გაუღიმე მომავალს
სიკვდილი ერთადერთია, რასაც აღარაფერი ეშველება. ის ყოველთვის მოსალოდნელია და გარდაუვალი. ყველა დანარჩენი პრობლემის მოგვარება შეიძლება. თუ აღშფოთდით და იტყვით: რომ რა ვქნათ მაშინ, როცა საყვარელ ადამიანს იმიტომ კი არ ვკარგავთ, რომ ეს გარდაუვალია, არამედ, იმიტომ რომ „ის“ ჩვენგან წავიდა. ეს მართლაც ძალიან მტკივნეულია. ბუნებრივია, ადვილად ვეღარ გაიღიმებთ, მაგრამ დრო ამ იარასაც მოაშუშებს, მთავარია, მიხვდე, რომ წარსული წარსულში უნდა დარჩეს. ის მომავალში თან არ უნდა წაიყოლო. პესიმისტები ძალიან აგებენ, როცა ერთხელ იმედგაცრუებულები ფიქრობენ, ცხოვრებაში კარგი აღარაფერი ელოდებათ. მათთან შედარებით გაცილებით ბევრს იღებენ ცხოვრებისგან ოპტიმისტები. მათი დევიზი: „არ შეიძლება ნერვიულობა იმაზე, რასაც ეშველება და მით უმეტეს, არ უნდა ინერვიულო იმაზე, რასაც აღარაფერი ეშველება“, საკმაოდ ლოგიკურია. დაფიქრდით და მიხვდებით, რომ, თუ მომავალს, ხვალინდელ დღეს ღიმილით შეხვდებით, პრობლემებს სწრაფად და ადვილად მოაგვარებთ. იზრუნეთ იმაზეც, რომ ადამიანები კეთილად განაწყოთ თქვენ მიმართ. მოღიმარი ადამიანი ყველასთვის სასურველია. წარმატებასაც უფრო ადვილად აღწევს. მამაკაცებიც მოღიმარ ქალბატონებს ამჯობინებენ შუბლშეკრულებს და დაბღვერილებს.
გახსოვდეთ, კომპლიმენტს სასწაულის მოხდენა შეუძლია. ის ნებისმიერ ადამიანს სიამოვნებს, მაგრამ კომპლიმენტი დროული უნდა იყოს და ზომიერი. ის პირფერობას და მლიქვნელობას არ უნდა ჰგავდეს. აღნიშნეთ, ადამიანის მხოლოდ რეალური ღირსებები, თან გაიღიმეთ ყოველთვის და ყველგან.