როდის რჩება ნიკა გრიგოლია ყოფილ ცოლთან სახლში და რატომ უნდა ცოლს მასთან მეგობრობა
ნიკა გრიგოლიას რვაწლიანი თანაცხოვრება ია უძილაურთან, ნიკას სახლიდან წამოსვლით დასრულდა, მაგრამ, არავინ იცის, ეს დაშორება დროებითია თუ სამუდამო. ყოველ შემთხვევაში, მიზეზი, რის გამოც ცოლ-ქმარი წაკინკლავდა, არც ისე სერიოზულია. წყვილს პატარა ნიკოლოზი ჰყავს, რომელსაც დედა და მამაც ცალ-ცალკე კი არა, ერთად უნდა.
– ია, მახსოვს, როცა შენ და მარი გათხოვდით იმ პერიოდში ორივე დიზაინერობით იყავით დაკავებული. ერთი-ორჯერ ჩვენებაც მოაწყვეთ. ახლა რას საქმიანობ?
– დოქტურანტურაში ვსწავლობ, კულტურის მეცნიერებას, კულტუროლოგი ვარ. დიზაინერობა ჩემი გატაცებაა. ახლაც ვფიქრობ, დავუბრუნდე თუ არა ამ საქმიანობას, მაგრამ, ამ ეტაპზე, ალბათ, ვერ შევძლებ, რადგან ბავშვს ბევრი ყურადღება სჭირდება.
– ისე, მაგარი იქნებოდა: აქეთ პოპულარული შოუმენი ქმრები, იქით – დიზაინერი ცოლები.
– კი, კარგი იქნებოდა, მაგრამ, იმისთვის, რომ ჰობი სერიოზულ საქმიანობად აქციო და ბიზნესში გადაიყვანო, ფინანსებიც არის საჭირო, მარტო მონდომება არ არის საკმარისი. მე და მარი ახლა სხვა რაღაცეებით ვართ დაკავებული, ორივეს ბავშვები გვყავს. უპირველესად, ამას ჩვენი სიამოვნებისთვის ვაკეთებდით. ბევრ ჩვენს მეგობარს შევუკერეთ საქორწილო კაბები და კმაყოფილები არიან.
– როგორი იყო შენი ცხოვრება. მანამ, სანამ ბედს ნიკას დაუკავშირებდი?
– ჩემს ცხოვრებაში ამ გათხოვებით რადიკალური ცვლილება არ მომხდარა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ბავშვობიდან მიჩვეული ვიყავი დამოუკიდებლობას. გარდა ამისა, მე და ნიკა ცალკე არ გავსულვართ. გადავწყვიტეთ, ჩემთან სახლში ვყოფილიყავით, რომ რაღაც თანხა დაგვეზოგა. ამასობაში ახალ ბინაშიც გადავიდოდით – ეს ფინანსურად უფრო მომგებიანი იქნებოდა. რაც შეეხება ოჯახურ საქმეს, რასაც მანამდე ვაკეთებდი, იმის კეთება მომიწია მერეც, უბრალოდ, ამ ყველაფერს ბავშვი დაემატა.
– თქვენი ახალ ბინაში გადასვლა ჩაიშალა?
– ჰო, რაღაც პრობლემები იყო იმ ბინასთან დაკავშირებით და გავყიდეთ. თან, ომი და კრიზისი დაემთხვა.
– ახლა ის მითხარი, რატომ დაშორდით შენ და ნიკა? ჩემი აზრით, მშვენიერი წყვილი იყავით.
– ჩვენი დაშორება ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, აქ იყო როგორც ფსიქოლოგიური, სოციალური, ისე გარე ფაქტორები. ერთი კონკრეტული მიზეზის გამო არ დავშორებულვართ. ოჯახი უფრო მეტი პასუხისმგებლობაა, ვიდრე ჰგონიათ. ეს ორივეს თავიდანვე გვქონდა გაცნობიერებული, მაგრამ, ალბათ, ბოლომდე მაინც არა.
– მაინც რა მოხდა?
– ჩვენს შემთხვევაში ძირითადი პრობლემა იყო ის, რომ ვერ მოხერხდა, თავისი საქმიანობის პარალელურად, ნიკას ოჯახისთვისაც გამოენახა დრო. ძირითადად ამას ვსაყვედურობდი, მაგრამ, თხოვნის დონეზე. ძალიან ვუთმობდი, არ ვიყავი მომთხოვნი. კატეგორიული რომ ვყოფილიყავი, ალბათ, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. საერთოდ, ურთიერთობებში რბილი და ნაკლებად მომთხოვნი ვარ.
– დღეს ყველა ამ რეჟიმში ვცხოვრობთ და, არა მგონია, ჩვენგან კატეგორიული ტონი სწორი იყოს. ვაღიაროთ, რომ, არა მხოლოდ ქმრებს, ზოგჯერ ჩვენც, ცოლებსაც გვეშლება. ეჭვიანობდი?
– ეჭვიანობაზე არ არის. მე მინდა, ჩემმა ქმარმა მეტი დრო გაატაროს ჩემთან. შეიძლება, ნიკა არ დამეთანხმოს, მაგრამ, ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენთვის ეს იყო. თუნდაც მეგობრების შემთხვევაში ავიღოთ: როცა ერთმანეთს ვერ ნახულობენ დიდი ხნის განმავლობაში, მეგობრობა იკარგება. ბოლოს და ბოლოს, შეიძლება, სალაპარაკო თემა ნაკლები ჰქონდეთ.
– როცა შეყვარებულები იყავით, მაშინ ხომ არ გქონდათ ერთმანეთის ნახვის დეფიციტი, მით უმეტეს, რომ ნიკა მაშინაც ამ რეჟიმში მუშაობდა? მაგრამ როგორც კი ერთ ჭერქვეშ დაიწყეთ ცხოვრება, ეგრევე პრობლემები გაჩნდა. უცნაურია, არა?
– ასეთი შედარებები ნაკლებად მახასიათებს, მაგრამ, მაშინ ბავშვთან არ ვიჯექი სახლში და ყველგან დავყვებოდი ნიკას, მერე რომ დავოჯახდით, ზოგჯერ ღამით დამირეკავდა და მეტყოდა, დაპატიჟებულები ვართ და წამო, წავიდეთო. ღამეა, ბავშვთან ვარ, როგორია, დაადო თავი და სადღაც წახვიდე?! არ გამოდიოდა. ხომ იცი, რომ ვერ გამოვალ და ტყუილად რატომ მეუბნები-მეთქი.
– გამოდის, რომ ფეხებზე ეკიდა ოჯახი?
– შეიძლება, არ ეკიდა ფეხებზე, უბრალოდ, დრო ისე გაუვიდოდა, რომ ვერ იგებდა, მერე ხვდებოდა ამას. მესმის, ძნელია, მთელი დღე იმუშაო, მერე კი ღამეები ათენო. უძილობა საერთოდ რას უშვრება ადამიანს, ყველამ ვიცით, მაგრამ, ცოლქმრობა ხომ ურთიერთობაა. ეს ჩემი ამბიცია კი არა, ჩვეულებრივი მოთხოვნილებაა. ეს მარტო ჩემთვის კი არა, მისთვისაც იყო საჭირო, რომ მერე არ ეთქვა ჩემთვის, როგორ შეიცვალეო. ხანდახან ახერხებდა დროის გამონახვას, მაგრამ, იმის ხარჯზე, რომ სამსახურში იგვიანებდა. ცალკე ამაზე იყო საყვედურები და ჯარიმები.
– ჯარიმებიო, ახსენე... ხელფასს რომ იღებდა, შენ გაბარებდა თუ ჯიბეში ინახავდა და რამდენიც გჭირდებოდა, იმდენს გაძლევდა?
– წლების განმავლობაში ნიკას ცოლი ვიყავი და, გულწრფელად გეტყვი, არასდროს მიკითხავს, რამდენი ჰქონდა ხელფასი. როგორც ქართულ ტრადიციულ ოჯახში ხდება – ქმარს ხელფასი რომ მოაქვს სახლში და ცოლს აბარებს, მერე კი ცოლი განაგებს – ჩვენთან ასე არ ყოფილა. როცა რაღაც იყო საჭირო, ვეუბნებოდი და მაძლევდა ან თვითონ მოჰქონდა. წუწურაქია-მეთქი, ვერ ვიტყვი. დედაჩემთან რომ ვიყავით, მეტ-ნაკლებად ყველაფერი გვქონდა, რაც ოჯახს სჭირდება. რაღაც ჩემი ოჯახის წევრებზე იყო, რაღაცეები – ნიკაზე. იმ მშენებარე ბინის გამო, ნიკას კრედიტები ჰქონდა ბანკში და პარალელურად იმასაც იხდიდა.
– ქალების უმეტესობას მიაჩნია, რომ კარგია, თუ ქალი ბოლომდე არ არის დამოკიდებული ქმარზე და თავისი ჯიბის ფული აქვს. შენ როგორ ფიქრობ?
– საკუთარი ფული, როცა რაღაცას ვაკეთებდი, მეც მქონდა, მაგრამ იმ მომენტში ეს ჩემი არჩევანი იყო. თავს ბოლომდე ქმარზე დამოკიდებულად არ ვგრძნობდი. თუ ოჯახია, ოჯახის შემოსავალი ასეა და, სულ რომ მემუშავა, გამოდიოდა, რომ ბავშვი უნდა გაზრდილიყო უდედოდ, უცხო ადამიანთან და ასე არ შემეძლო.
– თქვენს გრძნობებში თუ ხართ გარკვეული – ისევ გიყვართ ერთმანეთი თუ აღარ გიყვართ?
– ეჭვიც არ მეპარება, რომ ნიკას, ძალიან ვუყვარდი, მეც მიყვარდა, ახლაც მიყვარს. როცა ამდენ ხანს იცნობ ადამიანს, ურთიერთობა გაქვს, შენი შვილის მამაა, როგორ შეიძლება, არ გიყვარდეს? ბევრი რაღაცის გამო ვცემ პატივს, უბრალოდ, ერთმანეთს ვერ გავუგეთ. გიყვარვარ, მაგრამ, მე ხომ აბსტრაქტში არ მინდა ეს სიყვარული? რად მინდა ისეთი სიყვარული, თუ მე ვერ გხედავ? ორივეს შეიძლებოდა, დაგვეთმო, მაგრამ, ეს მარტო ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა, ერთად გადავწყვიტეთ. არც ერთი არ ვართ ისეთი არასერიოზული, რომ არაფრის გამო დაგვენგრია ოჯახი, რაღაც სისულელის გამო. ოჯახის შენარჩუნების მცდელობები გვქონდა, რაც რამდენიმე თვე გრძელდებოდა. მერე ერთი-ორ დღეში ისევ გადავწყვიტეთ, რომ, ჯობია, ცალ-ცალკე ვიყოთ. დედაჩემიც და ნიკას დედაც, ცხადია, განიცდიდნენ და გვირჩევდნენ, იქნებ, კიდევ სცადოთ, რაღაცეები სხვანაირად დაალაგოთო, მაგრამ, ბოლოს მართლა რომ დაიძაბა სიტუაცია და ვეღარ ვნახულობდით საერთო ენას, უკვე ყველამ თქვა, ალბათ, ასე ჯობსო. დამნაშავე ურთიერთობაში ან არც ერთი არ არის, ან ორივეა.
– ჩხუბით დაშორდით?
– ხელის ჩამორთმევით არ დავშორებივართ ერთმანეთს, არც განსაკუთრებული ტექსტები ყოფილა, მაგრამ, ემოციური ფონი ნამდვილად იყო.
– შენთვის როგორი გადასალახავი იყო პირველი პერიოდი, როცა ერთ დღეს გაიღვიძე და გააცნობიერე, რომ მარტო დარჩი?
– რა თქმა უნდა, რთული იყო. უცებ ყველაფერი იცვლება და რაღაცნაირად უნდა გადაალაგო. ნიკა ახლაც რჩება ხოლმე ჩემთან, უფრო სწორად, ბავშვთან. მაშინ წასასვლელი არსად ჰქონდა. სულ ახლახან წაიღო ნივთები. შეიძლება, ამიტომაც, ასე მძაფრად არ მიგრძნია დეპრესია, რომ წავიდა და მორჩა. მეორე თუ მესამე დღეს ისევ ჩემთან დარჩა.
– ამ დროს ელაპარაკებოდით ერთმანეთს?
– სულ ერთნაირი მომენტები არ ყოფილა. ხან ვცემდით ხმას ერთმანეთს ხან – არა. თუ მინდოდა მასთან ყოფნა, როგორმე მოვახერხებდი და ვიქნებოდი. გავიაზრე, რომ ეს მოხდა და მორჩა.
– ხომ არ ნანობ?
– არაფერს არ ვნანობ. ყოველთვის ვცდილობ, დადებითად ვიყო განწყობილი ყველასა და ყველაფრის მიმართ.
– რას აპირებ?
– ორი კვირის წინ წამოვედი სამსახურიდან, რადგან, ძალიან გადავიტვირთე. „კოქტეილ ბარში“ ვმუშაობდი – მინდოდა, ჩემი თავი აქაც მომესინჯა. თან, ელემენტარულად, ბავშვის ბაღის გადასახადი უნდა გადამეხადა. ამასობაში, ნიკაც, ალბათ, ნელ-ნელა უკეთ იქნება და ყველანაირად უზრუნველყოფს შვილს. რაღაც პერიოდი არ ჰქონდა საშუალება და მეც არ ვთხოვდი. თუ ექნება, ისედაც გააკეთებს.
– ახლა ნიკა თავისუფალი კაცია, ცოლქმრული მოვალეობები აღარ აკისრია. ახლაც არ ეჭვიანობ?
– როგორ უნდა ვიეჭვიანო, ერთად აღარ ვართ და რა უფლება მაქვს? არ მეწყინება, თუ ვიღაც ეყოლება გვერდით. ბუნებრივია, ასეც უნდა იყოს. მინდა, რომ კარგად და ბედნიერად იგრძნოს თავი. იმედი მაქვს, რომ კარგ მეგობრობას შევძლებთ.
– თავიდან როცა თქვი, ჩვენი დაშორების მიზეზი ცოტ-ცოტა ყველაფერი იყოო, ალბათ, ლოგინის ფაქტორიც იგულისხმე.
– მაგ საკითხში პრობლემა არ გვქონდა, პირიქით, ვეხუმრებოდი კიდეც ნიკას, ქმარი მარტო სექსისთვის არ მჭირდება, სხვა რამისთვისაც მინდიხარ, ურთიერთობა, ლაპარაკი მინდა-მეთქი. ამ მხრივ ინტერესი არ განელებულა ჩვენ შორის, არც ჩემი მხრიდან და, მით უმეტეს – ნიკას მხრიდან.