კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არის კახი კალაძის ცხოვრების წარმატების ფორმულა და ვის უყიდა მან საჩუქრები პირველი ხელფასით

ამბობენ, თუ ადამიანს  აუხდენელი ოცნება არ დარჩა, მისი ცხოვრება აზრს კარგავსო. როგორც კახი კალაძე ამბობს, მას აუხდენელი ოცნებებიც დარჩა ასახდენი და, ცხოვრების უკან დაბრუნება და მისი შეცვლა რომ შეეძლოს, რაღაცეებს აუცილებლად შეცვლიდა. როგორც მასთან საუბარში შევიტყვე, უცხოეთში ცხოვრება არც ისე იოლი ყოფილა. ხოლო, თუ როგორ რეაგირებს ის ჭორებზე, როგორი მეუღლეა, ენერგიის რამდენი პროცენტის დახარჯვა მოასწრო 33 წლის ასაკში და რა არის მისთვის ბედნიერების საზომი, ამაზე თავად გვესაუბრება.

 

კახი კალაძე: რომ მეკითხებიან, ხარ თუ არა ბედნიერი ადამიანიო, ვფიქრდები. ბედნიერება პირობითი ცნებაა და, ჩემი აზრით, სრულყოფილად ბედნიერი ადამიანი ამქვეყნად არ არსებობს. ჩემთვის, როგორც ყველა ნორმალური ადამიანისთვის, ბედნიერების საზომი კრიტერიუმი ერთია: ოჯახური სიმყუდროვე, შვილებისა და ახლობლების ჯანმრთელობა და ქვეყნის ნათელი მომავალი. 

– იღბლიანი ნამდვილად ხარ. ბედისწერის გჯერა?

– გეთანხმებით, იღბლიანი ნამდვილად ვარ. რაც შეეხება ბედისწერას, თამარ გვერდწითელის ცნობილი სიმღერა მახსენდება: „ბედი ისეთი რამაა, ვერ გაექცევა ვერავინ...”. ბედისწერის მჯერა, მაგრამ, ვფიქრობ, ყველაფერი უფლის ნებით ხდება და მას წინ ვერ აღვუდგებით. 

– დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდი შენს განვლილ ცხოვრებაში?

– სამწუხაროდ,  დროის უკან დაბრუნება შეუძლებელია, მაგრამ, რომ შემეძლოს, ჩემი ცხოვრების ორიოდ მონაკვეთს საერთოდ შევცვლიდი. ოღონდ, არ მკითხოთ რასო, არ მინდა ამ თემის განვრცობა. იმედია, ისედაც მიხვდებით. 

– კარგი, არ განვავრცოთ. მაშინ, ის მითხარი, როგორი მეუღლე ხარ და თუ ეჭვიანობ ხოლმე ანუკიზე, როცა ის შენ გვერდით არ არის?

– ეჭვიანობისა რა გითხრათ, მაგრამ,  როგორც ანუკი ამბობს, ძალიან კარგი მეუღლე ვარ. საფუძველი კი არ გვაქვს, არ დავუჯეროთ (იცინის). ისიც საოცრად თბილი და მოსიყვარულე მეუღლე და ძალიან კარგი დედაა. ანუკი თავმდაბალი პიროვნებაა, ოჯახის, ახლობლების მოყვარული, ძალიან პრინციპული და მიზანდასახული ადამიანი. ასე რომ, მის დადებით თვისებებზე საათობით შემიძლია, ვისაუბრო. სულ ვცდილობ, გავანებივრო, სიურპრიზები მოვუწყო. ახლობლებსაც ხშირად ვუწყობ სიურპრიზებს და ეს პროცესი საოცრად მომწონს. 

– ესე იგი, მეუღლეს სიურპრიზებით ანებივრებ?

– ვცდილობ ხშირად მოვუწყო სიურპრიზები, მაგრამ არ მოვაბეზრო (იცინის).

– შვილს ყველა კაპრიზს უსრულებ?

– ვცდილობ, რაც აუცილებელია, ბავშვს ის სურვილი ავუსრულო, კაპრიზებისა კი რა მოგახსენოთ. ბუბუ ძალიან მგავს – ჩემსავით ცაციაა და ძალიან უყვარს ფეხბურთი. ხშირად ვთამაშობთ ერთად. როცა თავისუფალი დრო მაქვს, ერთად ვსეირნობთ. ვფიქრობ, ბავშვის აღზრდაში, დედასთან ერთად, არანაკლები წვლილი მამამაც უნდა შეიტანოს.

– კახი, ამბობენ, კაცებს ცოლები სამზარეულოში და საძინებელში უყვართო. შენც ასე ფიქრობ?

– (იცინის) ცოლი ყველგან და ყოველთვის უნდა გიყვარდეს კაცს – საძინებელშიც, სამზარეულოშიც, ქუჩაშიც და მანქანაშიც.

– თუ არსებობს ოცნება, რომელიც ჯერ ვერ აიხდინე?

– რა თქმა უნდა, არსებობს აუხდენელი ოცნება. აბა, ყველა ოცნება თუ აგისრულდა, მის ცხოვრებას აზრი ეკარგება. ამჟამად ერთი დიდი, ქართული ოცნება მაქვს, რომელსაც, იმედია, ავიხდენ. ცხოვრებაში დიდი ტკივილიც გადამიტანია და დიდი გამარჯვებაც. თუმცა, ის დიდი ტკივილი და მოუშუშებელი იარა – ჩემი ძმის ტრაგედიას ვგულისხმობ – მთელი ცხოვრება გამყვება და მას ვერავინ და ვერაფერი მომიშუშებს და დამავიწყებს. 

– აზარტული თუ ხარ და ყველაზე დიდი თანხა რამდენი წაგიგია ან მოგიგია?

– აზარტული სპორტში ვარ, მაგრამ, არა კაზინოებსა და ასეთ დაწესებულებებში. იშვიათად შევდივარ იქ და, ისიც, მცირე თანხით. ასე რომ, არც ბევრი მომიგია და არც ბევრი წამიგია. 

– შენი პირველი ხელფასი თუ გახსოვს, რამდენი აიღე და სად დახარჯე?

–  როგორ არ მახსოვს, მაგას რა დამავიწყებს (იცინის). პირველი ხელფასი, 50 დოლარი, თბილისის „დინამოში” ავიღე და ამ ფულით, დედას და მამიდას ვუყიდე საჩუქრები. მაშინ თბილისში ბინა არ მქონდა და მამიდასთან ვცხოვრობდი. მართალია, არ იყო დიდი ხელფასი, მაგრამ, ის განცდა, რომ უკვე შენი ფული გაქვს, ძალიან სასიამოვნო იყო.

– როდესაც შენზე ჭორებს იგებ ან ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოხატავენ შენ მიმართ, როგორ რეაგირებ ამაზე?

– თავიდან ცოტა ვნერვიულობდი, მაგრამ, როცა 12-15 წლის განმავლობაში შენზე ჭორაობენ, ტყუილსა და მართალს ერთმანეთში ურევენ, უკვე ეჩვევი. ოთხი-ხუთი წელია, ჩემი „გამჭორავები” მიტევენ, მაგრამ, ვინც მიცნობს და იცის ჩემი აზრი, ის ამას არ დაიჯერებს. ასე რომ, ჩემი მტრები გაშიფრულები არიან. 

– როგორ გგონია, არსებობს წარმატების ფორმულა? რა უნდა გააკეთოს ადამიანმა იმისთვის, რომ წარმატებული პიროვნება გახდეს?

– პირადად ჩემთვის, წარმატების ფორმულა იყო: საკუთარი თავის რწმენა, ცოტა იღბალი და დიდი მოთმინება. ხომ გაგიგიათ, ვინც მოითმენს, ის მოიგებსო. შემდეგ, წლებთან ერთად, გამოცდილებაც მოდის და, მთავარია, ეს გამოცდილება სასურველი კუთხით წარმართო.

– თუ იფიქრებდი, რომ ოდესმე ასეთი პოპულარული გახდებოდი?

– ნებისმიერი ადამიანი ფიქრობს პოპულარულობაზე და, მეც, რა თქმა უნდა, მიფიქრია, მიუხედავად იმისა, რომ ისეთი პროფესია ავირჩიე, სადაც პოპულარობის მიღწევა ძალზე რთულია. მოგეხსენებათ, მილიონობით ბავშვი თამაშობს ფეხბურთს და ყველა ოცნებობს, გახდეს ცნობილი, მაგრამ, პოპულარულები ერთეულები ხდებიან. თუმცა, შეიძლება, პოპულარობა უცბად მოიპოვო, მაგრამ, უცბადვე დაკარგო. ზოგს თავში უვარდება პოპულარობა, რაც, ჩემი აზრით, დამღუპველია. რაც მეტად თავმდაბალი ხარ, მით უკეთესია პირადად შენთვისაც და საქმისთვისაც.

– ადვილად  თუ ექცევი ადამიანების ზემოქმედების ქვეშ და რამდენად იოლია შენი გულის მოგება?

– მანდილოსნების გულის მოგება გამიგია, მაგრამ, კაცის გულის მოგება, დამიჯერეთ, არ არის სასურველი (იცინის). რაც შეეხება ადამიანების ზემოქმედების ქვეშ ადვილად მოქცევას, ვერ გეტყვით, რომ ასეა. თუმცა, არსებობს ადამიანთა  გარკვეული ჯგუფი, რომელთა აზრსაც აუცილებლად ვითვალისწინებ, შემდეგ კი, რა თქმა უნდა, დამოუკიდებლად ვწყვეტ, როგორც უკეთესი და მისაღები იქნება ჩემთვის. მიყვარს მოსმენა, გაანალიზება და არ მიყვარს გადაწყვეტილებების ნაჩქარევად მიღება.

– ერთ დღესაც რომ გაიღვიძო და გითხრან, რასაც ინატრებ, აგიხდებაო, რას ინატრებდი?

– ასე რომ მოხდეს, ვინატრებდი რამდენიმე საინტერესო რამეს. მოდი, ეს საიდუმლოდ დავტოვოთ, თორემ, მართლა რომ მოხდეს სასწაული და რომ აღარ ამიხდეს? (იცინის).

– არასდროს გიფიქრია, ფეხბურთელი რომ არ გამოსულიყავი, ვინ იქნებოდი?

– იმდენად პატარა ასაკიდან გავხდი ფეხბურთზე დამოკიდებული, რომ სხვა პროფესიაზე არც კი მიფიქრია. ახლა რომ დავფიქრდი, ვერც კი წარმომიდგენია, სპორტის გარდა, რომელ პროფესიას ავირჩევდი. 

– ფიქრობ, რომ მაქსიმუმის გაკეთება უკვე შეძელი, თუ, წინ კიდევ ისეთი გეგმები გაქვს, რითაც კვლავაც აალაპარაკებ საზოგადოებას?

– მე არ ვფიქრობ, რომ 33 წლის ასაკში იმის მაქსიმუმი გავაკეთე, რაც შემეძლო. პროცენტულად, ალბათ, ჩემი გეგმების 20-30 პროცენტი მაქვს გაკეთებული. არც საზოგადოების ალაპარაკებაა ჩემი თვითმიზანი, უბრალოდ, კარგი იქნება, ყველა ის გეგმა თუ რეალიზდება, რაც ჩემი ქვეყნისთვისა და ხალხისთვის მინდა. ასე რომ, მე ჯერ ჩემი ძალების მაქსიმუმის ნახევრის ნახევარი მაქვს დახარჯული და წინ კიდევ ბევრი დამრჩა გასაკეთებელი.

– როდესაც გგონია, რომ სამყარო შენ წინააღმდეგაა მომართული, როცა ცხოვრებაში, ეგრეთ წოდებული ჩავარდნის პერიოდი დგება, წინააღმდეგობებსა და ბარიერებს აწყდები, ამ დროს დეპრესია გეძალება თუ ადვილად ახერხებ  საკუთარი თავის ხელში აყვანასა და ემოციების მართვას?

– ჩემი ასაკის მიუხედავად, უმძიმესი ტრაგედიები გადავიტანე როგორც სპორტული თვალსაზრისით, ასევე, პირად ცხოვრებაშიც. მიუხედავად ყველაფრისა, არ წავქცეულვარ, პირიქით, მეტი შემართებითა და შეუპოვრობით განვაგრძობ ცხოვრებას ეს ჩემს ხასიათში ზის. რასაკვირველია, ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებაში ჩავარდნა და აღმასვლა, ყველა გზაზეა აღმართიც და დაღმართიც, თუმცა, ვცდილობ, ყოველთვის გაწონასწორებული ვიყო და თავი ვაკონტროლო. რობოტი არ ვარ, ადამიანი ვარ და ზოგჯერ დამიკარგავს კიდეც საკუთარ თავზე კონტროლი, მაგრამ, ეს ძალიან იშვიათად ხდება. მე არ მიცდია უცხოეთში ადგილის დამკვიდრება. მე ქართველი ვარ და აქ უნდა დავიმკვიდრო ჩემი ადგილი, მოსწონს ეს ვიღაცას თუ არა. ძალიან გამიჭირდა სამშობლოდან შორს ყოფნა; ოჯახის წევრების, მეგობრების, ახლობლების, ქართული  საგალობლებისა და კერძების მონატრების გაძლება. როცა იტალიაში ვარ ჩემი ოჯახით, დღეებს თითებზე ვითვლით, როდის ჩამოვალთ საქართველოში. შეიძლება,  თავისი გადმოსახედიდან ეს ვიღაცას ადვილი ეგონოს, მაგრამ, რეალურად, მძიმეა შენი ქვეყნის გარეთ ცხოვრება. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ დასვენების დღეებში ან დღესასწაულებზე საქართველოში არ ჩამოვსულიყავი. მე მართლა გულით მიყვარს ჩემი ხალხი და ქვეყანა.

 

 

скачать dle 11.3