კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდიდან მიიღებენ პენსიონერები 140-ლარიან პენსიას და რა სამედიცინო მომსახურებები შედის პენსიონერთა დაზღვევის 15-ლარიან პაკეტში

საქართველოს პარლამენტი გასულ კვირას, ჯერჯერობით საკომიტეტო მოსმენების დონეზე, ახალ საპენსიო პაკეტს განიხილავს და, როგორც საქმეს ამთავითვე ეტყობა, მისი დამტკიცება სესიაზეც დროულად მოხდება. იმ მარტივი მიზეზით, რომ ჩვენს ქვეყანაში 800 000-ზე მეტი ასაკით პენსიონერია, ცხადია, რომ საკითხი ზომაზე მეტად საინტერესო და აქტუალურია. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ასაკით პენსიონერთა რაოდენობა დაქირავებით დასაქმებულებს (დაახლოებით, 620 000 ადამიანს) ნახევარჯერ აღემატება, რის გამოც პენსიების მნიშვნელოვნად ზრდა გამორიცხულია (სტატისტიკური გათვლებით, ღირსეული პენსიის დასანიშნად თითო პენსიონერზე 2-3 დაქირავებით დასაქმებული მაინც უნდა მოდიოდეს). ჩვენთან კი, პენსიონერთა საერთო რაოდენობას ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობა მხოლოდ ორჯერ აღემატება. ასეა თუ ისე, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, გია ხუროშვილი განგვიმარტავს მთავრობის ახალი საპენსიო ინიციატივის დეტალებს.

– რას გულისხმობს ახალი საპენსიო პაკეტი?
– ადამიანები, რომლებიც არიან პენსიის მიმღები, ძალიან ხშირად სვამენ საკითხს, რომ პენსიასთან და, განსაკუთრებით, სოციალურ დახმარებებთან დაკავშირებული საკითხები არის პრობლემური. ხშირად ადამიანებმა არ იციან, რომელ უწყებას უნდა მიმართონ, არ იციან, რა ტიპის დახმარება ეკუთვნით. ამიტომ ხშირად უწევთ ერთი უწყებიდან მეორეში სიარული და, ეს ბუნებრივია, იწვევს დროის კარგვას, მატერიალური სახსრების ხარჯს და ამ ეტაპზე ჩვენ მიერ წარმოდგენილი პაკეტის მთავარი მიზანია, გამარტივდეს ადმინისტრირების პროცესი.
– ანუ საპენსიო თანხის გაზრდა კი არ იგეგმება, არამედ მხოლოდ ადმინისტრირების გაუმჯობესება?
– ლაპარაკია ადმინისტრირების გაუმჯობესებაზე, რაც გულისხმობს, რომ იქნება ორი ტიპის პაკეტი: ერთი საპენსიო, რასაც იღებენ მხოლოდ ასაკით პენსიონერები და დანარჩენ სხვას ერქმევა სოციალური დახმარების პაკეტი. ამ პაკეტით, მათ შორის, ისარგებლებენ ადამიანები, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან და იღებენ სხვადასხვა ტიპის შემწეობას.
– კერძოდ, რა ტიპის შემწეობაზეა ლაპარაკი?
– დევნილთა შეღავათები, გაზისა და ელექტროენერგიის შეღავათი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი გაერთიანდება. ბენეფიციართა ჩამონათვალი ძალიან დიდია. დაახლოებით, 200 კატეგორიის ადამიანს ეკუთვნის ეს სოციალური დახმარების პაკეტი და ისინი განსხვავებული ტიპის სოციალურ დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან. თითოეული, კონკრეტული ადამიანის გვარისა და სახელის გასწვრივ იქნება კონკრეტული პაკეტი და ჩამონათვალი, რომ მას ეკუთვნის ესა და ეს კონკრეტული დახმარებები. პაკეტები გაიცემა ერთი სარკმლის პრინციპით.
– სად იქნება ეს ერთი სარკმელი?
– ეს იქნება სპეციალური რეესტრი, რომელიც უშუალოდ სოციალური დახმარების სააგენტოსთან ერთად იმოქმედებს და კოორდინირებულად მოხდება იმ ტიპის პაკეტების გაცემა, სადაც ადამიანებს უფრო მეტი ინფორმაცია ექნებათ თავიანთი უფლებების შესახებ.
– ახალი სახელმწიფო სტრუქტურა უნდა შეიქმნას?
– დამატებით შეიქმნება სოციალურ მონაცემთა რეესტრი, სადაც ყველა ინფორმაცია მოიყრის თავს. ასევე, მარტივდება ადმინისტრირების პროცესი, გამომდინარე იქიდან, რომ შეიძლება ჩვენმა ოპონენტმა იკითხოს, ეს რატომ აქამდე არ გაკეთდაო. მეტსაც გეტყვით, მოქალაქეს სახლიდან გაუსვლელად ექნება ამის საშუალება და ჩვენ კანონში ვწერთ, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ ინტერნეტთან წვდომა, შეეძლებათ, პენსია ელექტრონული ფორმით დაინიშნონ.
– ამ საპენსიო ასაკში კომპიუტერზე მუშაობას ნუ მოვთხოვთ პენსიონერებს, მით უფრო, რომ დიდი ალბათობით, მათ არ აქვთ კომპიუტერი.
– იქიდან გამომდინარე, რაც თქვენ ბრძანეთ, გამარტივების პროცედურები ეტაპობრივია და ითვალისწინებს დროსა და რეალობას. არ უნდა მოვწყდეთ რეალობას და არ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ვერ შესრულდება, თუმცა იმავდროულად უნდა დავუშვათ ალტერნატიული მექანიზმები და, როდესაც ადამიანს შეუძლია ინტერნეტის გამოყენება, ან შეუძლია, ოჯახის წევრი დაიხმაროს და ამ ფორმით მიიღოს ესა თუ ის ინფორმაცია, უნდა მივცეთ საშუალება, სახლიდან გაუსვლელად მიიღოს სოციალური დახმარების სერვისები. გარდა ამისა, გაუქმდება შეზღუდვები, რომელთა მიხედვითაც ადამიანი ვალდებული იყო, პენსია დაენიშნა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ანუ თუ ცხოვრობდა სამტრედიაში, მას აუცილებლად სამტრედიაში უნდა დაენიშნა პენსია და ასე შემდეგ. ამჯერად ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება, ნებისმიერ ადგილას დაინიშნოს პენსია და გაარკვიოს თავის პენსიასთან დაკავშირებული მთელი რიგი პროცედურები.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღემდე რაიონულ ცენტრებში, სოციალურ სააგენტოებში ინიშნებოდა პენსიები. ამ ახალი საპენსიო პაკეტის დამტკიცების შემდეგ აღარ იქნება აუცილებელი, რომ თავისი სოფლიდან ადამიანი აუცილებლად ჩავიდეს რაიონულ ცენტრში პენსიის დასანიშნად. თქვენ იცით, რომ იხსნება სოფლის სახლები.
– არ ვიცი, რას ნიშნავს სოფლის სახლი?
– ეს არის იუსტიციის სახლის მსგავსი სამსახური, და მუშაობს ერთი სარკმლის პრინციპით. იქ გაერთიანდება ყველა ის სერვისი, რომელიც ადამიანს აინტერესებს და ასეთ შემთხვევაში, მას ექნება საშუალება, სოფლიდან გაუსვლელად მიიღოს აღნიშნული სერვისები. ეს არის მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც კონკრეტულ კანონპროექტშია ჩადებული. ჩვენ ვფიქრობთ, მხოლოდ ადმინისტრირების გამარტივება არ არის საკმარისი. ჩვენი აზრით, პენსიების გასული რვა წლის განმავლობაში არსებული ეტაპობრივი ზრდის დინამიკა უნდა შევინარჩუნოთ და რესურსების მობილიზაციის ხარჯზე, პენსიონრებმა მიიღონ ის დახმარება, რომელიც მათ ეუთვნით.
– უნდა შეიქმნას მონაცემთა ბაზა, ანუ დამატებით ხარჯს მოითხოვს ეს ახალი სამსახური?
– ეს არ იქნება ხარჯიანი სამსახური. თქვენ იცით, რომ ხშირად უწევდათ, მაგალითად, ზედმეტად გადახდილი პენსიების უკან დაბრუნება. მაგრამ რეალურად, ეს არის უკანონოდ მიღებული პენსიები, რადგან კანონი ადგენდა, თუ ადამიანი დაიწყებდა მუშაობას საჯარო სამსახურში, მას ან საბიუჯეტო ხელფასი უნდა მიეღო, ან პენსია, მაგრამ ადამიანები ხშირად მალავდნენ ამას.
–  ვერც პენსია უძლებს კრიტიკას და ვერც დაბალი დონის მოხელეთა ხელფასი.
–  გასაგებია, რომ ადამიანებს აქვთ სურვილი, მიიღონ ორივე, მაგრამ, კანონის თანახმად, ეს კანონგარეშე საქმიანობაა და უკანონოდ მიღებული პენსია ექვემდებარებოდა უკან დაბრუნებას. ამიტომ ჩვენ რამდენჯერმე მოგვიწია საპენსიო ამნისტიის გამოცხადება. ახლა კი, როდესაც მონაცემთა რეესტრი შეიქმნება, გამარტივებული პროცედურების პარალელურად, ჩვენ შევძლებთ, დავიცვათ მოქალაქეები ყოველგვარი გაუგებრობებისგან.
– მონაცემების ერთიანი ელექტრონული სია შეიქმნება და პენსიას და ხელფასს ერთდროულად ვეღარავინ აიღებს?
– ყველა მონაცემი აისახება კონკრეტული ადამიანების ბარათზე და მათ ვურჩევდით, იმოქმედონ კანონის შესაბამისად, რადგან ყველა ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელი იქნება.
– 2012 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ახალი სამსახურის შექმნა?
– რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღეთ საკმაოდ მკაცრი გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად მეტი საქმე გაკეთდეს ნაკლები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ხარჯზე. რეორგანიზებული ადმინისტრაციული რესურსებით უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი და, ამდენად, ზედმეტი ხარჯი არ იქნება. მონაცემები გაბნეულია სხვადასხვა სტრუქტურაში და უბრალოდ, მოხდება მათი გაერთიანება, რასაც დამატებითი ხარჯი არ დასჭირდება.
– გასაგებია, რომ კანონი მიღების შემდეგ ამოქმედდება, მაგრამ დრო არ დასჭირდება მონაცემების გამართვას?
– მოსამზადებელი სამუშაოები თითქმის დასრულებულია, რადგან ამაზე მთავრობა მუშაობს და ელექტრონული მმართველობა ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომელიც განაპირობებს ელექტრონულ დემოკრატიას. მისი მთავარი მიზანია, ნაკლები დროისა და ფინანსური რესურსების ხარჯზე, მოქალაქეებმა მაქსიმალური სერვისი მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან.
– ვიცით, რომ დღეს მაქსიმალური პენსია 110 ლარია, ვისაც მაქსიმალური სტაჟი აქვს, მინიმალური კი –  80 ლარი. თქვენ მიერ ნახსენები მეორე სოციალური პაკეტი რა თანხას მოიცავს?
– თუ ასაკით პენსიონერი იღებს სოციალურ დახმარებას, ეს თავს მოიყრის მის საპენსიო პაკეტში. მაგრამ, თუ ადამიანი არ არის ასაკით პენსიონერი, მაგრამ იღებს სოციალურ დახმარებას, ეს თანხა თავს მოიყრის სოციალური დახმარების პაკეტში.
– ჯერ კიდევ 2008 წლიდანაა საუბარი 100-დოლარიან პენსიაზე და ვერ მივაღწიეთ. ასაკით პენსიონრებისთვის, ბოლოს და ბოლოს, რა თანხაა გათვალისწინებული?
– ეს იქნება 140 ლარი და ეს უკვე გათვალისწინებულია ბიუჯეტის კანონით.
– გავშიფროთ, რა შევა ამ თანხაში.
– 125 ლარი პენსიაა, რასაც ფულადი სახით იღებს პენსიონერი და 15 ლარი არის სადაზღვევო პაკეტი, რაც უფრო მეტ მომსახურებას გულისხმობ, ვიდრე, ზოგადად, 15-ლარიანი დაზღვევა.
– ვინ არის დაზღვეული?
– ყველა ასაკით პენსიონერი. დაზღვევა გაიცემა სოციალური სააგენტოს მიერ.
– ანუ ჯერ არაფერი არ არის. იმას, რაზეც ისაუბრეთ, პენსიონრები სექტემბრიდან უნდა დაელოდონ.
– დაიწყება სექტემბრიდან. იმავდროულად, უკვე პირველი მარტიდან ამოქმედდება რეგულირების სააგენტო გაზრდილი  უფლებებით, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს ექნება უფლება, მიმართოს ამ სააგენტოს დარღვეული უფლების აღდგენის თხოვნით.
– დავიბენი: თუ სექტემბრიდან ამოქმედდება პენსიონერების საყოველთაო დაზღვევა, პირველი მარტიდან ამოქმედებული სამსახური რას გაუწევს მონიტორინგს?
– პენსიონერთა დაზღვევა ამოქმედდება პირველი სექტემბრიდან, მაგრამ დაზღვევის მონიტორინგი ამოქმედდება პირველი მარტიდან. პენსიონრების გარდა, ბევრი ადამიანია დაზღვეული.
– ახლა გავიგე. ანუ ამ ეტაპზე ასაკით პენსიონრებს, რომლებიც არ არიან უმწეოთა კატეგორიაში, გარდა დღეს არსებული პენსიისა, სხვა რა დამატებითი შეღავათები ელით?
– დაზღვევა.
– რომელსაც სექტემბრიდან მიიღებენ?
– დიახ, მაგრამ ასე ცალსახად არ შეიძლება, ვთქვათ, რომ დღეს პენსიონრებს მხოლოდ ეს პენსია აქვთ. გარდა ამისა, ჯანდაცვის სექტორში არსებობს ძალიან ბევრი შეღავათი, ჯანდაცვის მთელი რიგი პროგრამების სახით. ხოლო, თუ პენსიონერი, იმავდროულად, სოციალურად დაუცველია, მოქმედებს სოციალური დახმარებების პაკეტები. ხშირად ადამიანი არ მიიჩნევს, რომ ეს სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული სოციალური პროექტია.
– ხშირად არ იცის და ბევრმა არ იცის.
– ამიტომაც სოციალური დაცვის სააგენტო ძალიან მალე აამოქმედებს ოფიციალურ ვებ-გვერდს, სადაც თქვენ შეძლებთ, შეიყვანოთ პირადი ნომერი და მიიღოთ სრული ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ, რომლითაც სარგებლობა შეგიძლიათ.
– მესმის, რომ ყველა ვერ ხვდება უმწეოთა კატეგორიაში და ვერ იღებს დახმარებას. თუმცა, ალბათ, ასაკობრივი პენსიონრების არცთუ მცირე ნაწილი რეალურად უმწეოა, მაგრამ უმწეოს სოციალური სტატუსი არ აქვს, იმიტომ რომ ან მარტოხელაა, ან უმუშევარი შვილები ჰყავს. როგორ უნდა ირჩინონ მათ თავი თავიანთი 80-110 ლარით?
– ადამიანისთვის სოციალური სტატუსის მინიჭება გარკვეული კრიტერიუმებით ხორციელდება. თუმცა, მეორე მხრივ, მათ, ვინც აფასებს ადამიანების სოციალური დაცვის მდგომარეობას, აუცილებლად უნდა მივცეთ დისკრეცია, რომ ეს კრიტერიუმები გააანალიზონ რეალობასთან მიმართებაში. პრეზიდენტმა საკმოდ მკაფიოდ განაცხადა, მხოლოდ იმის მიხედვით არ უნდა იმსჯელო, ეკუთვნის თუ არა ადამიანს სოციალური დახმარება, გადაკვეთა თუ არა საზღვარი. ეს უნდა იყოს მესიჯი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც შედის ოჯახებში, რომ იმ ოჯახების მდგომარეობა შეაფასოს კომპლექსურად. ტელევიზორი ან მაცივარი არ არის საკმარისი კრიტერიუმი. ამიტომ მუდმივად ხდება ამ მონაცემების გადახედვა და სამინისტროს მიერ დაწყებული შეცდომების მონიტორინგი. არ შეიძლება, ცალკე პაკეტების ან პროგრამების მიხედვით შევაფასოთ ჯანდაცვის სისტემა. თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია და ადამიანმა უნდა მოიძიოს ინფორმაცია, რა ტიპის დახმარების მიღება შეუძლია.
– ჩვენთან საარსებო მინიმუმი და პენსია აცდენილია. პენსია საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. არ ფიქრობთ, გაათანაბროთ?
– მართალია, ამ ადამიანებისთვის არანაირი შვება არ იქნება, მაგრამ გავიხსენოთ, რომ არაერთმა წამყვანი ეკონომიკის ქვეყანამ აწია საპენსიო ასაკი და შეამცირა სოციალური ხარჯები.
– იქ სულ სხვა პრობლემებია: დასავლელ დასაქმებულებს არ უნდათ ორ წელს ზედმეტად შრომა, იმიტომ რომ ორი წლით ადრე უნდათ დამსახურებულ და უზრუნველ პენსიაზე გასვლა. ჩვენთან საპენსიო ასაკს უფრო სხვა დანიშნულებაც აქვს: უმუშევარი ადამიანები ელოდებიან საპენსიო ასაკს, რომ რაღაც თანხა მაინც მიიღონ პენსიის სახით.
– მაგრამ აი, ამ გარეშე ფაქტორების მიუხედავადაც, საქართველოში გრძელდება პენსიების ზრდის დინამიკა და ის დანაპირები, რომ პენსიები გაიზრდება 100 დოლარამდე, აუცილებლად შესრულდება, თუმცა წინასწარ ვერ ვიტყვით, ეს როდის მოხდება. ჯერჯერობით შეგვიძლია, ვისაუბროთ მხოლოდ ერთ პრინციპზე: ხელისუფლება ცდილობს, ბიუჯეტში ნებისმიერი დამატებით მობილიზებული შემოსავალი, ისე, რომ არ დაირღვეს ეკონომიკური განვითარების ბალანსი, მოახმაროს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
– აუცილებლად უნდა შევნიშნო, რომ ჩვენთან პენსია გაიზარდა 70-დან 80-ლარამდე, 100-დან 110 ლარამდე, ევროპაში კი, ვთქვათ, 1 500-ევროიანი შემცირდა 1 300 ევრომდე. ამ ორი რეალობის ერთმანეთთან შედარება არაადეკვატური არ არის?
– ერთ რამეში გეთანხმებით: თანხები, შესაძლოა, განსხვავებულია, მაგრამ მთავარია, როგორია ხელისუფლების სამოქმედო გეგმა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქ კურსი სხვაა, ჩვენთან –  სხვა, ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს არ არის იმის კონტრარგუმენტი, რომ ადამიანებს სჭირდებათ მეტი სოციალური დახმარება და ეს უნდა გაკეთდეს.

скачать dle 11.3