რა მექანიკური პრობლემები ექმნება ყინვაში ავტომობილს
ხშირად, განსაკუთრებით კი, სიცივეში, სხვადასხვა ტიპის ავტომობილებს იდენტური პრობლემები ექმნებათ. ხშირად წვრილმანიც კი, დიდ თავსატეხს აჩენს და მძღოლის ძალიან ბევრი დრო მიაქვს. როგორ ვისწავლოთ საკუთარი ავტომობილისთვის დიაგნოზის დასმა, ამაზე პროფესიონალი მრბოლელი, მევლუდ მელაძე საუბრობს.
– რამდენი მოდელიც არის, იმდენივე ძრავას ტიპია, ასე რომ, ცალკეულ ავტომობილს შესაძლოა ჰქონდეს ისეთი პრობლემა, რომელიც სხვა, ზუსტად მისნაირ მოდელსაც კი არ შეექმნას, ან პირიქით, მისგან სრულიად განსხვავებულ მოდელში იჩინოს თავი. თან, ყველაზე ცუდია, რომ, როდესაც მსხვილმან პრობლემასთან გვაქვს საქმე, ის იოლი საპოვნელია და არც თავის მტვრევა გვიწევს მის შესაკეთებლად, მაგრამ ყველაზე ცუდია, როცა ავტომობილს რაღაც წვრილმანი გაუმართაობა აქვს და მძღოლს უამრავი დროის დახარჯვა უწევს მიზეზის პოვნაში, ამ შემთხვევაში, ხელოსანსაც უჭირს მიზეზის დადგენა. ჩემთვის ხშირად უკითხავთ ისეთი უცნაური პრობლემის მიზეზი, რომელიც, ერთი შეხედვით, თითქოს უწყინარია. მაგალითად, ავიღოთ ნებისმიერი მოდელი, რომელიც თვეების განმავლობაში დილით ჩვეულებრივად იქოქებოდა, მაგრამ თუ უკვე გაცხელებულძრავიან ავტომობილს გააჩერებს თხუთმეტი წუთის შემდეგ, დაქოქვა ძალიან უჭირს – სტარტერი რამდენიმე წამი ტყუილად ტრიალებს, შემდეგ კი იქოქება, არასდროს არ მიდის იმ მდგომარეობამდე, რომ არ დაიქოქოს. გაჩერებიდან დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში, თუ ძრავა ჩვეულებრივად იქოქებოდა, ანუ, ავტომობილი საკმაოდ უცნაურად იქცეოდა, თვეების განმავლობაში დიაგნოზი ვერსად დაუსვეს, ამის მიზეზი კი შემდეგია: ამ დროს რაღაც გზით, ხდება საწვავის ეგრეთ წოდებულ „პორშინებთან” ჩადინება. ხშირ შემთხვევაში, ეს რომელიმე „ფარსონკის” ანუ ინჟექტორის, ან „ფარსონკების” ბრალია. ისინი სათანადოდ არ იკეტება და საწვავი იპარება. საწვავის „პორშინებთან” ჩასვლის მიზეზი შეიძლება იყოს საწვავის მიწოდების დამხმარე „კლაპანი” – მოწყობილობა, რომელიც მხოლოდ ცივ ძრავას უნდა მიეხმაროს დაქოქვაში, ანუ ეგრეთ წოდებული „პადსოსი”. პირველ ხუთ წუთში ჩადინებული საწვავი გავარვარებულ ძრავაში აორთქლებას მაინც ახერხებს და თან, ჯერ ის რაოდენობა არ არის, რომ ეგრეთ წოდებული „პერელივანიეს” ეფექტი მივიღოთ. ამიტომაც, არ უჭირს მას დაქოქვა. რაც შეეხება დილით დაქოქვას, ჩადინებული საწვავი უკვე აორთქლებულია და ასეც რომ არ იყოს, ცივ ძრავას ისედაც სჭირდება დამატებითი საწვავი, შესაბამისად, ის უპრობლემოდ იქოქება. ინჟექტორების ხელოსანი ძალიან მარტივად, მოხსნილ მდგომარეობაში გაწმენდს ინჟექტორს, ასევე, ეგრეთ წოდებულ „პადსოსის” სარქველს და დაქოქვის პრობლემაც მოგვარებულია. მაგრამ, ასეთ დროს მიზეზის პოვნა ყოველთვის მძღოლის კარგ დაკვირვებულობაზეა. შეიძლება თავად ვერ მიხვდეს, მაგრამ ის უნდა იცნობდეს ავტომობილს, როგორც საკუთარი სხეულის ნაწილს და დეტალურად აუხსნას ხელოსანს ყველაფერი.
– საერთოდ ცხელ და ცივ ძრავაზე ავტომობილს სრულიად განსხვავებული პრობლემები აქვს.
– კი. სხვათა შორის, ხშირად იჩენს თავს ისეთი პრობლემა, როცა ძრავას გაცხელება და სიჩქარეთა კოლოფის მუშაობა ერთმანეთთანაა დაკავშირებული, რაც, წესით, ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად მუშაობს. ყოველთვის უნდა გახსოვდეს – ზეთს რა ინტენსივობით ცვლიდით, როდის რა საწვავი ჩაასხით და სხვა, რადგან ეს დეტალები ქმნის დიაგნოზს. მაგალითად, მართვის მექანიკური კოლოფით აღჭურვილ ავტომობილს ექმნება ასეთი პრობლემა – მიუხედავად იმისა, რომ ნეიტრალურში იყო ავტომობილი, ცივზე მაინც იძვრებოდა და მიდიოდა, თან ძალიან უჭირდა სიჩქარეებში გადართვა. როგორღაც, დაძვრისა და ავტომობილის გახურების შემდეგ, კოლოფი ნორმალურად იწყებდა მუშაობას. მიზეზი კი თურმე ზაფხულიდან მოდიოდა, როდესაც სიჩქარეთა კოლოფში ზეთი გამოიცვალა. აღმოჩნდა, რომ ზეთი ამ კონკრეტული მოდელისთვის არასწორად იყო შერჩეული და საკმაოდ სქელი გახლდათ. ზაფხულში, სიცხეში ის მაინც თხელდებოდა და ნორმალურად მუშაობდა. როგორც კი აცივდა, ზეთი გასქელდა. ძალიან გასქელებული ზეთი ვერ ახერხებს თავისუფლად მოძრაობას და დილით სანამ ძრავა გათბება და მასაც გაალღობს, იმასაც ახერხებს, ავტომობილი ადგილიდან დაძრას. მოდების გათიშვის შემდეგ, ის სიჩქარეთა გადამრთველს ერთიდან მეორეში ჩაგდების საშუალებას არ აძლევდა. მთელი პრობლემა არასწორად შერჩეული ზეთია. ასე რომ, ისტორიის ცოდნა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
– ამ სიცივეებში თითქმის ვერასდროს ვკეტავ ავტომობილს და ხშირად გაღებაც მიჭირს, გასაღებიც იყინება?
– კი. სიგნალიზაციაც იყინება და თვითონ გასაღების გადასატრიალებელი ადგილიც. თუ გასაღებით აღებთ, ჯობია, ცხელი წყალი შეასხათ და თუკი ყინულია, ის გაადნობს. თუ სიგნალიზაციით აღებთ, შეათბეთ და მერე გაღებასაც შეძლებთ.