რითი გააოცა ადვოკატმა თაკო კერძაიამ ევროპელი კოლეგები და რაში ვერ შეუშალა მას ხელი ასაკმა
მან რამდენიმე სტერეოტიპი დაანგრია. ძალიან ადრეულ ასაკში ჩამოყალიბდა პროფესიონალად, არ გაჰყვა მშობლების გზას და ბუნებისგან ნაბოძები გარეგნული მონაცემები ძალიან სერიოზული საქმისთვის გაიღო მსხვერპლად. თაკო კერძაია მხოლოდ 25 წლის არის და უკვე შეძლო, თავისი კომპეტენტურობით ევროპელი კოლეგები გაეოცებინა. უდავოდ, ძალიან ლამაზია, თუმცა, მიაჩნია, რომ გარეგნობა ხელის შემშლელი ფაქტორიც კი აღმოჩნდა მისთვის და ღიმილით დასძენს, რომ თავისი საქმიანობის დასაწყისში ყველაფერი პირიქით ეგონა...
– თაკო, გიყურებ და, თავისთავად მიჩნდება შეკითხვა: რატომ არ გახდი თუნდაც ფოტომოდელი? დარწმუნებული ვარ, სერიოზულ კარიერას შეიქმნიდი ამ სფეროში.
თაკო კერძაია: (იცინის) არასდროს მიფიქრია მოდელის პროფესიაზე. ყოველთვის იურისტობა მინდოდა. ჩემი მშობლების პროფესიაც კი არ ავირჩიე, დედაც და მამაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან, მაგრამ ჩემს არჩევანს ორივე გაგებით მოეკიდა.
– გამიგია, რომ ლამაზ ქალს საქმიანი მამაკაცები სერიოზულად არ აღიქვამენ. იურისპრუდენციაში როგორ არის ამ მხრივ საქმე?
– საპირისპირო სქესის პირველი შთაბეჭდილება თითქმის ყოველთვის ერთნაირია ხოლმე...
– რა თქმა უნდა... ქერა, ლამაზი გოგო, მომხიბვლელი ღიმილით...
– ეს მხოლოდ ვიზუალია. შინაგანად არ ვარ „ქერა ადვოკატი“ (იცინის). მიხვდით, ხომ, რასაც ვგულისხმობ?
– მამაკაცები?
– დიახ, მამაკაცები. გამოგიტყდებით, იურისპრუდენცია რომ ავირჩიე, გულუბრყვილოდ ვფიქრობდი, რომ პროფესიონალიზმთან ერთად, ჩემი გარეგნობაც გამომადგებოდა – ლამაზ ქალს ხომ უთმობენ ხოლმე (იცინის); მაგრამ, ჩემს შემთხვევაში შეღავათები არ არსებობს, არც არანაირი პრიორიტეტები. ხელჩართულ ბრძოლაში ვერთვები. ქართველ მამაკაცებს აღიზიანებთ კიდეც, როცა ქალი უწევთ სერიოზულ პროფესიულ კონკურენციას. თუმცა მე მიმაჩნია, რომ პროფესიონალიზმს სქესი არ განსაზღვრავს.
– ანუ, „ამ საღამოს რას აკეთებთ“ – ასეთი ლირიკული გადახვევები არ არის ხოლმე?
– მე არ ვაძლევ უფლებას საკუთარ თავს, უშუალო ურთიერთობები მქონდეს პარტნიორებთან ან მოწინააღმდეგე მხარესთან. პირიქით, ჩემს ყველა სიტყვას მაქსიმალურად ვაკონტროლებ. ამას ჩემი პროფესია მოითხოვს.
– ძალიან პატარა ხარ და, ვიცი, რომ, ძირითადად, ბიზნესის სფეროს უწევ იურიდიულ დახმარებას.
– დიახ. მე კერძო პირები, ფაქტობრივად, არ მყავს. ვარ რამდენიმე გერმანული და ფრანგული ფირმის წარმომადგენელი საქართველოში და ვცდილობ, მაქსიმალურად დავარეგულირო მათი პარტნიორული ურთიერთობები ქართულ მხარესთან. ძალიან ხშირად დავდივარ საერთაშორისო კონფერენციებზე და მოხსენებებითაც გამოვდივარ. რამდენიმე თვე ვმუშაობდი ბერლინში, გერმანულ პარლამენტში და საკმაოდ კარგი პრაქტიკა მივიღე. საინტერესო იყო მილანში მუშაობაც. ევროპული სამართალი ძალიან საინტერესოა და, ეს კონფერენციები საშუალებას მაძლევს, პროფესიულად გავიზარდო.
– ევროპაშიც არსებობს „ქერა ადვოკატის“ სტერეოტიპი?
– (იღიმება) თქვენ წარმოიდგინეთ, იქ უფრო დიდი გაოცება გამოვიწვიე, ოღონდ, უკვე ჩემი ასაკის გამო. ევროპაში ჩემს ასაკში სადოქტორო დისერტაციაზე არავინ მუშაობს, ჩემი თანატოლები პროფესიის არჩევას იწყებენ. ჩემი ხნის ადვოკატი, მით უმეტეს წარმატებული, ევროპაში, ფაქტობრივად, არ არის. ამიტომ, ძალიან უკვირთ.
– არც აქ ვართ განებივრებული თქვენსავით ახალგაზრდა პროფესიონალებით...
– არა უბრალოდ…, როცა მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე, იყო იმის საშუალება, თავს თუ არ დაზოგავდი, ორი წლის მასალა ერთ წელიწადში გაგევლო. 19 წლისა უკვე ბაკალავრი ვიყავი და მაგისტრატურაც დავამთავრე. ახლა აღარ არის ამის საშუალება და შეიძლება ითქვას, რომ გამიმართლა.
– და, არავისში გამოუწვევია ამ გამართლებას გაღიზიანება?
– (იცინის) ევროპაში ერთმა გერმანელმა პროფესორმა ქალმა მითხრა, თქვენ ძალიან მარტივად მოიპოვეთ ამ კონფერენციაზე ის სტატუსი, რომელიც გაქვთო. თვითონ ბევრი წელი დასჭირდა ამ ყველაფრისთვის და, როგორც ჩანს, გააღიზიანა იმან, რომ კონფერენციებზე ჩემს მოხსენებებს ყველა დიდი ინტერესით ელოდა. თუმცა გერმანელ ქალბატონს არ შემიძლია არ დავეთანხმო იმაში, რომ პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის წლები და შესაბამისად, დიდი გამოცდილებაა საჭირო.
– ძალიან დატვირთული ცხოვრება გქონია…
– დიახ, დრო არაფრისთვის მყოფნის. რაც თავი მახსოვს, სულ ვსწავლობ, მაგრამ ისე არ გამიგოთ, რომ ვწუწუნებ (იცინის). მიმაჩნია, რომ ჩემი ცხოვრების ეს ეტაპი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო, ჩემი პროფესიული წინსვლისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის ნდობის ფაქტორი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების საქმე, არის „ჩვენი საქმე“ და მე ბოლომდე ვითავისებ ამას. რასაც გავუკეთებდი საკუთარ თავს, ზუსტად იმავეს ვურჩევ და ვუკეთებ ყველას, ვინც ჩემთან მოდის იურიდიული მომსახურებისთვის. თუ ვიღებ საქმეს, მივდივარ ბოლომდე, რადგან მიმაჩნია, რომ საქმეს, რომელსაც ხელს ჰკიდებ ან ძალიან კარგად უნდა შეასრულო, ან საერთოდ უნდა შეეშვა.
– თუმცა, მე ვიცი, რომ ტიტულის გარეშე მაინც არ დაგტოვა შენმა გარეგნობამ.
– (იცინის) დიახ, 2009 წელს საქართველოში ჩატარდა საქმიანი ქალბატონების კონკურსი. საერთოდ ძალიან შორს ვარ ფოტოსესიებისგან და ასეთი ტიპის ღონისძიებებზეც არ მიყვარს ყოფნა. ფოტოს გადაღება მოგზაურობის დროსაც კი მეზარება (იცინის), მაგრამ, ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, რომ იტყვიან, „მიმიტყუა“, მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე. პრიზი გამარჯვებულისთვის საგზური იყო საბერძნეთის ულამაზეს კუნძულზე. მაშინ 21 წლის ვიყავი და პირველად წავედი ასე შორს მარტო სამოგზაუროდ. ის პერიოდი დღემდე ძალიან კარგად მახსენდება.
– თქვენი სამომავლო გეგმები…
– ახლა ვმუშაობ სადოქტორო დისერტაციაზე, რაც ნამდვილად არ არის მარტივი, უამრავი დრო და ენერგია მიაქვს. მაგრამ ცხოვრებაში სტიმულს ჩემი 6 წლის შვილი, ზუზუ მაძლევს. უკვე იცის და ესმის რომ იურისტი დედის ცხოვრება მარტივი ნამდვილად არ არის, ძალიან საპასუხისმგებლოა და ყოველდღიური შრომა სჭირდება. ვამბობ ხოლმე, რა იქნება, დღე-ღამეში ოცდაოთხ საათზე მეტი იყოს-მეთქი. დრო აშკარად არ მყოფნის.