მე – დაქირავებული მკვლელი
უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-7(581)
მომავალი ოპერაციისთვის მზადება ლუბიანკაზე, უფრო სწორად კი მის მიწისქვეშეთში, მინუს მეთხუთმეტე სართულზე მიმდინარეობდა. პლასტიკური ოპერაცია იმავე ღამეს ჩამიტარეს. ქირურგიული ჩარევა ახალი მეთოდის გამოყენებით მოხდა: სპეციალური წამლების მეშვეობით, სახეზე არანაირი ჭრილობის კვალი არ მეტყობოდა და მალიკ ჰალასს გაჭრილი ვაშლივით დავემსგავსე. ჩვენ თერთმეტი დღე ვცხოვრობდით ერთად და ამ დროის განმავლობაში მე მისი პიროვნების ფორსირებულ კოპირებას ვახდენდი. გარდა ამისა, შევისწავლე მისი ყველა ნაცნობ-მეგობრისა თუ ნათესავის პიროვნება, სახელები, გვარები, გარეგნობა, ხოლო, ვისი სურათიც არ მოგვეპოვებოდა, იმას მალიკი სიტყვიერად აღწერდა და ვიმახსოვრებდი.
– „მწვანე ძმების კომიტეტის“ ხელმძღვანელი ჰასანია. ის ძალიან ეჭვიანი, ვერაგი და მოუხელთებელი ადამიანია, არავის ენდობა და ყველა შეკრებას სწორედ ასეთი გზით აწყობს, ანუ, მის მიერ გამოგზავნილ კაცს მივყავართ ხოლმე მასთან, – მითხრა მალიკმა და დაამატა: – არის ერთი ნიუანსიც – ჰასანს პირადი მრჩეველი ჰყავს, რომელიც არასოდეს ჩნდება ჩვენთან და არ ვიცით, ვინ არის. თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ ის ამერიკელია და სწორედ ამიტომ არ გვენახვება. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ტერაქტი იმ ამერიკელი მრჩევლის დაგეგმილია და ჰასანზე იმ ადამიანს განუზომელი გავლენა აქვს.
ფორსირებული სწავლება რომ დასრულდა, მე ბერლინში გადამაფრინეს და ბრანდენბურგის კართან დავდექი მეკავშირის შესახვედრად.
– ხალიკ, მეკავშირის მაგივრად შენ გამოგგზავნა ჰასანმა? – ვკითხე „მწვანე ძმების კომიტეტის“ წევრს ხალიკს, რომელსაც, რა თქმა უნდა, ფოტოსურათებიდან ვიცნობდი და მასზე ინფორმაციები მალიკმა მომაწოდა.
– ჰო, მე გამომგზავნა ჰასანმა, მალიკ, ძმაო, – გადამეხვია ხალიკი, მხრებზე ხელები მომითათუნა და მივხვდი, რომ პირველი გამოცდა წარმატებით ჩავაბარე.
ჩვენ „ფოლკსვაგენით“ როსტოკში გავემგზავრეთ, იქ ერთ არაბულ სატვირთო ტანკერზე ავედით და ზღვაში შევცურეთ. მე არანაირ კითხვას არ ვსვამდი და ველოდებოდი, რას იტყოდა ხალიკი, მაგრამ, არც ის მელაპარაკებოდა საქმეზე და თოლიების ცქერით იყო გართული, რომლებიც ჩვენი ტანკერის თავზე დაფარფატებდნენ. ჩრდილოეთის ზღვისკენ მივცურავდით, იმიტომ ვიფიქრე, რომ იქიდან ატლანტის ოკეანეში შევიდოდით და აფრიკის რომელიმე ქვეყნისკენ ავიღებდით გეზს. ჩემი აზრით, ტერორისტული ორგანიზაციის წევრთა შეკრება რომელიმე არასტაბილურ აფრიკულ ქვეყანაში იყო დანიშნული. ჰორიზონტზე ბინდი ჩამოწვა და ხალიკი და მე ჩვენთვის განკუთვნილ ორადგილიან კაიუტაში ჩავედით და საწოლებში ჩავწექით.
– გეძინება? – მკითხა ხალიკმა.
– ჯერ არა, შენ?
– არც მე. მოდი, ვილაპარაკოთ, თავი შევიქციოთ და ამასობაში ჩაგვეძინება კიდეც.
– თანახმა ვარ, – მივუგე ხალიკს, თან ისეთი გრძნობა მქონდა, რომ, საწოლში კი, არა, თითქოს რაღაც აგრეგატზე ვიწექი. თანაც, ამას ხალიკის ლაპარაკიც დაერთო. ის შეფარულად სხვადასხვა კითხვას მისვამდა და მივხვდი, რომ დაშიფრული, წინასწარ მომზადებული ტექსტით მელაპარაკებოდა.
„ღმერთო ჩემო, ეს ხომ ძალიან ჰგავს სიცრუის დეტექტორის ტესტს! ნუთუ სენსორულ დეტექტორზე მამოწმებენ?“ – გავიფიქრე გუნებაში, უფრო მეტი კონცენტრაცია მოვახდინე და ხალიკთან ლაპარაკი განვაგრძე. ზუსტად ერთი საათის შემდეგ, როდესაც ხალიკმა ჩემი ტესტირება დაასრულა, მკითხა:
– ნუთუ არ გაინტერესებს, სად მივცურავთ?
– რომ მივცურდებით, შევიტყობ. ახლა კი მეძინება. მორჩი ლაყბობას და თავი დამანებე.
– რა დროს ძილია, უკვე მოსულები ვართ. ყველანი გემზე არიან და მხოლოდ ჩვენ გველოდებიან, – მითხრა ხალიკმა და საწოლიდან მოღიმარი წამოდგა.
წამოვდექი მეც, ჩავიცვი და ხალიკს მივაჩერდი. მან კი მხარზე ხელი დამკრა და მითხრა:
– წავედით. ჰასანი და ჩვენი მწვანე ძმები გველოდებიან.
მე და ხალიკი ტანკერის ფსკერზე ჩავედით. იქ კარგად მოწყობილი, ოროთახიანი კაიუტა მდებარეობდა, სადაც უზარმაზარი მრგვალი მაგიდა იდგა და მის გარშემო თხუთმეტი ადამიანი იჯდა. მათი უმრავლესობა ფოტოებით ვიცანი, დანარჩენი კი მალიკის აღწერილობით და როდესაც ყველას სათითაოდ მივესალმე და მაგიდას მივუჯექი, ჰასანმა თქვა:
– ჩემო სულიერო და იდეურო ძმებო! აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ჩვენი ურჯულო მტრის წინააღმდეგ მიმართული, გამანადგურებელი დარტყმების გეგმა განვიხილოთ, ყველაფერი შევაჯეროთ და ღია მოქმედებებზე გადავიდეთ...
ჰასანმა ათწუთიანი იდეოლოგიური პროლოგი გააკეთა, შემდეგ კი საქმეზე გადავიდა. მას მე დიდი გულისყურით ვუსმენდი, არაფერი მეპარებოდა მხედველობიდან და ყველაფერს ზუსტად ვიმახსოვრებდი. მან საბჭოთა კავშირის ათ მსხვილ ქალაქში ერთდროულად განსახორციელებელი ტერორისტული აქტების დაწვრილებითი გეგმა წარმოგვიდგინა, რომელიც უზადოდ იყო შედგენილი და ასეთი რამ მაღალი დონის პროფესიონალის დახმარების გარეშე შეუძლებელი იყო.
„ნაღდად ამერიკელების მიერაა ეს ყველაფერი შემუშავებული. უყურე ამ დამპლებს!“ – გავიფიქრე გუნებაში. დარწმუნებული ვიყავი და ისედაც აშკარა იყო, რომ ჰასანი და მისი მებრძოლები მხოლოდ და მხოლოდ შემსრულებლები იყვნენ და არა ასეთი სრულყოფილი ტერორისტული გეგმის შემდგენელები.
იმ „დამეტკილ“ ათ ქალაქში თბილისიც იყო შეყვანილი და, გეგმის მიხედვით, ჩვენს დედაქალაქში ერთდროულად სამი ბომბი უნდა აფეთქებულიყო. ეს ტერაქტები 7 ნოემბერს, ოქტომბრის რევოლუციის აღსანიშნავი ღონისძიების დროს უნდა მომხდარიყო. გეგმაში მითითებული იყო, რომ ამ ღონისძიებების შედეგად ერთბაშად 30-35 ათასი ადამიანი დაიღუპებოდა, ხოლო ერთი ამდენი კი დაიჭრებოდა და დასახიჩრდებოდა...
– ჩვენი ასეთი ქმედებებით, ძმებო, – თქვა ბოლოს ჰასანმა, – ურჯულო კომუნისტი ღორების ბანაკში არეულობას შევიტანთ და დავასუსტებთ. თანაც, მათ ხალხში მთავრობის ავტორიტეტს დავაკნინებთ, მათ დაუცველობის განცდას გავუჩენთ და ვაიძულებთ, ქუჩებში გამოვიდნენ პროტესტის გამოსახატავად, რაც ჩვენს წისქვილზე დაასხამს წყალს.
აშკარა იყო, ჰასანის პირით ამერიკელები მეტყველებდნენ და ყოველივე ამაში „ცეერუს“ ძლიერი ხელი ჩანდა. მართალია, დანიშნულ დრომდე ოთხ თვეზე მეტი რჩებოდა და ჩემი მისიის მთავარი მიზანი ინფორმაციის მოპოვება იყო, მაგრამ, ჰასანის მოსმენის შემდეგ დაუოკებელი სურვილი გამიჩნდა, ტერორისტები მომეთოკა, თუმცა, წარმოდგენაც არ მქონდა, როგორ უნდა გამეკეთებინა ეს იმ ვითარებაში. ჯერ ერთი, ისინი თექვსმეტნი იყვნენ, მე კი მარტო ვიყავი და მათ ჩემზე უდიდესი რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ იარაღი არ მქონდა.
„ღმერთო, დამეხმარე!“ – ვიმეორებდი გუნებაში. მართალია, მაშინ ღმერთი არ მწამდა, მაგრამ, საშველად მაინც მას ვუხმობდი.
ჰასანმა თითოეულ ჩვენგანს თითო საბჭოთა ქალაქში დაგვავალა ტერორისტული აქტის მოწყობა და, ბედის ირონიით, მე თბილისი შემხვდა. ამან უფრო გამამწარა და თავს ძლივს ვიკავებდი, რომ ჰასანს არ ვცემოდი და მისთვის კისერი არ მომემტვრია. მთელ ამ გეგმაში ერთი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი დეტალი ფიგურირებდა, საქმე კი ის იყო, რომ ათივე „დამეტკილი“ ქალაქი ქრისტიანული იყო და მათში არც ერთი მუსლიმანური ქალაქი არ შედიოდა.
„მდაა, – გავიფიქრე მე, – ამერიკელებს საბჭოთა მუსლიმანების ამხედრება უნდათ, ეს კი ძალიან დიდი ძალაა. არა, ეს მოსასპობები როგორმე უნდა გავანეიტრალო, მაგრამ, როგორ?“
– აქედან, ძმებო, სუდანში მივდივართ და ყველანი სწორედ იქ მოვემზადებით მომავალი დიდი ბრძოლისთვის: – გვითხრა ჰასანმა დასასრულს და დაამატა, – ჯერ ატლანტიის ოკეანეში გავალთ, შემდეგ – ხმელთაშუა ზღვაში, ხოლო ლიბიიდან – სუდანში, იქ დავბანაკდებით და მზადებას შევუდგებით.
ეს უკვე დიდი, ცუდი და მოულოდნელი სიურპრიზი იყო, რადგან, ჩვენებთან კავშირის დამყარებას ვერ მოვახერხებდი და ამ გრანდიოზული ტერორისტული აქტების აღსაკვეთად დრო თითქმის არ გვრჩებოდა.
– ახლა ჩვენი ძმობის ყალიონი გავაბოლოთ, მერე კი დასაძინებლად დავწვეთ. ძალიან დატვირთული დღე გვქონდა და დასვენება არ გვაწყენს, – გვითხრა ჰასანმა, ჰაშიშით გატენილი ბამბუკის ორი უზარმაზარი ყალიონი მოიტანა და წრეში გაუშვა.
მე ოთხმა ნაფაზმა მომიწია, მაგრამ მაქსიმალურად მცირე რაოდენობა გავუშვი ფილტვებში, რომ ძალიან არ დავმთვრალიყავი. „კაიფს“ რომ მოვრჩით, მე და ხალიკი ჩვენი კაიუტისკენ გავემართეთ და დავწექით. ხალიკს მაშინვე ჩაეძინა, მე კი ვიწექი და ტერორისტების გასანეიტრალებელ გეგმაზე ვფიქრობდი, თუმცა, ხეირიანი არაფერი მომდიოდა თავში და, რადგან დრო ტერორისტების წისქვილზე ასხამდა წყალს, გადავწყვიტე, კაიუტიდან გავსულიყავი და შექმნილი ვითარების მიხედვით მემოქმედა.
კაიუტიდან გასვლის წინ ხალიკს კისერი მოვტეხე და იქაურობა დავტოვე. გემბანზე რომ ავედი და ღამის ჰორიზონტს გავხედე, რა თქმა უნდა, ვერაფერს მივხვდი და გადავწყვიტე, სამანქანო განყოფილებაში ჩავსულიყავი და იქ გამერკვია ჩვენი ადგილმდებარეობა.
– აქ ჩამოსვლა არ შეიძლება, სერ! – თავაზიანად მითხრა ათლეტური აღნაგობის მურიანმა მემანქანე მატროსმა, რომელსაც ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა სახეზე, – კაპიტანმა რომ შეიტყოს, აქ უცხო პირი იყო, უმკაცრესად დამსჯის.
– სწორედ კაპიტანს ვეძებ.
– თავის კაიუტაში იქნება, სერ, ტანკერის მარცხენა ნაწილში. ბოდიშს გიხდით, მაგრამ, აქაურობა უნდა დატოვოთ.
– ახლავე, ახლავე. მხოლოდ ის მითხარით, სად ვიმყოფებით?
– დანიის ნაპირებთან, სერ, ჩრდილოეთის ზღვაში გავდივართ.
სამანქანო განყოფილებიდან პირდაპირ კაპიტნის კაიუტას მივაშურე, სადაც ტანკერის მესაჭე მარტო იმყოფებოდა. დაუპატიჟებლად მისული რომ დამინახა, მრისხანედ მკითხა:
– კი მაგრამ, დაგეკაკუნებინათ მაინც!
აშკარა იყო რომ ბევრი ლაპარაკით ვერაფერს გავაწყობდი, ამიტომ, მის პატარა კომოდზე მდებარე „ბერეტას“ სისტემის პისტოლეტს ვტაცე ხელი, კაპიტანს შუბლზე მივადე და ვუთხარი:
– აბა, ჩქარა მითხარი, გაქვთ თუ არა სწრაფმავალი კატერი ტანკერზე?
– დიახ, გვაქვს. ტანკერის მარცხენა კიდეზეა მიმაგრებული და საწვავითაც სავსეა.
– ჩქარა, რადიოკვანძში წამიყვანე, მაგრამ, იცოდე, რამე სისულელე არ ჩაიდინო, თორემ, შუბლს გაგიხვრეტ!
შეშინებულმა კაპიტანმა რადიოკვანძში შემიყვანა, სადაც ერთადერთი კაცი იმყოფებოდა და თავზე ყურსასმენები ეკეთა. მე მას კეფაში პისტოლეტის ტარი ვთხლიშე და გავთიშე, შემდეგ კაპიტნისგან ჩვენი ადგილსამყოფლის ზუსტი კოორდინატები შევიტყვე, მასაც პისტოლეტის ტარი ჩავცხე კეფაში, გავთიშე და რაციას მივუჯექი, რომლის მეშვეობითაც პირდაპირ ლუბიანკაზე გადავეცი: „ვიმყოფები დანიის ნაპირებთან, ქალაქ ორხუსთან. მაქსიმუმ ერთ საათში ჩამოვქვეითდები და მომაქვს ორადგილიანი ბარგი. გთხოვთ, სასწრაფოდ დამხვდეთ. პასუხს ახლავე ველოდები“.
ზუსტად ორ წუთში პასუხი მომივიდა: „ორხუსის დასავლეთი სანაპიროსკენ წადით და იქ მოგძებნით. გისურვებთ წარმატებას“.
რადიოკვანძიდან ჰასანის კაიუტას მივაშურე და დავაკაკუნე, თან ვუთხარი:
– ჰასან, მალიკი ვარ. სასწრაფოდ გამიღე, გადაუდებელი საქმე მაქვს.
ჰასანმა კაიუტის კარი გამიღო და მკითხა:
– რა ხდება, ხომ მშვიდობაა?
– არა. შეიძლება, შემოვიდე?
– ახლავე, – მითხრა ჰასანმა და მის ლოგინში მყოფ ქალს სახეზე საბანი გადააფარა, რომ მე არ დამენახა. შემდეგ შიგნით შემიშვა და მკითხა: – რა მოხდა?
ჰასანს ყბაში პისტოლეტის ტარი ვთხლიშე და გავთიშე, შემდეგ საწოლთან მივიჭერი, საბანი გადავწიე და დედიშობილა, ტანწერწეტა, ოცდათხუთმეტიოდე წლის ქალი შევათვალიერე, რომელმაც პისტოლეტის წართმევა მომინდომა, რაც, ცხადია, ვერ მოახერხა. შემდეგ პისტოლეტიც ავართვი, რომელიც ბალიშის ქვეშ ჰქონდა დამალული და ვკითხე:
– ვინ ხარ?
– ბოზი! – მომახალა ქალმა.
– ჰოდა, ბოზურად მოგკლავ! – მივუგე ქალს და შესაშინებლად იარაღი მივუშვირე. მან კი ხელები გაასავსავა და შემევედრა:
– არ მომკლა, მართლა ბოზი კი არ ვარ, ჰასანის მრჩეველი ვარ!
– ამერიკელი?
– დიახ!
ქალსაც პისტოლეტი ვთხლიშე ყბაში, გავთიშე, შემდეგ ის და ჰასანი ზურგზე მოვიკიდე და მარცხენა გემბანზე ავედი. ორივე კატერში ჩავაწვინე, კატერი წყალში ჩავუშვი, საჭეს მივუჯექი და ორხუსის დასავლეთ ნაპირისკენ ავიღე გეზი.
„კაგებეს“ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ძალიან ოპერატიულად იმოქმედეს – ორხუსის ნაპირზე რომ ჩამოვქვეითდი, იქ უკვე ოთხი საბჭოთა აგენტი გველოდებოდა მანქანით. ჩვენ ჰასანი და 35 წლის დედიშობილა ჯოანა მანქანის საბარგულში ჩავაწვინეთ და კონსპირაციულ ბინაში წავედით. ოცდაოთხი საათის შემდეგ კი უკვე ლუბიანკაზე ვიმყოფებოდი და გენერალ შჩუკინს ჩემი მისიის დეტალებს ვუყვებოდი.
– ესე იგი, ოცდათხუთმეტი ათასი საბჭოთა ადამიანის მოკვლას აპირებდნენ ეს ნაძირლები, ხომ? – კბილებში გამოსცრა შჩუკინმა და დაამატა: – ის ტანკერი უკვე ჩრდილოეთის ზღვის ფსკერზე წევს და ყველა ტერორისტი განადგურებულია. ამათ კი კანონის შესაბამისად გავასამართლებთ და დამსახურებულ სასჯელს მიიღებენ.
როგორც გაირკვა, საბჭოთა წყალქვეშა ნავმა, რომელიც ჩრდილოეთის ზღვაში პატრულირებდა, ტერორისტებით სავსე ტანკერი ტორპედოთი ააფეთქა და ჩაძირა.
მეორე დღეს, იმავე ექიმ-კოსმეტოლოგმა ჩემი სახე დამიბრუნა და სამ დღეში ჩემს ცოლ-შვილს დავუბრუნდი, რომლებიც უკვე თბილისში იმყოფებოდნენ.
– როგორ ხარ, კოკი? თითქმის ერთი თვეა არ მინახავხარ და შეცვლილი მეჩვენები, – მითხრა მერიმ.
– იმ ამერიკელ კონგრესმენებს თითქმის მთელი რუსეთი მოვატარე, ძალიან დავიღალე და, ალბათ, იმიტომ გეუცხოები.
– არა, კი არ მეუცხოები, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ადრე უფრო სხვანაირი სახე გქონდა.
– ჰო, პატარა კოსმეტიკური ოპერაცია ჩავიტარე, – ხუმრობით მივუგე მერის, გუნებაში კი გავიფიქრე: „ნუთუ მათლა შეცვლილი სახე მაქვს?“
– კარგი, კარგი, დაისვენე, – მითხრა მერიმ, – მართლა ძალიან დაქანცული სახე გაქვს. მე კი, რომ გაიღვიძებ, გემრიელ სადილს დაგახვედრებ.
მერიკო, ყველა სიკეთესთან ერთად ბრწყინვალე მზარეული იყო და ისეთ გემრიელობებს ამზადებდა, რომ უკეთესი საჭმელი არსად მიგემია, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საუკეთესო მზარეულების მიერ მომზადებული კერძები მაქვს გასინჯული. მერის რაღაც განსაკუთრებული ხელი ჰქონდა, მის მიერ გაკეთებულ საჭმელს მილიონ სხვა საჭმელში გამოვარჩევდი.
– ეეჰ, საყვარელო, მე რომ მოვკვდები, ვინ მოგიმზადებს გემრიელ კერძებს. შენ ხომ მხოლოდ ჩემს გაკეთებულ საჭმელს ჭამ მადიანად, – მითხრა ერთხელ მერიმ. მაშინ მე უკვე ვიცოდი, რომ ჩემი ერთადერთი სიყვარული განუკურნებელი სენით იყო დაავადებული და მივხვდი, რაღაცას გრძნობდა, თუმცა, არ შევიმჩნიე და ხუმრობით მივუგე:
– ეს ისე გვიან მოხდება, ჩემო მერიკო, რომ უკვე უკბილო მოხუცი ვიქნები და შენი გემრიელი კერძები აღარ დამჭირდება.
მერიმ ხუმრობა არ მიიღო და მიპასუხა:
– შენ რომ უკბილო მოხუცი გახდები, მე უკვე კარგა ხნის გარდაცვლილი ვიქნები.
ამ საუბრის გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, რადგან, შეიძლება, ავტირებულიყავი. ამიტომ, მერის სრული სერიოზულობით ვუთხარი:
– მერი, ძვირფასო, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ შენ ღმერთის ფუნქციებს შეითავსებდი და გადაწყვეტდი, ვინ როდის უნდა მოკვდეს.
– კარგი, საყვარელო, ნუ მიბრაზდები.
– ნუ გიბრაზდები კარგია. მე რომ ასეთი ლაპარაკი დავიწყო, ნეტავი როგორ ხასიათზე დადგები?
– პირობას გაძლევ, საყვარელო, რომ ამ საუბარს აღარ დავუბრუნდები, – მითხრა მერიმ და მართლაც, მას შემდეგ სიკვდილი აღარ უხსენებია. თუმცა, ვგრძნობდი, რომ ხშირად ფიქრობდა მასზე, იმქვეყნიური ცხოვრებისთვის ემზადებოდა და ყოველგვარი შიშისა და შფოთის გარეშე შეეგება სიკვდილს.
მერის გარდაცვალებით ჩემს არსებას კეთილი მეორე ნახევარი ჩამოშორდა და სულიერად დავობლდი. მართალია, დამრჩა შვილები და ჩემი უერთგულესი დობილი – ნატა, მაგრამ მერიკოს გარეშე ცხოვრება, განსაკუთრებით, პირველ ხანებში, ძალიან გამიჭირდა.
– რაც შეიძლება მეტი საქმე აიღე, უმოქმედობა არ შემიძლია, ფულს მნიშვნელობა არ აქვს, – ვუთხარი რომანს მერის დასაფლავების მეორე დღეს, როდესაც მან მერის საფლავზე ამომაკითხა.
– არა, ჩემო კოკი, ჯობია, ცოტა ხანს დაისვენო, საქმეები კი არსად გაიქცევა, – მომიგო რომანმა, მე კი მას ცინიკურად ვუპასუხე:
– რაო, გეშინია, რომ იაღლიში არ მომივიდეს? თქვი, ნუ გერიდება!
– არ მერიდება, ჩემო კოკი, შენ ახლა მართლა გჭირდება დასვენება. გაიაროს ცოტა დრომ და მუშაობაც განვაახლოთ. ახლა კი მგლოვიარე ხარ.
– რა დროც არ უნდა გავიდეს, მე სულ მგლოვიარე ვიქნები, – მკვახედ მივუგე „ძიას“. მან კი მშვიდად მითხრა:
– სასაფლაოს შესასვლელთან გელოდები, მანქანაში.
რომანთან თვალებაწითლებული დავბრუნდი, რადგან მერის საფლავზე კარგა ხანს მწარედ ვქვითინებდი და, გული რომ ვიჯერე, მხოლოდ ამის შემდეგ წამოვედი იქიდან.
– კოკი, შენთან შეხვედრა უნდათ, – მითხრა „ძიამ“, როდესაც მის მანქანაში ჩავჯექი.
– ვის?
– ძველ ნაცნობებს.
– „კაგებედან“?
– ჰო. ვიქტორ იაკოვლევიჩი სასტუმრო „ძველ თბილისშია“ გაჩერებული და მითხრა, თუ არ შეწუხდება, მნახოსო.
– მეტი არაფერი უთქვამს?
– არა.
მართალია, უზომოდ დამწუხრებული ვიყავი და არავის ნახვის სურვილი არ მქონდა, მაგრამ, საბჭოთა „კაგებეს“ ყოფილი მაღალჩინოსნის ვოიაჟი უკვე ანტირუსულ საქართველოში, ერთობ საინტერესოდ მომეჩვენა და „ძიას“ ვუთხარი:
– წამოდი, ვნახოთ.
– მე „ძველ თბილისთან“ დაგტოვებ, დანარჩენი კი შენ იცი, – მითხრა რომანმა და, სანამ დანიშნულების ადგილზე მიმიყვანდა, უკვე ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ჩვევის შესაბამისად, ჯერ რამდენიმე ცრუ მანევრი ჩაატარა ქალაქში, რომ დარწმუნდა, არავინ გვითვალთვალებდა, ავლაბრისკენ აიღო გეზი და სასტუმრო „ძველ თბილისთან“ მიმიყვანა.
– აბა, შენ იცი. საღამოს შეგეხმიანები. საქმეები კი მერის ორმოცის შემდეგ განვაახლოთ, – მითხრა „ძიამ“ და მანქანიდან ჩამოვედი.
ვიქტორ იაკოვლევიჩ შჩუკინი ძველებურად ყოჩაღად და მხნედ გამოიყურებოდა. ისევე იყო წელში გამართული, როგორც ადრე. თუმცა, მაინც საგრძნობლად ჰქონდა გარეგნობა შეცვლილი: თმა მოეშვა, ბლანჟე დაეყენებინა, მოდური სათვალე ეკეთა და უფრო ასაკოვან როკენროლისტსა და ელვის პრესლის თავგამოდებულ ფანს ჰგავდა, ვიდრე ყოფილ ბობოლა „კაგებეშნიკს“. ის მე სასტუმროს ჰოლში შემეგება, ხელკავი გამომდო, ქუჩაში გამიყვანა, გადამეხვია და, მითხრა:
– თანაგიგრძნობ, ჩემო კოკი და ბოდიშს გიხდი, რომ ასეთ მძიმე ჟამს გაწუხებ. წამოდი, ფეხით გავიაროთ, თუ, რა თქმა უნდა, თანახმა ხარ.
ჩემი მდგომარეობის მიუხედავად, ძალიან დამაინტერესა, რა ქარმა გადმოაგდო ანტირუსულად განწყობილ საქართველოში, გენერალი შჩუკინი. ამიტომ, რა თქმა უნდა, მისთვის უარი არ მითქვამს, ცრემლიანი კლდის დაღმართს ჩავუყევით და მოთმინებით დაველოდე, როდის გადავიდოდა საქმეზე.
– ძალიან სამწუხაროა, ჩემო კოკი, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ასე დაიძაბა. არადა, ხომ გახსოვს, როგორ გვიყვარდა ერთმანეთი რუსებსა და ქართველებს. ახლა კი ჩვენ შორის შავმა კატამ გაირბინა, – მითხრა შჩუკინმა და პაუზა გააკეთა. მე ამით ვისარგებლე და მივუგე:
– სულაც არ მგონია, ვიქტორ იაკოვლევიჩ, რომ ერებს ერთმანეთი შესძულდათ. ეს ყველაფერი ამბიციური პოლიტიკოსების ბრალია და დროებითია.
– ღმერთმა გისმინოს, ჩემო კარგო, მაგრამ ეს ყოველივე ისეთი ფორმებითა და სისწრაფით კეთდება, რომ, სულ მალე, თუ, რა თქმა უნდა, ამას ვინმემ ან რამემ არ შეუშალა ხელი, პროცესი შეუქცევადი გახდება.
– თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველოს ამერიკანიზაცია ასეთი ადვილია? – ჩამეცინა მე, – აი, თქვენ, რუსები, ორას წელიწადზე მეტხანს ცდილობდით ჩვენს გარუსებას და არაფერი გამოგივიდათ. რატომ ფიქრობთ, რომ ეს ამერიკელებს გამოუვათ?
– ისინი ჩვენს გამოცდილებას გაითვალისწინებენ და იმიტომ. ქართველს წინააღმდეგობის სურვილი არ უნდა გაუღვივო, კარგი პირობები უნდა შეუქმნა და, ისე დაურღვევ და ჩამოაშლევინებ სახელმწიფოსა და ტრადიციებს, რომ, როდესაც ამას მიხვდება, ვეღარაფერი უშველის, – მითხრა შჩუკინმა, – გარდა ამისა, თქვენ იქ, კრემლში, სტალინი და ბერია გყავდათ და ამანაც გიშველათ.
– ბერია კი. სტალინი, ცოტა არ იყოს, სადავოა, მაგრამ მაინც გეთანხმებით. ხოლო, რაც შეეხება ქართველობის გადაშენების ხერხებს, ამაში აბსოლუტურად გეთანხმებით და, კიდევ კარგი, რომ ველიკორუსების არსენალში ასეთი რამ მაშინ არ ყოფილა.
– სამაგიეროდ, ჩემო კარგო, მსგავსი მეთოდები მაღალტექნოლოგიურ ამერიკელებს აქვთ ბევრად დახვეწილი ფორმებით და, სანამ მთელი სიმძლავრით არ ამუშავებულან საქართველოს წინააღმდეგ, თქვენს ქვეყანას შველა სჭირდება.
– და, თქვენ აქ საქართველოს საშველად ჩამობრძანდით?
– სამწუხაროდ, არა. აქ მე უფრო გლობალური მასშტაბის ამოცანის გადასაჭრელად ჩამოვედი.
– გლობალური ამოცანის?
– დიახ, გლობალური ამოცანის, – მითხრა შჩუკინმა, პაუზა გააკეთა და მკითხა: – საიდუმლო პროექტის – „დღე იქსის“ შესახებ თუ გსმენია რამე?
– არაფერი, – მივუგე ვიქტორ იაკოვლევიჩს.
– კარიბის კრიზისი რა იყო, ხომ იცი?
– ვიცი. ხრუშჩოვმა რომ კუბაზე ატომური რაკეტები შეიტანა და ამის გამო ლამის მესამე მსოფლიო ომი დაიწყო ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის, – ვთქვი მე.
– ჰოდა, კარიბის კრიზისი წესიერად არც კი იყო დასრულებული, როდესაც „კაგებეს“ ხელმძღვანელობამ საიდუმლო პროექტი – „დღე იქსი“ შეიმუშავა და მალევე შეუდგა მის განხორციელებას. პროექტის მიზანი იყო, გლობალური ომის დაწყების შემთხვევაში, ელვისებური ატომური ტერორის განხორციელება მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე. საამისოდ კი დამზადდა ორმოცდაათი ცალი მინი-პორტატული ატომური ბომბი, რომლებიც სპეციალურ ჩემოდანში იყო განთავსებული და სულ რაღაც ოცდახუთ კილოგრამს იწონიდა. ყოველ ასეთ მოწყობილობას საკუთარი მართვის სისტემა ჰქონდა, რომელიც უზრუნველყოფდა მის მოქმედებას. ერთი ასეთი ბომბის აფეთქებას, ორმოცდაათი კილომეტრის რადიუსში ოცდაათი ათასი ადამიანის ერთბაშად დახოცვა, აფეთქების ეპიცენტრში კი მნიშვნელოვანი ნგრევის გამოწვევა შეეძლო. თითოეული ასეთი მოწყობილობის დამზადება სახელმწიფოს ოთხასი ათასი მანეთი დაუჯდა და მთელი პროექტის ფასმა ოცი მილიონი მანეთი შეადგინა, რაც დღევანდელი ფასებით სასაცილოა – დღეს ერთი ასეთი ბომბი ორმოცდაათი მილიონი დოლარი ღირს.
– ძვირი სიამოვნებაა, – ვთქვი მე.
– ერთი სიტყვით, შეირჩა სტრატეგიული სამიზნეები და ეს ბომბები იმ სამიზნეების სიახლოვეს განათავსეს. მიზანში, რა თქმა უნდა, თურქეთიც იყო და, საჭიროების შემთხვევაში, ამ ქვეყნის ხუთ ქალაქში ხუთი ბომბი უნდა ამოქმედებულიყო. ამიტომ, ხუთი ჩემოდანი თბილისში ჩამოიტანეს და ამიერკავკასიის ოლქის ჯარების შტაბის ბუნკერში საიმედოდ შეინახეს. ეს შტაბი ჯერ ლენინის მოედანზე მდებარეობდა, იმ ადგილზე, სადაც დღესდღეობით სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტია“. შემდეგ კი, შტაბი საბურთალოზე გადაიტანეს და, ბომბებმაც, შესაბამისად, იქ გადაინაცვლეს.
– ჰმ, – ვთქვი მე, – შემთხვევით რომ ერთი ბომბი აფეთქებულიყო, მთელი თბილისი რადიაციით გაწყდებოდა. თურმე, რამხელა საშიშროების პირას ვყოფილვართ.
– ასეთი საშიშროების პირას იყო საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკის სასაზღვრო ქალაქები, რადგან, მსგავსი მოწყობილობები სხვაგანაც იყო. თუმცა, ბომბები იმდენად საიმედოდ დამზადდა, რომ უბედური შემთხვევა გამორიცხული იყო. თითოეულ ბომბს საკუთარი რიგითი ნომერი ჰქონდა და მასზე ერთი ოფიცერი იყო მიმაგრებული, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში მტრის ტერიტორიაზე ჩემოდნის ტრანსპორტირება უნდა მოეხდინა და მასვე უნდა აემოქმედებინა ის. ერთ-ერთი ასეთი მიმაგრებული ოფიცერი ვიყავი მე. ჩემი ბომბის ნომერი იყო „პპჩ-05“. ეს კი ნიშნავს „პერენოსნოი პორტატივნი ჩემოდან“ (გადასატანი პორტარტული ჩემოდანი). ჩემი სამიზნე იყო ქალაქი სტამბული და ¹5 ბომბი ევროპა-აზიის გამყოფ ხიდზე უნდა ამეფეთქებინა. ჩემი ჯგუფის წევრი იყო მუხინი და მას ¹3 ბომბი ებარა.
– ანდრეი ლუკიჩი? – ვკითხე შჩუკინს.
– ჰო, ანდრეი ლუკიჩი. ჩვენ იმ პერიოდში ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლები ვიყავით და განსაკუთრებული შერჩევის შედეგად ჩაგვრთეს ამ პროექტში. ჩვენ გარდა, „დღე იქსში“ კიდევ სამი ადამიანი იყო გაერთიანებული საქართველოს მონაკვეთში: ¹1 ჩემოდანს კონსტანტინე ლოსევი კურირებდა, ¹2-ს – არკადი ბორზოვი, ხოლო ¹4-ს კი – იური სავინი. მოგვიანებით ყველა დაგვაწინაურეს და ბომბების კურატორობა სხვა, უფრო ახალგაზრდა ოფიცრებმა გადაიბარეს. ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში კი, როდესაც ყველასთვის ნათელი იყო, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, ორმოცდაათივე ჩემოდანი საიდუმლოდ წამოიღეს საცავებიდან და ქალაქ არზამას 16-ში მდებარე ატომური ნივთიერების საწყობში შეინახეს. ყველა ჩემოდანი სპეციალურმა კომისიამ ჩაიბარა, რომლის თავმჯდომარეც ¹4 ჩემოდნის კურატორი იური სავინი იყო. ამ ერთი კვირის წინ სავინი მოსკოვში, თავის ბინაში იპოვეს მოკლული. მას ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი, სხეულზე კი საშინელი წამების კვალი აჩნდა. მთელი მისი ბინა გადმობრუნებული იყო, კედელში ჩამონტაჟებული სეიფი კი – ცარიელი. გამოძიების ვერსიით, გადამდგარი პოლკოვნიკი ძარცვის მიზნით მოკლეს წამებით, სინამდვილეში კი საქმე სულ სხვა რამეშია.
– რაში?
– რაში და „პპჩ“-ში.
– მინი-ატომურ ბომბში?
– დიახ, – მომიგო შჩუკინმა და მცირე პაუზის შემდეგ დაამატა: – სავინი მკვლელობის დღეს, უფრო სწორად კი – დილით, მუხინს შეხვდა და უთხრა, რომ ატომური ჩემოდანი ¹1, რომელსაც თავდაპირველად კონსტანტინე ლოსევი კურირებდა, მოგვიანებით კი, როგორც გაირკვა, მისი დისშვილი – ვალერი კოტოვი, არზამას 16-ის საწყობში არაა ჩაკეტილი და კვლავ თბილისშია.
– ეგ როგორ? – უკითხავს მუხინს სავინისთვის, მას კი უთქვამს:
– ლოსევმა ჩემ წინააღმდეგ ძველი კომპრომატი გამოიყენა. მე ერთი უმნიშვნელო საქმის მოგვარებისთვის ოთხი ათასი მანეთი ქრთამი ავიღე. მან ეს ამბავი სწორედ მაშინ შემახსენა, როდესაც ატომურ ჩემოდნებს ვიბარებდი. ლოსევმა, თავისი დისშვილი, ვალერი კოტოვი წარმომიდგინა, ძველი ამბავიც გამახსენა და ¹1 ჩემოდნის თბილისში დატოვება მაიძულა. მან მითხრა, რომ, მოვა დრო და ამ ჩემოდანს სარფიანად გაყიდდა, საიდანაც წილს მეც მარგუნებდა. მოკლედ, მე მისი ნება შევასრულე და არზამას 16-ში ატომური ჩემოდნის მულიაჟი წავიღე, ნამდვილი კი თბილისში, იმავე სეიფში დავტოვე, თუმცა, კოდი არ გავუმხილე და ცრუ რიცხვი ვუთხარი. ამას წინათ კი ბიძა და დისშვილი სახლში მომადგნენ და ნამდვილი კოდი მომთხოვეს, თან მითხრეს, რომ ჩემოდნის მყიდველი გამოჩნდა, საიდანაც მე ერთი მილიონი დოლარი შემხვდება.
– მოკლედ, ჩემო კოკი, – მითხრა შჩუკინმა, როგორც ეტყობა, სავინი ლოსევმა და კოტოვმა მოკლეს, კოდი კი გამოსტყუეს და უახლოეს პერიოდში თბილისში გამოჩნდებიან ჩემოდნის წასაღებად.
– რა იცით, რომ ისინი უკვე თბილისში არ არიან?
– ვიცი. მათ მუხინი აკონტროლებს და ინფორმაციებს მაწვდის.
– ვიქტორ იაკოვლევიჩ, რატომ არ მიმართეთ „ეფესბეს“, ან, თუნდაც, ქართულ სპეცსამსახურს?
– იმიტომ, ჩემო კარგო, რომ აქ მთავარ როლს ნდობის ფაქტორი თამაშობს. ვაითუ, ჩემი ინფორმაცია არასაიმედო ხელში მოხვდეს და ყველაფერი ჩაფლავდეს, მაშინ?!
– ბატონო გენერალო, დავუშვათ, ჩემოდანი ხელში ჩაიგდეთ, შემდეგ რას იზამთ?
– რას ვიზამ და ატომური ენერგიის კონტროლის კომისიას ჩავაბარებ, ხომ იცი, „მაგარტე“ რასაც წარმოადგენს?
– დავუშვათ, მაინც არასასურველ ხელში ჩავარდეს, მაშინ? – ვკითხე შჩუკინს, არ გეწყინოთ, მაგრამ, ამ საქმეში მე თქვენ ვერ დაგეხმარებით.
– კოკი, ძვირფასო, ნუთუ ფიქრობ, რომ მე შენ პირადი მიზნებისთვის გიყენებ და ატომური ბომბით ვვაჭრობ?
– ვიქტორ იაკოვლევიჩ, ეს ძალიან საშიში საქმეა და ჩვენი ძალებით მასთან შებმამ, შეიძლება, კატასტროფა გამოიწვიოს.
– ცდები, ჩემო კოკი, კატასტროფა მაშინ მოხდება, თუ ამ საქმეს ხელს არ მოვკიდებთ, ატომურ ბომბს ტერორისტებს ჩავუგდებთ ხელში და მათ თავისუფალი მოქმედების საშუალებას მივცემთ, რაც, ჩემი აზრით, შეიძლება, გლობალური კატასტროფით დასრულდეს.
გაგრძელება შემდეგ ნომერში