ვის ეძებენ ისრაელსა და საქართველოში და როგორ დაკარგეს ერთმანეთი თანაკურსელებმა
60 წლის ელზა ჩარუხაძე ეძებს 61 წლის შალვა ისაკის ძე ცოციაშვილს.
ისტორია: ვეძებ ჩემს თანაკურსელსა და მეგობარს: 1951 წელს დაბადებულ შალვა ისაკის ძე ცოციაშვილს. მე და შალვამ ერთად დავამთავრეთ საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი, სადაც 1972-1977 წლებში ვსწავლობდით. უკვე მეშვიდე წელია, რაც სამუშაოდ საბერძნეთის ქალაქ ათენში ვიმყოფები და მუდმივად ვკითხულობ თქვენს რუბრიკას. იმედი მაქვს, თანაკურსელისა და მეგობრის პოვნაში დამეხმარებით. სამწუხაროდ, შალვას ფოტო არ გამაჩნია, არც მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი ვიცი. შეიძლება, ის ისრაელში ცხოვრობდეს, მაგრამ, არც ის არის გამორიცხული, რომელიმე სხვა ქვეყანაშიც იყოს.
– გვიამბეთ, როგორ დაკარგეთ ერთმანეთი და რა იცით შალვას შესახებ?
– მე და შალვა ვსწავლობდით სოხუმში, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში და ერთად დავამთავრეთ ტექნოლოგიის ფაკულტეტი. შალვა ცხოვრობდა საჩხერეში, საბჭოს ქუჩაზე (სამწუხაროდ, ნომერი არ ვიცი), მე კი თბილისელი ვიყავი. ჩვენი თანაკურსელებიდან თითქმის ყველა დანარჩენი სოხუმელი იყო. ჯერ კიდევ ინსტიტუტში გამოირჩეოდა შალვა ინტელექტითა და მეგობრული ხასიათით. როდესაც საქართველოში დაიწყო ემიგრაცია, შალვა ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც საქართველოდან წავიდა. პირველად შალვა ავსტრიაში გაემგზავრა, ეს იყო 1978 წელს, მაგრამ, მალევე დაბრუნდა საქართველოში. ეროვნებით ჩემი მეგობარი ებრაელია, ამიტომ, ის ოჯახთან ერთად ისრაელში, ქალაქ ბერშევაში წავიდა. სადაც ის სტუდქალაქში ცხოვრობდა და იქიდან გვწერდა ხოლმე წერილებს.
– ბოლოს როდის და საიდან მიიღეთ მისგან წერილი?
– ბერშევიდან ის, როგორც ვიცი, ქალაქ ხაიფში გადავიდა საცხოვრებლად. ბოლო წერილი შალვასგან 1978 წელს მივიღეთ ქალაქ ხაიფიდან. ვიცი, ასევე, რომ მას ჰყავს ძმა. სამწუხაროდ, მისი ძმის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს გარდა იმისა, რომ ის ჯერ იაპონიაში იყო წასული, შემდგომ კი ისრაელში ჩავიდა.
– მაინც, ამჟამად სად გგონიათ თქვენი მეგობარი?
– ნამდვილად ვერ გეტყვით. შეიძლება, ისრაელში იყოს, მაგრამ, არც ის არის გამორიცხული, სხვა ქვეყანაში გადასულიყო საცხოვრებლად. საქართველოში რომ ყოფილიყო, ვფიქრობ, აუცილებლად დაუკავშირდებოდა ვინმეს. ჩვენი თანაკურსელები, რომლებიც ადრე სოხუმში ცხოვრობდნენ, ახლაც იქ არიან და მათ მაინც ხომ მისწერდა წერილს.
– რამდენი ხანია, რაც შალვას ეძებთ და რამ გადაგაწყვეტინათ თანაკურსელის მოძებნა?
– სიმართლე გითხრათ, შალვას პოვნა სულ მინდოდა, მაგრამ, როგორც გითხარით, უკვე მეშვიდე წელია, რაც სამუშაოდ საბერძნეთში ვარ წამოსული და ქალაქ ათენში ვცხოვრობ. აქამდე არ მქონია იმის საშუალება, რომ თანაკურსელი მომეძებნა, მხოლოდ მას შემდეგ გადავწყვიტე თქვენთან დაკავშირება და დახმარების თხოვნა, რაც თქვენი რუბრიკის შესახებ გავიგე. შალვა ძალზე განსაკუთრებული ადამიანია, მისი პოვნა ჩემთვის ძალიან სასიხარულო იქნებოდა. უკვე წლებია გასული მას შემდეგ, რაც ჩვენ ინსტიტუტი დავამთავრეთ, მაგრამ, ძალიან მაინტერესებს, როგორ არის ის ამჟამად, სად მოღვაწეობს, რა ხდება მის ცხოვრებაში. ცხოვრება მოულოდნელობებითაა აღსავსე და, ვინ წარმოიდგენდა, რომ მე, საბერძნეთში აღმოვჩნდებოდი, შალვა კი – ავსტრიაში და შემდგომ ისრაელში!
იმედია, საქართველოში ვინმეს ეცოდინება შალვას შესახებ რამე და ის თქვენ დაგიკავშირდებათ. სამწუხაროდ, ინტერნეტთან შეხება საერთოდ არ მაქვს, ამიტომ, ვერც თქვენ გამოგიგზავნეთ ჩემი სურათი. კომპიუტერთან შეხება რომ მქონოდა, აუცილებლად ვეცდებოდი საიტებზე მის პოვნას, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, რომ ისიც არსად არ იყოს დარეგისტრირებული.
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.