აღმოაჩინეს დედამიწაზე მცხოვრები უძველესი ორგანიზმები
ავსტრალიელ სწავლულთა ჯგუფმა სულ ახლახან გააკეთა ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ ნაპოვნია დედამიწაზე დღეისთვის არსებულ ორგანიზმთა შორის უძველესი. „რეკორდსმენად“ აღიარეს წყალმცენარე Posidonia oceanica, რომელიც ხმელთაშუა ზღვაშია გავრცელებული. სპეციალისტების აზრით, მცენარე უკვე 80 ათასიდან 200 ათას წლამდე პერიოდის განმავლობაში ახორციელებს საკუთარი თავის კლონირებას. თუმცა, როგორც ჩანს, სიცოცხლეს მალე დაასრულებს.
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მკვლევარმა კარლო დუარტიმ, თავის კოლეგებთან ერთად, კუნძულ ფორმენტერას მახლობლად წყალმცენარეების გიგანტური ველი აღმოაჩინა, რომელიც 15 კილომეტრზეა გაშლილი, მაგრამ, ამავე დროს, იგი ერთსა და იმავე ორგანიზმს წარმოადგენს – მათი დნმ-ის ყველა ნიმუში იდენტურია.
გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ, სწავლულთა აზრით, უსქესო გამრავლება არ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, ვინაიდან, გენომის კოპირების პროცესში თანდათან გროვდება საკმაო რაოდენობის შეცდომები. თუმცა, ამ უკანასკნელი გამოკვლევების შედეგები ამ თეორიას უგულებელყოფენ.
როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, პლანეტის ყველაზე ძველ ცოცხალ ორგანიზმს შედარებით ცოტა ხნის სიცოცხლე დარჩა – ის უკვე გადაშენების ზღვარზეა. ხმელთაშუა ზღვა საშუალოდ სამჯერ უფრო სწრაფად თბება, ვიდრე მსოფლიო ოკეანე, ამას კი იქამდე მივყავართ, რომ Posidonia oceanica-ს ველის ფართობი ყოველწლიურად ხუთი პროცენტით მცირდება.