კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში გაუმართლა ქეთა თოფურიას და რატომ არ ცხოვრობს პოპულარული მომღერალი ვარსკვლავური ცხოვრებით

მომღერალი ქეთა თოფურია რამდენიმე დღით, მეგობრების მოსანახულებლად ეწვია საყვარელ თბილისს და ენერგიითა და დადებითი ემოციებით სავსე დაბრუნდა მოსკოვში. მართალია, გასულ წელს ქეთა მოღალატედ მოიხსენიეს, თუმცა, როგორც თავად აღნიშნა ინტერვიუში, მასზე პატრიოტი არავინ ეგულება, რადგან როგორც კი თავისუფალი დღეები გამოუჩნდება, მაშინვე საქართველოსკენ იღებს გეზს. რა ხდება ქეთას პირად ცხოვრებაში და როგორია მისი გეგმები ამას უკვე მისივე ნაამბობიდან შეიტყობთ. ჩვენი ინტერვიუ შედგა წიგნების მაღაზიაში „პროსპეროს წიგნები“, რომელიც რუსთაველის გამზირზე 34 ნომერში მდებარეობს.

 

– რამდენიმე დღე თბილისში გაატარე და, როგორც ვიცი, ხვალ მიემგზავრები მოსკოვში.

– თებერვალი დიდად გადატვირთული არ არის. ამიტომ, რომ დავინახე, რამდენიმე დღე თავისუფალი მქონდა, თბილისში მეგობრების სანახავად ჩამოვედი, ხვალ კი უკან მივდივარ. დედაჩემი თვის ბოლომდე დარჩება, რადგან ჩემი რძალი ბავშვს ელოდება და ნატაც – პატარას. რაც შემეხება მე, მოსკოვში ძალიან ბევრი საქმე მელოდება – ახალ ალბომზე ვმუშაობთ და, ამიტომ, ძალიან გადატვირთულ რეჟიმში გვიწევს ყოფნა. თან, აპრილში „ა სტუდიოს” 25 წლის იუბილეა და კრემლში ძალიან დიდი კონცერტი გვაქვს დაგეგმილი. მოკლედ, ძალიან სერიოზულად ვემზადებით.

– ქეთა, როგორც ვიცი, მოსკოვში დედასთან ერთად ცხოვრობ.

– ხან დედასთან ერთად ვცხოვრობ, ხან – ჩემს მომავალ მეუღლესთან, ვმოგზაურობ აქეთ-იქით. 

– ვალენტინობა როგორ მოგილოცა საყვარელმა ადამიანმა შორიდან (ინტერვიუ ჩაწერილია 14 თებერვალს, – ავტორი)?

– რატომღაც, ამ ვალენტინობაზე არასდროს  ვამახვილებ ყურადღებას, სულ მავიწყდება და იმასაც სულ ავიწყდება. მიუხედავად ამისა, ჩემდა გასაკვირად, გაახსენდა და 13-ში ღამის 12 საათზე ესემესი გამომიგზავნა თავისი ლექსებითა და სიყვარულებით. ვერც მივხვდი, რომ ვალენტინობას მილოცავდა. დღეს დავურეკე – როგორ დაგავიწყდა ვალენტინობის მოლოცვა-მეთქი. რა დამავიწყდა, 12 საათზე ხომ მოგწერე ესემესიო. უი, მე მეგონა, ისე მიხსნიდი სიყვარულს-მეთქი. რაც შეეხება საჩუქრებს, დიდად აქედან იქ არ გავიწელეთ, რომ ჩავალ, ვნახოთ.

– ყველას აინტერესებს, ქეთა თოფურია და მისი რჩეული, ლევ ჰეიხმანი, როდის გააოფიციალურებენ თავიანთ ურთიერთობას, ანუ, თუ გეგმავთ ახლო მომავალში დაოჯახებას?

– ორი წელი ერთად ვართ და თავს ორივე ძალიან კარგად ვგრძნობთ. ყველა მეკითხება, როდის თხოვდებიო. რომ გითხრა, ოფიციალურად ქორწილის გადახდას და ასე შემდეგ, არ ვაპირებ. ხალხმრავლობა მართლა არ მინდა, რადგან ეს ჩემთვის მუშაობაა – ყველას ყურადღება უნდა მიაქციო, ყველა რაღაცას გეუბნება, ვერ ერთობი ისე, როგორც შენ გინდა. ამიტომ, გადავწყვიტე, თუ მომინდება თეთრი კაბის ჩაცმა, შეიძლება, ძალიან ვიწრო წრეში დავსხდეთ მეგობრები და გავერთოთ. ამ ყველაფერს ქორწილი რომ დავარქვა, მაშინ N რაოდენობის ხალხი უნდა დავპატიჟოთ. ამის ორგანიზების კი არც თავი მაქვს, არც დრო და არც ნერვები. 

– რადგან ორი წელი ერთად კარგად გრძნობთ თავს, გამოდის, რომ ის შენს გადატვირთულ დღის რეჟიმს შეეჩვია.

– რა თქმა უნდა, შეეჩვია ჩემს გადატვირთულ გრაფიკს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ხელს ნამდვილად გვიწყობს იმაში, რომ ერთმანეთს თავს არ ვაბეზრებთ. უკეთესია, როცა საყვარელ ადამიანს 24 საათი ცხვირწინ არ უზიხარ. 

– როგორც ვიცი, საყვარელი ადამიანი სიურპრიზებით განებივრებს.

– კი, თუ გაიგო, რომ რაღაც მინდა, მომწონს, ან ოცნება მაქვს, ყოველთვის ცდილობს, მასიამოვნოს. 

– შენი რეიტინგი რუსულ შოუ-ბიზნესში დღითი დღე ზევით იწევს. როგორ გგონია, ყოველივე ამაში, გარდა იმისა, რომ პოპულარული ჯგუფის სოლისტი ხარ, საკუთარი ტიპაჟიც გეხმარება? ყველამ იცის, რომ ქეთა კომუნიკაბელური ადამიანია.

– ვფიქრობ, ჩემი ადამიანობა, პირველ რიგში თუ არა, მეორე რიგში მაინც მეხმარება პოპულარობაში. ჟურნალისტების ინტერესს ჩემ მიმართ, ალბათ, ისიც იწვევს, რომ არასდროს ვთამაშობ მათ წინაშე და, რაც ვარ, ყოველთვის ის ვარ. 

– როგორია ვარსკვლავური ცხოვრება?

– ვარსკვლავები ცაშია, ჩვენ კი, უბრალოდ, პოპულარული ადამიანები ვართ. ვცხოვრობ ისევე, როგორც საქართველოში. ძალიან დატვირთულები ვართ, რადგან საშინელი გრაფიკი გვაქვს. ერთმანეთში ვერავინ ვკონტაქტობთ, რადგან, მე თუ ქალაქში ვარ, სხვა არ არის ქალაქში, ან – პირიქით.

– ჟურნალისტებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

– ჟურნალისტებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, რადგან, რუსეთში ჩემგან სკანდალებსა და მითებს არ ქმნიან. მართალია, მოსკოვში  ჩემზე ბევრი ჭორი დადის, მაგრამ, ბოროტული არა. იმდენად კარგი ურთიერთობა მაქვს მოსკოვში ჟურნალისტებთან, ინტერვიუს ჩაწერამდე სულ მეკითხებიან, რამე ხომ არ გინდა, რომ არ გკითხოთო. მე კი, როგორც ყოველთვის, მზად ვარ, ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი. ამიტომ, მათ არასდროს ვზღუდავ.

– „ფეისბუქში“ ძალიან ბევრი გვერდი არსებობს შენი სახელითა და გვარით. არიან ადამიანები, რომლებსაც ყველა დამატებული ჰყავს მეგობრებში, რადგან, არ იცის, ნამდვილი ქეთა რომელია.

– მართალია, ქეთა თოფურიას სახელით ძალიან ბევრი გვერდია გაკეთებული „ფეისბუქში“, მაგრამ, იმის გაგება, მე ვარ თუ არა, მარტივია – მეგობრებში მხოლოდ ის ადამიანები მყავს, ვისაც ვიცნობ და ვისთანაც ვმეგობრობ. უცნობებს არ ვამატებ „ფრენდებში.” 

– ყოველთვის გამოირჩევი საკუთარი სტილით, რომელზეც ხშირად ლაპარაკობენ. ხარ გემოვნებით ჩაცმული და საკუთარი ინდივიდუალობით გამორჩეული. სხვათა შორის, ბევრი გააკვირვა იმ ფოტოებმა, რომლებიც ინტერნეტში გავრცელდა. ერთ-ერთ კონცერტზე, სადაც ვისოცკის ცნობილი სიმღერა „გიმნასტიკა” იმღერე, დახეული კოლგოტებით იყავი.

– რომ მითხრეს, ეს სიმღერა უნდა ჩაწეროო, ცოტა შევშინდი, რადგან, ვისოცკის გადამღერება შეუძლებელია. ამიტომ, ცოტა იუმორისტულ სტილში გავაკეთეთ – სპეციალურად გამოვედი სცენაზე დაგლეჯილი კოლგოტებით. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ამ ფორმაში გადავიღე ფოტოები და „ფეისბუქზე“ დავდე. ჩემს მეგობრებს ეგონათ, ასე ვიყავი რომელიღაც „ვეჩერინკაზე” მისული და გაკვირვებული მირეკავდნენ, რამ გაგაგიჟაო. 

– მართალია, ძალიან მშვიდი და უკონფლიქტო ადამიანი ხარ, მაგრამ, შენ გარშემო ერთი სკანდალი ნამდვილად აგორდა, როცა 9 მაისს სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა უმღერე რუსეთის ჯარს.

– რატომ გამაკრიტიკეს, დღემდე ვერ გავიგე. ეს კონცერტი 9 მაისის აღსანიშნავად მოეწყო. შემოგვთავაზეს სიმღერა, რომელსაც დიდი სიამოვნებით დავთანხმდით. მერე მეგობრებთან ერთად კაფეში ვიჯექი და ვთქვი. რა ჩავიცვა, არ ვიცი-მეთქი. რომ მკითხეს, რას მღერიო, ვუთხარი, „ნაშ დესანტნი ბატალიონ-მეთქი.” მირჩიეს, „დესანტნიკების“ ფორმა ჩაიცვი, თუ მათზე მღერიო. მოკლედ, წავედი ძველ არბატზე, ვიყიდე ეს „დესანტნიკების“ ფორმა და ჩავიცვი. მეორე დღეს ატყდა ამბავი – დამირეკეს და სულ „მოღალატე“ მეძახეს. ძალიან დავიბენი. როგორც აღმოჩნდა, ცისფერი ბერეტი, რომელიც კონცერტზე მეხურა, რუს ჯარისკაცებს ეხურათ, სამაჩაბლოს რომ ბომბავდნენ. ამდენი მე რა ვიცოდი. ჩემნაირი პატრიოტი, მგონი, მეორე არ დადის, ესენი კიდევ, ამბობენ, მოღალატეაო. გიჟივით ვარ, ორი დღე რომ გამომიჩნდება თავისუფალი, მაშინვე აქეთ მოვრბივარ. 

– თუ დაბრუნდება ოდესმე ქეთა თოფურია საქართველოში?

– მე ახლაც დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი საქართველოში, მაგრამ, რა უნდა ვაკეთო?

– მაშინ, ის მითხარი, ვინ იქნებოდა ქეთა თოფურია, მოსკოვში რომ არ წასულიყო?

– ვიქნებოდი ისევე, როგორც ჩემი მეგობრები: ქრისტინე, ნინი, თაკო... ქრისტინე დედაა, ნინი და თაკო მღერიან, ემზადებიან დედობისთვის. ალბათ, მეც უკვე 4 შვილის დედა ვიქნებოდი, კაი ბორშის გაკეთებასაც ვისწავლიდი და ათასში ერთხელ სიმღერასაც ჩავწერდი. 

– მოკლედ რომ ვთქვათ, გაგიმართლა. შენს ადგილზე ბევრი გოგო ინატრებდა ყოფნას, რადგან, ძალიან წარმატებული კარიერა გაქვს. 

– ცხოვრებაში ყველაფერი გამართლებაზეა და კარგია, რომ ამ შემთხვევაში მეც გამიმართლა. ჩემ გარდა ძალიან ბევრი ნიჭიერი და კარგი ვიზუალის გოგონები არიან, რომლებიც, შესაძლოა, ჩემს ადგილას ყოფილიყვნენ, მაგრამ, მე გამიმართლა. ძალიანაც კარგი! 

 

 

скачать dle 11.3