ვინ არის მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ალპინისტი, რომელმაც ევერესტი დაიპყრო
„თუკი ჯორდანი იტყვის, რომ მას ეს აღარ აინტერესებს, ჩვენ იმწუთასვე შევაჩერებთ ამის კეთებას”, – ეს სიტყვები რეკორდსმენი ალპინისტის, მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალების ყველაზე ახალგაზრდა დამლაშქვრელის ჯორდან რომეროს მამას, ალპინისტს პოლ რომეროს ეკუთვნის. მისმა შვილმა თითქმის შეუძლებელი შეძლო – 15 წლის ასაკში ჯორდან რომერომ პლანეტის შვიდი უმაღლესი მწვერვალის დაპყრობა მოახერხა და თავისი სახელი სამუდამოდ ჩაწერა ალპინიზმის ისტორიაში.
ჯორდან რომერო 1996 წლის 12 ივლისს დაიბადა კალიფორნიის შტატში. იმ ადგილს, ადგილობრივები „ბიგ ბეარ ლეიქს” („დიდი დათვის ტბას“) უწოდებენ. ჯორდანი ბავშვობიდან გაიტაცა ალპინიზმმა, ფრისტაილმა, სკეიტბორდმა, სამთო ველოსპორტმა, სირბილმა და თოკით ხტომამ, რომელსაც ექსტრემალები „როუფ ჯამფინგს” უწოდებენ. ერთხელ, თავისი სკოლის კედელზე მან ნახა ფოტო, რომელზეც მსოფლიოს შვიდი უმაღლესი მწვერვალი იყო გამოსახული. იმ დროს იგი ათი წლისაც არ იყო და მამის, მოყვარული ალპინისტის, პოლ რომეროს მხარდაჭერით, ჯორდანმა „შვიდი მწვერვალის” ოპერაციის განხორციელება დაიწყო, რომელიც შვიდ კონტინენტზე მდებარე შვიდი უმაღლესი მწვერვალის დალაშქვრას ითვალისწინებდა. 2006 წლის მარტში ჯორდანმა პირველი ობიექტი – აფრიკის უმაღლესი მწვერვალი, 5 895-მეტრიანი კილიმანჯარო დალაშქრა და 10 წლის ასაკში გახდა ამ მწვერვალის ყველაზე ახალგაზრდა დამპყრობი. 2007 წლის ივლისში, თავისი 11 წლის იუბილემდე რამდენიმე ხნით ადრე, ჯორდანმა ევროპის უმაღლესი მწვერვალი, რუსეთის ფედერაციაში მდებარე იალბუზი (5 642 მეტრი) დალაშქრა, ხოლო მომდევნო წლის ივნისში ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარე მაკ-კინლის მთაზე (6 194) და სამხრეთ ამერიკის აკონკაგუაზე (6 962 მ) აღმართა შეერთებული შტატების დროშები. 2009 წლის სექტემბერში ჯორდანი, მამასთან და დედინაცვალ კარენ ლუნდგრენთან ერთად, მთა პუნჩაკ-ჯაიზე ავიდა. მართალია, 4 884-მეტრიანი მწვერვალი ინდონეზიის აზიულ ნაწილში მდებარეობს, თუმცა გეოლოგიური მიზეზების გამო, ავსტრალია-ოკეანეთის უმაღლეს წერტილად ითვლება. 2010 წლის მაისში, 13 წლის ასაკში, ჯორდანმა თავისი უმთავრესი ოცნება აისრულა: პლანეტის უმაღლესი მწვერვალი – ევერესტი, იგივე ჯომოლუნგმა დალაშქრა. 8 848-მეტრიან მთაზე ჯორდანს თან ახლდნენ მამა, დედინაცვალი და სამი თანმხლები პირი, შერპები: ენგ პასანგ შერპა, ლამა დავა შერპა და ლამა კარმა შერპა. ექსპედიციამ ჩრდილოეთის მარშრუტიდან, ტიბეტის გავლით, განვლო ურთულესი გზა მწვერვალამდე. ამ მიღწევით ჯორდან რომერო გახდა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მთამსვლელი, რომელმაც მიაღწია მსოფლიოს უმაღლეს წერტილს. მანამდე რეკორდსმენად 15 წლის ნეპალელი მინგ კიპა ითვლებოდა, რომელმაც ევერესტზე ასვლა 2003 წელს განახორციელა. ხოლო თავისი მისიის უკანასკნელი მიზანი – ანტარქტიდაზე მდებარე ვინსონის მწვერვალი, 4 892-მეტრიანი ყინულოვანი მთა – ჯორდანმა 2011 წლის 24 დეკემბერს დალაშქრა. ამ მთაზე ასვლით მან კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა – ბრიტანელმა ჯორჯ ატკინსონმა მსოფლიოს შვიდივე მწვერვალის დალაშქვრა 16 წლის ასაკში მოახერხა, ჯორდანმა კი ეს – 15 წლისამ. აღსანიშნავია, რომ, მწვერვალიდან ჩამოსვლისთანავე, პირველს, ვისაც ჯორდანმა დაურეკა, დედა იყო – ლი ენ დრეიკმა მსოფლიოში პირველმა შეიტყო, რომ ჯორდან რომერო შვიდივე მწვერვალზე ავიდა. ამგვარად დასრულდა ექვსწლიანი ციკლი, რომლის განმავლობაში ჯორდანმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ, ასაკის მიუხედავად, ადამიანისთვის, თუკი მას მიზანი ამოძრავებს, არაფერია შეუძლებელი. „მინდა, ჩემი ასაკის ბავშვები მიხვდნენ, რომ ყოველი მწვერვალის დაპყრობა საჭიროებს დაგეგმვასა და ცხოვრების სტილის შეცვლას, აუცილებელია ფიზიკური მომზადება, ჯანმრთელი საკვებისა და სასმლის მიღება და, ასევე, გვერდში იმ ადამიანების ყოფნა, რომელთაც თქვენ თვალდახუჭული ენდობით. მწვერვალებზე ასვლით მე დავამტკიცე, რომ ყველაფრის განხორციელებაა შესაძლებელი, მთავარია გულით გსურდეს. ყველამ უნდა იპოვოს თავისი ცხოვრების ევერესტი და მიაღწიოს მის მწვერვალამდე”, – განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ჯორდან რომერომ. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ, შესაძლოა, ჯორდანის რეკორდი ხელუხლებელი დარჩეს, რადგან, ნეპალისა და ჩინეთის მთავრობებმა შეცვალეს თავიანთი პოლიტიკა და 16 წლამდე ადამიანებისთვის ევერესტზე ასვლის ლიცენზიის გაცემა შეწყვიტეს. ნეპალის მხრიდან ეს კანონი ჯორდანის ასვლამდეც მოქმედებდა და ამის გამოც ექსპედიცია ტიბეტის მხრიდან ავიდა, რის შემდეგაც ჩინეთმა ტიბეტელებს იმავე კანონის მიღება აიძულა.
ევერესტის დაპყრობის შემდეგ, ჯორდანმა კეტრინ ბლანკთან ერთად დაწერა წიგნი – „ბიჭი, რომელმაც დაიპყრო ევერესტი: ჯორდან რომეროს ისტორია”, ეს წიგნი ასახავს ჯორდანის მოგზაურობასა და თავგადასავალს მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე ლაშქრობის დროს და, ასევე, სავსეა ფოტომასალით. წიგნის გარდა, ჯორდანი „დისნეის” ტელევიზიის ხშირი სტუმარია. კლიპების საშუალებით უზიარებს ბავშვებს თავის გამოცდილებას ალპინიზმის სფეროში და საჭირო რჩევებს აძლევს დამწყებ მთამსვლელებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მამასთან, პოლ რომეროსთან ერთად, ჯორდანმა ახალი გეგმა დასახა და გასული წლის ზაფხულიდან იგი ამერიკის 50-ივე შტატის უმაღლესი მწვერვალების დაპყრობას შეუდგა.