რის გამო არ ჭამს ნიორს დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელიზაბეთ მეორე და ვინ უწოდებდა პრინც ფილიპს „ბარბაროსს“
2012 წლის 6 თებერვალს ზუსტად 60 წელი შესრულდა, რაც დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტზე დედოფალი ელიზაბეთ მეორე ავიდა. 1952 წლის თებერვალში მამის, მეფე გეორგ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ, 25 წლის ელიზაბეთ ალექსანდრა მარიამ ტახტი გადაიბარა და ამჟამად ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ასაკოვან მონარქად ითვლება. მისი მეუღლე, პრინცი ფილიპი, ედინბურგის ჰერცოგი და გრინვიჩის ბარონი, წელს 91 წლის იუბილეს აღნიშნავს. სამეფო წყვილის შესახებ გავრცელებულ საინტერესო ფაქტებს „თბილისელების” ამ ნომრიდან შეიტყობთ.
* დიდი ბრიტანეთის მომავალმა დედოფალმა ელიზაბეთმა თავისი საქმრო, საბერძნეთისა და დანიის პრინცი ფილიპი, 1934 წელს გაიცნო. მათი მომდევნო შეხვედრა 1939 წელს დართმუტში, სამეფო სამხედრო-საზღვაო კოლეჯში შედგა, 13 წლის ელიზაბეთს პრინცი ფილიპი შეუყვარდა და მათ შორის ხშირი მიმოწერა დაიწყო. წყვილი 1947 წლის 20 ნოემბერს ვესტმინსტერის სააბატოში დაქორწინდა. ქორწინების ცერემონიის დასრულების შემდეგ, ახალდაქორწინებულებმა ბუკინგემის სასახლეში გადაინაცვლეს, სადაც საზეიმო ვახშამი გაიმართა. ელიზაბეთმა და ფილიპმა 2 500 საქორწინო საჩუქარი მიიღეს. დაქორწინებამდე პრინცმა ფილიპმა უარი თქვა დანიურ და ბერძნულ ტიტულებზე, ბერძნული მართლმადიდებლობიდან ანგლიკანური ეკლესიის მორწმუნე გახდა, აიღო დედის ბრიტანული ოჯახის გვარი მაუნტბატენი და მიიღო ედინბურგის ჰერცოგის ტიტული.
* ელიზაბეთისა და ფილიპის დაქორწინებამდე, ბრიტანულ სამეფო ოჯახში ფილიპზე არაერთგვაროვანი აზრი ჰქონდათ. ფილიპი არ იყო ფინანსურად უზრუნველყოფილი, არ ჰქონდა ბრიტანული წარმომავლობა, მისი დები გერმანელ დიდგვაროვნებზე იყვნენ გათხოვილნი, რომელთაც კავშირი ჰქონდათ ნაცისტურ რეჟიმთან. ელიზაბეთის დედის გვიანდელ ბიოგრაფიებში აღნიშნულია, რომ დედა-დედოფალი მათი კავშირის წინააღმდეგი იყო და ფილიპს „ბარბაროსადაც” კი მოიხსენიებდა. თუმცა, მოგვიანებით, ბიოგრაფ ტიმ ჰილდთან საუბარში დედოფალმა აღნიშნა, რომ ფილიპი ნამდვილი „ინგლისელი ჯენტლმენია”. ქორწილის შემდეგ ელიზაბეთი და ფილიპი უინძორის სასახლესთან ახლოს, უინდლშერ მურში ცხოვრობდნენ 1949 წლამდე. შემდეგ ისინი ლონდონში, კლარენს-ჰაუსში გადასახლდნენ. 1949-1951 წლებში ედინბურგის ჰერცოგი, სამეფო ფლოტის ოფიცრის რანგში კუნძულ მალტაზე მსახურობდა. იმ პერიოდში ელიზაბეთი ხშირად აკითხავდა მეუღლეს და ისინი მალტურ სოფელ გვარდამანგიაში ცხოვრობდნენ, ფილიპის ბიძის, ლორდ მაუნტბატენის მიერ დაქირავებულ სახლში.
* დედოფალ ელიზაბეთ მეორის ერთი ჩვეულებრივი დღე: 7:30 დედოფალს აღვიძებს მოსამსახურე, რომელიც მიართმევს ერთ ჭიქა რძეს. დედოფალი რთავს რადიომიმღებს და უსმენს „ბი-ბი-სის“ მეოთხე არხს. საუზმის დროს პრინც ფილიპის კამპანიაში, დედოფალი ათვალიერებს გაზეთებს; 9:30 დედოფალი ხვდება თავის მდივანს, რომელიც აცნობს მას კორესპონდენციას და დღის წესრიგს; 10:30 – საქმიანი შეხვედრების დრო: ლანჩზე დედოფალი ხვდება პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებსა და ხელოვანებს. დედოფლის მონახულება დღის ამ მონაკვეთში მისი ოჯახის წევრებისთვისაც კი მხოლოდ წერილობითი თანხმობით ხდება; 14:30 – დედოფალი სეირნობს სასახლის პარკში, ხოლო დღის მეორე ნახევარს საზოგადოებრივ საქმიანობას უთმობს: დედოფალი პატრონობს 600-მდე ორგანიზაციას და ფონდს; 18:30 – ყოველი სამშაბათის ამ დროს დედოფალი ხვდება პრემიერ-მინისტრს; 19:30 – თუ არ არის დაგეგმილი რაიმე შეხვედრა, ამ დროს დედოფალი მიირთმევს ჩაის მეუღლესთან ერთად. შემდეგ ვახშმობს, უყურებს ტელევიზორს და კროსვორდების გამოცნობით ერთობა; 23:00 – დედოფალი იძინებს, მანამდე კი ეცნობა დღის განმავლობაში მიღებულ წერილებს.
* აქ მოყვანილია რამდენიმე უცნობი ფაქტი დედოფალ ელიზაბეთ მეორისა და პრინც ფილიპის ცხოვრებიდან: ერთხელ დედოფალი გამოუტყდა სამხრეთაფრიკელ სკოლის მოსწავლეებს, რომ ყველაზე უსიამოვნო საქმიანობა მისთვის ფოტოგრაფების წინაშე პოზირებაა; დედოფალს უყვარს კარგად შემწვარი სტეიკი, თუმცა არ ჭამს ნიორს, რათა შეხვედრების დროს უხერხულად არ იგრძნოს თავი; ავსტრალიაში დედოფალს მოფერებით „ბეტის” ეძახიან. 1948 წელს, როდესაც ელიზაბეთის ფეხმძიმობის ამბავი გახდა ცნობილი, სამეფო ოჯახმა ამერიკიდან ნახევარი ტონა პამპერსები მიიღო საჩუქრის სახით; უკანასკნელი რევერანსი დედოფალმა 1952 წელს, მამის, მეფე გეორგ მეექვსის დაკრძალვაზე შეასრულა 1952 წლის თებერვალში; არსებობს ვერსია, რომ ბუკინგემის სასახლეში სეირნობისას დედოფალი ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, თავად აქრობს ანთებულ ნათურებს ოთახებში; დედოფალს 30 ნათლული ჰყავს; ელიზაბეთ მეორე პირველი ბრიტანელი მონარქია, რომელიც ვიზიტით ეწვია ჩინეთს. ეს მოხდა 1986 წელს; დედოფალმა მისალოცი გაუგზავნა „აპოლონ 11-ის” ასტრონავტებს, მთვარეზე პირველად ფეხის დადგმის აღსანიშნავად 1969 წლის 21 ივლისს. გზავნილი მიკროფირზე იყო ჩაწერილი და ის მთვარეზე, სპეციალურ ლითონის კონტეინერში ინახება; პრინცი ფილიპი სამეფო ოჯახის პირველი წევრია, რომელიც საბჭოთა კავშირს ეწვია 1973 წელს; პრინცი ფილიპის წინაპრები იყვნენ: საბერძნეთის დედოფალი ოლღა კონსტანტინეს ასული და რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ პირველი; ექვსი წლის ასაკში პრინცი ფილიპი შეხვდა თავის შორეულ ნათესავს, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის ქვრივს, რუსეთის უკანასკნელი მეფის, ნიკოლოზ მეორის დედას იმპერატრიცა მარია ფიოდოროვნას. ამ შეხვედრის დეტალები ფილიპს ბუნდოვნად ახსოვს.
* პრინცი ფილიპი ცნობილი კოლექციონერია. ის პოლიტიკური და მონარქიული კარიკატურების დიდ კოლექციას ფლობს. ედინბურგის ჰერცოგი თავადაც ხატავს. იგი ზეთის საღებავებით მუშაობს. ახალგაზრდობაში ფილიპი სამაჯურების დიზაინით იყო გატაცებული და ერთ-ერთი თავისი ნამუშევარი მან ქორწილში, თავის მეუღლეს, დედოფალ ელიზაბეთ მეორესაც კი აჩუქა.
* პრინცი ფილიპი ცნობილია თავისი ექსტრავაგანტური იუმორით. მისი ცნობილი აფორიზმია: „თუკი ხედავთ, რომ მამაკაცი მანქანის კარს უღებს ქალს, ან მანქანაა ახალი ან ქალი”. ლონდონის სატრანსპორტო საცობებზე დებატების დროს, პრინცმა პრობლემის გადაწყვეტის შემდეგი ფორმულა წარმოადგინა: „ლონდონის პრობლემა ტურისტებია. ისინი არიან საცობების მიზეზი. თუკი შევაჩერებთ ტურიზმს საცობების არსებობასაც დავივიწყებთ”. ტურისტებთან დაკავშირებით პრინცმა ერთხელ განაცხადა, რომ ბრიტანეთს არ სჭირდება ტურისტები, რადგან ტურიზმი იგივე პროსტიტუციაა.
* 90 წლის ასაკის მიუხედავად, პრინცი ფილიპი აქტიურად მუშაობს. მისი სამუშაო გრაფიკი წინასწარ 3 თვეზეა გაწერილი. გარდა ამისა, პრინცი ფილიპი მუდამ თან ახლავს დედოფალს საგარეო ვიზიტების დროს და ასევე, დაკავებულია ქველმოქმედებით. ის არის ედინბურგის ჰერცოგის სახელობის პრემიის ავტორი და ყოველწლიურად, პირადად აჯილდოებს წარჩინებულ მოსწავლეებს.