ხაფანგში
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6-7(581)
„ოცნება იმიტომ არის ოცნება, რომ ის არასდროს არ უნდა ასრულდეს, სხვანაირად, ოცნებაც არ იქნებოდა“, – ფიქრობდა ქეთი და ამ ფიქრის უფლება ნამდვილად ჰქონდა. თავისი მოკრძალებული „პრეტენზიებით“ შეეძლო, ამდენ ხანს „ელივლივა“ ოცნებებში, რამდენ ხანსაც მოესურვებოდა, რა თქმა უნდა, თუკი აცდიდნენ და ხელს არ შეუშლიდნენ, რისი ფუფუნებაც საკმაოდ იშვიათად ჰქონდა. ლელის არ შეეძლო, დაემალა აგრესია, რომელიც ქეთისა და მისი ძმის მიმართ ჰქონდა და თუ პირდაპირ არ ესხმოდა თავს, სხვანაირად არ აძლევდა მოსვენებას: ან საქმეს გამოუნახავდა, ან მთელი დღე ჩხუბსა და ყვირილს ანდომებდა. ქეთის მის ყვირილს ყველაფერი ერჩივნა. მოიკუნტებოდა ხოლმე და გული გამალებით უცემდა. თითები ეყინებოდა და უკანკალებდა. დიდი სიხარულით გაიქცეოდა და სადმე, მყუდრო ადგილას დაიდებდა ბინას, იქ, სადაც მას და გიოს ქალის წიკვინა ხმა არ მისწვდებოდა, მაგრამ, გასაქცევიც რომ არსად ჰქონდა?! და, ნატვრა ნატვრად რჩებოდა, ოცნება კი – ოცნებად...
ამჯერად ვერ დაიმორჩილა დამფრთხალი ჩიტივით აფართხალებული გული. ხელი მკერდზე ისე მიიჭირა, თითქოს ეშინოდა, გული მართლა არ ამოხტეს და თითებშუა არ გამისხლტესო. ადამიანების მიმართ აგრესია არ ახასიათებდა და ძნელად გაიხსენებდა შემთხვევას, როცა ვინმეზე ისე სერიოზულად გაბრაზებულა, რომ მის მიმართ თუნდაც უხეშობის სურვილი გასჩენია, მაგრამ, მიხოს მართლა ვერ იტანდა. ზუსტად ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა ამ ახალგაზრდა კაცის მიმართ, როგორც, მაგალითად, მღრღნელის დანახვისას – რომ სძულთ, ეშინიათ და ეზიზღებათ კიდეც ერთდროულად...
– შენ ჩემთან ასე ლაპარაკს გიკრძალავ, გესმის, ქალბატონო ლელი? ფეხებზე მკიდია, როგორ ექცევი ამ ჭიაყელებს ან მათ ძვირფას მამიკოს. მე სხვა ვარ და, თუ დროზე არ მიხვდები ამას, განანებ!
– როგორ... როგორ ბედავ! – ლელის ხმა გაებზარა და ხრინწი გაუჩნდა.
– მე როგორ ვბედავ?! დედა, აბა, შემომხედე! შენ რა, ვერ გაიგონე, ამ წუთში რა გითხარი? – მიხო უკვე აშკარად იმუქრებოდა.
ქეთიმ წამით თვალები დახუჭა და თითქმის ნათლად დაინახა სურათი შეშინებული, ლელი და შურისძიების მახვილად აღმართული თვალებანთებული, გაწითლებული მიხო. მიხოს ადგილას ნებისმიერი სხვა, თუნდაც სრულიად უცხო ადამიანი რომ ყოფილიყო, ქეთის იქნებ სულ ცოტა სიამოვნებაც კი ეგრძნო, მაგრამ, მიხოს მიმართ როგორი დამოკიდებულებაც ჰქონდა, უკვე გითხარით ამიტომ, უნებურად შებრუნდა და, ის იყო თავის ოთახში შეპარვას აპირებდა, რომ გაიგონა, როგორ წარმოთქვა მიხომ მისი სახელი. ამიტომ, წასვლა გადაიფიქრა და ისევ მიაყურადა.
– მართლა დაიწყო ქეთევანმა მუშაობა? წეღან რას მეუბნებოდი?
– რა, ჩემთან ჩხუბი უკვე დაამთავრე? – გაღიზიანებული ტონით მიუგო ლელიმ.
– მე შენ გეჩხუბებოდი? აბა, რას ამბობ, ძვირფასო დედიკო, საიდან მოიტანე? როგორ შემიძლია, ჩემს ერთადერთ და უსაყვარლეს დედას ვეჩხუბო?! მსგავსიც არაფერი მიფიქრია!
– კარგი, კარგი... მოგცემ ფულს და მოშორდი აქაურობას, შენი ნარვები ნამდვილად არ მაქვს. ისედაც მძიმე ცხოვრება გავატარე და ახლაც არ ვარ დალხინებული. საკუთარ შვილებს ვერ უძლებს და არ უძლებს ხალხი, მე რა დავაშავე ამისთანა, რომ სხვის შვილებს უნდა შევეწირო?
– გეყოფა, ჩემთან მაინც რად გინდა ეგეთები? არ ვიცოდე მაინც, რაები გაქვს ნაჩალიჩები, მაგრამ, მოდი, ამაზე არ ვილაპარაკოთ, თორემ, ნაღდად არ გესიამოვნება. მეც მტერი ხომ არ ვარ შენი?! აბა, დაიწყო თუ არ დაიწყო მუშაობა?
– მგონი, დაიწყო. საზიზღარი გოგო! მე ვაიძულე, ხელი გაენძრია, თორემ, დაუსრულებლად იჯდებოდა სახლში და თითს თითზე არ დააკარებდა. როდემდე უნდა ვათრიო ჩემი ზურგით ეგ და ის მეორე უსაქმური?!
– ჰმ, უმადური და უსამართლო ხარ, მაგრამ, შენთან დავას აღარ ვაპირებ, მომეცი ფული და დავახვევ.
– ბავშვს არ დაელოდები? რამდენი ხანია, არ გინახავს.
– ვის? სალომეს? სწორედ ეგღა მაკლია სრული ბედნიერებისთვის! დაიწყებს თავისებურად წიწინს და მეც თავს ვეღარ შევიკავებ – დავაწიწკნი იმ გაწეწილ თმას.
– დაზე ასე ნუ ლაპარაკობ! ზოგჯერ მართლა მგონია, რომ არც მე გიყვარვარ და არც შენი და.
– როგორიც გამზარდე, ზუსტად ისეთი ვარ... წადი, მოიტანე ფული!
ლელი ისე სწრაფად გამოვიდა ოთახიდან, ქეთიმ ვერსად მიმალვა ვეღარ მოასწრო. მისი დანახვით აღშფოთებულ ქალს მხოლოდ ნაძალადევად გაუღიმა და მიიღო კიდეც ადეკვატური პასუხი:
– იდიოტივით რომ იცინი, დიდი ხანია, აქ დგახარ და გვისმენ? ჯაშუშობ თუ რაშია საქმე?
– მე? მე არა... ახლა მოვედი და გიოს ვეძებდი...
– გიო აქ არ არის. შეგიძლია, მიბრძანდე შენს ოთახში ან სადმე, ოღონდ თვალში არ მეჩხირებოდე.
– ჰო, რა თქმა უნდა, სწორედ ჩემს ოთახში მივდიოდი...
– ვაა, ქეთო მოსულა! – მიხო ოთახიდან გამოვიდა და გამომწვევი სიცილით, გულზე ხელებდაკრეფილი ისე მიაშტერდა, გოგომ უხერხულობა იგრძნო.
– მაპატიეთ, თუ საუბარში ხელი შეგიშალეთ... – ჩაილაპარაკა და შებრუნდა.
– ჯერ მომესალმე, ტკბილო, – მიხო მაჯაში სწვდა და შემოატრალა, – შენ ხომ უზრდელი გოგო არ ხარ?!
– გამარჯობა!
– არა, ასე არა. ლოყაზე მაინც ხომ უნდა მაკოცო? შენი ძმა ვარ, რაც უნდა იყოს...
– ძმა? – ქეთის ირონიულად გაეღიმა.
– ჰო, რა იყო?! საერთო და ხომ გვყავს? ძმა გამოვდივარ, აბა, რა ჯანდაბაა. ეგ ნათესაობა მაკავებს, თორემ... – მიხომ მოასწრო და ლოყაზე მოუსვა ათრთოლებული თითები. ქეთი გაწითლდა, მისი ხელი აირიდა და თავის ოთახში თითქმის სირბილით შევიდა.
– რამდენჯერ გითხარი, თავი დაანებე-მეთქი, – შეუღრინა ლელიმ შვილს, – აი, მართლა ესღა გვაკლია სრული ბედნიერებისთვის. ოღონდ, არ მითხრა, რომ მოგწონს ეს საფრთხობელა, თორემ, გავგიჟდები.
– დედა, შენ, მგონი, მართლა გიჟდები. ვეხუმრები, ვერ უნდა მიხვდე? ვერთობი.
– სხვა გასართობი მოძებნე, ყველასთვის აჯობებს, – ჩაიბურტყუნა ლელიმ.
– კარგი რა, რა გჭირს, ცოტა მოეშვი, იუმორის გრძნობა სულ დაკარგე? აუ, შენ გვერდით ცხოვრებას გმირობა თუ არა, მყარი ნერვები მაინც სჭირდება და, საერთოდაც... – მიხომ სიტყვა ვეღარ დაასრულა – შემოსასვლელი კარი ხმაურით მიჯახუნდა და ბინაში სალომე შემოიჭრა.
– ოჰო, ვინ მობრძანებულა! რა მოხდა, ფული შემოგაკლდა? აჰა, ესე იგი, სწორად მივმხვდარვარ. აბა, სხვა რისთვის მოხვიდოდი? ჩემო ძმაო, აქ არც ბანკია და არც შემნახველი სალარო. დედაჩემიც არ არის ვალდებული, შენ და შენი უსაქმური ცოლი გარჩინოთ.
მიხომ თვალები მოჭუტა და ისე შეხედა დას.
– რას მიყურებ? პირველად დამინახე? – დასცინა გოგომ.
– დედაშენის ასლი ხარ, მასავით სისინებ და იგესლები.
– ხმა ჩაიწყვიტე! – უყვირა ლელიმ, – ფული აიღე და წადი. აჰა, გამომართვი!
მიხომ ფული გადათვალა და უკმაყოფილოდ გადააქნია თავი:
– მაინც მომიჟოჟკე, არა?! ჯანდაბა, მაგრამ საკუთარ თავს დააბრალე – იმაზე გაცილებით ადრე შეგახსენებ თავს, ვიდრე განსაზღვრული მქონდა.
ლელიმ კიდევ რაღაც თქვა, მაგრამ მიხომ მხოლოდ ხელი აუქნია, სალომეს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და კარი გაიჯახუნა. ლელიმ ამოიოხრა და თითქოს შვებითაც ამოისუნთქა.
– დიდი ხანია, აქ არის? – სალომე ნებივრად გაიჭიმა სავარძელში და ფეხები მის საზურგეზე შემოაწყო, – უჰ, დავიღალე და მომშივდა. იმედი მაქვს, მაგ იდიოტთან ჩხუბს არ გადაჰყევი და რამე გემრიელი მოამზადე.
– არაფერიც არ მომიმზადებია, მაღაზიაშიც არ ჩავსულვარ. თუ გშია, ჩადი, კარტოფილი ამოიტანე, შეიწვი და ჭამე.
– დედა! – აღშფოთებით შესძახა სალომემ, – კოლეჯში ვიყავი და დავიღალე. რა, ქეთი სახლში არ არის? ჩავიდეს და კარტოფილიც იმან შეწვას.
– თავის ოთახშია ჩაკეტილი. სამსახურიდან მოვიდა.
სალომემ ტუჩი აიბზუა:
– სულ არ მაინტერესებს, საიდანაც უნდა, იქიდან იყოს მოსული. თავისი მოვალეობები უნდა შეასრულოს. დაუძახე!
– გაბრაზებულია. მიხო თავისებურად „შეეხმატკბილა“ და გადაირია.
– უჰ, როგორ გაუბედეს! დიდი ამბავი, თუ გაეხუმრა. მადლობა უნდა თქვას.
– მიხოზე ნუღარ მელაპარაკები, – ლელიმ ხელები გაასავსავა, – ეგ მომიღებს, ალბათ, ბოლოს!
ქეთის ყველაფერი ესმოდა. ასეთი საუბრები იშვიათი არ იყო მის ოჯახში. პრაქტიკულად არაფერი იცვლებოდა, გარდა სიტყვებისა, რაც შინაარსს ვერ ცვლიდა. მარტო შინაარსის შეცვლაზე რომ ყოფილიყო საქმე, კიდევ არა უშავდა, მაგრამ, სიტუაცია რჩებოდა იგივე – მძიმე, დამთრგუნველი და სულისშემძვრელი. ლელი თითქოს სახლში არსებულ სასიცოცხლოდ აუცილებელ მთელ ჟანგბადს შთანთქავდა გველეშაპივით და უკან ცეცხლს აბრუნებდა, რაც ქეთისთვის სრულიად საკმარისი იყო, რომ თავი უსარგებლო ნივთად ეგრძნო, ყველაზე დაუცველ არსებად საკუთარი სახლის ჭერქვეშ, უცხოდ და მიუსაფრად. ლელიმ შეძლო, უიმედობა ჩაენერგა ჯერ კიდევ ძალიან პატარასთვის, რაც ბავშვს, წლების მატებასთან ერთად, არასრულფასოვნების კომპლექსში გადაეზარდა. ქეთის ისედაც არ ჰქონდა განსაკუთრებული პრეტენზიები საკუთარი იღბლის მიმართ და ლელისთან ცხოვრებამ დინების საწინააღმდეგოდ ცურვას გადააჩვია. გოგონა დარწმუნებული იყო, რომ წინააღმდეგობის გაწევას საერთოდ არ ჰქონდა აზრი... ამიტომ, სანამ ლელი ისტერიკულად, წიკვინა ხმით მოსთხოვდა საყიდლებზე ჩასვლას, ჩათრევას ისევ ჩაყოლა ამჯობინა და მაღაზიაში წასასვლელად მოემზადა, მით უმეტეს, რომ მალე გიოც დაბრუნდებოდა და, თუ არა ქეთი, სხვა ვინ იზრუნებდა ბიჭის გამოკვებაზე...
სალომემ ხმამაღლა გაიცინა:
– ესე იგი, შენ მაინც აიშალე ნერვები.
– ნეტავი ვიცოდე, რამ გაგამხიარულა. სხვათა შორის, ის ფული, რომელიც იმ ვაჟბატონს მივეცი, შენც მოგაკლდა.
– მერე, რა ვქნა, ვიტირო? ამით რამე შეიცვლება? მიხოს გამოვასწორებ თუ ფულის სათხოვნელად აღარ მოვა? შენ დააჩვიე და ახლა ნუღარ წუწუნებ. თანაც, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც გიყვარს. ჩემზე მეტადაც კი გიყვარს.
– სისულელეს ნუ ლაპარაკობ! იცი, რომ შენზე მეტად არავინ არ მიყვარს და, თუკი რამეს ვაკეთებ, მხოლოდ შენი მომავლისთვის. მაგრამ, ეგეც შვილია და ვერ ვკრავ ხელს. რა ვქნა, რა ვუყო?
– რამდენი ხანია, სულ ეგ მესმის: „ჩემი შვილია და რა ვუყო!“, – გამოაჯავრა სალომემ, – და, რა გამოვიდა? იმისთვის ნამდვილი მეწველი ძროხა ხარ.
– სალომე, გეყოფა! – იყვირა მოთმინებადაკარგულმა ლელიმ, – შედი სამზარეულოში და ჭამე. შეწვავდა უკვე შენს კარტოფილს.
– ძალიან გთხოვ, ბოღმას ჩემზე ნუ ანთხევ, მაგისთვის ქეთი გყავს, – არ დაუთმო სალომემ, – დაჩვეული არ ვარ, მიყვირო!
– მაშინ, სისულელეების ლაპარაკს თავი დაანებე, პატარა აღარ ხარ. ბევრი გადავიტანე, შენ რომ მამა გყოლოდა და ოჯახში მეცხოვრა.
– ქეთის და გიოს ოჯახს ეძახი? – ჩაიცინა სალომემ, – დამცინი, დედა?
– შენ ბევრი რამე არ გესმის... – მოუთმენლად გააწყვეტინა ქალმა.
– მე ის მესმის, რომ, შეგეძლო, გაცილებით უკეთესი ქმარი გყოლოდა. შენი გაქანების ქალს არ გაუჭირდებოდა სერიოზული ბიზნესმენის „შებმა“.
– სალომე, შენ, მგონი, გშიოდა...
– გასაგებია, ამ თემაზე ლაპარაკი არ გინდა, იმიტომ, რომ მართალი ვარ. ასე იყოს, მაგრამ, იცოდე, მე შენზე ჭკვიანი ვარ და ზუსტად ვიცი, რა მჭირდება. ნახავ, როგორ კაცს „დავითრევ“.
– სალომე! – იყვირა ლელიმ.
– მორჩა, ჩუმად ვარ. მართლა ძალიან მშია და სხვა დროს იყოს... ქეთო, რას აბრახუნებ მანდ! თეფში გამომიღე, მოვდივარ...
***
დიმიტრი ასათიანი კომპანიას შვიდი წლის წინ ჩაუდგა სათავეში. ყოველთვის იცოდა, რომ ადრე თუ გვიან მოუწევდა ამ საქმის კეთება საოჯახო ბიზნესი მის ენერგიას, ახალგაზრდულ შემართებას, დროსა და ცოდნას ითხოვდა მსხვერპლად, რომელშიც სერიოზული ინვესტიციები სწორედ ოჯახიდან ჩაიდო. საწინააღმდეგოც არაფერი ჰქონდა. არ მიაჩნდა, რომ ძალიან ადრე შეაბეს უღელში. ძალაუფლება, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში კომპანიის ხელმძღვანელის სავარძელთან ასოცირდებოდა, თავდაჯერებულობას ჰმატებდა, პატივმოყვარეობა კი მემკვიდრეობით ერგო. თუმცა, „ცუდი ტიპი“ მაინც არ ეთქმოდა: მეგობრებს უყვარდათ, ქალები თვალებში შესციცინებდნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მისი კეთილგანწყობის მოპოვებაში. დიმიტრი ასათიანს ეს შეჯიბრი ძალიანაც ართობდა და კარგადაც ხალისობდა. სერიოზული ურთიერთობები ქალთან ერთხელ ჰქონდა და ამ სიყვარულის ისტორია, მენდელსონის მარშით არ დაგვირგვინებულა. შეიძლება, თავად დიმიტრიმ დააკლო მცდელობა და ასე არ მოინდომა... ყოველ შემთხვევაში, ხანდახან, როცა იმ ჩავლილ რომანზე ფიქრობდა, სინანულს არ გრძნობდა...
– ბატონო დიმიტრი, რაც მთხოვეთ, მოგიტანეთ...
კაცი ფიქრებიდან გამოერკვა და კაბინეტში შესულ ქალს დაბნეული მზერა მიაპყრო.
– მგონი, ხელი შეგიშალეთ, – შეწუხდა ნათია, – მაგრამ, ვიფიქრე, რომ სასწრაფოდ გჭირდებოდათ...
– რა თქმა უნდა, სასწრაფოდ მჭირდება, – გაუღიმა დიმიტრიმ თანამშრომელს და სავარძელზე მიუთითა, – დაბრძანდი. აბა, მომეცი, გადავხედავ.
ნათიამ დოკუმენტები გაუწოდა და სავარძლის კიდეზე მორიდებით ჩამოჯდა.
– ორი კვირით ევროპაში მიწევს წასვლა და მინდა, ყველაფერი წესრიგში დავტოვო. ჩემს აქ არყოფნაში ვახოსთან შეგიძლია აუცილებელი საკითხები შეათანხმო, მაგრამ, ძირითად მითითებებს მე მოგცემ... ჰო, კიდევ, სანამ საქმეზე გადავალთ, იქნებ ერთი ფინჯანი ჩაი მომიტანო, თაფლით...
ქალმა სწრაფად დაუქნია თავი:
– ახლავე მოგიტანთ...
– ძალიან ხომ არ გაწუხებთ? ვახო მეუბნება, რომ მდივანი უნდა ავიყვანო სპეციალურად ჩაისა და ყავის მოსადუღებლად, მაგრამ, გულახდილად რომ გითხრათ, მერიდება.
– დიახ. რა თქმა უნდა, აქ არ ვარ? მაგდაც არაფერს აკეთებს. ასე რომ, ნუ მოგერიდებათ, – ნათიას უნდოდა ეთქვა, თქვენ მარტო თქვით და ქვედა სართულის „ნაშოჩკები“ ცხვირ-პირს დაიმტვრევენ, ერთმანეთს გაწეწავენ ამ დავალების შესასრულებლადო, მაგრამ მხოლოდ ირონიულად ჩაიცინა და ფეშენებელურ კაბინეტთან მოწყობილ, არანაკლებ ფეშენებელურ პატარა სამზარეულოში გავიდა. შეფისთვის ჩაის მოსამზადებლად. სანამ წყალი დუღდა, იდგა და თაროებზე გამოფენილ, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილ ორიგინალურ სუვენირებს ათვალიერებდა.
– საქმეზე მიემგზავრებით? – თავადაც ვერ მიხვდა, ისე წამოსცდა ეს სიტყვები. დიმიტრიმ დაუფარავი გაოცებით შეხედა. შეჩვეული არ იყო ქალისგან ასეთ უცერემონიო შეკითხვებს. ნათიამაც იგრძნო ეს და გაწითლდა.
– მინდოდა მეკითხა, კომპანიის გაფართოებას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ხომ არ აპირებთ-მეთქი.
– არა, ჯერჯერობით მაკმაყოფილებს ჩემი კომპანიის მასშტაბები და არც საკუთარი ინვესტიციების სიმცირეს ვუჩივი. ევროპაში კი ფულის დასაბანდებლად მივდივარ – პატარა აგარაკი უნდა შევიძინო ალპებთან ახლოს, ოჯახისთვის. ვნახოთ, რამდენი ხანი დამჭირდება. მამაჩემი ამბობს, რომ ამის გაკეთება, უბრალოდ პრესტიჟის საქმე კი არ არის, აუცილებლობაა.
– რადგან მამაშენი ამბობს, უნდა დაუჯერო. მე, შენი იურისტი და მარჯვენა ხელი ვადასტურებ ამას, – ვახო მიუპატიჟებლად ჩაეშვა სავარძელში და ნათიას, დიმიტრის წინ, შუშის ოვალურ მაგიდაზე ფრთხილად რომ დგამდა ჩაით სავსე ფინჯანს, სთხოვა:
– თუ არ შეწუხდები, ერთი ფინჯანი ჩაი მეც მომიტანე.
– სწორედ დროზე მოხვედი. თუ ვიზიტი გამიგრძელდა და ნათიას დასჭირდი, შენი იმედი გვაქვს.
– ჰო, აბა, რა, სხვას რას ვაკეთებ? – ვახო დიმიტრისკენ გადაიხარა და ხმადაბლა გადაულაპარაკა: – ერთი მდივნის აყვანა რა გაგიხდა? შენ მარტო თქვი და, იმისთანა გოგოს მოგიყვან... ეს რატომ უნდა გიდუღებდეს ჩაის და ყავას?
– ვითომ, ეს რომ მიკეთებს, რა უჭირს? ვერ ახერხებს თუ რაშია საქმე, რა დაუწუნე?
ვახომ თავი გადააქნია:
– უცნაური კაცი ხარ, შენი შესაძლებლობების ნახევარსაც არ იყენებ. მე რომ შენს ადგილას ვიყო... – ვახომ ოცნებით მინაბა თვალები და თითები გაატკაცუნა.
დიმიტრის გაეცინა:
– ცოლი და შვილები რომ გყავს, დაგავიწყდა? ასე რომ, სულ ტყუილად ოცნებობ.
– ჯერ ერთი, ერთი მეორეს ხელს არ უშლის, – თვალები მოწკურა ვახომ, – მეორეც, არ შეგიძლია, ოცნება მაინც შემარგო?
– იოცნებე, იოცნებე, მაგრამ, პუნქტუალურობა არ დაგავიწყდეს. არ გთხოვ, დილიდან დაღამებამდე აქ იჯდე და სუსტი სქესის თანამშრომლები შემიწუხო გადამეტებული ყურადღებით, მაგრამ, მუდმივად ხაზზე იყავი...
– კარგი, ბატონო, ვიქნები. მართლა აგარაკის შესაძენად მიდიხარ?
– ჰო. რა იყო, არ გჯერა?
– რა ვიცი... – ვახომ მხრები აიჩეჩა, – პრინციპში, რატომ არ უნდა მჯეროდეს. მერე სათხილამუროდაც დამპატიჟებ ალპებში.
– ჯერ თხილამურებზე დადგომა ისწავლე, – გაეცინა დიმიტრის, – საკუთარი შვილისგან მაინც აიღე მაგალითი.
– რა ვქნა? მე მძიმე ბავშვობა მქონდა, ჩემთვის თხილამურების მასწავლებელი არავის დაუქირავებია. ჩემს შვილებს კი ჩემგან განსხვავებით ყურადღებიანი მამა ჰყავთ, – თავი მოისაწყლა ვახომ და უცებ ჰკითხა, – ... ცოლი რატომ არ მოგყავს?
დიმიტრის ჯერ გაეღიმა, სულ ოდნავ, ტუჩის კუთხეებით, მერე ერთბაშად დასერიოზულდა:
– გულახდილად გიპასუხო?
– აბა, უნდა მომატყუო? გულახდილად, რა თქმა უნდა.
– არ ვიცი.
– რა?!
– არ ვიცი-მეთქი.
– ეგ რა პასუხია? რას ნიშნავს, არ იცი, ტო!..
– როგორ აგიხსნა... როცა ამაზე ვფიქრობ, წარმოვიდგენ ხოლმე ჩემ გვერდით ქალს, ცოლს... შვილებს... იმას, თუ როგორ ვიქნებით ერთად... მაგრამ, ეს ყველაფერი რეალობაში ვეღარ გადმომაქვს, ვერაფრით ვერ ვითავისებ...
ვახომ ამოიოხრა და ხელები გაშალა:
– აქაც არ შეგიძლია ფილოსოფიის გარეშე. არაფერი... წარმოდგენა და წარმოსახვა არ არის საჭირო.
– საკუთარი გამოცდილებიდან ნუ მელაპარაკები, ჩემს შემთხვევაში არ გამოდგება. ფილოსოფიაა ეს თუ სხვა რამე, არ ვიცი, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია.
– ადამი ეძებს თავის ევას, იმ ერთადერთს, რომელიც ღმერთმა მისივე ნეკნიდან შეუქმნა... – ირონიულად გამოაჯავრა ვახომ.
წარბშეკრულმა დიმიტრიმ ხელი გაუქნია:
– მორჩი! სულაც არ არის სასაცილო და, საერთოდაც, შენ ჩემი იურისტი ხარ და არა მაჭანკალი, როგორმე თავად მივხედავ საკუთარ პირად ცხოვრებას, ჯერ ახალგაზრდა ვარ.
– ჰო, აბა, რა, შეგიძლია, თავი დაიმშვიდო. მერე რა, რომ უკვე ორმოცს მიუკაკუნე. როცა კაცს შენნაირი ფინანსური მდგომარეობა აქვს, ასაკი მხოლოდ უმატებს დივიდენდებს.
– რა დაგემართა დღეს? ვახო, შენ გეკითხები! – გაბრაზება დაეტყო დიმიტრის.
– ჰო, რა ვიცი, სიტყვამ მოიტანა და...
– დაივიწყე. თუ ცოლის მოყვანას გადავწყვეტ, ამის შესახებ, პირველი შენ გაიგებ, გპირდები...
***
... ქეთის არ გაჰკვირვებია. მისი გაკვირვება ადვილი არ იყო. ტკივილსაც დიდი ხნის წინ შეეჩვია და საკუთარი თავის დამშვიდებასაც. ტკივილით როგორ არ სტკიოდა, მაგრამ ამ ტკივილთან ერთადაც ახერხებდა ცხოვრებას – ესეც წლებმა ასწავლა. ფიქრობდა, რომ ყველაფერი, რაც თავს დაატყდა, ყველა უსიამოვნება თუ განსაცდელი, იმისთვის იყო მოვლენილი მისთვის, რათა ბედს წინასწარ გამოეწრთო და, იქნებ, უარესი მომავლისთვის შეემზადებინა. დიდი სიხარული მისთვის უცხო იყო და შორეული.
– დილა მშვიდობისა, მშვენიერო! – მოესმა ქეთის ზურგს უკან და მუხლებში სისუსტე იგრძნო. ხმა ეცნო და, სანამ შემობრუნდებოდა, მანამდე გააცნობიერა იმ საუბრის მთელი სიმძიმე, რომელიც ელოდა.
– დილა მშვიდობისა! – მიხო ჯიბეებში ხელჩაწყობილი იდგა და სახეგაბადრული უყურებდა.
– მეეჭვება, ეს დილა მშვიდობიანად დასრულდეს, – ჩაილაპარაკა ქეთიმ და ფეხს აუჩქარა.
– ლელის „სკოლა“ გეტყობა – გისწავლია რაღაც-რაღაცეები, – ჩაიცინა მიხომ და გოგოს უცერემონიოდ აედევნა.
– შენ რა, საქმე არ გაქვს? –ზედ არ შეუხედავს, ისე ჰკითხა ქეთიმ.
– როგორ არ მაქვს – შენ გაცილებ სამსახურში.
– არ ღირდა შეწუხებად, მივაგნებ როგორმე.
– ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ, მეც რომ მივაგნო ხოლმე, მირჩევნია, მიგაცილო.
ქეთი უცებ გაჩერდა და შემობრუნდა:
– სერიოზულად გეუბნები, მომეშვი! წადი აქედან, ნერვებს ნუ მიშლი!
– მე ნუ მოვიშლი ნერვებს თუ შენ ნუ მოგიშლი? – ჩაიცინა მიხომ.
– ერთიც და მეორეც... რად გინდა პრობლემები? გასართობად არ გამოგადგები, ძალიან მალე მოგწყინდება.
– შენ მაგაზე არ იდარდო.. – მიხომ თვალები მოჭუტა და ქეთის ისე შეხედა, – სხვათა შორის, ყოველთვის მომწონდი... არის შენში, რაღაც მისტიკური და ამოუხსნელი.
– მიხო, აშკარად უსაქმოდ ხარ, მაგრამ, გირჩევ, სხვა გასართობი მონახო, თორემ, იმედგაცრუება არ აგცდება.
– მართლა? წარმოიდგინე, რამდენიმე დღის წინ კინაღამ მართლა მოვიწყინე და სერიოზულად გადავწყვიტე, რომ ცხოვრება – ეს მძიმე შრომაა, ყოველგვარი პრასვეტის გარეშე.
– შენი პრობლემები არ მაინტერესებს, მეჩქარება.
– თუ გინდა, მანქანით წაგიყვან. აქვე გავაჩერე, მოსახვევში.
– არ მინდა, თავი დამანებე!
– რას გიშავებ? – გულწრფელად გაიოცა მიხომ, – ჩემთვის ვარ, ქუჩაზე სიარულს კი ვერ ამიკრძალავ.
ქეთიმ უმწეოდ მიმოიხედა და ინატრა, ვინმე ნაცნობი გამოჩენილიყო. სულერთია, ვინ იქნებოდა, თუნდაც მისი ახალი თანამშრომლებიდან ერთ-ერთი ყოფილიყო. მაგრამ ქეთის ძალიან ცოტა ნაცნობი ჰყავდა იმისთვის, რომ ასეთი „სიურპრიზის“ იმედი ჰქონოდა. თუმცა, სასწაული სწორედ მაშინ ხდება, როცა მას ყველაზე ნაკლებად ელი...
***
მარიკომ შუბლზე ჩამოშლილი და საგულდაგულოდ დავარცხნილი თმა შეისწორა და მისი თვალიერებით გართულ მაგდას მიუბრუნდა.
– რა იყო, ვერ დატკბი ჩემი ყურებით?
– არა, უბრალოდ, ვფიქრობდი, რამდენ ხანს გაატარებდი საპარიკმახეროში.
– საპარიკმახეროში რა, დალაქთან კი არ ვიყავი. საუკეთესო სალონში დავდივარ. თუ გინდა, მიგიყვან.
– თუ დამჭირდება, გეტყვი.
– „თუ დაგჭირდება“, რას ნიშნავს? ყველა ქალს სჭირდება სილამაზის სალონი და თავის მოვლა, მათ შორის – შენც. არ ვაპირებდი ამის თქმას, მაგრამ, რადგან დაიწყე... აშკარად გინდა სტილის შეცვლა. გამომიყენე, სანამ კეთილი ვარ.
– ჰო, რა ვიცი, თუ ვინმე გამოჩნდება ისეთი, ვისთვისაც თავის მოწონებას გადავწყვეტ, მეცოდინება, ვის მივმართო.
– რაო?! ესე იგი, შენ ფიქრობ, რომ მე ვინმესთვის თავის მოწონებას ვცდილობ?
– რა, არა?
– მაგდა, ორაზროვან შეკითხვებს შეეშვი და პირდაპირ მკითხე, რა გაინტერესებს.
– რა უნდა მაინტერესებდეს? ისედაც ხელისგულზე მყავხარ. მარტო შენ კი არა, ყველანი, – მრავალმნიშვნელოვნად ჩაუკრა თვალი მაგდამ. მარიკომ ირონიულად მოჭუტა თვალები.
– შენ თუ ჩვენს შეფს გულისხმობ, არ მითხრა, რომ უარს იტყოდი, თავისი ყურადღებით რომ გაენებივრებინე. რა, ასე არ არის?
მაგდამ თავი გააქნია.
– ნუ იტყუები, რომელი გოგო არ ოცნებობს ზღაპრულ უფლისწულზე?
– მე არ ვოცნებობ... ოცნებაში რა ყრია? თავი რატომ უნდა მოვიტყუო? მე ვიღებ იმას, რასაც ცხოვრება მთავაზობს.
– რა?! ჩემო კარგო. გირჩევ, დროზე მოეგო გონს, თორემ, ცხოვრება ისეთ რამეს შემოგთავაზებს, მერე სინანულის მეტი არაფერი შეგრჩება ხელში.
– საკუთარი მაგალითით მსჯელობ, საყვარელო? ყველა საკუთარ შეცდომებზე სწავლობს – რეალობა ასეთია. ზოგი კი საერთოდაც ვერ სწავლობს.
– ნამიოკები არ იყოს. შენ რა იცი, მე რა ვისწავლე?
– ვხედავ, – გაუღიმა მაგდამ.
მარიკომ ხელი ჩაიქნია, აქაოდა შენთან ლაპარაკზე დროს ვეღარ მოვაცდენო.
– ისე, უშანგიც კარგი ტიპი ჩანს.
– ვინ? – მარიკოს სახელი ეუცხოვა.
– ნუ, უშო, რა... მე მომეწონა.
– ჰო, რა უშავს. უბრალოდ, ჩემს გემოვნებაში არ ჯდება. ეგ ასაკი გავიარე.
– იქნებ მორჩეთ ქაქანს და საქმეს მოჰკიდოთ ხელი? – ოთახიდან გამოფრთხიალდა ნინი, – რაღაცას მოვკარი ყური. რაო, ჩემი უშო არ მოგწონს, მარიკო?
– მე ეგ არ მითქვამს. ჩემს გემოვნებაში არ ზის-მეთქი, თორემ, მშვენიერი ბიჭია – წესიერი, სერიოზული...
– მაგრამ დიმიტრი ასათიანთან ახლოსაც ვერ მოვა, არა?! – აკისკისდა მაგდა.
– რა გაყვირებს, გოგო?!
– ნუ გეშინია, ვერ გაიგონებს, აქ არ არის, – სიცილით მიუგო მაგდამ, – ევროპაში გაემგზავრა. ასე რომ, ტყუილად იპრანჭები დილიდან.
მარიკო გაშრა:
– ევროპაში გაემგზავრა? ვინ გითხრა?
– აი, დილიდან სილამაზის სალონში რომ არ მჯდარიყავი, გეცოდინებოდა. ნათიამ თქვა.
მარიკომ ამოიოხრა:
– ცხოვრობს ხალხი – ევროპა, თხილამურები... როგორ მინდა, მეც მეღირსოს რამე ასეთი.
– მაგას შრომა უნდა, ჩემო საყვარელო, შრომა! – ბრძენი დედაკაცივით ჩაილაპარაკა მაგდამ.
მარიკომ ცხვირი აიბზუა:
– თუ ღმერთი გწამს... დიმიტრი ასათიანმა ხომ პირდაპირ, მუშაობით მოიკლა თავი... ლანგარზე დადებული მიართვეს ყველაფერი, ლანგარზე! „ბედნიერი ბილეთი“ ამოიღო, ბედნიე... – მარიკო უცბად გაჩუმდა და მზერა შემოსასვლელ კარს მიაშტერა, – ახლა გავგიჟდები! – აღმოხდა სასოწარკვეთილი, განწირული ხმით. მაგდა და ნინიც იქით შებრუნდნენ, საითაც მარიკო იყურებოდა და არანაკლები შოკი მიიღეს მათაც – ფართოდ გაღებულ კარში ჯერ ახალმა თანამშრომელმა ქეთიმ შემოაბიჯა მორიდებით, უკან კი თავად დიმიტრი ასათიანი მოჰყვებოდა გაღიმებული და საჩვენებელ თითზე ჩამოკიდებული მანქანის გასაღებით. რაც ყველაზე მთავარია, შეფს მოძრავი, მინის მძიმე კარი ხელით ეჭირა და ამ თავაზიანი ჟესტით უთმობდა ქეთის გზას.
სამივეს ერთდროულად აღმოხდა ოხვრა. დიმიტრი გოგოებს მიესალმა და ლიფტში შევიდა. ქეთი კი ისე, რომ თავი არ აუწევია და თანამშრომლებისთვის არ შეუხედავს, ოთახში შევიდა. შოკიდან პირველი ნინი გამოვიდა.
– ეე... თქვენც დაინახეთ თუ მარტო მე მომელანდა? ესენი ნახე, რა?!
მარიკო მაგდას სწვდა და ლოყაზე უჩქმიტა:
– აბა, ევროპაში გაემგზავრაო?
გაგრძელება შემდეგ ნომერში