უცნობი სუპერგიგანტი არსება – 7 კილომეტრ სიღრმეზე
ახალი ზელანდიის ნაპირებთან, შვიდ კილომეტრ სიღრმეზე, აღმოჩნდა გიგანტური კიბოსნაირი ცხოველი, რომლის არსებობის შესახებ ბიოლოგებმა აქამდე არაფერი იცოდნენ.
არსება განეკუთვნება სხვადასხვანაირი ფეხების მქონე კიბოსნაირების სახესხვაობას, რომელთა სიგრძე, ჩვეულებრივ, 2-3 სანტიმეტრს არ აღემატება. მათგან ყველაზე დიდი, რომელიც 34 სანტიმეტრს აღწევს, აღმოჩენილია წყნარ ოკეანეში, კერმადეკის ღრმულში. „ისინი ფეხსაცმლის ზომისაა და ტარაკნებს მოგვაგონებენ“, – განაცხადა აბერდინის უნივერსიტეტის თანამშრომელმა ალან ჯემისონმა.
ეს მომცრო, მაგრამ, ძალზე აქტიური არსებები, რომლებიც სრულ სიბნელეში ცხოვრობენ, არასდროს ამოდიან წყლის ზედაპირზე.
„სუპერგიგანტების“ არსებობის შესახებ პირველად მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც 1980 წელს მსგავსი ცხოველები ჰავაის კუნძულების ნაპირებთან იპოვეს. შემდგომში მსგავსი კიბოსნაირები, რომელთა ზომები 10 სანტიმეტრს აღწევდა, ანტარქტიკის წყლებში აღმოაჩინეს. ახალმა აღმოჩენამ თავისი ფიზიკური პარამეტრების რეკორდი დაამყარა.
ოდესღაც ოკეანის ღრმულები უსიცოცხლოდ მიიჩნეოდა, ვინაიდან იქ ძალიან დიდი წნევაა, ცივა და ბნელა. მაგრამ, უკანასკნელ წლებში სწავლულები ერთმანეთის მიყოლებით ახდენენ აღმოჩენებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ სიცოცხლე ოკეანის ამ არეებში მდიდარი და მრავალმხრივია.