რომელი ლეგენდარული ფეხბურთელები მოხვდნენ ესპანური „ელ კლასიკოს“ მეოცე საუკუნის ტოპ-ათეულში
მესი, კასილასი, კრიშტიანუ რონალდუ, ხავი, ინიესტა, ზიდანი, რონალდინიო, ფიგუ, ბექჰემი, რონალდო... ისინი იყვნენ და არიან „ელ კლასიკოს” ცოცხალი ისტორია ოცდამეერთე საუკუნეში. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, მათ უზარმაზარი კვალი დატოვეს „ბარსელონას” და „რეალის” ურთიერთდაპირისპირებაში, თუმცა მათმა უმეტესობამ ლეგენდარული „ელ კლასიკოს” გემო ამ რამდენიმე წლის წინ გაიგო. ისინი კი, ვის შესახებაც „თბილისელების” ამ ნომერში ვისაუბრებთ, მეოცე საუკუნის „ელ კლასიკოში” ქმნიდნენ ამინდს და თავიანთი სახელები ფეხბურთის ისტორიაში დიდი ასოებით ჩაწერეს.
ივან სამორანო – „რეალი”
ლეგენდარულმა ჩილელმა თავდამსხმელმა „ბლანკოსის” შემადგენლობაში გატარებულ ოთხ სეზონში, 77 გოლი გაიტანა, მათ შორის მესამე სეზონში მან ჰეთ-თრიკი შეუსრულა, მაშინ ჯერ კიდევ იოჰან კრუიფის გაწვრთნილ „ბარსელონას”. ის იყო ჯერჯერობით ბოლო, ყველაზე უხვგოლიანი გამარჯვების ერთ-ერთი მონაწილე „სანტიაგო ბერნაბეუს” სტადიონზე, როდესაც „რეალმა” 5:0 მოუგო კატალონიის სიამაყეს. „ივანე მრისხანედ” წოდებული სამორანოს კარიერული გზა „რეალიდან” „ინტერში” გაგრძელდა. თუმცა, იმ დონის ფეხბურთი, რომელსაც ის სამეფო კლუბის მაისურით აჩვენებდა, აღარ განმეორებულა.
სეზარ როდრიგესი – „ბარსელონა”
კატალონიური გრანდის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი და „ელ კლასიკოს” ერთ-ერთი პირველი ვარსკვლავი, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის ცაზე გაბრწყინდა. სეზარი 40-იანი წლების „ბარსას” ლეგენდა იყო და მისი დახმარებით კლუბმა ლა ლიგის სამი ტიტული მოიგო. როდრიგესი, ლიონელ მესის გამოჩენამდე, „ელ კლასიკოს” საუკეთესო გოლეადორი გახლდათ, თუმცა არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა მისი მიღწევები არა მარტო გაიმეორა, არამედ გააუმჯობესა კიდეც. „ბარსელონას” ძირძველ ქომაგებს განსაკუთრებით 1944-1945 წლების სეზონში გამართული მატჩი ახსენდებათ. მაშინ „ბლაუგრანიმ” 5:0 გაანადგურა მადრიდელები და როდრიგესმა იმ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.
რომარიო – „ბარსელონა”
ჰეთ-თრიკი „რეალის” კარში ლეგენდარულ ბრაზილიელს, 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონსა და იმ წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს, რომარიოსაც აქვს გატანილი. ჰოლანდიური „პსვ ეინდჰოვენიდან” კატალონიაში გადაბარგებულმა ფორვარდმა საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენა და „ბარსას” ქომაგებს თავი შეაყვარა. 1994 წლის 8 იანვარს, რომარიომ, რომელიც ამჟამად ბრაზილიის სენატში დეპუტატის სკამზე ზის, სპექტაკლი დადგა „კამპ ნოუზე” – გარდა იმისა, რომ სამი გოლი გაიტანა, ფანტასტიკური ფინტის შესრულებით დაამახსოვრა თავი ქომაგებს, როცა მადრიდელი რაფაელ ალკორტა პატარა ბავშვივით მოატყუა მწვანე მოედანზე.
უგო სანჩესი – „რეალი”
მექსიკელმა თავდამსხმელმა 80-იანი წლების ბოლოს „ბლანკოსის” მაისური მოირგო და ემილიო ბუტრაგენიოსა და ბერნდ შუსტერის „ბანდის” წევრი გახდა, რომელიც 5 წლის განმავლობაში დომინირებდა „ლა ლიგაში“ და ზედიზედ ხუთჯერ გაიმარჯვა ჩემპიონატში. მსოფლიოს იმ დროის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელს უგო სანჩესს „რეალის” მაისურით სეზონში 35 გოლზე ნაკლები არ გაუტანია და ესპანეთის ჩემპიონატის არსებობის განმავლობაში შედეგიანობის მხრივ მეორეა ბომბარდირთა საერთო ჩამონათვალში. სულ სანჩესმა, 283 მატჩში 164 გოლი გაიტანა. ახლახან კი გავრცელდა ცნობა, რომ ფეხბურთელი „რეალის” გაწვრთნაზე ოცნებობს, თუკი ჟოზე მაურინიოს თანამდებობის დატოვება მოუწევს.
დიეგო მარადონა – „ბარსელონა”
ლეგენდარულმა არგენტინელმა მეტ-ნაკლებად წარმატებული ორი სეზონი გაატარა „ბლაუგრანში”, თუმცა ეს დრო საკმარისი გამოდგა, რომ მას 38 გოლი გაეტანა და თავისი კვალი დაეტოვებინა „კამპ ნოუს” მწვანე გაზონზე. 1983 წლის 26 ივნისს, ესპანეთის თასის ფინალში მარადონამ ფანტასტიკური გოლი გაუტანა „რეალს” და „სანტიაგო ბერნაბეუზე” შეკრებილი ქომაგები მას ტაშს უკრავდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი საყვარელი გუნდის კარი დალაშქრეს. მოგვიანებით, თავისი ვარსკვლავური კარიერა დიეგომ „ნაპოლიში” გააგრძელა, თუმცა მისი სახელი ბევრისთვის მაინც „ბარსელონასთან” ასოცირდება.
პაკო ჰენტო – „რეალი”
ფრანსისკო – „პაკო” ჰენტო 50-60-იანი წლების მადრიდის „რეალის” მთავარი დამრტყმელი ძალა იყო, ფერენც პუშკაშთან და ალფრედო დი სტეფანოსთან ერთად. ლეგენდარულმა ნახევარმცველმა 428 მატჩი ჩაატარა „ბლანკოსის” შემადგენლობაში და 1953-1971 წლებში 128 გოლი გაიტანა, მათ შორის 14 გოლი მას „ელ კლასიკოში”, „ბარსელონას” კარში ჰქონდა გატანილი. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ის „ელ კლასიკოს” საუკეთესო ბომბარდირის ტიტულს იყოფდა პუშკაშთან და სეზარ როდრიგესთან ერთად, სანამ „ბარსელონას” მაისური ლეო მესიმ არ მოირგო.
იოჰან კრუიფი – „ბარსელონა”
70-იანი წლების მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ჰოლანდიელი იოჰან კრუიფი „ბარსელონას” სიმბოლო და ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. „ბლაუგრანი” დღემდე მისი ფილოსოფიის ფეხბურთს თამაშობს და მწვრთნელობის დროს, მისმა შეგირდმა ხოსე გუარდიოლამ, როგორც ჩანს, საუკეთესო ჩვევები გადაიღო სახელოვანი მაესტროსგან. კრუიფმა, რომელიც 60-იან წლებში არცთუ საუკეთესო ფორმაში იმყოფებოდა, „ბარსელონას“ ახალი სული შთაბერა. მან გუნდის სათამაშო ფილოსოფია სრულად შეცვალა და ესპანური ფეხბურთის დომინანტ გუნდად აქცია ხანგრძლივი დროით. დღევანდელი „ბარსელონა” ფეხბურთის ვეტერან ქომაგებს, სწორედ იმ „ბარსას” აგონებს, სადაც მთავარი დირიჟორი „მექანიკურ ფორთოხალად” წოდებული, იოჰან კრუიფი იყო.
რაული – „რეალი”
„რეალის” ლეგენდარულ „შვიდიანს”, მადრიდელების კერპს, რაულს „ბარსელონას” კარში 15 გოლი აქვს გატანილი და ვინ იცის, იქნებ ეს რიცხვი კიდევ გაზრდილიყო, ფეხბურთელი გერმანულ „შალკეში” რომ არ გაეყიდათ. რაულის სახელს უკავშირდება მადრიდის „რეალის” დომინირება 90-იანი და 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც კლუბმა 1998, 2000 და 2002 წლებში ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა. „ელ კლასიკოების” ისტორიაში კი, რაული იმ გოლით შევიდა, რომლითაც მან „კამპ ნოუზე” შეკრებილი ქომაგები ერთი ჟესტით გააჩუმა – ტუჩთან მიდებული თითით, როდესაც ბოლო წუთზე „ბარსელონას” ანგარიში გაუთანაბრა.
ლადისლაო კუბალა – „ბარსელონა”
უნგრელმა ლადისლაო კუბალამ 10 დაუვიწყარი წელი გაატარა „ბარსელონას” შემადგენლობაში და 1999 წელს „ბლაუგრანის” ქომაგთა შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, რომელიც კლუბის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა, ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 11 წლის განმავლობაში კუბალა ესპანეთის ნაკრების მწვრთნელიც იყო და მის ხელში არაერთ ცნობილ ფეხბურთელს გაუვლია. მისი სახელი მაინც „ბარსელონასთან” ასოცირდება, რომლის შემადგენლობაშიც მან ოთხჯერ მოახერხა ჩემპიონატში გამარჯვება. თუმცა, ევროპულ ასპარეზზე გამოსვლა მისთვის ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა. კუბალა 2002 წელს გარდაიცვალა და უკანასკნელი სიტყვა მის კუბოსთან ლეგენდარულმა კრუიფმა წარმოთქვა, რომელმაც უნგრელს თავისი კერპი უწოდა.
ალფრედო დი სტეფანო – „რეალი”
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, რომელსაც სხვადასხვა დროს არგენტინის, კოლუმბიისა და ესპანეთის ნაკრებების შემადგენლობაში უთამაშია. 50-60-იანი წლების „რეალის” ვარსკვლავი და „ბარსელონას” კარში 19 გოლის გამტანი – დი სტეფანო „ელ კლასიკოს” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. სულ კი „ბლანკოსის” შემადგენლობაში, 282 ჩატარებულ მატჩში, მან 216 გოლის გატანა მოასწრო, რაც თავისთავად, უნიკალური მაჩვენებელია. დი სტეფანო სამართლიანად მიიჩნევა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად. მართალია, იმ სიდიდეს რასაც პელემ და დიეგო მარადონამ მიაღწიეს, ის ვერ შესწვდა. თუმცა, კვალი დატოვა ფეხბურთის ისტორიაში.