კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: არსებობს თუ არა რაიმე მეთოდი, რომ ცელულიტის საწინააღმდეგო კრემის მოქმედება უფრო სწრაფი და ეფექტური გახდეს?
პასუხი: ანტიცელულიტური კრემის ეფექტის დასაჩქარებლად, იმ ადგილებზე, სადაც კრემი წაისვით, შეგიძლიათ, ცელოფანი შემოიხვიოთ და 40 წუთი გაიჩეროთ. „სათბურის“ ეფექტი ხელს შეუწყობს კანს, კრემი უკეთ შეიწოვოს, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში 40 წუთზე მეტხანს არ გაიჩეროთ ცელოფანი, თორემ, კრემწასმული ადგილები შეგიშუპდებათ.
კითხვა: მსუქანი არ ვარ, მაგრამ, მინდა, რომ ბრტყელი მუცელი მქონდეს. რას მირჩევთ?
პასუხი: ეს არც ისე ადვილი მისაღწევია, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ძალიან გამხდარ ქალებსაც კი არ აქვთ ბრტყელი მუცელი. თუ ეს ნამდვილად გსურთ, მოგიწევთ, სპორტი შეიყვაროთ, კერძოდ კი, ყოველდღიურად სამჯერ მაინც უნდა გააკეთოთ აჭიმვები (დაიწყეთ 5 წუთით და ნელ-ნელა ადით 15 წუთამდე). თუ დრო და საშუალება გაქვთ, არაჩვეულებრივ შედეგს იძლევა ცურვა და წყლის ჭავლის მასაჟი – „შარკო“.
კითხვა: უკვე 30 წელს გადავაბიჯე. მაინტერესებს, როგორ უნდა მოვუარო ყელსა და დეკოლტეს, რომელი კრემი უნდა წავისვა?
პასუხი: არსებობს სპეციალური კრემები ყელისა და დეკოლტესთვის, მაგრამ, შეგიძლიათ, ჩვეულებრივი მკვებავიც გამოიყენოთ, ოღონდ, წასმამდე აღნიშნული ადგილები კარგად უნდა გაიწმინდოთ ტონიკით. თუ ამ პროცედურას ყოველდღე ჩაიტარებთ, კანი აღარ დაგეჭიმებათ და არც ჩამოგეკიდებათ. შეეცადეთ, მზიან ამინდში მოარიდოთ დეკოლტე მზის პირდაპირ სხივებს, განსაკუთრებით – გაზაფხულსა და ზაფხულში, 12-დან 15 საათამდე – ასე პიგმენტური ლაქების გაჩენისგანაც დაიზღვევთ თავს. გარდა ამისა, თავი შეიკავეთ ცხელი შხაპისგან – ის აშრობს და სიმკვრივეს უკარგავს კანს.
კითხვა: როგორი აბაზანის მიღება მომიხსნის დაღლილობასა და დაძაბულობას?
პასუხი: 1 ლიტრ ცხელ წყალში გახსენით 300 გრამი ზღვის მარილი, 25 წვეთი ლავანდის ზეთი და ეს ხსნარი შეურიეთ წყლით სავსე აბაზანას (წყალი აბაზანაში ნელ-თბილზე ოდნავ ცხელი უნდა იყოს) და ჩაწექით 10-12 წუთის განმავლობაში.