რატომ მოკლა ციხიდან ახალგამოსულმა მამაკაცმა თავისი საყვარლის ყოფილი საყვარელი
ყაჩაღობის გაადვილების მიზნით, წარსულში ნასამართლევმა რომან ხ-მ 39 წლის ახალგაზრდა საკუთარ ავტომანქანაში მოკლა. ერთ კვირაში ძალოვნებმა მკვლელობა სატელეფონო ტექსტური შეტყობინებებით გახსნეს. პირველ ეტაპზე მკვლელმა მოტივად შურისძიება დაასახელა – განაცხადა, თითქოს გარდაცვლილმა მისი შეყვარებული გააუპატიურა და მასზე შური ამიტომ იძია, თუმცა, უტყუარად დადგინდა, რომ მკვლელს მხოლოდ ანგარება ამოძრავებდა.
მოკლული კახა ზ. და მკვლელი ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდნენ. აწ გარდაცვლილის ვინაობა მკვლელისთვის მისი საყვარლისგან – ელმირა კ-სგან შემთხვევით გახდა ცნობილი. კერძოდ, შეიტყო ის, რომ კახა ზ. ბევრ ფულს შოულობდა და ქალებშიც ხარჯავდა. გოგონამ მოკლულის ფინანსების შესახებ საკუთარი გამოცდილებით იცოდა, რადგან წარსულში მისი საყვარელი თავად იყო...
საქმის მასალების თანახმად, ელმირა კ. მუსიკით იყო გატაცებული და ერთ-ერთ კლუბში დადიოდა. სწორედ იქ გაიცნო ვინმე მარი ნ., რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. როგორც ირკვევა, აწ გარდაცვლილი პირველ ეტაპზე მარი ნ-ს საყვარელი იყო, თუმცა მათ ერთმანეთის მიმართ არათუ გრძნობა, არანაირი ვალდებულება არ ჰქონიათ. ალბათ ამიტომ, როდესაც კაცმა მასთან ინტიმური კავშირი გაწყვიტა და რომანი ელმირა კ-სთან გააბა, მარი ნ-ს ეჭვიანობის სცენები არც ერთისთვის არ მოუწყვია. პირიქით, მას ელმირასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა, ძველ საყვარელს კი კიდეც ურეკავდა და, თუ დასჭირდებოდა ფულსაც ართმევდა.
რამდენიმე თვეში კი მოვლენები სხვაგვარად განვითარდა, როგორც მოსალოდნელი იყო, აწ გარდაცვლილმა ელმირა კ-ც მიატოვა. თუმცა, ძალიან მალე გოგონა მარი ნ-ს ნათესავს, ციხიდან ახლად გამოსულ რომან ხ-ს დაუახლოვდა და ამჯერად მისი საყვარელი გახდა...
ნათესაური კავშირის მიუხედავად, მარი ნ-ს კაცისთვის არ უთქვამს, რომ წარსულში ელმირა სხვასთან დადიოდა. თუმცა, ცოტა ხანში რომანმა მას თავად უთხრა, თითქოს ვინმე კახა ზ-მ ელმირასთან იძულებითი სექსუალური კავშირი დაამყარა. მარი ნ. კაცს არწმუნებდა, რომ არასწორი ინფორმაცია ჰქონდა, რადგან, კახას ისიც იცნობდა და დარწმუნებული იყო, რომ ძალით არავის არაფერს დაუშავებდა, მაგრამ, რომან ხ. შურისძიებით იმუქრებოდა და საქმის გასარჩევად კახა ზ-ს კოორდინატებს სთხოვდა. თუმცა, მარი ნ-მ მას ნომერი არ მისცა. მეტი დამაჯერებლობისთვის კი გაუმხილა, რომ წარსულში კახასთან ისიც მეგობრობდა, კარგად იცნობდა და იცოდა, რისი გამკეთებელი იყო...
როგორც ჩანს, მან კოორდინატები ვერც ელმირასგან დაადგინა, ამიტომ, სხვა ხერხს მიმართა. კერძოდ, ვითომდა ახალი სიმბარათის ჩასადებად საყვარელს ტელეფონი სთხოვა. ცხადია, ელმირა კ-ს უარი არ უთქვამს. ამით კი განსასჯელმა მიზანს მიაღწია. საქმე ისაა, რომ ელმირა კ-ს ყოფილი საყვარლის ტელეფონის ნომერი წაშლილი ჰქონდა, მაგრამ, ვინაიდან მობილურის ნომრებს ის არა სიმბარათზე, არამედ, ტელეფონში იმახსოვრებდა, ახალი სიმბარათის ჩადების შემდეგ მისმა ტელეფონმა კახა ზ-ს ნომერი თავისთავად ამოაგდო, რის შემდეგაც მან გოგონას ტელეფონი დაუბრუნა...
როგორც საქმიდან ირკვევა, ამის შემდეგ რომან ხ. კახა ზ-ს ელმირას სახელით ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა და ეუბნებოდა, რომ მასთან შეხვედრა სურდა. დაახლოებით ერთ კვირაში კი შეხვედრაზეც დაიყოლია, კერძოდ, თავი შეაცოდა, რომ სასწრაფოდ სჭირდებოდა 680 ლარი, სხვანაირად შიმშილით მოკვდებოდა და ბინის ქირის გადაუხდელობისთვის ქუჩაშიც აღმოჩნდებოდა. მოკლედ, მკვლელმა მიზანში გაარტყა – კახა ზ-ს გოგონა შეეცოდა და შეხვედრაზე დასთანხმდა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა...
„ელმირა”, ანუ რომან ხ. კახა ზ-ს დათქმულ ადგილას შეხვდა. მანქანის გაჩერებისთანავე, იარაღიანი რომანი კახას ავტომობილში ჩაუჯდა და ფული მოსთხოვა. კახა ზ. უცხო კაცს არ ელოდა და წინააღმდეგობა გაუწია. მათ შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, რაც მკვლელობით დასრულდა – რომან ხ-მ მას ორჯერ ესროლა თავში, რის შემდეგაც მისი ავტომანქანის სალონიდან 700 ლარი, 198 დოლარი და ბაჯაღლო ოქროს ძეწკვი გაიტაცა და მიიმალა...
დაკავების შემდეგ მკვლელმა განაცხადა, თითქოს აწ გარდაცვლილი ტყეში საქმის გასარჩევად მიიყვანა, მაგრამ, სასამართლომ ეს ვერსია არ გაიზიარა. კოლეგიამ ჩათვალა, რომ მას მკვლელობა წინასწარ, სხვა დანაშაულის გაადვილების, ანუ, ფულის გამოძალვის მიზნით ჰქონდა დაგეგმილი. ამ ეჭვს აძლიერებდა ის გარემოებაც, რომ შემთხვევის ადგილიდან მკვლელს მოკლულის ტელეფონიც კი არ წაუღია, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ მას მხოლოდ ფული აინტერესებდა...
როგორ გაიხსნა საქმე
პირველ ეტაპზე გამოძიებამ ყველა შესაძლო ეჭვმიტანილი დაკითხა, მაგრამ, მალე გაირკვა, რომ კახა ზ-ს მტერი არ ჰყავდა. სწორედ ამიტომ, გამოძიება მის ტელეფონზე შესული ტექსტური შეტყობინებების ავტორებით დაინტერესდა.
საინტერესო მომენტი: პირველ ეტაპზე გამოძიებისთვის მესიჯები საინტერესო იმიტომ არ აღმოჩნდა, რომ მოკლულის ტელეფონზე 30-ზე მეტი სხვადასხვა ქალის მესიჯი და ზარი იყო შესული, ტექსტების უმრავლესობა კი არაფრისმთქმელი იყო. თუმცა, ვინაიდან შესაძლო ეჭვმიტანილი ვერ დგინდებოდა, გამოძიებამ მოკლულის ტელეფონზე შესული ნომრები გადაამოწმა და სერიოზულად დაეჭვდა, როდესაც ერთ-ერთი ნომერი კაცს, ვინმე რომან ხ-ს ეკუთვნოდა. გამოძიებამ მასზე ყურადღება იმიტომ გაამახვილა, რომ წარსულში ნასამართლევი იყო, თანაც, სასიყვარულო მესიჯებს მისი ტელეფონით ვინმე ელმირა გზავნიდა. გამოძიებამ არ გამორიცხა, რომ, შესაძლოა ელმირა მისი ცოლი ყოფილიყო, მით უმეტეს, ნომრის გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ნომერი მკვლელობის შემდეგ გამორთული იყო...
ეჭვების მიუხედავად, სამართალდამცველებმა ჯერ სხვები, მათ შორის მარი ნ-ც დაკითხეს, რადგან კახა ზ-ს ტელეფონზე მისი ნომერიც ამოვარდა. სწორედ დაკითხვის მომენტში, მას იმ პიროვნებების გვარ-სახელები დაუდეს, რომელთა ნომრებიც ტელეფონზე იყო დაფიქსირებული, აღნიშნულ პიროვნებებს შორის კი მისი ნათესავის, რომან ხ. და ელმირა კ. ფიგურირებდნენ. მოწმეს არაფერი დაუმალავს, მან სამართალდამცველებს ყველა დეტალი მოუთხრო და ყურადღება გაამახვილა, თუ როგორ იყო დაინტერესებული მისი ნათესავი კახა ზ-ს ნახვით... განსასჯელი სწორედ მისი ჩვენების საფუძველზე დააკავეს.
მკვლელის დაკავების შემდეგ, სასამართლომ საქმეზე დართული მტკიცებულებები დეტალურად გამოიკვლია. სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, კოლეგიამ ყურადღება გაამახვილა პატიმრის ვერსიაზეც, რომლის თანახმად, მკვლელობა მან ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა. სწორედ ამიტომ, სასამართლომ ელმირა კ. დაკითხა, რადგან განსასჯელმა განაცხადა, თითქოს მან წააქეზა, კერძოდ, მოატყუა, რომ კახა ზ-მ ის ძალით გააუპატიურა.
23 წლის ელმირა კ-ს ჩვენებიდან: „... მხოლოდ ათი კლასი დავამთავრე. მეტალიკით ვარ გატაცებული... მუსიკა მარისაც უყვარს და ერთმანეთი კლუბში გავიცანით. კახაც სწორედ ამ კლუბში დადიოდა. არაერთხელ შემინიშნავს მათი საუბარი. რაღაც პერიოდის შემდეგ კახა მე დამიმეგობრდა. „გასეირნება” რომ შემომთავაზა, ვიფიქრე, რომ მარის ეწყინებოდა, მაგრამ, დამარწმუნა, მარისთან აღარაფერი მაკავშირებს, მეგობრებად დავრჩითო. იგივე მითხრა მარიმაც. ამის შემდეგ მე და კახა ხშირად ვხვდებოდით... მასთან ურთიერთობა სასიამოვნო იყო, რადგან მუსიკა მასაც უყვარდა, ფულიც ჰქონდა და ბარშიც ხშირად დავყავდი. სად მუშაობდა და საიდან ჰქონდა შემოსავალი, ამის შესახებ მისთვის არასდროს მიკითხავს.
რაღაც პერიოდის შემდეგ კახა გადაიკარგა. ვინაიდან უცხოეთში ხშირად დადიოდა, მეგონა, უცხოეთში წავიდა. რამდენჯერმე დავურეკე და არ მიპასუხა, შემდეგ კი ერთ-ერთ ბარში სხვა გოგოსთან ერთად დავინახე და ჩემთვის ყველაფერი ცხადი გახდა, მაგრამ, არც მწყენია, რადგან, ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა – მას არაერთხელ უთქვამს, რომ ქალების მთელი არმია ეხვია თავს.
სწორედ ამ პერიოდში გავიცანი რომანი. ის მარიმ კლუბში გამაცნო. სხვა დროს ის კლუბში არასდროს მინახავს. ჩემ მიმართ ინტერესი მან თავიდანვე გამოამჟღავნა, მერე მასთანაც დავახლოვდი... წარსულის შესახებ ხშირად მეკითხებოდა. მეც არაფერი დამიმალავს, ვუთხარი, რომ რამდენჯერმე ვიყავი შეყვარებული, ბოლოს კი კახას ვხვდებოდი. ვინაიდან ჩემსა და კახას შორის ასაკობრივი განსხვავება საკმაოდ დიდია, რომანი დაინტერესდა, რა იყო მასთან ურთიერთობის რეალური მიზეზი. არ დამიმალავს, ვუთხარი, რომ მომწონდა და, თან, ფულიც ჰქონდა... მის შესახებ ყველაფერი გამომკითხა, მათ შორის იმ ადგილითაც დაინტერესდა, სადაც მას ვხვდებოდი... ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ მის მკვლელობასა და გაძარცვას გეგმავდა... ეს ამბავი რომ გავიგე, ჩემთვის შოკი იყო. თუმცა, კარგად რომ აღვიდგინე ყველაფერი, გამახსენდა: ერთხელ რომანმა მითხრა, შენს ძველ შეყვარებულს რამე თუ დაემართება, ხომ არ გეწყინებაო. გარდა ამისა, ერთხელ მაიძულა, დამერეკა და მისთვის ფული გამომერთმია... ფულის გამოსართმევად რომ წავედი, რომანიც გამომყვა, მაგრამ, მოშორებით მელოდებოდა. კახას ჩემთვის არც უკითხავს, ფული რაში მჭირდებოდა. იმის შემდეგ აღარ მინახავს და არც ტელეფონით მისაუბრია მასთან. არც მას დაურეკავს. მე რომანისთვის არასოდეს მითქვამს, რომ კახამ ძალით გამაუპატიურა...”, – განაცხადა მოწმემ, რომელმაც ის ფაქტიც გაიხსენა, რომ განსასჯელმა ტელეფონში სიმბარათის ჩადება სთხოვა...
პირველ ეტაპზე რომან ხ-მ თავი დამნაშავედ არ ცნო. ირწმუნებოდა, თითქოს, რაც მოხდა, იყო სპონტანური დანაშაული და ამ დანაშაულამდე შეყვარებულის ნათქვამმა მიიყვანა, რომელმაც დაარწმუნა, რომ ყოფილმა საყვარელმა გააუპატიურა. თუმცა, საბოლოოდ, მას ბრალი დასდეს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ყაჩაღობაში, იარაღის უკანონო ტარება-შენახვაში და 29 წლით პატიმრობა მიესაჯა.