რა შესთავაზა გიგა ლორთქიფანიძეს მილიციამ და რატომ გაიქცა ის თბილისიდან სოფელში
„მიუხედავად სოლიდური ასაკისა, ნამდვილად არ მაქვს შემაჯამებელი ეტაპი, გარკვეული ცხოვრებისეული მიჯნის შეგრძნება. ერთადერთი, რაც დაბეჯითებით შემიძლია, საკუთარ თავზე განვაცხადო, ისაა, რომ ყოველთვის საოცრად მშრომელი კაცი ვიყავი და ეს თვისება დღემდე შემომრჩა. თავისუფალი დროის ცნება ჩემთვის ახლაც წარმოუდგენელია. ალბათ, ფიზიკურადაც ამან გამაძლებინა. ვფიქრობ, კიდევ მაქვს სათქმელი, რადგან სულიერად მხნედ ვარ. მრავალფეროვნებისკენ ლტოლვა ჩემი ბუნებაა, ერთნაირად მიტაცებს სპექტაკლების დადგმაც, ფილმის გადაღებაც, საზოგადოებრივი საქმიანობაც, სტუდენტებთან მუშაობაც, შემოქმედებითი კონტაქტებიც, ახალი ნაცნობობაც და, რასაც ჩემთვის არსებითი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს – ჩემს მეგობრებთან ურთიერთობაც. უამრავი მეგობარი მყავს, რომლებიც მეამაყებიან“.
ჩვენ გვინდა, რომ ცნობილ, ძვირფას ადამიანებზე ხშირ-ხშირად ვწეროთ, რათა უფრო ახლოდან გაგაცნოთ და ისინი, თავად გვეხმარებიან ამაში. ბევრმა თვითონვე დაწერა თავისი დღიური, სადაც არაჩვეულებრივადაა გადმოცემული მათი ცხოვრების ყველა ეტაპი. კითხულობ და წარმოსახვაში კინოეკრანზე გადაგაქვს. ამჟამად გიგა ლორთქიფანიძის, ბევრი კარგი სპექტაკლისა და ფილმის, განუმეორებელი „დათა თუთაშხიას“ რეჟისორის წარსულის კადრებს გავაცოცხლებთ.
მარიკა ლორთქიფანიძე (გიგა ლორთქიფანიძის და): გიგა ჩემზე ხუთი წლით უმცროსია. ბავშვობაში ეს განსხვავება ძალიან საგრძნობი იყო, შემდეგ, თანდათან აღარავითარი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ძალიან მგრძნობიარე ბავშვი იყო. 5-6 წლის იქნებოდა, სააღდგომოდ ვიღაცამ ჩვილი ბატკანი მოგვიყვანა. მაშინ მლეთის ქუჩაზე (ახლანდელ ხორავას 5-ში) ვცხოვრობდით. ჩვენს სახლთან ახლოს პატარა მინდორი იყო. გიგას იქ დაჰყავდა ის ბატკანი. აღდგომის წინა დღეს ბატკანი დაიკლა. გაიგო, საშინლად განიცადა, ისე ტიროდა, მთელი სამეზობლო შეიკრიბა. რადგანაც საჭმელს მართა ბებია (მამის დედა) ამზადებდა, ბატკნის დაკვლაც მას დააბრალა. რასაკვირველია, იმ ბატკნის ხორცი პირში არ ჩაუდევს. მართა ბებიამ კი, კარგა ხნის შემდეგ ძლივს შემოირიგა. ეს იყო პირველი ტრაგედია მის ცხოვრებაში.
სანამ მამა სახლში იყო, ნორმალურად ვცხოვრობდით ორ ოთახში, პირველ სართულზე. როცა მამას მოაკითხეს, მოსკოვში იყო. საერთოდ, ხშირად დადიოდა იქ სამსახურებრივი მივლინებით. დედას მისამართი მოსთხოვეს. დედამ უპასუხა, რომ მისამართი არ იცის. იქ მას ოჯახი ჰყავს და თუ აუცილებელია, ფოსტით უკავშირდება. როცა ჩამოდის, ჩვენთან მოდისო. გამიკვირდა დედას პასუხი, თუმცა მივხვდი, არ უნდოდა მამას მისამართის მიცემა. მთელი ღამე ჩხრეკა იყო ჩვენთან, არ ვიცი, რას ეძებდნენ. ბოლოს ერთ-ერთმა მამას სანადირო თოფი მხარზე გადაიკიდა და წავიდნენ. დედა მაშინვე დაუკავშირდა მამას. მან უთხრა: არ ჩამოვალ, მაგათ ციხეში ვერ ჩავჯდებიო. დედა რამდენჯერმე დაიბარეს. ძალიან გვეშინოდა, რომ დააპატიმრებდნენ. თუ დააპატიმრებდნენ, მაშინვე უნდა შეგვეტყობინებინა მამასთვის, მაგრამ მალე დედას თავი დაანებეს. შემდეგ გავიგეთ, გამომძიებელი, ვინმე შარია, ის, ვინც მამას თოფი წაიღო, მალე თვითონაც დაეპატიმრებინათ. იმ წლებში ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. როცა გიგამ ფეხი მოიტეხა სასამართლოს ქუჩაზე, საავადმყოფოში სასწრაფოთი მიიყვანეს და თაბაშირი დაადეს, მაგრამ მოტეხილობა ღია იყო. ორგანიზმში განგრენის ინფექცია შევიდა და ფეხის მოკვეთის საკითხი დადგა. მამას შევატყობინე, დედა გიგასთან იყო საავადმყოფოში. შევთანხმდით, რომ მეორე დღეს თავის მეგობართან, დავით ქვარიანთან დამირეკავდა. სამ საათამდე ველოდე, არ დარეკა. ვიფიქრე, ალბათ, გუშინდელი ზარით მიაგნეს და დააპატიმრეს-მეთქი. საავადმყოფოში წავედი. შენობის წინ აურაცხელი ხალხი ტრიალებდა. ოთარ ჯაფარიძემ მითხრა, მამაშენი იყო მოსული, ცოტა ხნით შევიდა, მეგობრები ელოდებოდნენ მანქანით და წავიდაო... ვერ მოითმინა და გადმოფრენილიყო.
გიგა ცოცხალი, მხიარული ბავშვი იყო, ცეკვავდა, ფეხბურთს თამაშობდა. 13 წლის ასაკში დაკარგა ფეხი. გული აიცრუა სწავლაზე, მუსიკაზე. ცნობილი დირიჟორი, ევგენი მიქელაძე ბიძაჩვენი იყო. მე და გიგა ხშირად დავდიოდით ოპერაში მის რეპეტიციებზე. ევგენი წინასწარ აფრთხილებდა ორკესტრის რომელიმე წევრს, რომ ყალბი ნოტი აეღო. გიგა მაშინვე ხვდებოდა. ევგენი ამბობდა, გიგასგან დიდი დირიჟორი დადგებაო. ავბედითმა რეპრესიებმა ეს უნიჭიერესი კაციც შეიწირა, იმ ღამესაც ოპერაში ვიყავით, როდესაც ბიძია დააპატიმრეს... ოპერის თეატრის წინ ბიჭების ბირჟა იყო. ომის დროს თბილისი გაივსო ინვალიდებით. ბევრი იყო ჩვენი ახალგაზრ-დებისადმი აგრესიულად განწყობილი. ხშირად ჩხუბიც იმართებოდა. ერთხელ, გიგა ძლივს გადარჩა. მიუხედავად თავისი ფიზიკური მდგომარეობისა, თავისი წრის ლიდერი გახლდათ. ოპერის უკან, მაშინდელ ძნელაძის ქუჩაზე, მილიციის განყოფილება იყო და გიგას გამოსაყვანად მისვლა მე მიხდებოდა ხოლმე. დედა გათენებიდან დაღამებამდე მუშაობდა. კარგი ნაცნობობა მქონდა მილიციის უფროსთან. ერთ საღამოს გიგა ადრე მოვიდა და გვითხრა – აქ აღარ გავჩერდები, სოფელში უნდა წავიდე, მამას ძმასთან და სწავლა იქ გავაგრძელოო. ავიღეთ სკოლიდან ცნობები და გავემგზავრეთ. ბიძაჩვენი, აპოლონ ლორთქიფანიძე მარტო ცხოვრობდა, ეგრეთ წოდებულ „ქუხნა სახლში“. 1921 წელს სახლი ჩამოართვეს, უთხრეს კნიაზობა გეყოფაო და იქ უბრძანეს გადასვლა. ცოლი გარდაეცვალა, შვილები წავიდ-წამოვიდნენ. დარჩა მარტო. გიგამ სკოლა იქ დაამთავრა. შემდეგ სწავლობდა თბილისში, მერე კი მოსკოვში. დიდი ხნის შემდეგ გამომიტყდა გიგა, თურმე მაშინ მილიციასთან თანამშრომლობა შეუთავაზებიათ და, ფაქტობრივად, თბილისიდან გაიქცა...
გიგა ლორთქიფანიძე: ჩვენ, წყალტუბოს რაიონის სოფელ ჩუნეშიდან გამოსული ლორთქიფანიძეები ვართ. თუმცა, ბაბუაჩვენი – გრიგოლ ლორთქიფანიძე ქვიტირში ცხოვრობდა. მამამისმა, თავის ვაჟებს მამულები რომ გაუყო, მას სამტრედიის რაიონში მისცა რამდენიმე სოფელი. ბოლომდე ქვიტირში ცხოვრობდა და ბოლომდე ნამდვილ თავადად დარჩა მამაჩემის უფროსი ძმა, აპოლონ ლორთქიფანიძე, რომელიც ძალიან მიყვარდა. სანახევროდ მასთან გავიზარდე. დავიბადე და გავიზარდე თბილისში, მეტყევე ინჟინრის, დავით ლორთქიფანიძის ოჯახში. დედა მყავდა მიქელაძის ქალი. ასე რომ, მამაც თავადი იყო და დედაც. ჩემს თაობას ბავშვობა განადგურებული ჰქონდა. საქართველოში იშვიათი იყო ოჯახი, რომელსაც რეპრესიები არ შეხებია. 13 წლისა ხიდან ჩამოვვარდი. ფეხზე განგრენა დამეწყო და ამპუტირება დამჭირდა. ათარბეგოვის ქუჩაზე ვიწექი, საავადმყოფოში. ჩემი ფანჯრიდან ქუჩა მოჩანდა. ჯერაც საეჭვო იყო, გადავრჩებოდი თუ არა. მამას საიდანღაც შეეტყო ჩემი ამბავი. მახსოვს, უცებ კარი გაიღო და მამა შემოვიდა. ლოგინთან დამიჯდა და მითხრა: მთავარია, კაცი იყო, შვილო! დამკოცნა და გავიდა. ფანჯრიდან ვხედავდი, ამხანაგები როგორ სვამდნენ ძალით „ემადინში“ და როგორ ბღაოდა. ჩემთან ოთახში კი, თვალზე ცრემლი არ მოსდგომია.
მე და ჩემი და, მარიკა, ბარნოვის ქუჩაზე ვსწავლობდით, 25-ე, დღევანდელ 53-ე სკოლაში. ერთმანეთის ანტიპოდები ვიყავით. ის ყოველთვის სანიმუშო მოწაფე იყო, მე კი – უბნის ბიჭებს აყოლილი. მეხუთე კლასამდე ფრიადოსანი ვიყავი. მერე, ფეხზე ეს ამბავი რომ დამემართა, როცა ვინმესგან სიბრალულს ვიგრძნობდი, საშინლად განვიცდიდი და გადავწყვიტე, ყველაზე მაგარი ვყოფილიყავი ჩხუბშიც და საერთოდ, ყველაფერში. თქვენ წარმოიდგინეთ, ყავარჯნებით ვიყავი და ფეხბურთსაც ვთამაშობდი და ფრენბურთსაც. ყველაფერს ვაკეთებდი, საკმაოდ აცვენილი ვიყავი. მარიკა ჩემზე ხუთი წლით უფროსია. ის ჩემთვის დაც იყო და მამაც. აქვე დავძენ, რომ მას ყოველთვის ვუყურებდი, როგორც ბრძენ ქალს. მარტოდ დარჩენილი დედა კი, გენერალ მიქელაძის ქალიშვილი, ფაბრიკაში, სარდაფში მუშაობდა, რომ გამოვეკვებეთ... ბავშვობაში მსახიობობა მინდოდა, მაგრამ ჩემი ფიზიკური ტრავმის გამო, გადავწყვიტე, სარეჟისოროზე ჩამებარებინა. იმ წელს (1944 წელს) გიორგი ტოვსტონოგოვს აჰყავდა კურსი. ძალიან დიდი კონკურსი იყო. მიგვიღეს ოთხნი: მიშა თუმანიშვილი, კაკო დვალიშვილი, ასიკო გამსახურდია და მე. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ პირველი კურსი ვისწავლე ტოვსტონოგოვთან, სწორედ ის მიმაჩნია ჩემს პირველ მასწავლებლად. ათეული წლების განმავლობაში მსოფლიოს თეატრალურ მექად მოსკოვი ითვლებოდა. ამიტომაც, გამიჩნდა დიდი სურვილი, იქაური თეატრები მენახა და ის სკოლა გამევლო. 1945 წელს წავედი მოსკოვში, სრულიად მარტო და უფულოდ. კონკურსზე საბუთების შეტანა დავაგვიანე და დიდი წვალების შემდეგ, მხოლოდ ხელოვნების სამმართველოს უფროსის ნებართვით დამიშვეს მისაღებ გამოცდებზე, რომელიც ბრწყინვალედ ჩავაბარე. ხუთი წელიწადი გავატარე მოსკოვში. ძალიან დიდი გაჭირვება და შიმშილი იყო მაშინ. საწყალი დედაჩემი ძლივს ახერხებდა 600 მანეთის და ერთი ამანათის გამოგზავნას, რაც მაშინ მცირე თანხა იყო. მარიკა უნივერსიტეტს ამთავრებდა, ასპირანტურაში შედიოდა, ამიტომ გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, სტალინური – ყველაზე მაღალი სტიპენდია მიმეღო. მეორე კურსზე მართლაც დამენიშნა, მაგრამ კიდევ ორიოდე კაპიკის შოვნაც მინდოდა და თვითშემოქმედებით კოლექტივში დავიწყე მუშაობა. ასე რომ, მესამე კურსზე დედას დიდი სიამაყით მივწერე: ფულს ნუღარ გამომიგზავნი, ჩემს თავს თვითონ მივხედავ-მეთქი. ინსტიტუტი რომ დავამთავრე, როგორც მომავალ რეჟისორს, კარგი სახელი მქონდა და უკვე შევძლებდი მუშაობას თბილისის რომელიმე თეატრში...
ევგენი მიქელაძე დედაჩემის, ნინო მიქელაძის ბიძაშვილი იყო. ისეთი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან, როგორც და-ძმას და ჩვენც, მე და მარიკა, მას აღვიქვამდით, როგორც დედას ალალ ძმას... როდესაც ადამიანს „დუბინკას“ ურტყამენ, ხელებს სახეზე იფარებს. ევგენის ხელები ყურებზე აუფარებია. უკითხავთ – სახეზე რატომ არ აიფარე ხელებიო. ნაწამებს უპასუხია – დირიჟორი ვარო. ჩაეკითხნენ, ვინა ხარო? ბოლოს უპასუხია – მუსიკოსიო... ერთმა აიღო თურმე თოფის საწმენდი „შომპოლი“ და ყურში გაუყარა. რამდენიმე დღის შემდეგ კი, დახვრიტეს. თუმცა, ოჯახს დიდხანს ეგონა, რომ სადღაც გადასახლებაში იყო. ევგენი მიქელაძის დაღუპვაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი იმანაც ითამაშა, რომ ბერიას პოლიტიკური კონკურენტის – მამია ორახელაშვილის სიძე იყო. ჰიტლერს „მაინ კამპში“ უწერია, თუ გინდა, ერი დაიმორჩილო, მისი ტვინი, მოაზროვნე ნაწილი უნდა გაანადგუროო. აქაც იგივე პოლიტიკა იყო. იცოდნენ, რომ ევგენი მიქელაძეს ვერ დაიმორჩილებდნენ, შეუძლებელი იყო სანდრო ახმეტელის დამორჩილება... ამიტომაც გაუსწორდნენ ასე სასტიკად. ისეთი დრო იყო, ღამით მანქანის ხმას თუ გავიგონებდით (მაშინ მანქანა იშვიათობა იყო), ყველა ვიღვიძებდით და ფეხზე ვდგებოდით. ვისთანაც გაჩერდებოდა, მათ სახლში უბედურება ტრიალდებოდა. ეს შეგრძნება დღემდე მომყვება. ამიტომაც ვეწინააღმდეგები ყოველგვარ დიქტატურას. როდესაც ქუთაისის თეატრის მთავარ რეჟისორად დამნიშნეს, პირველ ხანებში, სანამ ჩემს სპექტაკლს დავდგამდი, სხვის რეპეტიციებს ვესწრებოდი. მაშინ თეატრში, თუმცა პატარა ორკესტრი უკრავდა, მაგრამ მაინც ორკესტრი ერქვა. ერთ-ერთ სპექტაკლზე ვიოლინოს არაჩვეულებრივი, პროფესიული შესრულების ხმა გავიგონე. სპექტაკლი რომ დამთავრდა, საორკესტრო ორმოში ჩავიხედე და დავინახე მევიოლინე, ხნიერი რუსი ებრაელი კაცი. ეროვნება ვკითხე – სიამაყით მიპასუხა – მე ევგენი მიქელაძის ორკესტრის პირველი „სკრიპკა“ ვიყავიო. გადასახლებიდან დაბრუნებულს თბილისში ცხოვრების უფლება არ ჰქონდა. ამიტომაც უკრავდა ქუთაისის თეატრში. სპექტაკლის შემდეგ სადილზე მივიპატიჟე. იტირა, რომ გაიგო, ევგენი ბიძაჩემი იყო. ბერიას თეატრი უყვარდა. ერთ სპექტაკლს დასწრებია, ეპიზოდის დასრულების შემდეგ ხალხს ტაშით დაუნგრევია დარბაზი. ბერიას ხელით უნიშნებია, გაიმეორეო. ევგენის კი, ხელის აქნევით უარი უთქვამს, არ დამორჩილებია. როგორც ის მოხუცი მევიოლინე ამბობდა, ბერია ამის შემდეგ გადაეკიდა ევგენისო. ერთ-ერთი მიზეზი ბერიას დაპირისპირებისა, ალბათ, ესეც იყო, მაგრამ მთელი სისტემა ებრძოდა ინტელექტუალებს.
გიგა ლორთქიფანიძემ და ქეთევან კიკნაძემ ერთმანეთი თეატრალური ინსტიტუტის ბანკეტზე გაიცნეს, მოეწონათ და ერთ თვეში დაქორწინდნენ. წყვილს სამი ქალიშვილი შეეძინათ – ნინო, ნანა და მაია. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ასაკობრივი სხვაობა დიდი იყო, ამას, მათ ცოლქმრულ ურთიერთობაში ხელი სულაც არ შეუშლია. ბატონი გიგა, როგორც რეჟისორი სცენაზე თუ კინოში, მეუღლის მიერ შესრულებული საინტერესო მიზანსცენების მთავარი წამქეზებელი იყო. ერთ-ერთ სპექტაკლში თურმე ცოლს მთელი სიმკაცრით, დაჟინებით სთხოვდა, მისი პარტნიორისთვის უფრო ვნებიანად ეკოცნა, ვიდრე ის ამას აკეთებდა.
ქეთევან კიკნაძე (გიგა ლორთქიფანიძის მეუღლე): სიყვარული ადრეულ ასაკში ცოტა არასერიოზულია, მაგრამ ადამიანი მაინც ამისთვისაა მოწოდებული. პატარა ბავშვებსაც კი აქვთ ეს განცდა, მაგრამ მათთვის ეს შეუცნობელი და ხელშეუხებელია. დრო რომ გადის, მაშინ ფიქრობ, რომ თურმე ის გატაცება იყო და არა სიყვარული. რომ გითხრათ, ისე გავთხოვდი, ამის არაფერი გამეგებოდა-მეთქი, მართალი არ ვიქნები. იყვნენ ბიჭები, რომლებიც მომწონდა, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ ვდგებოდი, აღმომიჩენია, რომ ის არ არის, რომელთან ერთადაც ოჯახს შექმნი და მთელი ცხოვრება გაგყვება. გიგა თანდათან მომეწონა. ძალიან კარგად მღეროდა, უკრავდა, ნიჭიერი რეჟისორი იყო. მასში ბევრი თვისება მომეწონა. მეოთხე კურსზე ვიყავი, როცა გავიცანი. მაშინ ასეთი ტრადიცია იყო, კურსდამთავრებულებს შეხვედრას ვუწყობდით. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა ბანკეტით დაგვირგვინდა. დავინახე, სუფრასთან ჩემთვის უცნობი მამაკაცი ზის. ვიკითხე, ვინ არის-მეთქი. როგორ არ იცი, ვინ არის, რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძეაო. ვცეკვავდი და თან, მისკენ თვალს ვაპარებდი. შევამჩნიე, რომ ისიც დაჟინებით მიყურებდა. ასე შევხვდით ერთმანეთს, ჯერ მეგობართა საერთო წრეში, შემდეგ რამდენჯერმე – განმარტოებით. სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, ერთი თვე ვხვდებოდით. გიგა ჩემზე 11 წლით უფროსია, ოჯახის შექმნა უნდოდა და ჩვენი ამბავიც ამან დააჩქარა. ჩემს პროფესიასთან ახლოს იყო და ვფიქრობდი, ერთმანეთს კარგად გავუგებდით. ასეც მოხდა. მე და გიგას ერთი ცხოვრება გვაქვს, რამაც ჩვენი ოჯახი კიდევ უფრო გაამყარა. პატარა ვიყავი და შეიძლება, ეს ნაბიჯი არც გადამედგა, მაგრამ იმდენად მყარი იყო გიგას გადაწყვეტილება, უკან აღარ დავიხიე. უწინდელი ტრადიციები ჩვენს დროსაც მოქმედებდა. ოჯახი აუცილებლად კითხულობდა, რა გვარის ქალია, რა ოჯახიდან არის... ეს კარგიც იყო. დედაჩემი გახლდათ ჩვენი შეუღლების წინააღმდეგი. არ უნდოდა ასაკით ჩემზე ბევრად უფროსს გავყოლოდი.
სხვათა შორის, მე უფრო ვიყავი ეჭვიანი, ვიდრე გიგა. მეტყოდა: აბა, თუ არ მაინტერესებს სად ხარ და რას აკეთებ, რა აზრი აქვს ასეთ ცოლქმრობასო. ეს ინტერესი ყოველთვის უნდა იყოს. ამბობენ, თუ არ ეჭვიანობ, ესე იგი, არ გიყვარსო და სწორიც არის. რამე სერიოზული რომ გვქონოდა, ერთად არც ვიქნებოდით. ასე რომ, ეჭვიანობაც ბევრი ყოფილა, პრობლემებიც, კამათიც, მაგრამ ბოლოს ერთ-ერთი ვთმობდით. სხვათა შორის, გიგა ყოველთვის სამართლიანი იყო. მე ხელოვნურად ვიწვევდი გაჯიუტებას. ყოველთვის ჯიუტი ვიყავი. არ ველაპარაკებოდი. მართალია, დამნაშავე ვიყავი, მაგრამ პირველი გიგას უნდა მოეხადა ბოდიში, რომ შევრიგებულიყავით. რაც დრო გადის, მით უფრო მეტად გრძნობ, რომ შენი მეორე ნახევარი უფრო ახლობელი ხდება შენთვის, მეგობრული ურთიერთობა ყალიბდება, ცოლქმრული სიყვარული სხვა ფაზაში გადადის.
ჩვენ ერთად მუშაობის დიდი გამოცდილება გვაქვს, როგორც თეატრში, ისე კინოში. ეს იმდენად პროფესიულია, რომ ანგარიშს არც უწევ, რაღაცას მოერიდო – შენი ქმარი ზის იქ და ის სცენა არ ითამაშო. „სირანო დე ბერჟერაკში“ მქონდა ასეთი შემთხვევა, სადაც მალხაზ გორგილაძესთან ერთად ვთამაშობდი. მალხაზი, როგორც ძმა, ისე მიყვარდა და ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა მეკოცნა მისთვის. გიგა პარტერიდან ყვიროდა – რა არის ეს, როგორ კოცნით ერთმანეთს, უფრო გაბედულადო. დაგვიწუნა ნამუშევარი. არის, როცა ერთბაშად არ გამოდის რაღაც სცენა. მერე, სახლში რომ მივედი, საშინლად გაბრაზებული ვიყავი – რატომ მთხოვდი ასე დაჟინებით, ვნებიანად მეკოცნა მალხაზისთვის, ნუთუ სულ არ გიყვარვარ-მეთქი? გიგა კი იცინოდა. ვთამაშობ იმ გრძნობით, რა გრძნობითაც ეს მაყურებელმა უნდა აღიქვას. რაც შეეხება „დათა თუთაშხიას“, სადაც ოთარ მეღვინეთუხუცესის პარტნიორი ვარ – დათას საყვარელი ქალის, ბეჩუნის როლს ვთამაშობ, ეს როლიც, ისევე, როგორც ყველა ჩემი როლი, სამუშაოდ კარგად დასაფიქსირებელი, განსხვავებული და მნიშვნელოვანი იყო. მთელი გულით და სულით მოვეკიდე ამ სამუშაოს და საყვარელი როლი შევქმენი. არაფერი იქ საუხერხულო არ იყო. ოთართან ვითამაშე პირველი როლი კინოშიც და თეატრშიც. ამდენად ოთარი, როგორც პარტნიორი, ჩემთვის ყველაზე ახლობელი გახლდათ. თან, ის ჩვენი ოჯახის ახლო მეგობარია.