სად ინახება საქართველოში ლურსმანი, რომლითაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს და სად არის შემორჩენილი სახარებიდან ცნობილი ნემსის ყუნწი
ჩვენს ჟურნალში გამოქვეყნებულ მასალას, იერუსალიმის სიწმინდეთა შესახებ, მკითხველის დიდი ინტერესი მოჰყვა. შესაბამისად, ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ამ თემას საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის წარმომადგენელთან, ნანა ბუაძესთან, რომელიც ამჯერად ვია დოლოროსას სიმბოლური გზის და მასთან დაკავშირებული სიწმინდეების შესახებ გვიამბობს.
ნანა ბუაძე: ძნელად წარმოსადგენია, რომ რომელიმე ქრისტიანს, ვინც ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოხვედრილა იერუსალიმში, არ გაევლოს ვია დოლოროსას გზა, რომელსაც გოლგოთის გზასაც უწოდებენ. ვია დოლოროსა არის სიმბოლური მსვლელობა იმ გზაზე, რაც პირობითად, მაცხოვარმა გაიარა შეპყრობიდან გოლგოთამდე – ჯვარცმამდე. არსებობს ჩვეულება, ქრისტიანებმა ეს გზა ჯვრებით ხელში გაიარონ, ქართველი მომლოცველების უმრავლესობას ხელში უჭირავს წმინდა ნინოს ან ბოლნური ჯვარი, რაც ძალიან გამორჩეული და შთამბეჭდავი სანახავია. ვნების პარასკევს ამ გზას გადის იერუსალიმის პატრიარქიც. ვია დოლოროსა – სიმბოლური მსვლელობა მოუყვება ქუჩას, რომელიც ამავე სახელწოდებას ატარებს. ქუჩა იწყება ლომების კარიბჭიდან, რომელსაც წმინდა სტეფანეს კარიბჭესაც უწოდებენ. მისი უმეტესი ნაწილი მუსლიმანურ კვარტალშია მოქცეული – ვიწრო, ქვებით მოკირწყლული, მთელ სიგრძეზე მუსლიმანთა საცხოვრებელი სახლებითა და სავაჭრო ჯიხურებით დატვირთული, გარკვეული მანძილის შემდეგ, ცენტრალური ქუჩით უერთდება მაცხოვრის აღდგომის ტაძარს. მეთერთმეტე საუკუნეში მუსლიმანების მიერ ტრადიციული, ქრისტიანული მსვლელობები იკრძალებოდა. ჯვაროსნების მიერ, იერუსალიმის გათავისუფლების შემდეგ, აღდგა ძველი ჩვეულება. პირველად ამ გზის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის დომენიკელი მისიონერი რიკარდო და მონტეკროჩე მეცამეტე საუკუნის ბოლოს, კერძოდ, 1296 წელს. მეთოთხმეტე საუკუნეში ფრანცისკანელმა ბერებმა დაადგინეს ძირითადი მარშრუტი და საბოლოო, დღევანდელი სახით ვია დოლოროსა, 14 შესვენებით, არსებული სხვადასხვა ვარიანტებიდან მეთექვსმეტე საუკუნეში ჩამოყალიბდა.
– რას უკავშირდება 14 შესვენება ვია დოლოროსას მსვლელობის დროს?
– გზაზე არის ნიშნულები – შესვენებები, რომლებიც დაკავშირებულია ჯვრით მაცხოვრის მსვლელობის დროს მომხდარ ფაქტებთან. არსებობს ჩვეულება ამ შესვენებებზე ლოცვებისა და სახარების შესაბამისი ადგილების კითხვისა. პირველი 9 შესვენება ვია დოლოროსას ქუჩას მიუყვება, ხოლო დანარჩენი 5 კი – მაცხოვრის აღდგომის ტაძარშია თავმოყრილი.
პირველი შესვენება არის პრიტორია, ანტონიუსის რომაული ციხე, სადაც რომაელი პრეფექტი ასამართლებდა ადამიანებს. სწორედ აქ მოხდა პილატეს მიერ მაცხოვრის გასამართლება. აქ ახლა მუსლიმანური სკოლის შენობაა და შემორჩენილია თაღი, სადაც გადმოდგა პილატე და ხალხის წინაშე დაიბანა ხელი, მაცხოვრის სასიკვდილო განაჩენში მისი არა თანამონაწილეობის უარყოფის ნიშნად, მისგან ეს ერთგვარი საპროტესტო ჟესტი იყო ებრაელების ზეწოლის წინააღმდეგ. მეორე შესვენება პირველთან ძალიან ახლოსაა და სავარაუდოდ, აქ უნდა ყოფილიყო რომაული საპყრობილე და შესაბამისად, მაცხოვრის გაშოლტვის ადგილიც. ანტონიუსის რომაული ციხის ფარგლებში უნდა ყოფილიყო მოქცეული როგორც პრეფექტის საცხოვრებელი, ისე რომაული ციხისათვის საჭირო სხვა შენობა-ნაგებობები. დამხმარე შენობა-ნაგებობების ადგილას ახლა ფრანცისკანელების მონასტერია და რამდენიმე ტაძრით არის წარმოდგენილი. აქვეა, არქეოლოგიური მუზეუმიც. ამ ადგილს ბევრი დრამატული მომენტის განვითარება უკავშირდება. პილატემ, რომაული სამართლის მიხედვით, ვერავითარი დანაშაული ვერ აღმოუჩინა მაცხოვარს და ისიც იცის, რომ მართალი ადამიანი მას ებრაელებმა შურის გამო გადასცეს. ამიტომ, მაქსიმალურად ცდილობს, თავი აარიდოს სასიკვდილო განაჩენის გამოტანას. გაიგებს რა, რომ ქრისტე გალილეიდან არის, პატიმარს გასასამართლებლად იერუსალიმში ჩამოსულ გალილეის მმართველს, ჰეროდეს უგზავნის. ჰეროდე, უდანაშაულობის გამო, უკან უბრუნებს პატიმარს რომაელ მმართველს... სამოქალაქო შფოთის თავიდან აცილების მიზნით, პილატე გააშოლტვინებს მაცხოვარს და ასე დასჯილს წარუდგენს ებრაელებს. მღვდელმთავრებისგან წაქეზებული ბრბო კვლავ დაჟინებით ითხოვს სასიკვდილო განაჩენს. რომაელ პრეფექტს ჩვეულება ჰქონდა დღესასწაულებზე ერთი პატიმრის შეწყალებისა და ამ შესაძლებლობის გამოყენებასაც ცდილობს. მაგრამ ბრბო მეორე პატიმარს, ავაზაკ მკვლელს, ბარაბას აირჩევს. სწორედ აქ გვეძლევა საშუალება მაშინდელი საპყრობილის ნახვისა. ებრაელები დიდ ზეწოლას ახდენენ პილატეზე. ისინი გაჰყვიროდნენ: ჩვენ არ გვყავს მეფე გარდა კეისრისა. თუკი შენ არ დასჯი თვითმარქვია იუდეველთა მეფეს, კეისრის მტერი გამოდიხარო და ასე, ბევრი უშედეგო მცდელობის შემდეგ, პილატე იძულებულია, ჯვარზე გაკვრის განაჩენი გამოუტანოს მაცხოვარს. განაჩენის მიხედვით, მაცხოვარს აჰკიდებენ ჯვარს და წაიყვანენ გოლგოთისკენ, სადაც ჯვარცმა უნდა აღსრულდეს.
მესამე შესვენება გამოყოფილია მაცხოვრის პირველი დაცემის აღსანიშნავად. აქ აგებულია სომხური სამლოცველო. გვერდითაა მეოთხე შესვენებაც – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და მაცხოვრის შეხვედრის ადგილი. აქედან მოყოლებული გოლგოთამდე, ღვთისმშობელი არ მოშორებია თავის შვილს და უკან მიჰყვებოდა მსვლელობას. არსებობს გადმოცემა, რომ ღვთისმშობელი პილატეს სთხოვდა, არ გამოეტანა სასიკვდილო განაჩენი... აქ, ძველი ბერძნული ტაძრის ნანგრევებზე, აშენებულია კათოლიკური ტაძარი, რომელშიც შემორჩენილია ძველი ბერძნული მოზაიკა ორი სანდლის გამოსახულებით. ისინი ღვთისმშობლის სანდლებად მოიაზრება. სწორედ აქ ელოდებოდა ღვთისმშობელი მსვლელობას. მეხუთე შესვენების ადგილიდან ვეღარ შეძლო მაცხოვარმა თავისი მძიმე ჯვრის ზიდვა. აქ არის ადგილი, რომელსაც ხელით მიეყრდნო დაუძლურებელი იესო ქრისტე. ჯვარი გოლგოთამდე ყანიდან მომავალმა სვიმონ კვირინელმა ატარა. ის მარკოზ მახარებელს მოხსენიებული ჰყავს როგორც ალექსანდრესა და რუფის მამა. სავარაუდოდ, პავლე მოციქულის მიერ მოხსენიებული რუფი სწორედ სვიმონის შვილი უნდა იყოს და ალბათ, ამ ამბების შემდეგ, ისინი ქრისტეს მიმდევრები გახდნენ. მოგვიანებით, რუფი ეპისკოპოსი გახდა. მაცხოვრის ჯვარი განსაკუთრებულად მძიმე იყო. ხე, რომლისგანაც დამზადდა ჯვარი, გაიზარდა იმ ადგილას, სადაც აგებულია ქართველებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიწმინდე, ჯვრის მონასტერი. ლოთი დაეცა რა საკუთარ ქალიშვილებთან, ცოდვის გამოსყიდვის მიზნით, აბრაამისგან მიიღო ხმელი ტოტი, რომელიც ყოველდღე უნდა მოერწყა. უდაბნოში ეს დიდ ღვაწლთან იყო დაკავშირებული. ღვთისგან პატიების ნიშნად, ხმელი ტოტი ხედ აყვავილდებოდა. წლების შემდეგ, მართლაც გაიზარდა ხე, რომელიც მოჭრეს სოლომონის ტაძრის აგების დროს. თუმცა, მშენებლებმა დაიწუნეს და ხიდის ფუნქციის შესასრულებლად გადეს პატარა მდინარეზე, რის გამოც ხე მუდმივად სველდებოდა. როდესაც მაცხოვარი ჯვარზე უნდა ეცვათ, ებრაელებმა აირჩიეს ეს მორი, ყველაზე სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი, რომელიც წლების განმავლობაში წყალში დების გამო, ძალიან მძიმე იყო.
მეექვსე შესვენება უკავშირდება გადმოცემას ვერონიკას შესახებ.
ვერონიკა გაიგივებულია თორმეტი წლის სისხლმდინარე ქალთან, რომელიც მაცხოვარმა განკურნა კაპერნაუმში. გადმოცემის მიხედვით, ის მადლიერი იყო ამ დიდი სასწაულის გამო და კაპერნაუმიდან ჩადის იერუსალიმში, მიდის სამსჯავროზე პილატესთან და სთხოვს, მაცხოვარი არ დასაჯონ. აღიარებს, რომ განიკურნა მხოლოდ ქრისტეს სამოსის შეხებით. ებრაელები მიუგებენ: წესად არ გვაქვს, ქალის ნაამბობი ჭეშმარიტებათ ჩავთვალოთო. ვერონიკა გზაზე ხვდება მაცხოვარს და მიაწოდებს სამად მოკეცილ თავსაბურავს, სახეზე ოფლის მოსაწმენდად. ამ ტილოზე გაჩნდა მაცხოვრის სახის სამი გამოსახულება. კათოლიკური სამყარო მიიჩნევს, რომ ეს არის ხელთუქმნელი ხატი – vera ikon, რაც ითარგმნება, როგორც ჭეშმარიტი სახიერება. ამ ქალის სახელიც, ვერონიკაც აქედან უნდა წარმოდგებოდეს. ერთი პირი – ღვთისა ინახებოდა იერუსალიმში, მეორე – რომში, მესამე კი – ესპანეთში, ქალაქ ხაენში. რომში ამ გამოსახულების მოხვედრის შესახებ არსებობს გადმოცემა. რომის იმპერატორი განუკურნებელი თავის ტკივილით იტანჯებოდა. მას აცნობეს, რომ პალესტინაში არის ვიღაც მკურნალი, რომლის სიტყვებითაც სნეულები იკურნებიან. მან პილატეს გამოუგზავნა შეტყობინება, რომში გაეგზავნათ მკურნალი. მაგრამ, უკვე სასჯელი აღსრულებული იყო. მაშინ პილატემ მაცხოვრის ხელთუქმნელი გამოსახულება გაუგზავნა იმპერატორს, რომელთანაც შეხების შემდეგ, ტიბერიუსი განიკურნა. მან პირველმა რომის სენატის წინაშე აღიარა მაცხოვრის ღვთაებრიობა და აკრძალა ქრისტიანების დევნა მთელი რომის იმპერიაში... მეშვიდე შესვენება არის ადგილი, სადაც მაცხოვარი მეორეჯერ დაეცა. მერვე შესვენება, არის წმინდა ფრანცისკოს ქუჩაზე და ის ცენტრალური გზიდან ოდნავ მოშორებითაა, განასახიერებს მაცხოვრისა და იერუსალიმელი დედების შეხვედრის ადგილს. მეცხრე შესვენება არის მაცხოვრის მესამედ დაცემის ადგილი კოპტების სამლოცველოსთან, საიდანაც პირდაპირ შეიძლება მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მოხვედრა, ტაძრის ეზოს ატრიუმის გავლის გარეშე.
დანარჩენი ხუთი შესვენება, როგორც აღვნიშნეთ, არის მაცხოვრის აღდგომის ტაძარში: მეათე შესვენება არის ადგილი, სადაც მაცხოვარს ტანსაცმელს განძარცვავენ, მეთერთმეტე ის ადგილია, სადაც მისი ჯვარზე მილურსმვა მოხდება; მეთორმეტე ჯვარცმის ადგილი – გოლგოთა, მეცამეტე გარდამოხსნაა, სადაც ახლა მწუხარე ღვთისმშობლის სკულპტურაა დაცული, მეთოთხმეტე კი მირონცხების ქვა და მაცხოვრის საფლავია.
– არის თუ არა ამ გზაზე სხვა გამორჩეული ადგილები?
– ამ გზაზე არის ალექსანდრე ნეველის რუსული ტაძარი, სადაც მოქცეულია იერუსალიმის ძველი კარიბჭე, რომელიც ნემსის ყუნწის სახელწოდებით იყო ცნობილი. ღამით იერუსალიმის კარიბჭეები იკეტებოდა. დაგვიანებულ მგზავრს იერუსალიმში მხოლოდ ამ ვიწრო კარიბჭით დახრილ მდგომარეობაში შეეძლო შესვლა. იქ ვერ გაეტეოდა აქლემი, რომელიც თანამედროვე აქლემზე გაცილებით მცირე ზომის იყო და მაშინ გადადგილების საშუალებას წარმოადგენდა.
სახარებიდან გვახსენდება ერთი ადგილი, როდესაც მაცხოვარს ეკითხებიან: ცხონდება თუ არა მდიდარიო? მაცხოვარი პასუხობს, რომ როგორც აქლემს გაუჭირდება ნემსის ყუნწში გასვლა, ისე მდიდარს – სასუფეველში მოხვედრაო. საუბარია, სწორედ ამ კარიბჭეზე – ამ „ნემსის ყუნწზე“.
ვია დოლოროსას სიმბოლურ გზაზე მდებარეობს მეთორმეტე საუკუნის ტაძარი, ანას სახლი, სადაც მოხდა ღვთისმშობლის შობა. გადმოცემით, აქ ცხოვრობდნენ ღვთისმშობლის მშობლები – იოაკიმე და ანა. ის, რომ ამ ქუჩაზე გადის ვია დოლოროსა, არის მხოლოდ დამთხვევა. სხვა კავშირი ღვთისმშობლის შობის ადგილსა და მაცხოვრის მძიმე გზას შორის, არ არსებობს.
– როდის და როგორ მოხდა ამ გზაზე სხვადასხვა კონფესიის ტაძრების აშენება, თუნდაც სომხური ტაძრის?
– როდესაც ვია დოლოროსას გზის დადგენა მოხდა, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა იქ დაიწყეს ადგილების შესყიდვა. სომხებმაც ასე შეძლეს ეყიდათ მიწა და აეგოთ სამლოცველო. ხშირად ეს ხდებოდა ძველი ბერძნული ტაძრის ნანგრევებზე, რომელიც აშენებული იყო ელენე დედოფლის მიერ. ცალსახად შეიძლება იმის თქმა, რომ ქრისტიანულ იერუსალიმს უდიდესი და შეუფასებელი ღვაწლი დადო ელენე დედოფალმა. მის სახელთანაა უპირველესად, დაკავშირებული მაცხოვრის ტაძრის მშენებლობა, სადაც მან ერთად მოაქცევინა გოლგოთა და ყველა ის სიწმინდე, რაც ამ ტაძარშია დაცული. დღეს ამ ტაძარში, გაშოლტვის ნიშაში, მოთავსებულია გაშოლტვის ქვა, რომელსაც დიდხანს თუ დაადებთ ყურს, გაშოლტვის ხმასაც გაიგონებთ. ელენე დედოფალთან დაკავშირებით, არსებობს გადმოცემა. მას შემდეგ, რაც რომის იმპერიაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადეს, ის, მეოთხე საუკუნეში, პირველად ჩავიდა იერუსალიმში და გადაწყვიტა მოეძებნა ყველა წმინდა ადგილი. მას უკავშირდება იმ ჯვრის პოვნა, რომელზეც მაცხოვარი იყო გაკრული. მან ერთ-ერთი მოხუცი ებრაელისგან შეიტყო, სად ყრიდნენ ისინი ჯვრებს ჯვარცმის შემდეგ. იმ ადგილზე მიიყვანა მუშები, რომელთაც თავად დაადგა თავზე, სიცხის გამო მუშაობა რომ არ შეეწყვიტათ. წახალისების მიზნით კი, შრომითა და სიცხით დაღლილ მუშებს ოქროსა და სხვადასხვა ძვირფასეულობას აძლევდა. ახლაც არის ჯვრის პოვნის ტაძარში ის ადგილი გამოყოფილი, სადაც ელენე დედოფალი იდგა და მეთვალყურეობდა ჯვრის პოვნას. მონიშნულ ადგილზე მუშებმა სამი ჯვარი იპოვეს – სწორედ მაცხოვართან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი, მაგრამ არ იცოდნენ რომელი იყო მათ შორის ჯვარი პატიოსანი. ელენე დედოფალს უთხრა იერუსალიმის პატრიარქმა: მიცვალებულს მოასვენებენ, სამივე ჯვარი შევახოთ და რომელზეც აღდგება, ის ძელი იქნება ჯვარი პატიოსანი. მაცხოვრის ჯვრის შეხებისას აღდგა მიცვალებული და დაწესდა ჯვრის ამაღლების დღესასწაული. ეს უდიდესი სიწმინდე დაიკარგა მას შემდეგ, რაც იერუსალიმი აიღო სალადინმა. არსებობს თქმულება, რომ თამარ მეფემ სალადინს იმ ჯვრის გამოსასყიდად დიდძალი თანხა – 200 000 დინარი შესთავაზა, მაგრამ უშედეგოდ. ამ ჯვრის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. მისი ისტორია სალადინთან იკარგება. დღემდე შემორჩენილია სიწმინდეები, რომელშიც ჩადებული იყო ძელი პატიოსანის ნაწილები. საქართველოში ინახებოდა ორი სამსჭვალი, ანუ ლურსმანი და ფიცარი, რომელზეც მაცხოვრის ფეხები მიალურსმეს. გადმოცემით ერთი სამსჭვალი არჩილ მეფემ მოსკოვში წააბრძანა. მეორე სამსჭვალი ახლაც საქართველოშია დაცული. ეს უდიდესი სიწმინდეები საქართველოში გამოაგზავნა კონსტანტინე დიდმა, მას შემდეგ, რაც მირიან მეფემ საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.