რა ღირს მილიარდერებისთვის განკუთვნილი „აიფონი” და რომელი კომპანია აწარმოებს არაყს და შამპანურს მხოლოდ მილიარდერებისთვის
შეძლებულ ადამიანს ყველაფერი საუკეთესო და ძვირად ღირებული უნდა ჰქონდეს. ავტომობილი – ყველაზე სწრაფი და ყველაზე კომფორტული; ალკოჰოლური სასმელი – ძვირად ღირებული და ხარისხიანი; საკვები – ეკოლოგიურად სუფთა და მსოფლიოს საუკეთესო მზარეულის მიერ მომზადებული; ტექნიკა – ყველაზე ძვირად ღირებული, უნაკლო, ძვირფასი ლითონითა და თვლებით მორთული. მილიარდერების შოპინგიც კი განსხვავებულია, ჩვეულებრივი ადამიანის შოპინგისგან. „თბილისელების” ამ ნომერში შემოგთავაზებთ, სპეციალურად, შეძლებული ადამიანებისთვის დამზადებული ნივთების, სასმელების, ავტომობილებისა და სხვა ახირებათა ჩამონათვალს, რაც მხოლოდ მილიარდერების ჯიბისთვის არის ხელმისაწვდომი.
სუბმარინები მილიარდერებისთვის
როგორც ჩანს, მილიარდერების სტატუსის განმსაზღვრელ სიმბოლოთა დრო წარსულს ჩაჰბარდა, უკვე აღარავის უკვირს ძვირად ღირებული იახტები, მოოქრული ავტომობილები და რეაქტიული თვითმფრინავები. ახლა მოდაშია საკუთარი წყალქვეშა ნავების მთელი ფარეხი. ჰოლანდიური კომპანია U-Boat Worx მინისუბმარინების წარმოებით არის დაკავებული. მათი ფასი ერთი მილიონი დოლარიდან იწყება და კომპანიის ძირითადი კლიენტურა სპარსეთის ყურედანაა – არაბი შეიხები, ემირები და მენავთობეები. სუბმარინი წყლის ქვეშ 100 მეტრ სიღრმეზე ჩადის და აკუმულატორი 6-საათიან მუშაობაზეა გათვლილი. კიდევ ერთი კომპანია, რომელიც სპეციალურად მილიარდერებისთვის ამზადებს სუბმარინებს არის U.S. Submarines. ის აქცენტს ფუფუნებასა და მაღალ ფასზე აკეთებს. მათი წყალქვეშა ნავი Phoenix 1000 სიგრძეში 65 მეტრია, 470 კვადრატული მეტრის ფართობით ეს არის „მონსტრი”, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და წყალქვეშ ავტომატურ რეჟიმში რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობს. წყალქვეშა ნავების ბიზნესით უკვე დაინტერესდა ქარიზმატული ბრიტანელი მილიარდერი, რიჩარდ ბრენსონი, მან 17 მილიონ დოლარად შეიძინა 5,5 მეტრი სიგრძის წყალქვეშა ნავი, რომელიც 24 საათის განმავლობაში, წყალქვეშ 11 კილომეტრის სიღრმეზე, ავტომატურ რეჟიმში მუშაობს. წყალქვეშა ნავების მფლობელები არიან – „მაიკროსოფტის” თანადამფუძნებელი, პოლ ალენი; რუსი ოლიგარქი, რომან აბრამოვიჩი და სხვები.
„ბენტლის” შეთავაზება
მილიარდერებს
საავტომობილო კომპანია „ბენტლის” ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2014 წელს გასაყიდად გამოვა ამ მარკის ავტომობილი, რომელიც სპეციალურად უგზოობისთვის იქნება გათვლილი. ბრიტანელების თქმით, ეს იქნება მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული „ჯიპი”. „ბენტლის” შეფის, ვოლფგანგ დიუერმაიერის თქმით, „ბენტლის” პირველი „ჯიპი” საუკეთესო იქნება, ამავე ტიპის ავტომობილებს შორის, რომლის ძარა კლასიკური „ბენტლის“ კუპესა და „ჯიპის” ტიპის ავტომობილის „ჰიბრიდია”. „ბენტლის” ახალი ავტომობილის სავარაუდო ფასი 120 ათასი ფუნტი სტერლინგია, საავტომობილო ბაზარზე ის 2014 წლიდან გამოჩნდება და უკვე ცნობილია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც პირველი შეკვეთები მიიღეს – რუსეთი, ჩინეთი, ამერიკა და არაბული სამყარო სპარსეთის ყურეში.
არაყი მილიარდერებისთვის
ამერიკულმა კომპანია Leon Verres Luxury Group-მა ყველაზე ძვირად ღირებული არაყი გამოუშვა, რომლის შეძენა მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ადამიანს შეეძლება. ერთი ბოთლი Le Billionaire Vodka-ს ფასი 3,75 მილიონი ამერიკული დოლარია. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, უნიკალური ბოთლი გაფორმებულია 3 000 ცალი ბრილიანტის თვლითა და ძვირფასი ბეწვის შეფუთვით. ხუთლიტრიან ბოთლში ბრილიანტის ფილტრში გატარებული არაყი ასხია. საინტერესოა, რომ თითოეულ ბოთლს მოჰყვება ხელთათმანების წყვილი, რომელთა საშუალებითაც უნდა დაისხას არაყი. ამ არყის შემკვეთების უმეტესობა რუსეთის ფედერაციიდან დაუკავშირდნენ კომპანიას. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნით ადრე, იგივე კომპანიამ საზოგადოებას შამპანურის ბოთლი წარუდგინა, რომლის ღირებულება 2,75 მილიონი დოლარია. Le Billionaire Champagne 9-ლიტრიანი ბოთლია, რომელიც გაფორმებულია ძვირფასი ბრილიანტებითა და ხელოვნური ბეწვის შეფუთვით, ხოლო თავად შამპანურს თაფლის, ვანილისა და ყვავილების არომატი ანიჭებს უცხო გემოს.
მილიარდერთა კლუბები
სტამბულის ფინანსურ ცენტრში, თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ სასტუმრო The Edition Hotel-ში გაიხსნა მილიარდერებისთვის განკუთვნილი კლუბი. ის მსოფლიოში მეორეა, სარდინიაზე მდებარე „კოსტა ესმერალდას” შემდეგ, რომლის მფლობელი იტალიელი მულტიმილიონერი, ცნობილი ფლეიბოი და „ფორმულა 1-ის“ საჯინიბოს მფლობელი, ფლავიო ბრიატორეა. კლუბის წევრები მსოფლიოში ცნობილი მილიარდერები საქმიანი შეხვედრებისთვის სტამბულის ხშირი სტუმრები არიან. კლუბის წევრებს ექსკლუზიურ კერძებს სთავაზობს რესტორან „ჩიპრიანის” შეფმზარეული. კლუბის დიზაინზე კი, მსოფლიოს საუკეთესო დიზაინერები მუშაობდნენ. კლუბი მხოლოდ მილიარდერებისა და მულტიმილიონერების საქმიანი შეხვედრებისა და წვეულებებისთვის არის განკუთვნილი.
პოპკორნი მილიარდერებისთვის
პოპკორნი მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიულ საკვებად მიიჩნეოდა მანამ, სანამ კომპანია „ბერკომ” სპეციალურად, მილიარდერებისთვის არ დაამზადა მისი ძვირად ღირებული ვერსია. „პოპკორნი მილიარდ დოლარზე” დამზადებულია ორგანული შაქრისგან, Vermont Creamery-ის ნაღების კარაქისგან, Nielsen Massey-ის ვანილისგან, მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული მარილისგან, რომელიც დანიის კუნძულ ლესზე მოიპოვება და 23-კარატიანი საკვები ოქროსგან. მიუხედავად იმისა, რომ პოპკორნის ინგრედიენტებს შორის ოქროც არის, ყველაზე ძვირად ღირებული პროდუქტი მარილია, რომლის მოპოვება 80-იანი წლებიდან მცირე დოზებით ხორციელდება.
„აიფონი“ მილიარდერებისთვის
აწ გარდაცვლილი სტივ ჯობსი, როდესაც თავის ერთ-ერთ, ყველაზე ცნობილ პროდუქტზე – „აიფონზე” მუშაობდა, მის მასობრივ გაყიდვაზე ფიქრობდა და არა ცალკეულ ადამიანებზე. მისი გარდაცვალების შემდეგ, ბრიტანელმა დიზაინერმა – სტიუარტ ჰიუზმა „აიფონის”, სავარაუდოდ, ყველაზე ძვირად ღირებული დიზაინი შექმნა, რომლის ყიდვა მხოლოდ მილიარდერებს, ან მათთან დაახლოებულ პირებს შეეძლებათ. Apple iPhone 4 Billionaire Toy-ის კორპუსი 24-კარატიანი ოქროთი და პლატინით არის მოპირკეთებული, ხოლო ჩარჩო – „სვაროვსკის” კრისტალებით შემკული. ასეთი „აიფონის” ფასი 7 ათასი ფუნტი სტერლინგიდან იწყება.
მილიარდერები შოპინგზე
„ფორბსის” ვერსიით, ყველაზე ხელგაშლილი მყიდველი, ჰეჯ-ფონდის მფლობელი, მილიარდერი სტივენ კოენია, რომელსაც დიდძალი თანხის ხარჯვა არ ენანება. კოენმა 110 მილიონი დოლარი გადაიხადა ჯასპერ ჯონსის ცნობილ ტილოში, „დროშა”, მას ასევე, არ დაენანა 35,4 მილიონ დოლარად შეეძინა აუქციონზე ენდი უორჰოლის მიერ შექმნილი „კოკა-კოლის” შავ-თეთრი სურათი. შოპინგის მოყვარულია, პირველი პაკისტანელი მილიარდერი, მიან მუჰამედ მანშა, რომელიც მხოლოდ ექსკლუზიურ ნივთებს იძენს. ასეთია ლონდონში მდებარე სასტუმრო St. James Hotel & Club, რომელშიც მანშამ 95 მილიონი დოლარი გადაიხადა, ექსპერტების გათვლით, სასტუმროს ერთი ოთახი მილიარდერს 1,5 მილიონი დოლარი დაუჯდა. ტეხასელმა ნავთობმაგნატმა, კელსი უორენმა კი, ახლახან კოლორადოს შტატში რანჩო იყიდა, რომლის ფასი 46,5 მილიონი დოლარია. ცნობისთვის, რანჩოზე 50-მდე სტუმარი დაეტევა და იქვეა, საკუთარი სპა და აკვაცენტრები. ლონდონელმა იუველირმა და ამავე დროს მილიარდერმა, ლოურენს გრაფმა მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული – 46 მილიონ დოლარად შეფასებული 24,78-კარატიანი, ვარდისფერი ბრილიანტი იყიდა. ბოლო დროის მილიარდერთა შოპინგ-ტურებიდან აღნიშვნის ღირსია – მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის, კარლოს სლიმ ელუს მიერ 44 მილიონ დოლარად ნაყიდი სახლი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე; მეწარმე უეინ ჰუიზენგის 40 მილიონ დოლარად ნაყიდი გოლფ-კლუბი „ფედერიკა”, რომელიც კუნძულ წმიდა საიმონზე მდებარეობს და 2 500 აკრ ტერიტორიას მოიცავს; ასევე, ჰონგკონგელი მილიარდერის, ჯოზეფ ლოს 16,7 მილიონ დოლარად შეძენილი ორი ცალი წეროს ფორმის ანტიკვარული საფერფლე.