მეგრული ელარჯი შუაგულ მოსკოვში და ფეხბურთელებისთვის გაშლილი „სკუჩნი“ სუფრა
მთლად უცოდველი არ გეგონოთ, ხანდახან ღვინოც დამილევია, კონიაკიც, ვისკიც და ჭაჭის არაყიც, თუმცა, ვცდილობდი, ზომიერება არასდროს დამერღვია.
ერთხელ, მოსკოვში, მოგებული თამაშის შემდეგ იქ მცხოვრებმა მეგობარმა სახლში მიგვიპატიჟა მე და დავით მუჯირი – ელარჯი უნდა გაჭამოთ შუაგულ მოსკოვშიო. რა უნდა მექნა? მეგრელი რომ ელარჯზე უარს იტყვის, მე იმ მეგრელს, მაგალითად, კარგი თვალით ვერ შევხედავ. რას ვიზამდით, ვესტუმრეთ ამ კაცს.
გაიშალა ზღაპრული სუფრა.
მესამე ჭიქას რომ ვსვამთ, კარზე ზარმა დარეკა, მასპინძელი შემოუძღვა სტუმარს და, თუ არ მოვკვდებოდი, არ მეგონა – ფარსადანოვიჩის ხმა არ გავიგონე?! თურმე ისიც დაპატიჟებული ჰყოლია ჩვენს მასპინძელს და ცოტა დაჰგვიანებია.
– რაღა ვქნა ახლა?! გამოგვჭერი ყელი და ესაა, – ვეცი მასპინძელს, სანამ ნოდარ ახალკაცი ხელის დასაბანად იყო გასული, – არ დაგველია მაინც! თან, სიგარეტის ბოლიც დგას.
– ნუ გეშინიათ, – გვამშვიდებს მასპინძელი, – ყველაფერი წინასწარ მაქვს მოფიქრებულ-მომზადებული.
– რა?
– რა და, აგერ დაგიდგამთ ჩაის ჭიქებს, ვითომ ჩაის სვამთ, რა მოხდა მერე!
ბატონი ნოდარი დაჯდა და დაიწყო საუბარი.
ჩვენ კი ვართ და აღარც ვართ. ფარსადანოვიჩი არაფერს გვეკითხება – ან აქ რა გინდათ, ან, რომ მოდიოდით, რატომ არ გამაფრთხილეთო. არაფერს გვეუბნება, თითქოს არც ვიყოთ იქ.
– კაცო, მგონი ვერც გვხედავს, – დაეჭვდა მუჯირი, – უჩინმაჩინის ქუდები ხომ არ გვახურავს?
ცოტა ხანში მასპინძელმა მე და მუჯირი მეორე ოთახში გაგვიხმო, რა თქმა უნდა, ფარსადანოვიჩთან ბოდიშის მოხდით.
გავედით და რას ვხედავთ – გაუშლია ჩვენთვის ცალკე, „სკუჩნი“ სუფრა. ვუთაქეთ თითო ჭიქა გულისჯავრზე, ჩავაყოლეთ და შემოვბრუნდით ახალკაცთან. აბა, სულ იქ რომ დავრჩენილიყავით, დაეჭვდებოდა.
ცოტა ხანში ისევ გაგვიხმო მასპინძელმა მეორე ოთახში.
ისევ ვუთაქეთ, ოღონდ, ახლა, ორ-ორი (მაინც დალეული გვაქვს და...) დავბრუნდით საერთო სუფრასთან უცოდველი კრავებივით, თუ შეიძლება, რომ კრავები ჩაის სვამდნენ.
მესამედაც რომ გავედით და ისევ შემოვბრუნდით, ფარსადანოვიჩი ბოლოს და ბოლოს დაინტერესდა:
– კი მაგრამ, რაშია საქმე?
– რაზე გვეკითხებით, ნოდარ ფარსადანოვიჩ? – ვიკითხეთ ჩვენ ორ ხმაში.
– რაში და, რას გარბიხართ ყოველ ხუთ წუთში იქით ოთახში? რაშია საქმე, თუ საიდუმლო არაა?
– არაფერი, ისე...
– რას ჰქვია – ისე?
– ისე, ჩვენთვის...
– რა და, – მოულოდნელად გააქტიურდა მუჯირი, – ჩვენი მასპინძლის სამზარეულოს პროექტი მოგვეწონა მე და აგერ – გაბელიასაც და, გვინდა, რომ თბილისშიც ამ პროექტით გადავაკეთოთ სამზარეულოები.
– ვთქვათ, დავიჯერე, მაგრამ, ყოველ ხუთ წუთში რომ გარბიხართ, ერთი გასვლით ვერ დაათვალიერეთ?
– რა ვქნათ, ძალიან მოგვწონს და... – ავლუღლუღდი... – თან, გამეორება ცოდნის დედაა.
– აბა, მე გეტყვით ახლა! – დაიწყო ახალკაცმა თავისებური, დამაჯერებელი ხმით, – რომ დაგიღიათ პირი და მამა აბრამის ბატკნებივით შემოდიხართ აქ და გგონიათ, რომ მე ვერაფერს ვხვდები, მაგას რა ჯობია, იცით?
– რა? – სასტიკად დავინტერესდით.
– რა და, აქ დალიოთ, ვაჟკაცურად, ჩემთან ერთად და მერე გახვიდეთ იმ სამზარეულოს დასათვალიერებლად, ასე თუ მოგეწონათ, რა თქმა უნდა.
„გაშიფრულები“ ვიყავით!
ასეთი იყო ცხონებული ფარსადანოვიჩი, ვერაფერს გამოაპარებდი.
ოთარ გაბელიას ნაამბობის მიხედვით