კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აიღო ცნობილი სააგენტოს აგენტმა ეკა გაბიტაშვილის კარიერაზე ექსკლუზივი და სად მოუსმინეს მას რვა ოპერის დირექტორებმა

ჩვენი მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ჯგუფ „ენსის“ ყოფილი მომღერალი ეკა გაბიტაშვილი უკვე დიდი ხანია, ოპერის მომღერალია. გათხოვების შემდეგ ის მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც ეკამ უკვე არაერთხელ და, თან, ძალიან წარმატებულად მოსინჯა საკუთარი ძალები და, შესაბამისად, მის საოპერო კარიერაში მუდმივად სიახლეებია. ჩვენი ინტერვიუ შედგა წიგნების მაღაზიაში „პროსპეროს წიგნები“, რომელიც რუსთაველის გამზირზე 34 ნომერში მდებარეობს.

 

ეკა გაბიტაშვილი: ცოტა ხნის წინ მე და ჩემი მეუღლე დაუგეგმავად ჩამოვედით თბილისში. საქმეების გამო ხვიჩა ადრე დაბრუნდა მოსკოვში. მე ცოტა ხანს დავრჩი, რადგან, რაღაცეები მქონდა მოსაგვარებელი (ეკა უკვე გაფრინდა მოსკოვში, – ავტორი). სულ მირეკავს ხვიჩა. ორივემ ვიცით, სად ვართ, რას ვაკეთებთ. ათი დღე არ არის დიდი დრო, პირიქით, მოგენატრება, ჩახვალ, ნახავ. ეს ზოგჯერ კარგია, მაგრამ, არა დიდი ხნით. თუმცა, ამჟამად „ქოვენ გარდენიდან“ მაქვს შემოთავაზება, სწავლა ორწლიანია.

– მომიყევი ამ შემოთავაზების შესახებ.

– მოსკოვში ჩატარდა პლასიდო დომინგოს კონკურსი, რვა ოპერის დირექტორები იყვნენ ჩამოსულები. პარალელურად, ჟიურისთვის ჩატარდა მოსმენა და მოიწვიეს ნიჭიერი მომღერლები დიდი თეატრიდან, „ნოვაია ოპერადან“, „ვიშნევსკაიას ცენტრიდან“. მოსმენას აგენტებიც ესწრებოდნენ. მე მომისმინა როგორც ჟიურიმ, ასევე აგენტმა, რომლის მხრიდანაც საინტერესო შემოთავაზება წამოვიდა. ცნობილი აგენტია, ისევე, როგორც თავად სააგენტო, რომელთანაც კონტრაქტი დავდე. „აემჯი არტისტ“ ჰქვია, საკმაოდ სერიოზული სააგენტოა, რომელთანაც ლადო ათანელი, თამარ ივერი, ანჯელა გეორგიო და სხვა დიდი ვარსკვლავები თანამშრომლობენ და მეც იქ მოვხვდი. ჩემი ექსკლუზივი მათ ეკუთვნით, ახალი საიტი გააკეთეს და ჩემი ფოტოებიც უნდა დადონ. კონტრაქტზე უკვე მოვაწერე ხელი, რომელიც სამწლიანია, მაგრამ, თუ უკმაყოფილო ხარ მათთან მუშაობით, შეგიძლია, ორი წლის შემდეგ შეწყვიტო. ჩემს აგენტს დიდი გეგმები აქვს. მეუბნება, მე კიდევ ვფიქრობ ლონდონზეო. რა თქმა უნდა, ლონდონი მირჩევნია, მაგრამ, თავიდანვე პრეტენზიებით ვერ დავიწყებ. ვნახოთ, რა შემოთავაზება იქნება. თუ რომელიმე თეატრი ამიყვანს სოლისტად, რა თქმა უნდა, არ ვიტყვი უარს. მოსმენის შემდეგ „ქოვენ გარდენის“ ქასთინგ-მენეჯერიც დამიკავშირდა და ინგლისში ჩასვლა შემომთავაზა, ოღონდ, იქ უნდა ჩატარდეს კონკურსი, რომელიც სამი ტურისგან შედგება და 600 მომღერლიდან ხუთს ირჩევენ. მოსმენა დეკემბერში უნდა ყოფილიყო, მაგრამ, მოსკოვში გამოსვლები, გაფიცვები დაემთხვა და მომწერეს, რადგან სექტემბერში იწყება სწავლა, მოსმენაც სექტემბრისთვის გადაიდოო. ღმერთმა ქნას, იმ ხუთ კაცში მოვხვდე. მერე ორი წელი უფასოდ ვისწავლი, თან, „ქოვენ გარდენში“ უნდა ვიმღერო და, რაც მთავარია, მასწავლიან ძალიან ცნობილი ვარსკვლავები. საკმაოდ რთული კონკურსი იქნება, თუმცა, მოსკოვში 23 მომღერლიდან ასეთი წინადადებით მხოლოდ მე ამირჩიეს. აგენტმაც მითხრა, „ქოვენ გარდენის“ ქასთინგ-მენეჯერი შენით ასე რომ დაინტერესდა, ეს უკვე დიდი პლუსიაო. თუ კარგ ფორმაში იქნები, არ მგონია, გაგიჭირდეს, თან, ინგლისია და არა რუსეთიო.

– რუსეთში რთულია შენს სფეროში წარმატების მიღწევა?

– რუსეთში ძალიან რთულია ადგილის დამკვიდრება. იმდენ თეატრში მომისმინეს, უკვე სათვალავი ამერია, „სტანისლავსკის“ თეატრში ამიყვანეს კიდეც. თავიდან, უბრალოდ, ვთქვი, რუსული პასპორტი მაქვს-მეთქი, თან იმედიც არ მქონდა, ამდენ მომღერალს შორის მე თუ ამირჩევდნენ. მაგრამ, ამირჩიეს და, მერე, რომ გაიგეს, ქართული პასპორტი მქონდა, უარი მითხრეს – ჩვენთვის პრობლემა ხარო. შემდეგ მქონდა მოსმენა „ნოვაია ოპერაში“. რომ გაიგეს, ქართველი ვიყავი, მითხრეს: არ გვინდა ჩვენ ქართველი, ეს პრობლემებთან არის დაკავშირებულიო.

– რა პრობლემებთან?

– ქართული პასპორტი რომ გაქვს, ძალიან რთულია გადაადგილება, სხვა ქვეყანაში წასვლა. ყველა ოპერა სამი თვით მიდის გასტროლებზე, მე კი, სავიზო რეჟიმის გამო, მხოლოდ ეგვიპტეში მაქვს წასვლის უფლება და ეგვიპტეში რომელი თეატრი გააკეთებს გასტროლს?! ისე გამოდის, რომ ცალკე უნდა გამომიგზავნონ ვიზა, გადავფრინდე-გადმოვფრინდე. მოსკოვში იმდენი მეცო-სოპრანოა, თან – რუსი, მათ კიდეც რომ სჯობდე, რადგან ქართველი ხარ და შენი პასპორტის, ვიზის გამო სულ პრობლემებია, მაინც შენზე ნაკლებს აირჩევენ – რუსია, რუსული გვარი აქვს და უპრობლემოდ დაჰყვება თეატრს. ინგლისში, არ მგონია, ასეთი სირთულე იყოს. თუმცა, იქ კიდევ უფრო გართულებულია სავიზო რეჟიმი. ამჟამად დიდ თეატრში ვარ „მოწვეული მომღერლის“ სტატუსით. ყველა გცნობს და ეს ძალიან კარგია. ბევრი ადამიანი, სოლისტები გავიცანი, თან, კონცერტები რომ არის, ყველას სჭირდება მეცო-სოპრანო, მირეკავენ, მონაწილეობას ვიღებ. ახლა მომცეს ლელის პარტია. ვსწავლობ, მოსმენები მექნება და, შეიძლება, სპექტაკლიც მომცენ. რუსულია და რუსულ ოპერებს ძალიან კრიტიკულად უყურებენ, ამიტომ, ბევრი მუშაობა მჭირდება. მოსკოვში ვმეცადინეობდი, მერე თბილისში ჩამოვედი და პაუზა მქონდა. არადა, რომ ჩავალ, წესით, მალე მექნება მოსმენა. თეატრში რომ ვმეცადინეობ, ყველა აღებს კარს – აინტერესებთ, ვინ მღერის, გაგეცნობიან. თუ მეცო-სოპრანოა, დადგებიან კართან და გისმენენ. ქალბატონ მაყვალა ქასრაშვილთან თვეში ერთხელ მივდივარ, რომ შესწორებები გამიკეთოს, რჩევები მომცეს; ასევე, ხშირად მისმენს ბადრი მაისურაძე. მისი მადლობელი ვარ, სწორედ მან გამაგებინა, რომ პლასიდო დომინგოს ჟიურის მოსმენა უნდა ყოფილიყო.

– როგორ ემზადები ხოლმე მოსმენებისთვის?

– მალე ვიღლები, ამიტომ, ვიტამინებს ვსვამ. სიმღერას ძალიან დიდი ენერგია მიაქვს, ერთ გაკვეთილზე იმდენი ენერგია მეხარჯება, თუ არ დაეხმარე საკუთარ თავს ჭამით, ვიტამინებით, მეორე გაკვეთილზე ვეღარ იმღერებ. ფორმაში რომ იყო, იმიტომ ბევრი უნდა ჭამო, ამას კი წონაში მატება მოჰყვება. ჩემთვის მთავარია, ფორმაში ვიყო, თან, ვიცი ზომა – სადამდე უნდა მივიდე. ყველა მომღერალს აქვს თავისი სასიმღერო წონა, ანუ, როცა მაქსიმალურად კარგად გრძნობ თავს, ხმა კარგად მოგდის. რომ არ ვჭამო შემწვარი ხორცი, ასე მგონია, იმ დღეს ჩემი ხმა ძლიერად არ იჟღერებს. მომღერლების უმეტესობას არ უყვარს სიმღერის წინ ჭამა, მე კი, პირიქით, გასვლის წინ კარგად უნდა ვჭამო.

– ძლიერი ხმა და საოცარი ტემბრი  გაქვს, ალბათ, ეს გამოგარჩევს სხვებისგან.

– ტემბრი მაქვს განსხვავებული და სკოლა. რუსული სკოლა ევროპაში მაინცდამაინც არ უყვართ – ხმა უფრო ჩავარდნილი, ყელში აქვთ. ქართული სკოლა უფრო იტალიურ სკოლასთან არის მიმსგავსებული და კარგ სკოლად მიიჩნევა. როდესაც პლასიდო დომინგოს კონკურსის შემდეგ მოსმენა ვიმღერე, მკითხეს, სად სწავლობდიო. იტალიაში, სანტა ჩეჩილიას კონსერვატორიაში-მეთქი. გემჩნევა, ძალიან კარგი, განსხვავებული ჟღერადობა გაქვსო, – თვითონ რუსებმა მითხრეს. თბილისში ძალიან კარგი პედაგოგი მყავს, სვეტლანა ეგოროვა, კარგი ქალია და მისი ძალიან კმაყოფილი ვარ.

– მეუღლე შენით ძალიან ამაყობს.

– ამაყობს და თან ხელს მიწყობს ყველანაირად. სახლში რომ მივდივართ, მეკითხება, როგორ იმღერეო. ისე, ცუდად მაქვს დაცდილი: რამდენჯერაც ვიტყვი, კარგად ვიმღერე-მეთქი, იმდენჯერვე, მეორე დღეს ხმა არ მაქვს. ამიტომ, არაფერს აღარ ვამბობ, არ უნდა ვიყო ჩემი თავით კმაყოფილი. სახლში რომ ვუსმენ სხვა მომღერლებს, თან – ხმამაღლა, ხომ შეიძლება, გითხრას ქართულად – გამორთე, ჩაუწიე, ნუ აკივლებ ამ ქალსო. ან „კულტურაზე“ რომ გადავრთავ და სამი საათი ვუსმენ ოპერებს, ხვიჩა გადის სხვა ოთახში, სადაც შედარებით პატარა ტელევიზორია, ვიდრე მისაღებში. ხომ შეუძლია, მითხრას, წადი, პატარა ტელევიზორში მოუსმინე, აქ მე ვუყურებო. არ არსებობს, ხელს არ შემიშლის.

– ლონდონში, შეიძლება, ორი წლით მოგიწიოს წასვლა. ამ საკითხზე მსჯელობთ ოჯახში?

– სიმართლე გითხრა, ცოტა ვნერვიულობ. ძალიან რთული იქნება ქმრის გარეშე ორი წელი ყოფნა, რა თქმა უნდა, ჩამოვა ხოლმე, მაგრამ, მაინც. ხვიჩამ თვითონ მითხრა: რადგან ძალიან გინდა წასვლა, მე ხელს შეგიწყობ, ჩამოვალო. მაგრამ, არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ამხელა შანსზე როგორ ვთქვა უარი, არადა, თან, ძალიანდიდი დროა. იტალიაში შვიდი თვე ვიყავი და აღარ დამთავრდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს იქ ყოფნაში სამჯერ ჩამოვიდა.

 

 

скачать dle 11.3