ჰაკერებმა სირიის პრეზიდენტის ელექტრონული ფოსტა გატეხეს
ჯგუფ „ანონიმის“ ჰაკერებმა სირიის პრეზიდენტის ელექტრონული ფოსტა გატეხეს და ფართო მასებისთვის გახდა ცნობილი ბაშარ ასადის კანცელარიის ასობით წერილის შინაარსი.
პაროლი, რომელსაც პრეზიდენტის საქმეების მწარმოებელი დეპარტამენტის თანამშრომლები იყენებდნენ, ძალიან პრიმიტიული აღმოჩნდა – „1, 2, 3, 4, 5“. ამ ციფრების დახმარებით, ჰაკერებმა დეპარტამენტის უფროსის, მანსურ აზამისა და პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩევლის, ბუტანი შააბანას საფოსტო ყუთები გატეხეს.
კერძოდ, ცნობილი გახდა, თუ როგორ ემზადებოდა ბაშარ ასადი ABC არხთან ინტერვიუსთვის, სადაც არაერთხელ უარყოფდა იმ ფაქტს, რომ სამთავრობო ჯარები სირიის მოქალაქეებს ხოცავდნენ: „მიუხედავად იმისა, რომ მათ გიჟები ხელმძღვანელობენ, ასეთი ფაქტები არ ხდება“.
ინტერვიუმდე ათი დღით ადრე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სირიის დიპლომატიური მისიის პრეს-ატაშემ, შეჰერეზად ჯაფარიმ და თვით ელჩის, ბაშარ ჯაფარის ქალიშვილმა ჟურნალისტ ლუნა ჩებელს, „ალ ჯაზირას“ ყოფილ თანამშრომელს, რომელიც დღეს ასადის კანცელარიაში მუშაობს, გრძელი წერილი გაუგზავნეს, სადაც ეწერა, რომ ამერიკული მედია პრესაში ფართოდ იყენებს კლიშეს: „სირიის მთავრობა ხოცავს თავის ხალხს; ტანკები შევიდნენ სირიის მრავალი ქალაქის ქუჩებში. მშვიდობიანი დემონსტრაციის დასარბევად იყენებენ თვითმფრინავებს და სპეცსამსახურები დაკომპლექტებული არიან სისხლიანი მკვლელებით...“ ჯაფარი სთავაზობს, გააბათილონ ეს კლიშეები შემდეგი სენტენციების საშუალებით: „კრიზისის დაწყების პერიოდში დაშვებულ იქნა რიგი შეცდომებისა, რომლებიც პოლიციის ცუდ მუშაობასთან იყო დაკავშირებული“.