ვეტერანების დამწიოკებელი
ანუ ჩახუტების კამპანია
როგორც ზემოდან გვაუწყებენ, ყოველ შემთხვევაში, მიმდინარე წლის პირველ მარტამდე, საქართველოს დაზღვეული მოქალაქეები ბატკნებივით დაუცველები ბრძანდებიან (ისიცაა, ცოტაცა, ცოტაცა და, გაზაფხულიც მოვა), ოღონდ, მხოლოდ პირველ მარტამდე. დიახ, პირველ მარტამდე, რადგან სწორედ მაშინ აიღებს სტარტს სპეცრეგულაციის სამსახური, რომელიც, თურმე, დაზარალებულ დაზღვეულებსა და დამზარალებელ სადაზღვევოებს მოარიგებს. მეორე მხრივ, რაც უნდა ამოქმედდეს, ეჭვი მაქვს, რომ, მაგალითად, საჯარო სკოლების დირექტორები (ყოველ შემთხვევაში, მათი ნაწილი) კვლავაც განაგრძობს ამა თუ იმ კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიასთან ჩახუტების კამპანიას (პირველწყაროთა, ანუ პედაგოგთა არაფორმალური ნაუბრებიდან ცნობილია, რომ მათ უკვე შევსებულ სადაზღვევო ვაუჩერებს ურიგებენ. ბუნებრივია, იმ სადაზღვევოსი, რომელიც იმ კონკრეტული სკოლის დირექტორს უფრო უკეთეს და პერსონალურად მისთვის განკუთვნილ მსუყე სადაზღვევო მომსახურებას სთავაზობს. სახელდობრ, ასეთთა შორის 52-ე საჯარო სკოლის დირექტორსაც ასახელებენ (მზღვეველი ჯერ –„ჯი პი აი ჰოლდინგი“, მოგვიანებით – „ალფა“). გამონაკლისს, თურმე, არც 51-ე სკოლა წარმოადგენს (მზღვეველი „ალფა“). ამ უკანასკნელის ყინულზე ფეხმოცურებულ პედაგოგებს დამზღვევი კომპანია ამბულატორიულ მომსახურებას კოჯრის ამბულატორიაში სთავაზობდა, თუმცა ამბულატორიასთან დაკავშირება, როგორც ამბობენ, ტელეფონითაც კი სრულიად შეუძლებელი იყო. თუმცა, აი, მაგალითად, „ირაომ“ უფრო მარტივი გზა არჩია და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები დააზღვია, ისე, რომ ვეტერანებისთვის არაფერი უკითხავს (შესაბამის ორგანოებს არც კონკრეტული ვეტერანის მონაცემებს დავამადლი), თან, რაც მთავარია: ვეტერანს პენსიიდან 10 ლარი ავტომატურად ჩამოაჭრა (რაც მართალია, მართალია, სკოლების შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიებს პედაგოგთა ხელფასებიდან იძულების რეჟიმში არაფერი ჩამოუჭრიათ).
ჩვენ არ ვიცით, რა მეთოდებით მოიყვანს ჭკუაზე ზემოხსენებული რეგულაციის სამსახური სადაზღვევოებს, თუმცა, ჯერჯერობით, ამ უკანასკნელთა მიდგომა დასაზღვევებისადმი ანეკდოტისეულია (პრინციპით, „უნდა მისცე ნასოსი“ და, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ცხადია, „ნასოსში“ შევსებული სადაზღვევო ვაუჩერი იგულისხმება). მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ სადაზღვევო კომპანიებს, უნდოდათ თუ არა, საავადმყოფოების აშენება დაავალეს, შესაძლოა, აქეთ – პედაგოგთა, იქით კი – პენსიონერთა დაწიოკებით ცდილობდნენ ზარალის ამოქაჩვას.