როგორ დაეხმარა ვალერიან გუნია დაგლეჯილ-დაფლეთილ ვაჟა-ფშაველას
წელს ვალერიან გუნიას დაბადების 150 წლისთავია. მის შესახებ ბევრ საინტერესო ინფორმაციას ინახავს ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდის კოლექციებში დაცული წიგნები. დღევანდელ ინტერვიუში სწორედ ამ წიგნებზე და დიდი ქართველი მოღვაწის ბიოგრაფიულ დეტალებზე გვესაუბრება ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდის მთავარი სპეციალისტი ნინო ხვედელიძე.
– ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში დაცულ ილია ჭავჭავაძის პირადი კოლექციის წიგნებსა და ჟურნალებს შორის მრავლადაა მისადმი მიძღვნილი სასაჩუქრო ეგზემპლარი. ამ წიგნების უნიკალურობაზე ავტორთა, შემდგენელთა, გამომცემელთა თუ დამკვეთთა მინაწერები მეტყველებს. რამდენიმე მათგანს ვალერიან გუნიას ავტოგრაფი ამშვენებს: „თავ. ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძეს შემდგენელისაგან“; „თავად ილია ჭავჭავაძეს ავტორისაგან“; „დიდ ილიას პატარა ვალერიან გუნიასაგან“... – ეს გუნიასეული „საქართველოს კალენდრის“ რამდენიმე ეგზემპლარია.
– როგორც ჩანს, ამ ორ პიროვნებას მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებდათ.
– ილიასა და ვალერიანს დიდი მეგობრობა აკავშირებდათ. ვალერიან გუნია ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ჭეშმარიტი მოღვაწე და ილია ჭავჭავაძის ღირსეული თანამებრძოლი იყო. თანამედროვეებმა მას „თეატრის ილია“ შეარქვეს. ვალერიანი ჭავჭავაძეების ოჯახის მეგობარი და იქ გამართული „ხუთშაბათობებისა“ თუ „ილიაობების“ სასურველი სტუმარი გახლდათ. ილიამ ვალერიანი თანამშრომლად მიიწვია ჯერ „ივერიაში“, სადაც წერილებსა და რეცენზიებს „ვალიკო-...იას“ ფსევდონიმით ბეჭდავდა, მოგვიანებით კი სათავადაზნაურო ბანკში. 1907 წელს, როცა წიწამურში თავზარდამცემი ტრაგედია დატრიალდა და დიდი ილია მოკლეს, საზღვარი არ ჰქონდა ვალერიან გუნიას წუხილს. იგი ილიას დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. დაკრძალვის დღეს მან გოდებით სავსე გამოსათხოვარი სიტყვა წარმოთქვა. შავი ტანსაცმლით შემოსილი ვალერიანი წინ მიუძღოდა პროცესიას, რომელსაც მთელი საქართველო მიჰყვებოდა.
– თავად ვალერიან გუნიას შესახებ რას გვიამბობთ?
– შესანიშნავ მსახიობს, რეჟისორს, დრამატურგსა და მთარგმნელს, ვალერიან გუნიას, დიდი ღვაწლი მიუძღვის არა მარტო ქართული დრამატული თეატრისა და კინოს, არამედ ქართული ჟურნალისტიკისა და საგამომცემლო საქმის განვითარებაში. მისი თანამშრომლობა ბეჭდურ სიტყვასთან შედგა 1886 წელს, როცა ვასო აბაშიძემ იგი გაზეთ „თეატრის“ დროებით რედაქტორად დანიშნა. „თეატრიდან“ წამოსვლის შემდეგ მისი სტატიები იბეჭდებოდა „ივერიაში“; 1887 წელს მან დაიწყო „საქართველოს კალენდრის“ გამოცემა; მისივე რედაქტორობით 1896 წელს გამოდიოდა გაზეთი „ცნობის ფურცელი”, 1907-1908 წლებში – ყოველკვირეული იუმორისტული ჟურნალი „ნიშადური”; 1908 წელს – ჟურნალი „საქართველო“ და გაზეთი „ისარი“. ეს ის პოპულარული გამოცემებია, რომლებიც ვალერიან გუნიას სახელს უკავშირდება და რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს ქართული ჟურნალისტიკისა და საზოგადოებრივი აზრის განვითარების ისტორიაში.
– რას გვიამბობთ ვალერიან გუნიასა და მისი „საქართველოს კალენდრის” შესახებ?
– ვალერიან გუნიას „საქართველოს კალენდრის“ პირველი ნომერი დაიბეჭდა 1888 წელს. ის გამოდიოდა წელიწადში ერთხელ, სულ თოთხმეტი წიგნი დაისტამბა, ბოლო კი 1905 წელს გამოიცა. გუნია იყო კალენდრის შემდგენელი, სტატიების ავტორი, კორექტორი, გამომცემელი, რედაქტორი, საორგანიზაციო და საფინანსო საქმეების მომწესრიგებელი. ამის მიუხედავად, გამოცემულ 14 წიგნში, ერთის გარდა, ჯერ გამოუქვეყნებელი, ახალი მასალა იბეჭდებოდა. წიგნად გამოცემული მრავალგვარი ცნობებითა და ინფორმაციული მასალით აღჭურვილი კალენდარი ერთგვარ სამაგიდე ენციკლოპედიურ ცნობარს წარმოადგენდა. ამასთან, კალენდარში ყოველგვარი ინფორმაცია პოპულარული ენით იყო დაწერილი, რათა მისაწვდომი და გასაგები ყოფილიყო საზოგადოების ყველა ფენისთვის.
ვალერიან გუნია სტატიების მოსამზადებლად ძველი ქართული ხელნაწერებით სარგებლობდა. კალენდარში იპოვიდით მრავალ საჭირო და საინტერესო ინფორმაციას, ხალხური მედიცინისა და წამლების გამოყენების წესებს, ავადმყოფისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენისა და ქართული კულინარიის, ასტროლოგიური და ასტრონომიული საკითხების, სასოფლო-სამეურნეო იარაღებისა და აგრონომიის, მატარებელთა განრიგებისა და მგზავრობის ფასებს, ფოსტა-ტელეგრაფისა და სანოტარო ცნობების, სხვადასხვა კანტორათა და ნოტარიუსთა მისამართებს და ასე შემდეგ. „კალენდარი“ პასუხს იძლეოდა ადამიანის ყოფა-ცხოვრებისათვის საჭირო თითქმის ყველა საკითხზე.
გუნიასეულ და „საქართველოს კალენდრის“ პოპულარობაზე მიუთითებს გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილი წერილი, რომელშიც შუამთის მღვდელ-მონაზონი ტარასი იხსენებდა: „შევხვედრივარ სოფლად, რომ ვინმე ავად გამხდარა და მაშინვე ის დაუძახიათ, არიქა, გუნიას კალენდარი იშოვეთ სადმე და იქ ეწერება ავადმყოფობის წამალიო. უშოვიათ, მოუნახავთ სათანადო ადგილი, ზუსტად უსარგებლიათ იქ მოყვანილი ცნობებით და უშველიათ კიდეც ავადმყოფისთვის.“
– ჩანს, ეს კალენდარი დიდი პოპულარობით სარგებლობდა საზოგადოებაში.
– სწორედ რომ, მრავალფეროვნებით გამორჩეულმა კალენდარმა მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია თავის თანამედროვე საზოგადოებას და მრავალი საყურადღებო ინფორმაცია და მასალა შემოუნახა მომავალ თაობას. კალენდრის ფურცლებზე იბეჭდებოდა ქართველ სახელოვან მწერალთა: აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგის, იროდიონ ევდოშვილის, შიო მღვიმელის, ეკატერინე გაბაშვილის, ნინო ნაკაშიძის, შიო არაგვისპირელისა და სხვათა ნაწარმოებები.
– ვალერიან გუნიას ბიოგრაფიიდან რა არის ცნობილი?
– ვალერიან გუნია დაიბადა 1862 წელს სენაკის მაზრის სოფელ ეკში. მისი დაბადების თარიღი დოკუმენტებში სხვადასხვაგვარადაა მითითებული: უმრავლეს წყაროებში აღნიშნულია 9 ან 21 იანვარი. უფრო სარწმუნოა საეკლესიო ჩანაწერები, რომელთა მიხედვითაც, პატარა ვალერიანი 15 აპრილს დაბადებულა. მამა – ლევან გუნია, ქალაქ ფოთის თვითმმართველობის მოხელე იყო; დედა – ტასო (ანასტასია) ჩიჩუა, ადრე გარდაიცვალა და 6 წლის ასაკში დაობლებული ბავშვი მოძულე დედინაცვლის ხელში აღმოჩნდა. მას მზრუნველად ოჯახის მოსამსახურე, პოლონელი ემიგრანტი სტანისლავ გრინცევიჩი გამოუჩნდა, რომელიც მხატვრობისა და მუსიკის ნიჭით ყოფილა დაჯილდოებული. მეამბოხე სულის პოლონელმა საძირკველი ჩაუყარა მომავალი საზოგადო მოღვაწის პიროვნების ჩამოყალიბებას.
ფოთის სამაზრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მამამ იგი თბილისში წამოიყვანა და 1876 წელს თბილისის რეალურ გიმნაზიაში მიაბარა. ბეჯითი ყმაწვილი ძალიან კარგად სწავლობდა და მოსწავლეთა საიდუმლო წრეს მეთაურობდა. მისი თანაკლასელები იყვნენ მომავალი მხატვრები – გიგო გაბაშვილი და რენე შმერლინგი. 1881 წლის 1 მარტს რევოლუციონერებმა რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მეორე მოკლეს. თბილისის რეალური სასწავლებლის მოსწავლეთა ერთმა ჯგუფმა დიდების ტაძრის გალავანში ფარულად მოაწყო იმპერატორის სულის მოსახსენებელი „მეფის შესანდობარი ქელეხი”. აქ ცარიზმის საწინააღმდეგოდ მრავალი მოსაზრება გამოითქვა. მგზნებარე სიტყვა წარმოთქვა ვალერიან გუნიამაც.
– რა მოჰყვა მისი მხრიდან ამ გაბედულ ნაბიჯს?
– ამ „გაბედული ნაბიჯისთვის” ვალერიან გუნია, სხვა მოსწავლეებთან ერთად, სასწავლებლიდან გარიცხეს ეგრეთ წოდებული „მგლის ბილეთით“. ვალერიანი ამხანაგების მიერ შეგროვილი ფულით სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა მოსკოვს, სადაც თავისუფალ მსმენელად ჩაირიცხა პეტროვო-რაზუმოვსკის სამეურნეო აკადემიაში. პარალელურად, საიმპერატორო მცირე თეატრში დაიწყო მუშაობა, გაეცნო სათეატრო ხელოვნებას და თარგმნა რამდენიმე პიესა. ამ საქმეში ვალერიანს დიდი დახმარება გაუწია ცნობილმა თეატრალურმა მოღვაწემ, ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინმა, რომელიც იმხანად მოსკოვის მცირე თეატრში მსახურობდა. 1882 წელს, იმპერატორ ალექსანდრე მესამის ტახტზე ასვლასთან დაკავშირებით, პოლიციამ ყველა არასაიმედო პირი ქალაქს მოაშორა და მათ შორის ქართველი სტუდენტიც გამოაძევა საქართველოში.
– ამის შემდეგ რა ხდება?
– სახალხო თეატრის იდეით გატაცებული ვალერიანი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იგი განსაკუთრებით დაინტერესდა სასცენო ხელოვნებით და თეატრის მოყვარულთა წრის აქტიური თანამშრომელი გახდა. ვალერიანის დიდი ნიჭი ადვილად შეამჩნია ვასო აბაშიძემ, რომელმაც იგი 1883 წელს პროფესიულ სცენაზე გამოიყვანა. ამის შემდეგ გუნია ერთგულად ემსახურებოდა ქართულ თეატრს. თავისი შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში კინოსა და თეატრში ხუთასამდე სხვადასხვა ხასიათის როლი ითამაშა. 1934 წელს კი მას რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.
– რას გვიამბობთ გუნიასა და თეატრის შესახებ?
– ქართული თეატრის დასს მატერიალურად ძალიან გაუჭირდა. რეპერტუარის შესანარჩუნებლად რაღაც უნდა ეღონათ. ვასო აბაშიძეს უთქვამს, თეატრში ერთი ვალიკო გვყავს დაუოჯახებელი, იქნებ, მდიდარი ქალი შეირთოს და ჩვენც გვეშველოსო. მართლაც, ასე მოხდა: ვალერიანი გარიგებით დაქორწინდა ქიზიყელი გლეხის, ივანე გომელაურის ასულზე. ივანე განათლებულიც ყოფილა და შეძლებულიც – უზარმაზარი მამულები ჰქონია. მისი ერთ-ერთი ქალიშვილი, ნინა, ბოდბის მონასტერში იზრდებოდა. ვალერიანი ნინა გომელაურზე 1898 წელს დაქორწინდა. გარიგებისას შეთანხმდნენ, რომ მზითევის ნახევარი თეატრალურ სალაროში უნდა გადასულიყო, მეორე ნახევარი კი ოჯახს უნდა მოხმარებოდა. ივანე გომელაურმა ხელი მოაწერა ამ გარიგებას. ვალერიანმა მზითევში მიიღო საკუთარი სახლი, მიწები და 25 000 მანეთი (ოქროთი) და დაქორწინებისთანავე შეიძინა სტამბა, რომლის კურთხევა დიდი ნადიმით აღინიშნა. მას ილია ჭავჭავაძეც ესწრებოდა. ვალერიან გუნია შემდგომშიც უშურველად ახმარდა საკუთარ ქონებას თეატრსა და ბეჭდურ გამოცემებს. ამ მხრივ საინტერესოა მისი მეუღლის, ნინას მოგონებები, საიდანაც ირკვევა, რომ ვალერიანს ორი ათასი მანეთი გაუტანებია კოტე მესხისთვის საფრანგეთში, ფრანგული კომედიების შესასწავლად. ბუნებით მეტად მზრუნველი ვალერიანი ყველას ეხმარებოდა. მისი მეუღლის მოგონებებში ვკითხულობთ: „...მთიდან ჩამოვიდა დაგლეჯილ-დაფლეთილი ვაჟა-ფშაველა. ვალერიანმა მის პატივსაცემად წარმოდგენა გამართა. ჩააცვა და დაახურა. ამ წარმოდგენის შემდეგ ვაჟა ავად გახდა. ვალიკომ ის საავადმყოფოში მოათავსა და პატრონობდა.”
– შვილები თუ ჰყავდა ვალერიან გუნიას?
– ვალერიანს ოთხი შვილი ჰყავდა: ვალერიანი (ვალიკო), ანასტასია (ტასო), დოდო და, ნაბოლარა – ნონა, რომელიც 20 წლით უმცროსი იყო ძმაზე. ვალერიანის ვაჟი 1937 წელს დააპატიმრეს, 1938 წელს იგი გარდაცვლილა. დოდო კონსტანტინე კუზნეცოვს გაჰყვა ცოლად. იგი ფეხმძიმედ იყო, როცა ვალერიანი კვდებოდა. ისე მოხდა, რომ გუნიას შთამომავლობა ქალების ხაზით გაგრძელდა. ვალერიანს დაუბარებია შვილისთვის: თუ ვაჟი გაჩნდა, გიორგი დაარქვით და ჩემი გვარი მიეცით; ვალიკოს ნუ დაარქმევთ, ეს სახელი უბედურების მომტანიაო. მართლაც, 1938 წელს დაიბადა გიორგი. ვალერიანი ამავე წელს გარდაცვლილა 77 წლის ასაკში. ამ დროს ოჯახი უკვე გაღარიბებული იყო. გარდაცვლილს ფეხსაცმელიც კი არ ჰქონია და თეატრიდან მოუტანიათ.
ვალერიანი მუდმივად სათვალეს ატარებდა. თურმე პატარაობისას, ვალერიანს „ჩილიკაობის“ თამაშისას ჯოხი მარცხენა თვალში მოხვედრია და ისე დაუზიანებია, რომ მისი ოდესაში წაყვანა და შუშის თვალის ჩასმა გამხდარა საჭირო.
დიდი მსახიობი და საზოგადო მოღვაწე ძალიან კარგად ხატავდა. გასაოცარია, მაგრამ მისი ნახატები არსად ჩანს. მან დაგვიტოვა მდიდარი მემკვიდრეობა თეორიული წერილებისა და ისტორიული ნარკვევების სახით, რომლებიც საკითხთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ვალერიან გუნიამ მთელი თავისი ნიჭი და ენერგია ქართული კულტურისა და ხელოვნების უანგარო სამსახურს შეალია.