როგორ აღმოჩნდა ჟურნალისტი ეკა ამირეჯიბი სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ და რა გამოიმუშავა მისმა ორგანიზმმა გადატვირთული რეჟიმის გამო
სულ ცოტა ხნის წინ, სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები” ახალი გმირი – ლიკუნა გამოჩნდა. მართალია, ეკა ამირეჯიბი პროფესიონალი მსახიობი არ არის, მაგრამ როლში შესვლა არ გასჭირვებია. რაც შეეხება მის კინოდებიუტს, ის შედგა ფილმში „ჭამა და სექსი” მაყურებელმა და მსმენელმა კი ის გაცილებით ადრე გაიცნო „რუსთავი 2-ისა“ და რადიო „ფორტუნას” ეთერის საშუალებით.
– მართალია, სულ ახლახან გამოჩნდი სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები,” მაგრამ მაყურებელს უცებ შეაყვარე თავი.
– ძალიან მიხარია, თუ მაყურებელმა დადებითად მიმიღო. ისიც მიხარია, რომ ეს ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მოხდა.
– როგორ აღმოჩნდი ამ სერიალში?
– ეს ჩემთვის საახალწლო საჩუქარივით იყო. იმ პერიოდში ვემზადებოდი, გამოცდებს ვაბარებდი მართვის მოწმობის ასაღებად და ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი. მოკლედ, თავზე მეყარა ყველაფერი, გაკვეთილებზე ყოველდღე დავდიოდი და უცებ გაისმა ზარი – დამირეკეს და მითხრეს, რომ ამ როლზე ვიყავი დამტკიცებული. თუ არ ვცდები, 2-3 იანვარი იყო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან გამიხარდა. შეძახილმა ხე გაახმოო, რომ არის ნათქვამი, არ მინდა, ასე დამემართოს, მაგრამ, რაღაც სიახლეებით დაიწყო 2012 წელი ჩემთვის – მართვის მოწმობაც ავიღე და ახალი როლიც მომცეს. არ ვიცი, ეს ჩემი სიახლეები გადამღებმა ჯგუფმა სერიალში სპეციალურად გადაიტანა თუ უბრალო დამთხვევაა, მაგრამ, როცა ნახავთ შემდეგ სერიებს, მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ და რაზეც არის საუბარი.
ძალიან კომფორტულია გიორგი ლიფონავასთან და რატი რამიშვილთან მუშაობა, რომლებიც შენს ენაზე ლაპარაკობენ.
– მოგწონს შენი გმირი?
– ლიკუნა ძალიან საყვარელი გოგოა, ძალიან მხიარული, ხალისიანი და უკომპლექსო. ყველაფერს ამბობს, რასაც ფიქრობს, რის გამოც ხშირად წამოიძახებს რაღაცეებს გულწრფელად. მე ასე წარმომიდგენია, რომ ჩემს გმირს ძალიან უნდა უყვარდეს ცეკვა, სიმღერა და გართობა. ცხოვრებით ტკბება და დიდ დროს არ ანდომებს ნეგატიურ, დამთრგუნველ რაღაცეებზე ფიქრს. შესაბამისად, კომპლექსებიც ნაკლები აქვს, ქართველი გოგონებისგან განსხვავებით. არ ვგულისხმობ, რომ ზღვარგადასულად თავისუფალია, უბრალოდ, კომპლექსები ნაკლებად აწუხებს, ადამიანებთან უფრო მარტივადაც იწყებს ურთიერთობებს და იმასაც გაცილებით მარტივად ამბობს, რასაც იმ მომენტში ფიქრობს.
– რა მსგავსებაა შენსა და შენს გმირს შორის?
– რაღაც მსგავსება არის: ლიკუნაც ჩემსავით აქტიური, მხიარული და მოუსვენარია. ყოველ შემთხვევაში, ძალიან არ გამჭირვებია ამ როლში ჩემი თავის წარმოდგენა. იმედი მაქვს, ამას რომ წაიკითხავენ, რადიკალურად არ შემიცვლიან მიმართულებებს.
– რით არ ჰგავხართ ერთმანეთს შენ და ლიკუნა?
– ცხოვრებაში, შეიძლება, მე უფრო გაწონასწორებული ვიყო, ვიდრე ლიკუნა, თუმცა, რადიკალურ განსხვავებას ჯერჯერობით ვერ ვხედავ, რადგან, ახლახან გამოჩნდა ლიკუნა სერიალში და უკადრებელი არაფერი ჩაუდენია. ასე რომ, ჯერჯერობით ერთმანეთს ვგავართ, თუმცა, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
– ძალიან გადატვირთული მუშაობა გიწევს: „რუსთავი 2-ის“ „დილას“, დაემატა სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები...” არ გადაიღალე?
– მართლა ძალიან დატვირთულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, ბოლო დროს – განსაკუთრებით. არ ვიცი, ეს სადამდე მიმიყვანს. თან, სამსახურებთან შეთავსება, როცა სერიალში თამაშობ, ცოტა რთულია, რადგან, მარტო არ ვარ. რეჟისორიდან დაწყებული, ჩემი პარტნიორებით დამთავრებული, ასევე, ყველა, ძალიან დაკავებულია. გვიწევს ერთმანეთის გრაფიკთან შეთანხმება, სხვა სამსახურშიც ხელი რომ არ შეგვეშალოს. ჩემთვის ეს მართლა ძალიან რთულია, ამიტომ, ალბათ, რაღაცეებს დავთმობ ამ ეტაპზე.
– როგორც გავიგე, ამ ეტაპზე რადიო დათმე.
– რადიო ის ადგილია, სადაც მე პირველი ნაბიჯები გადავდგი. შეიძლება, რადიო რომ არა, რაღაცეები ასე არ გამადვილებოდა. რადიოში მართლა ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე, მაგრამ, ამ ეტაპზე, უბრალოდ, თეორიული შანსიც აღარ რჩებოდა იმისა, რომ კვირაში რამდენიმე დღე ინტენსიურად მემუშავა ეთერში წამყვანად. ამიტომ, რადიოში მექნება ჩემი საავტორო რუბრიკა – „ჰიტების გალერეა,” რომელშიც მსმენელი ძალიან ბევრი თავისი საყვარელი სიმღერის შესახებ შეიტყობს უამრავ საინტერესო ფაქტს. მართალია, მუსიკალური წამყვანი ამ ეტაპზე აღარ ვიქნები, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რადიოსთან კავშირი გავწყვიტე.
– იმდენად აქტიურ რიტმში გიწევს ყოველდღიური ცხოვრება, რომ, ალბათ, პირადი საკითხებისთვის დრო აღარ გრჩება.
– განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მართლა ასეა. გადაღებები ძალიან გვიან მთავრდება, მერე მეორე დღისთვის უნდა მოწესრიგდე, რადგან მეორე დილას უკვე სატელევიზიო ეთერი მიწევს. 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობ. როცა გადაღებაა ან ეთერში გიწევს მუდმივად ყოფნა, სულ ფორმაში უნდა იყო, მიხედო თმას, სახის კანს და ასე შემდეგ და ამასაც ბევრი დრო მიაქვს. ამ შემთხვევაში ბიჭებს უფრო მარტივად აქვთ საქმე. ხანდახან გინდა, რომ კვირაში ერთი დღე აიჯაჯო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მოეშვა და შენს გემოზე გაატარო, მაგრამ, ვერ ვახერხებ. ამ ყველაფრის გამო, ძალიან დიდი ხანია, მეგობრებთან ერთად არ ვყოფილვარ, მით უმეტეს – ბოლო დროს. „გრემის” დაჯილდოების ცერემონიალიც დაემთხვა, რომელიც ექსკლუზიურად „რუსთავი 2-ის“ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და მე და რუსუდან გიორგაძეს მიგვყავდა. ამის გამო, ფაქტობრივად, სამი დღე და ღამე საერთოდ არ მიძინია, რის გამოც ცოტა გადავიღალე. ბოლო წუთს გავიგეთ სცენარი, ბოლო წუთს გავიგეთ, რომ უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სცენარიც შეიცვალა. ამიტომ, ძალიან ბევრი რაღაცის მომზადება, წაკითხვა, თარგმნა და ამ მასალის დამუშავება ბოლო წუთს მოგვიწია. თუმცა, საერთო ჯამში, „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიალი მაინც ძალიან კარგად მახსენდება.
– ხალხის რეაქცია როგორია შენს დანახვაზე?
– დადებით რეაქციას ყოველთვის ვგრძნობ ხალხისგან, თუმცა, ობიექტურობის შეგრძნება არ უნდა დაკარგო საკუთარ თავთან მიმართებაში, რადგან, ბოლომდე გულწრფელი თითქმის არავინ არის. ამიტომ, რომ გითხრა, ეს დადებითი შეფასებები მეცხრე ცაზე მამყოფებს და თავში მივარდება-მეთქი, ნამდვილად არაა ასე. თუ კონკრეტული რამის შესახებ მაინტერესებს აზრი, ვიცი, ვის უნდა მივმართო და ვკითხო. ასეთი ადამიანები კი ბევრნი არ არიან.
– კვირაში რამდენი დღე მუშაობ?
– კვირაში ყოველდღე და, მგონი, ყოველღამე ვმუშაობ. ჩემი ტელეფონი ძალიან იშვიათად ითიშება, ზარები სულ შემოდის და მუდმივად საქმის კურსში ყოფნა მიწევს, შაბათ-კვირასაც კი, რადგან, მომავალი სამუშაო კვირისთვის უნდა დავიჭირო თადარიგი. ამას ემატება სერიალის გადაღებები, რაც ძალიან ინტენსიურ რეჟიმში ხდება, რადგან, წინსწრებით ვიღებთ.
– შენ ისეთი ტემპით მუშაობ, მგონი, კვირაში 7 დღე და დღე-ღამეში 24 საათი არ გყოფნის.
– მართლა, ასეა. ჩემთვის 24 საათი ძალიან ცოტაა, ამას განსაკუთრებით მაშინ ხვდები, როცა დილის 5 საათზე გაღვიძებს მაღვიძარა. ბოლო დროს, მგონი, ჩემი ორგანიზმი ისეთ სტადიაში შევიდა, რომ მაღვიძარასაც კი ვასწრებ გაღვიძებას. ალბათ, უკვე შევეჩვიე ამ რეჟიმს, რომელმაც ძილი დამიფრთხო.
– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში, არის რამე სიახლე?
– ჩემს პირად ცხოვრებაში სტაბილურობა, მშვიდობა და სოლიდარობაა.