„მოვა, მაგრამ როდის?“
„სულმნათი რუსთაველი აკვანში რომ მომკვდარიყო?“
რაკი საქართველოს პარლამენტში თითქმის სრული იდილიაა, რასაც ისიც შველის, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები სრულ უმცირესობაში არიან, გაცილებით ცხოვლად ჩქეფს პოლიტსიცოცხლე დედაქალაქის საკრებულოში. ჰოდა, რაკი ჩქეფს, ამის პარალელურად კი, რატომღაც, პოლიციის ახალი შენობების აგება მაინცდამაინც პარკებში იგეგმება, თუმცა, მეორე მხრივ, განა კანონის დამცველებს აწყენთ სუფთა ჰაერის ყლაპვა (მით უფრო, რომ პარკებში დარჩენილი ხეების რაოდენობა მათ ფილტვებს ნამდვილად ეყოფა)?!
ჰოდა, მოსკოვისგამზირელთა გამოცდილების გათვალისწინებით (თვითმხილველთა თქმით, მრავალწლიანი ნარგავები ღამით მოუჭრეს), კიკვიძის ბაღში ხეების დასაცავად, ადგილობრივ მკვიდრებთან ერთად, „გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფისა“ და „საქართველოს გზის“ წარმომადგენლები ღამღამობით მორიგეობენ.
თავის მხრივ, დედაქალაქის მესვეურები გვპირდებიან, რომ მოჭრილი ხეების ნაცვლად ახალ ხეებს დარგავენ, რაც, მათი თქმით, ეკობალანსს შეინარჩუნებს (ვითომ მოტიტვლებული ადგილების ათვისება და იქ ხეების დარგვა არ ჯობს უკვე დარგულის მოჭრას?!).
როგორც ჩანს, არ სჯობს, თუმცა, თუ ნოდარ დუმბაძის გმირს დავესესხებით:
„სულმნათი რუსთაველი აკვანში რომ მომკვდარიყო, რა მოხდებოდა?
– სხვა მოვიდოდა.
– მაგრამ, როდის?!“