15 წლის ბექა გოჩიაშვილი “გრემის„ ბენდში დაკვრის შემდეგ ჩიკ კორეასთან სახლში დისკს ჩაწერს და მარტში, ცნობილ მუსიკოსებთან ერთად, 6 ღამე დაუკრავს
ბექა გოჩიაშვილთან არაერთხელ მისაუბრია და ამ უნიჭიერესი ბიჭისგან ყოველთვის საოცარი ემოციები მოდის. ის არა მხოლოდ ნიჭიერი ასევე, ძალიან კარგი და საყვარელი ადამიანია – ასაკთან შედარებით უფრო მეტად გაზრდილი, თუმცა იმავდროულად, ბავშვურიც, საინტერესო აზრებითა და შეხედულებებით. ალბათ, ამიტომაც ახერხებს ბექა ერთნაირად შეაყვაროს თავი, როგორც ჩემნაირ ადამიანს, ასევე იმ დიდ მუსიკოსებს, მთელი მსოფლიო რომ სცემს პატივს. „მე ჯერ არ ვარ ჩამოყალიბებული პიროვნება და ამაზე ვმუშაობ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი ვარ, ან კარგი... „გრემზე“ ყოფნამ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მომცა, ბევრ რამეს სხვანაირად ვუყურებ. ჯაზშიც შენი მუსიკალურობა და პიროვნება ერთმანეთს უკავშირდება. ბოლოს გამოდიხარ დიდი პიროვნება და მუსიკოსი. ახლა ჩემი მიზანია, „გრემზე“ ნომინირებული ვიყო და საქართველოს სახელი კიდევ უფრო მეტად გავაცნო მსოფლიოს. ამ ყველაფერში კი ძალიან მიწყობენ ხელს გია და ნონა შენგელაიები, რომლებთანაც აქ ვცხოვრობ. ასევე ჩემი მშობლები, ზურა რამიშვილი, ბატონი ნიკა რურუა, ბებე ლორთქიფანიძე და ჩემი „ნინიკო“. ეს სიტყვები 15 წლის ბექას ეკუთვნის.
ბექა გოჩიაშვილი: როდესაც მონკის კონკურსზე ვიყავი, გავიცანი პროდიუსერი დონ სიკლერი, რომელსაც კონტაქტები აქვს უამრავ ცნობილ მუსიკოსთან. ის დაინტერესდა ჩემით და 15 წლის ბასისტით, რომელსაც შემდეგ მის სახლში შევხვდი. ამ ბიჭმა მთხოვა, დისკი ჩავწეროთ – „გრემის“ „ქემფია“, ბავშვებს იღებენ და გავაგზავნოთო. მე არ ვიცოდი, თუ ჩემსასაც ვაგზავნიდით. მისი დისკი ჩავწერეთ და ჩემი – სამი თემა. ერთი თვის შემდეგ მომივიდა პასუხი: თქვენ „გრემის“ ბენდში, კომბოში, სამეულში ხართ მიღებულიო. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. ჩავედით მე, ის ბასისტი ბიჭი და დრამერი, ანუ – ტრიო. კონკრეტული თემები მოგვცეს, რაც უნდა დაგვეკრა და გავიარეთ რეპეტიციები. მომღერალთა გუნდი 8 კაცისგან შედგებოდა, ძალიან კარგად მღეროდნენ. სამი დღე გვქონდა რეპეტიციები და მერე – ბევრი კონცერტი. ბოლო დროს ჩიკ კორეაც იყო. გუნდმა მისი თემა იმღერა, ჩვენ აკომპანირება გავუწიეთ. მერე იმპროვიზაცია დავუკარი – ჩიკს ძალიან მოეწონა. ამოვიდა სცენაზე და გადამეხვია. ერთ კონცერტზე კურტ ელინგი და ძირითად „გრემზე“ ნომინირებული ხალხი გვისმენდა. ზუსტად ამ დროს ყველამ ერთად გავიგეთ უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალების ამბავი. მანამდე ყველაფერი სხვანაირად იყო დაგეგმილი. უიტნის „გრემზე“ უნდა ემღერა და იმ კონცერტზეც უნდა მოსულიყო, სადაც მე ვუკრავდი, მას ძალიან ცნობილი მუსიკოსები ესწრებოდნენ. სამწუხაროდ, ყველაფერი სხვანაირად განვითარდა. მაშინვე შეიცვალა ხალხის განწყობა. საბედნიეროდ, ისინი, ჩვენსავით არ არიან. მუსიკით სცეს პატივი, იმღერეს. მეც ვცდილობდი, მისთვის რაღაც მიმეძღვნა, რადგან ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მუსიკოსი იყო. კურტ ელინგთან ერთი თემა დავუკარით და ძალიან კარგად ჩაიარა. ასეთ ადამიანებთან ერთად დაკვრა დიდი სიამოვნებაა. ისინი ამ დროს შენი მეგობრები ხდებიან, იქ ყველა დიდი მუსიკოსია და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ დიდია და ვინ პატარა. იქ გამოსვლის შანსს ტყუილად არავინ მოგცემს. არ შემიძლია, არ ვთქვა ერთი რამ: იქ იყვნენ კარგიც და ცუდი ადამიანებიც. მაგალითად, „გრემის“ „ქემფის“ ხელმძღვანელმა არ დამრთო ნება, რომ ჩიკ კორეას შევხვედროდი. მე არ დავემორჩილე მათ კანონს: არ გავიკეთე ჰალსტუხი, რასაც არაადეკვატური რეაქციები მოჰყვა. ჩიკ კორეამ მითხრა: რაც უფრო კარგად დაუკრავ, ასეთი ადამიანები მით უფრო გამრავლდებიანო.
– საბოლოოდ, როგორ დამთავრდა შენი და ჩიკ კორეას შეხვედრის ამბავი?
– როდესაც კონცერტი დამთავრდა, დევიდ სიერს – ეს ის ადამიანია, რომელმაც არ დამრთო მასთან შეხვედრის უფლება, ვუთხარი: ჩიკი მელოდება, ჩემი ნახვა უნდა და გამიშვი-მეთქი, არ გაგიშვებ, არ გენდობიო. ამიყვანა მეხუთე სართულზე, სხვები საჭმელად გაუშვა და მე იქაც არ გამიშვა. მოკლედ, ბრჭყალებში რომ ვთქვათ, „დამსაჯა“. „გრემის“ ბოლო დღეს, კონცერტის შემდეგ, ჩიკ კორეა რომ გთხოვს, მნახეო და გსჯიან, ეს ყოვლად წარმოუდგენელია. ჩიკ კორეამ ისევ დამირეკა, ჩამოდი, მივდივარ, შენი ნახვა მინდა და თან, მსურს ჩემი მეგობრები გაგაცნოო. ვუთხარი: ძალიან მინდა, მაგრამ ერთი წუთით ვიკითხავ-მეთქი. მივედი დევიდ სიერსთან. ვუთხარი, ჩიკ კორეა მირეკავს, ძალიან გთხოვ, გამიშვით, ჩემი ნახვა უნდა-მეთქი. მეუბნება: ჩიკს უთხარი, აქ მოვიდესო. ამას როგორ ვეტყოდი, ამიტომ ჩიკს ავუხსენი: არ მიშვებენ-მეთქი. ჩიკს ეგონა, დაკავებული ვიყავი, ამიტომ 1 საათი კიდევ დამელოდა და შემდეგ ისევ დამირეკა: ჩამოდი, მომენატრე და მეგობრები მინდა გაგაცნოო. ბოლოს ვუთხარი: აქ ერთი გიჟია, არ მოვწონვარ, არ მიშვებს-მეთქი. გადაირია, ციხე ხომ არ არის, ჩაკეტილი რომ ჰყავხარ, დამალაპარაკეო. ამაზე დევიდ სიერსი გაბრაზდა, ეგონა, მე ვურეკავდი ჩიკ კორეას და მასზე ცუდი რაღაცეები ვუთხარი, რომ წავეყვანე. არადა, ყველაფერი პირიქით ხდებოდა. დავალაპარაკე ჩიკს. როგორც მივხვდი ჩიკმა არ დააცადა ლაპარაკი, მაგრამ მაინც არ გამიშვა. შემდეგ ჩიკ კორეას ცოლი, გეილ მორანი მოვიდა ჩემ სანახავად. მაინც არ გამიშვა. ჩიკ კორეას ორი „გრემი“ ჰქონდა აღებული და ეს გაურკვეველი განყოფილების დირექტორი, ეუბნება: შენ ამოდი მეხუთე სართულზეო. ეს უბრალოდ, ძალიან სასაცილოა. რომ დაინახა ჩიკ კორეას ცოლს ასე ვუყვარვარ, ცოტა დაიხია უკან, გეილმა ნახევარ გზაზე გამომაცილა, მერე დავემშვიდობე და ავედი ავტობუსში. უცებ ჩემი სახელი გავიგე: ბექა, თვითონ ჩიკი მოვიდა. მაშინ მივხვდი, ჩიკ კორეა ვინ იყო ჩემთვის და მე – მისთვის. მითხრა: მივხვდი, რა ხდება იქ და ვის ხელშიც ხარო, შენ კი არა, ბიგ-ბენდის დირექტორმაც მითხრა: რაღაც გვიშველე, ეს ქაჯი მოგვაშორე თავიდანო. მაშინ ძალიან გავბრაზდი, მაგრამ ყველაზე მეტად იმით ვამაყობ, რომ ჩიკი მოვიდა ჩემთან. ახლა უკვე ვიცი, რომ მათთან ვერც ყვირილით, ვერც დარტყმით ვერაფერს გახდები. პირიქით, იმ ადამიანებს, რომლებსაც არ მოსწონხარ, არანაირი საბაბი არ უნდა მისცე. მომავალში ამას აუცილებლად გავითვალისწინებ, თუმცა დიდი იმედი არ მაქვს, რომ ჰალსტუხს გავიკეთებ. თან, მანამდე მისი თანამშრომელი ვნახე და დავაზუსტე, აუცილებელი იყო თუ არა ჰალსტუხის გაკეთება. მან მითხრა: ძალიან კარგად გამოიყურები, არ გჭირდებაო. მაგრამ მერე კონკრეტულად იმ პიროვნებამ არ მაპატია. ამ ამბავს ყველგან მოვყვები: საქართველოშიც და ამერიკის ტელევიზიაში, პრესაში. შეურაცხყოფილად მე კი არა ჩიკ კორეამ იგრძნო თავი. ორი „გრემის“ მფლობელია ადამიანი და ეუბნება: მეხუთე სართულზე ამოდიო.
– ძალიან მიყვარს ჩიკ კორეა, მაგრამ შენთან საუბრის შემდეგ, ის კიდევ უფრო კარგად გავიცანი და ვფიქრობ, საოცრად კარგი ადამიანია.
– ჩიკ კორეა ყველაზე მაგარი ადამიანია. ჩემი მუსიკალური მამაა ჯარეტი, მაგრამ ის სხვანაირია. არა, ისიც, დარწმუნებული ვარ, კარგი ადამიანი იქნება, უბრალოდ, ჩიკისნაირი ჯიგარი არ არის. ცუდი რომ იყოს, ასე ვერ დაუკრავდა. რამდენიმე ხნის წინ ჯარეტის კონცერტზე კიდევ ვიყავი, შევხვდი, ძალიან კარგად ვისაუბრეთ, ბოლოს ჩამეხუტა. ვახსოვდი, მკითხა: ახლა რამდენი წლის ხარ, სად ხარო. რომ ვუთხარი, 15-ის-მეთქი, „ოქეიო“, – გაკვირვებული სახე ჰქონდა. ჯარეტი კარგ ხასიათზე იყო, შეყვარებულია ჩემსავით. ის გოგონა გვერდით ეჯდა, გამაცნო კიდეც და მითხრა: შეყვარებული და ძალიან ბედნიერი ვარო. მეც შეყვარებული ვარ და ძალიან ბედნიერი. ერთმანეთისგან შორს ვართ და ეს რთულია, რადგან მენატრება. მაგრამ, ეს მონატრება კიდევ უფრო კარგად მაკვრევინებს – უფრო კარგად მუშაობ, კრეატიულობ, დიდი მუზაა, თემებს გაწერინებს სიყვარულზე. თან, მე რომანტიკოსი ვარ, ვგიჟდები სიყვარულზე. აქედან ყვავილებს ვუგზავნი ხოლმე და ორი თემა მივუძღვენი მისი სახელი ჰქვია – ნინიკო.
– თვის ბოლოს ჩიკ კორეასთან დისკს ჩაწერ.
– თებერვლის ბოლოს მასთან სახლში, ფლორიდაში ჩავდივარ, დისკი უნდა ჩავწერო. რომ ვკითხე: ჩიკ, შენი რომელი თემები დავუკრა-მეთქი, მიპასუხა: ეს შენი სიდია და რაც გინდა, ის დაუკარიო. ანუ, სოლოები დაუკარი და სამი დუეტიც ჩავწეროთო. ეს ჩემი პირველი სერიოზული სიდი იქნება. ძალიან მიხარია, სრული თავისუფლება მომცა.
– „გრემის“ დახურვის ცერემონიალს დაესწარი?
– ნახევარზე ვიყავი, სტივი უანდერის გამოსვლას მოვუსმინეთ და მერე გავვარდით, რადგან „გრემის“ „ავთერ ფართიზე“ ვუკრავდით. ძალიან კარგად ჩაიარა, ყველა კარგად გაერთო და კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი უიტნის. ყველა ბედნიერი იყო, ჩიკ კორეაც. თუმცა, ის სულ ბედნიერია, ისეთი ტიპია. „ავთერ ფართიზე“ იყო კიდევ კურტ ელინგი, მონტი ალექსანდერი, ასევე, ისინი, ვინც „გრემი“ აიღო. მინდა აღვნიშნო, რომ „გრემზე“ ჩემი წასვლის ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახლდათ, რომ საქართველოს სახელით გამოვსულიყავი. ერთი მომღერალი ჯორჯიის შტატიდან იყო და რომ არ შეშლოდათ, მე ვაკონკრეტებდი: თბილისი-ჯორჯია, არ აგერიოთ, ეს სხვა ჯორჯიაა-მეთქი. „ავთერ ფართიზე“ ჯერ ჩვენ დავუკარით, ბიგ-ბენდმა და კომბომ და აი, ამის შემდეგ ჩამკეტეს მეხუთე სართულზე. ახლო მომავალში „ბლუ ნაუთში“ მაქვს კონცერტი და ყველაზე მაგარი ის არის, რომ სტენლი კლარკის კონცერტია. მისი ტრიო უკრავს და როგორც პიანისტი, მე დამიძახა. ლენი უაიტი დრამზე უკრავს. 6 ღამე დავუკრავთ – 20 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ორ დიდ მუსიკოსთან ერთად მომიწევს გამოსვლა.