„ლეჩკომბინატში“ მომუშავე საიდუმლო აგენტი
ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე გახლავართ, არც არასოდეს ვყოფილვარ „ბრალიანი“ ან რამე დიდი თანამდებობის პირი, უბრალოდ, ახალგაზრდობაში, როგორც იტყვიან ხოლმე, „ჩხიკინი“ მიყვარდა. ჩემს ოთახში ათასი დაშლილი რადიო თუ მაგნიტოფონი მეყარა. ხან რას ვაწყობდი, ხან – რას. ჩემს დაბა შორაპანში პირველი „რადიოხულიგანი“ გახლდით. 70-იანი წლები გახსოვთ ალბათ. მაშინ ჯარში ყველა მიდიოდა და მეც მომაკითხეს. კაი სუფრით გამაცილა ოჯახმა და თავი რუსეთში ამოვყავი „სვიაზისტად“. ყველაფერი საიდუმლო იყო. მე ¹51 ვიყავი. ყველას ნომრებით ვიცნობდი. მქონდა ჩემი ოთახი და ის ადგილი, სადაც ვმუშაობდი. ორი წლის შემდეგ უფროსმა ოფიცერმა დამიძახა და მკითხა, შვებულება არ გინდაო? როგორ არა-მეთქი, ვუპასუხე და გამოვტრიალდი. მან მკითხა, სად მიდიხარო; მეც ვუპასუხე, – ბარგის ჩასალაგებლად-მეთქი. ასე არ მითხარით, შვებულებაში გიშვებთო?! მას გაეცინა და მითხრა, შვებულებით სახლში კი არ გიშვებთ, უბრალოდ, მაღლა აგიყვანთ, გემზე, სამი კვირით. სუფთა ჰაერს ჩაყლაპავ, სამუშაოდან დაისვენებო. მაშინაც მკაცრად გამაფრთხილეს, ზევით კაციშვილს არ უნდა უთხრა, სად მსახურობ ან რას აკეთებო. მოკლედ, ის შვებულებაც და კიდევ ერთი წელი იქ ვიმსახურე. ალბათ, წარმოგიდგენიათ, როგორი ვიქნები ასეთი საიდუმლო სამსახურიდან სახლში დაბრუნებული, როცა ყველა ნათესავი, მეგობარი თუ ნაცნობი გეკითხება, სად იყავი, რას აკეთებდიო. მაგრამ ხმას როგორ ამოვიღებდი, მით უმეტეს, რომ სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ მოსკოვში პოლკოვნიკი დაგვხვდა და გაგვაფრთხილა საიდუმლოს არგამხელის შესახებ. ეს კია, რაღაც ნომერი მომცეს, თუ რამე დაგჭირდეს, ამ ნომერზე დაგვირეკე, იმ შემთხვევაში, თუ კოდური სიტყვა „ვმუშაობ „ლეჩკომბინატში“ ნომერი ესა და ეს“ არ გაითვალისწინესო. ჩამოვედი თუ არა, ელემენტების ქარხანაში დავიწყე მუშაობა, ცოლიც მოვიყვანე, მშვიდობიანად ვცხოვრობდი ჩემთვის და არც რამე პრობლემა მქონია, რომ კოდი გამომეყენებინა. მერე ჩვენთან ახალი უბნის ინსპექტორი დანიშნეს. არ ვიცი, ვინ რა უთხრა ჩემზე, მაგრამ რატომღაც, გადამეკიდა. სადაც შემხვდებოდა, თითს მიქნევდა – დაიცა, შენ რა გიყოო. ერთხელ „ზაკაზად“ შევხვდი. ვუთხარი, რა გინდა, ერთი კანონმორჩილი მოქალაქე ვარ-მეთქი. მან მიპასუხა, მე ყველაფერი ვიცი, შენი წარსულიც და აწმყოც. მოვა მაგის დრო და, ხელბორკილებს რომ დაგადებ, მერე გეტყვი, რაც მინდაო. მოკლედ, ბოლოს უკვე, რომ ჩაივლიდა და დამინახავდა, ხალხშიც მეძახდა, – შენ თუ არ დაგიჭიროო. ბოლოს და ბოლოს, ყელში ამომივიდა, კარგად გამოვეწყვე, ზესტაფონის პოლიციის უფროსთან შევედი და ის კოდური სიტყვა ვუთხარი: „მე ვმუშაობ „ლეჩკომბინატში“, ეს ნომერი ვარ-მეთქი“ კაცი სავარძლიდან წამოხტა – აბა, რამ შეგაწუხათ, რა პრობლემა გაქვთო. მეც ძალა ვიგრძენი და ვუთხარი, ეს თქვენი ახალი ინსპექტორი გადამეკიდა და თქვენ თუ არ მომაშორებთ თავიდან იძულებული ვიქნები, ამ ნომერზე დავრეკო-მეთქი და ნომერიც წინ დავუდე. მილიციის უფროსი გაგიჟდა: რას ბრძანებთ, ბატონო, იქ დარეკვა რად გინდათ, ახლავე ყველაფერს მოვაგვარებო. იმ წამს დარეკა, ახლავე მომიყვანეთ ესა და ეს ინსპექტორიო. სულ ორი წუთი მომიწია ცდა. შემოსვლისას, დამინახა თუ არა, გაეცინა და გამომძახა – ჰო ვიცოდი, მე თუ არა, სხვა მაინც მოგიყვანდა აქო. ამაზე უფროსი წამოუხტა: ვის ეუბნები მაგას! ახლავე განცხადება დაწერე და გათავისუფლებული ხარ სამსახურიდანო. ინსპექტორი გაშავდა, ენა დაება, ვერც განძრევა მოახერხა, ვერც დაჯდომა. უფროსი კი ლანძღავდა – ეს უპატიოსნესი მოქალაქე როგორ გამინაწყენეო. უცებ ავდექი და უფროსს ვუთხარი, არ მინდა ამ კაცის გათავისუფლება, ოღონდ მე შემეშვას-მეთქი. მოკლედ, ისევ მე დავტოვე სამსახურში. ამის მერე, თუ სადმე დამინახავდა, მართლაც გამეცლებოდა ხოლმე, რამდენჯერ ქუჩიდან მეორე მხარეს გადასულა. ერთხელ ქეიფში შევხვდით და, უკვე შეზარხოშებული რომ ვიყავით ყველანი, გვერდით მომიჯდა და მითხრა: ერთი ის ვიცი, რომ ვანო ხარ, შორაპანში ცხოვრობ, აქ უცხოვრია შენს გვარსა და ჯიშს, აქ გიმუშავია და, თუ რამე გიკეთებია, აქ გიკეთებია... მეტი ვინ ხარ ასეთი, ერთი ეს მითხარი, თუ ძმა ხარო. ჯერ შიშით რას ვეტყოდი, მეორეც, თვითონაც არ ვიცოდი, ვინ ვიყავი და მისთვის რა უნდა მეთქვა.