლია, ეფექტურად მართოს სიტუაცია და ადამიანები. ქალი-ლიდერი, მამაკაცების აზრით, ყოველთვის აკონტროლებს თავის ემოციებს; შესწევს უნარი, წარმატებით მოაგვაროს კონფლიქტი; ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეს სტრესული სიტუაციიდან. ასეთ ქალს თამამად შეგიძლია ენდო, – ფიქრობენ მამაკაცები. მისი ძლიერი ხასიათი შენს წარმატებასაც შეუწყობს ხელს.
ლიდერი კაბაში, არ არის შემთხვევითი მოვლენა. ამ ქალმა ზუსტად იცის, როდის რას სთავაზობს იღბალი. ხვდება ბედის მინიშნებებს და თუ რაღაც არ გამოსდის, დეპრესიაში არ ვარდება. უბრალოდ, ამბობს: ალბათ, ასე იყო საჭირო! მოქმედებს, როგორც წარმატებული ადამიანი. ყოველივე სიახლისთვის მზადაა. ყოველდღე საკუთარ თავს ეკითხება: „რა გავაკეთე დღეს წარმატების მოსაპოვებლად. გადავდგი პოზიტიური ნაბიჯი წინსვლისთვის?!“
არსებობს ერთადერთი პატარა პრობლემა. უფრო სწორად, რჩევა ბიზნეს-ქალბატონებისთვის. მათ არასოდეს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში, თუნდაც უზარმაზარ ძალაუფლებას ფლობდეს, ის მაინც ქალია. ასეც უნდა იყოს. გარდა ამისა, როგორი ძლიერი და დამოუკიდებელი, მამაცი და შეუპოვარიც არ უნდა იყოს, მას აუცილებლად სჭირდება ძლიერი მხარი დასაყრდენად.